რატომ გამწვავდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და როგორ აისახება ის საქართველოზე

რატომ გამწვავდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და როგორ აისახება ის საქართველოზე

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდა. განცხადებაში, რომელიც დღეს დეპარტამენტმა გაავრცელა, ნათქვამია:
“აშშ დაპირისპირების ხაზთან კონფლიქტის ესკალაციით შეშფოთებულია, რამაც 31 ივლისს მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია. ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და მოვუწოდებთ მხარეებს, მიიღონ ყველა ზომა, რათა დაძაბულობამ იკლოს და პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. შურისძიების და ძალადობის მორიგი აქტები მშვიდობიან დარეგულირებას მხოლოდ გაართულებს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფოს დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა.

დეპარტამენტი მხარეებს მოუწოდებს, მათ ყველა შესაძლო გზას მიმართონ, იმისთვის, რომ დაძაბულობის ფონი მოიხსნას.

მარი ჰარფმა ილჰამ ალიევს და სერჟ სარგსიანს მოუწოდა, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში შეხვდნენ და დიალოგი განაახლონ.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიც და სომხეთიც დღეს თითს ერთმანეთის მიმართულებით იშვერს და აცხადებს, რომ ინტენსიური სროლები მოწინააღმდეგემ დაიწყო.
გამწვავებული კონფლიქტის ფონზე ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზად არის, მტრული თავდასხმის აღსაკვეთად ყველა სახის იარაღი გამოიყენოს, რომელსაც ფლობს. უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ვაგიფ დარგახლის განმარტებით, აზერბაიჯანს საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილების სრული უფლება აქვს. მისივე თქმით, აზერბაიჯანული ჯარი ფლობს ყველაზე თანამედროვე ტექნიკა და შეიარაღებას და საჭიროების შემთხვევაში მტრის წინააღმდეგ იყენებს და გამოიყენებს.

რაც შეეხება სომხეთის პოზიციას, ქვეყნის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ არსებობს რეალური საფრთხე, რომ დაპირისპირება ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდოს.
“სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს აზერბაიჯანის მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც მიზნად ისახავს სიტუაციის შემდგომ გამწვავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული მოქმედებების საპასუხოდ, სომხეთის შეიარაღებული ძალები იძულებული იქნება, გაამკაცროს სადამსჯელო ღონისძიებები”, – აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

მაინც რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ვის ინტერესებში შედის და აისახება თუ არა ის საქართველოზე? ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირას“ სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ესაუბრა:
„ჯერჯერობით კონკრეტული სიტუაცია არ გამოკვეთილა, თუმცა ვხედავთ, რომ სიტუაცია უკიდერესად გამწვავდა, უკვე გამოჩნდა ავიაცია…როგორც ჩანს, მხარეები ცალკეული პოზიციური ბრძოლებით დაიღალნენ.

არ გამოვრიცხავ, რომ კონფლიქტის ახალი კერის გაღვივება რუსეთის ინტერესებში შედიოდეს, რათა უკრაინიდან ყურადღება კავკასიაში გადაიტანოს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამჟამად დონეცკში სეპარატისტები ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფებიან… ეს ყველაფერი, რაც ხდება, საქართველოს არასახარბიელო სიტუაციაში ჩააყენებს. თუ კონფლიქტი არ ჩაცხრა, რუსეთი სომხეთის მიმართულებით კორიდორის გაკეთებას დაიწყებს. ეს ყველაფერი კოდორზე და ცხინვალზე აისახება…ანუ, სავარაუდოდ გამოიყენებენ ცენტრალურ მაგისტრალს იმისთვის, რომ საკუთარი სამხედრო ტექნიკა და ძალები გადაისროლონ, რადგან ავიაცია ძვირადღირებული ფუფუნებაა. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა კავკასიაში ე.წ. სამშვიდობო მისიის შესრულება ითავოს. ამით პუტინის რეჟიმი შეეცდება კავკასიაში საკუთარი სამხედრო პოზიციები გააძლიეროს. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში  აშშ-ის და ნატოს პოზიციების გაძლიერების პანიკური შიში აქვს და დიდი ყურადღეებით აკვირდება პროცესებს.. ეს ყველაფერი ხდება ახალი კანონპროექტის მიღების ფონზე, რომელიც ეხება საქართველოსთვის სტრატეგიული მოკავშირის – ნატოს სტატუსის მინიჭებას, რაც გააძლიერებს აშშ-ის სამხედრო მზაობას რეგიონში, ხოლო აზერბაიჯანის მიმართულებით,  აშშ-ის სტრატეგიულ მოკავშირეს – თურქეთს.

ეს პუტინის ხელისუფლების მხრიდან გლობალური პიარ-ნაბიჯიც იქნება, მას შესაძლოა, უნდოდეს სამშვიდობო ოპერაციის დაწყება, იქ მშვიდობისდამცველების შეყვანა და დაფიქსირება, რომ სწორედ რუსეთმა ყარაბაღის მორიგი ომი შეაჩერა და მსოფლიო ახალი, საერთაშორისო, სამხედრო კერის გაჩენისგან გადაარჩინა. შესაძლოა მოსკოვი ფიქრობს, რომ „სამხედრო მუსკულების“ დემონსტრირებით, პუტინის რეჟიმს გადაარჩენს. ფედერალური ხელისუფლების პირველ პირს დღეს სჭირდება რუსეთის საზოგადოების ყურადღება ახალ, საგარეო მტერზე გადართოს და ეკონომიკური სანქციების მძიმე შედეგებიდან მოსახლეობის ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს.

ასეა, თუ ისე დასკვნების გაკეთება ჯერ ცოტა ნაადრევად მიმაჩნია. მიმდინარე დღეებში ყველაფერი უკეთ გამოჩნდება“, – აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ კვირასთან“.