აი, ასე: საქართველოს პრეზიდენტყოფილი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. ოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი ჯერჯერობით 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად მითვისების გამო აქვს წარდგენილი, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ბრალდება დამძიმდეს და, საბოლოო ჯამში, საქმე იარაღით უკანონო ვაჭრობამდე მივიდეს. ამასთან, ქართველი სპეცსამსახურელი აქცენტს საერთაშორისო სამართალზეც აკეთებს და აცხადებს, რომ სააკაშვილი შესაძლოა, ჰააგის ტრიბუნალმა გაასამართლოს. ფორჩხიძის ამ ვერსიას რადენიმე დღის წინ, თბილისში უცხოელ ექსპერტ-პროკურორების - ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორის, მოშე ლადორის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორის, პოლ კაფისა და ჰააგის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, ჯეფრი ნაისის ჩამოსვლაც ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ჯეფრი ნაისმა თავის დროზე იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი მილოშევიჩი გაასამართლა... ამასთან, კონსტანტინე ფორჩხიძე კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და, ფაქტებზე დაყრდნობით, ირწმუნება, რომ “ვარდების რევოლუცია” ამერიკული კი არა, რუსული პროექტი იყო, რომელიც შესაძლოა, ლევან ვასაძისა და მისი რუსი მფარველის, კორპორაცია “სისტემის” დამფუძნებლის, ევგენი ევტუშენკოვის ფულით ფინანსდებოდა. “ვარდების რევოლუციის” ჩრდილოეთურ ფესვებზე აწ განსვენებული ეროსი კიწმარიშვილის მემუარებშიცაა საუბარი.
ამონარიდი ეროსი კიწმარიშვილის მემუარებიდან
“დღეს უაპელაციო საზოგადოებრივი აზრია, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მხარდაჭერითა და მონაწილეობით დაიგეგმა და ეს რევოლუცია კავკასიის რეგიონში რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ განახორციელეს ამერიკელებმა... რევოლუციის „მთავარი გმირი“ სააკაშვილი, 2003 წლის 24 ნოემბერს, რევოლუციიდან მეორე დღეს, „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოსვლისას აცხადებს, რომ მადლობელია იგორ ივანოვის (იმ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) და, ზოგადად, რუსეთის, ოპოზიციასა და შევარდნაძეს შორის დაპირისპირების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. ის აღნიშნავს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საპროტესტო მიტინგზე მისვლით, პრაქტიკულად, მხარი დაუჭირა შევარდნაძის მოწინააღმდეგეებს, იყო ოპოზიციის უსაფრთხოების გარანტი, მხარეების მოლაპარაკების დროს. სააკაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საქართველოში მომხდარ რევოლუციაში რუსეთმა უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ვიდრე - აშშ-მ”.
მაშ, ასე: რა მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში “ეფ-ეს-ბე”-ს გავლენიანი მაღალჩინოსანი, რა უთხრა ზურაბ წერეთლის სახლში გამართულ წვეულებაზე როგოზინმა, ვინ შეარქვა “მუტანტი” და რისთვის გადაუხადა ვლადიმერ პუტინს მადლობა აწ უკვე ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა? - ქართველი სპეცსამსახურელი კონსტანტინე ფორჩხიძე 2004 წლის 10-12 თებერვალს, მოსკოვში, პრეზიდენტყოფილის ვიზიტის საიდუმლო პროტოკოლის დეტალებს ასაჯაროებს. სხვათა შორის, სააკაშვილი, რომელსაც მოსკოვში ბიძა, თემურ ალასანიაც ახლდა, “გრანდ ოტელში” ცხოვრობდა და, როგორც ფორჩხიძე ამბობს, რუსეთის მთავრობის წევრებს 30-30 წუთის განმავლობაში ტეტ-ატეტ ესაუბრებოდა.
- ბატონო კოტე, მიხეილ სააკაშვილის მოსკოვური ვიზიტი დაგეგმილი იყო თუ სპონტანური?
- არა, დაგეგმილი იყო.
- როდის დაიგეგმა, “ვარდების რევოლუციის” მერე?
- დიახ... სხვათა შორის, ამ ვიზიტისა და მისი მომზადების შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია, მაქვს.
- ვიზიტი ვინ მოამზადა?
- საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, გელა ბეჟუაშვილმა და რუსეთში საქართველოს იმდროინდელმა ელჩმა კოტე კემულარიამ.
- სიტყვამ მოიტანა და, “ვარდების რევოლუციის” დღეებში, კოტე კემულარია მოსკოვს გაემგზავრა. უცნობია, იქ ვის შეხვდა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ თბილისში რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ჩამოვიდა და რევოლუციონერებს შეხვდა...
- სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, პირველი მოსკოვური ვიზიტის პროტოკოლი ძალიან საინტერესოა. მაშინ სააკაშვილი ისეთ ადამიანებს შეხვდა და შეხვედრები ისეთ ორგანიზაციებში გამართა, რომლებსაც ბოლო 9-10 წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკასა თუ ეკონომიკაზე დიდი გავლენა ჰქონდათ.
- ეს შეხვედრები საიდუმლო იყო?
- ყოველ შემთხვევაში, პროტოკოლის დეტალები, თუ ვის ხვდებოდა სააკაშვილი, არ გავრცელებულა და ოფიციალურად მხოლოდ ის ითქვა, რომ პუტინს შეხვდა. ეს შეხვედრა, დაახლოებით, სამსაათნახევარი გაგრძელდა. აქედან, ზუსტად ერთი საათის განმავლობაში, სააკაშვილი და პუტინი ერთი-ერთზე საუბრობდნენ.
მოდით, პროტოკოლს გავყვეთ:
2004 წლის 10 თებერვალს, სააკაშვილი მოსკოვში, დემოდოდოვოს აეროპორტში ჩაფრინდა და პირველი შეხვედრა “გიმო”-ში, ანუ საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გამართა, რომელიც რუსული სპეცსამსახურის, კერძოდ, დაზვერვის თანამშრომლების მომზადების ძირითადი ბაზაა.
- “გიმო”-ში კონკრეტულად ვის შეხვდა?
- ორსაათიანი ლექცია წაიკითხა, რის შემდეგაც, ე.წ. ჩინურ ქალაქში, ილინკას ქუჩაზე გაემგზავრა და პრიმაკოვს შეხვდა. სხვათა შორის, იმხანად პრიმაკოვი ედუარდ შევარდნაძესთან დაპირისპირებული იყო და “ეს-ვე-ერ”-ს - რუსეთის საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა. სააკაშვილისა და პრიმაკოვის საუბარი საათნახევარი გაგრძელდა. “რაო-ეესის” ცენტრალურ ოფისში კი, სააკაშვილი ჩუბაისს შეხვდა, რომელსაც, ასევე, საათნახევარს ესაუბრა. “ეხო მოსკვის” პირდაპირ ეთერში საათიანი გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილი ვლადიმერ ევტუშენკოვთან გაემგზავრა.
- ეს ის ევტუშენკოვია, წინა ინტერვიუებში რომ საუბრობდით?
- დიახ, თუმცა მკითხველს მაინც შევახსენებ: ევტუშენკოვი აქციონერთა ფინანსური კორპორაცია “სისტემის” დამფუძნებელია, “სისტემის” პირველი ვიცე-პრეზიდენტი კი, ლევან ვასაძე იყო. ევტუშენკოვისა და სააკაშვილის შეხვედრას ვასაძეც ესწრებოდა.
- ექსპრეზიდენტის მოსკოვური ვიზიტის შეხვედრები ამით ამოიწურა?
- არა. სააკაშვილი ზურაბ წერეთელსაც ესტუმრა და ამ, ასე ვთქვათ, წვეულებაზე სლავა ზაიცევი, ბელა ახმადულინა, ვინმე შახნაზაროვი, ნატალია დუროვა, ჟორეს ალფიონოვი, ცნობილი, ოდიოზური დიმიტრი როგოზინი, ასევე, მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები და რუსეთის ე.წ. კრიმინალური სამყაროს ქართველი წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
- ამ “ავტორიტეტების” ვინაობა თქვენთვის ცნობილია?
- სახელები და გვარები არ ვიცი, მაგრამ ჩემი ინფომაციით, “დედ ჰასანის” ჯგუფის “ტიპები” იყვნენ.
- ეს არაოფიციალური შეხვედრები იყო?
- დიახ.
- აბა, პროტოკოლში მითითებული რატომაა?
- მაგალითად, პრიმაკოვსა და ჩუბაისთან შეხვედრებზე პროტოკოლში არაფერია ნათქვამი. პროტოკოლით გათვალისწინებული იყო ლექციის წაკითხვა “გიმო”-ში და “ეხო მოსკვის” ერთსაათიანი პირდაპირი ეთერი. სხვათა შორის, პროტოკოლში არც ზურაბ წერეთელთან სტუმრობაა მითითებული. სუფრაზე, რომელიც წერეთლის ოფისში გაიშალა, სააკაშვილი და როგოზინი ერთმანეთის გვერდი-გვერდ ისხდნენ. სიტყვა-სიტყვით გეუბნებით, რაც როგოზინმა მიშას უთხრა: “ჩვენს შორის უთანხმოება დასრულდა და ამის შემდეგ ძალიან კარგი, თბილი ურთიერთობა გვექნება!” როგოზინის ამ განცხადებაზე სააკაშვილს ცუდი რეაქცია არ ჰქონია. ცოტა ხანში, ის მოულოდნელად წამოხტა, სუფრა მიატოვა და “იტარ-ტასის” პრეს-კლუბში გაიქცა. სააკაშვილის მოულოდნელი წამოხტომით, სტუმრებმა უკმაყოფილება გამოხატეს.
ეს სამდღიანი ვიზიტი იყო - მოსკოვში 10-ში ჩაფრინდა და 12-ში უკან გამოფრინდა. 11 თებერვალს, “გრანდ მარიოტში” რუს ბიზნესმენებს, კერძოდ, “?????????????????? როსიასა” და “პრამიშლენაია როსიას” ხელმძღვანელებს შეხვდა. ამ საათნახევრიან შეხვედრას გენერალოვიც ესწრებოდა. ეს ის გენერალოვია, რომელმაც მოგვიანებით, საქართველოში “კვარციტი” და სხვა ეკონომიკური თუ ენერგოობიექტები შეიძინა, ანუ საქართველოში რუსული ფულის შემოსვლას საფუძველი სწორედ ამ შეხვედრებზე ჩაეყარა. სხვათა შორის, ყველა ამ შეხვედრას თემურ ალასანიაც ესწრებოდა და ეს გასაკვირიც არაა, რადგან მაგალითად, გენერალოვი სწორედ სააკაშვილის ბიძის ძველი ნაცნობია. სააკაშვილი საქართველოში - ჭიათურასა და ზესტაფონში ინვესტიციების განხორციელებაზე რუსეთის პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველს, ტიტოვსაც ელაპარაკა. რუსული ფული სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, ნავთობისა და გაზის სექტორშიც უნდა ჩადებულიყო. სააკაშვილი რუსებს დაჰპირდა, რომ ისეთ საკანონმდებლო ბაზას შექმნიდა, რომელიც რუსულ ინვესტიციებს, საგადასახადო კუთხით, პრობლემებს არ შეუქმნიდა და თავისუფალი ოპერირების უფლება ექნებოდა. სხვათა შორის, გენერალოვი სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციასაც დაესწრო...
ამ ვიზიტის დროსვე, სააკაშვილი მოსკოვის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც წარმოშობით ქართველი მამა მაქსიმე მოღვაწეობს, აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, დევნილებმა ყოფილ პრეზიდენტს “მუტანტი” შეარქვეს. თავის დროზე ეს ტერმინი სალომე ზურაბიშვილმაც გამოიყენა.
- “მუტანტი” რატომ შეარქვეს?
- ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ჩანს, მიშამ რაღაც ისეთი ჩაიდინა... ამ შეხვედრაზე სააკაშვილი ლტოლვილებს აფხაზეთში დაბრუნებას დაჰპირდა, თუმცა როგორც დააბრუნა, ვნახეთ.
ყველაფერ ამის შემდეგ, სააკაშვილი კრემლში მივიდა, პუტინს შეხვდა და “ვარდების რევოლუციაში” დახმარებისთვის, დიდი მადლობა გადაუხადა. ასევე, მადლობა გადაუხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ პროცესებში ჩაერია და სისხლი არ დაიღვარა.
მაქვს ინფორმაცია, რომ 2004 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე, თბილისში “ეფ-ეს-ბე”-ს მაღალჩინოსანი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, პატრუშევის ერთ-ერთი მოადგილე იმყოფებოდა და სააკაშვილთან ორ-სამ საათიანი შეხვედრა გამართა.
- ეს შეხვედრა სად გაიმართა?
- ჩემი ინფორმაციით, ცეკა-ს ყოფილ შენობაში...
რუსეთში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ხელმძღვანელს, კასიანოვსაც შეხვდა.
- ბატონო კონსტანტინე, ეს ინფორმაციები ვინ მოგაწოდათ?
- საელჩოს ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა.
- ჩვენთვის რომ ვთქვათ, ზემოხსენებულ ცნობებში საგანგაშო რა არის?
- ყველაფერ ამით დასტურდება, რომ ის, რასაც ეროსი კიწმარიშვილი თავის მემუარებში წერს, აბსოლუტური სიმართლეა, ანუ “ვარდების რევოლუცია”, როგორც გვეგონა, ამერიკული კი არა, წმინდა რუსული სახელმწიფო გადატრიალება იყო, რომლითაც პუტინმა საქართველოს ხელისუფლებაში ის ძალა მოიყვანა, რომელიც ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რაც წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამდა. ყველაფერ ამას კი, ჩვენი სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა და, რაც მთავარია, აგვისტოს ომი მოჰყვა.
- კოტე ბატონო, ადრეც გკითხეთ და ახლაც გეკითხებით: თუკი “ვარდების რევოლუცია” რუსული პროექტი იყო, სააკაშვილი რუს ჯაშუშებს რატომღა ებრძოდა, ან ვლადიმერ ვლადიმერის ძეს “ლილიპუტინს” რატომ ეძახდა?
- ეს სპეციალურად კეთდებოდა, რომ ყველაფერი სამხედრო კონფრომტაციამდე მისულიყო, რაც რუსეთს აწყობდა. ვანო, ადრეც გკითხეთ, გახსოვთ, 2008 წლის აგვისტოს ომამდე რუსეთი რა იყო და ომის შემდეგ რა გახდა?
- ჩემს მეხსიერებაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, თქვენი, როგორც უსაფრთხოების ექსპერტისა და ყოფილი სპეცსამსახურელის შეფასებაა...
- აგვისტოს ომმა, პრაქტიკულად, გეოპოლიტიკა, სახელმწიფოებრივი წესრიგი შეცვალა და მსოფლიოს ახალი გადანაწილება დაიწყო, ანუ რუსეთმა თავისი აგრესიული პოლიტიკა გამოაჩინა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის აღდგენას ცდილობს.
- ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუკი სააკაშვილი რუსული დავალებების შემსრულებელია, კრემლმა მისი თამაშიდან გაყვანა რატომ დაუშვა?
- კრემლს მიშა თამაშიდან არ გაუყვანია. სხვათა შორის, მოსკოვი ყოფილ პრეზიდენტს მხარს 2007 წლის 7 ნოემბრის მერე, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც უჭერდა.
- ეს მხარდაჭერა რაში გამოიხატებოდა?
- ამ პერიოდში “ნაცმოძრაობის” წევრები ძალიან ხშირად ვაშინგტონში კი არა, მოსკოვში დადიოდნენ.
- მაინც, რომელი წევრები?
- მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანი. ისიც გავიხსენოთ, “ვარდების რევოლუციის” წინ, რუსეთში ვინ დადიოდა. ამოიღონ 2003 წლის პირველი ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე ინფორმაცია, თუ ვინ დაფრინავდა მოსკოვში.
- ვინ დაფრინავდა?
- როგორც ვიცი, გიგი უგულავა და გიგი თარგამაძე. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ ამ პერიოდში მოსკოვს ხშირად რამდენიმე ძალოვანი მაღალჩინოსანიც სტუმრობდა. მათი ვინაობა ვიცი, მაგრამ ჯერ არ დავასახელებ, თუმცა იმას კი ვიტყვი, რომ დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ.
- ბატონო კოტე, ის, რომ ბაჩო ახალაიას სიმამრის სახლში, როგორც ახლა ირკვევა, თურმე, რუსი დიპლომატი ცხოვრობდა, ყველაფერ ზემოთქმულთან კავშირშია?
- რა თქმა უნდა. როცა შენს ოპონენტებს რუსეთის აგენტებს ეძახი და ამ დროს, შენი თავდაცვის მინისტრის სიმამრის კერძო საკუთრებაში ოფიციალური რუსეთის წარმომადგენელი ცხოვრობს, ეს რას ნიშნავს? აღსანიშნავია, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს და ეს ადამიანი ოფიციალური კრემლის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელსაც რუსეთის სადაზვერვო უწყებასთან, პირდაპირი თუ ირიბი, შეხება ექნება.
- ახალაიას სიდედრმა განაცხადა, წინააღმდეგი ვიყავი, რუსი დიპლომატი შინ შემომეშვა, მაგრამ უშიშროებამ დამარწმუნა, რომ ეს აუცილებელი იყოო. რატომაა გამორიცხული, რომ რუსი დიპლომატისგან ინფორმაციას ქართული მხარე იღებდა?
- რას ლაპარაკობთ?! ვანო მერაბიშვილის დროს ისეთი მაგარი სპეცსამსახური გვყავდა, რომ რუსებისგან ინფორმაციას იღებდა?! თუ ასე იყო, მაშინ რუს დიპლომატს დაიჭერდნენ და ციმბირს იქით რომ ქვეყანაა, იქ გადაასახლებდნენ.
მოკლედ, “ნაციონალები” ძალიან შეშინებულები არიან.
- რამ შეაშინათ?
- რამ და, - იმ საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც უცხოელი პროკურორებითაა დაკომპლექტებული. არავის ეგონოს, რომ ეს ადამიანები მხოლოდ ექსპერტები არიან. მათ იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც რამდენიმე თვეა, “ქართულ სიტყვაში” ვწერთ, ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ.
- იარაღით უკანონო ვაჭრობას გულისხმობთ?
- დიახ, რომელშიც არსებული მასალებით, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი იერარქებიც იყვნენ ჩართულნი. ჩემი ინფორმაციით, ევროპელი პროკურორები საქართველოში სწორედ ამ საკითხის შესასწავლად ჩამოვიდნენ და არ მგონია, რომ მათი ჩამოყვანა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ორწლიანი მუშაობის შედეგია. როგორც ვიცი, ეს უფრო დასავლეთის იმ ქვეყნების გადაწყვეტილებაა, რომელთათვისაც იარაღით უკანონო ვაჭრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყველაფერ ამას ჰააგის ტრიბუნალის სუნი ასდის.
- რას გულისხმობთ?
- ხომ ნახეთ, ნარკოტიკებთან დაკავშირებით რამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, რაზეც გაერო-ს რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ცნობაშიცაა ლაპარაკი, ანუ გაერო, პრაქტიკულად, ადასტურებს, რომ საქართველო ნარკო და იარაღის ტრანზიტი იყო.
- ესე იგი, არ გამორიცხავთ, რომ იარაღის უკანონო ბიზნესის საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს?
- დიახ, დარწმუნებული ვარ, თორემ უცხოელი პროკურორები საქართველოში იმის გამო არ ჩამოვიდოდნენ, რომ სააკაშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
- სხვათა შორის, “ნაციონალები” თავიდანვე ეჭვობდნენ, რომ ამ ექსპერტების ჩამოსვლა სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრის მოასწავებედა. პრინციპში, ასეც მოხდა - ექსპრეზიდენტს მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ამასთან, “ნაცმოძრაობის” კულუარებში ამბობენ, რომ ეს ექსპერტები წონადაკარგული უსაქმურები არიან, რომელთაც ივანიშვილმა ფული გადაუხადა...
- “ნაცები” ყველაფერს იტყვიან, რადგან მათ კარგად იციან, რომ ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, ჰააგამდე მივა. სახეზე მხოლოდ საქართველოს კი არა, მსოფლიოს წინაშე ჩადენილი დანაშაულია, რადგან იარაღით ვაჭრობა და თუნდაც ტრანზიტი, საერთაშორისო სამართლით, დანაშაულია. ეს იარაღის საერთაშორისო სინდიკანტთან ბრძოლის ერთ-ერთი ნაბიჯია... სხვათა შორის, თავის დროზე სააკაშვილმა აშშ-ის ელჩთან, ჯონ ტეფტთან პირად საუბარში შეშფოთება გამოთქვა, ისტორიამ, შეიძლება, გამასამართლოსო. ამ საუბრის დამადასტურებელი მასალაც მაქვს - ტეფტის წერილი, რომელიც თეთრ სახლშია გაგზავნილი.
- მაშასადამე, სააკაშვილი ხვდებოდა, რომ დანაშაულს ჩადიოდა?
- როგორ გგონიათ, არ ეცოდინებოდა, რომ ჩრდილოვან ბიზნესში ჩართვა დანაშაულია?
- თუ გრძნობდა, დანაშაულისგან გამიჯვნას რატომ არ ცდილობდა?
- ალბათ, ვალდებულებები ჰქონდა.
- ვის, ან რის წინაშე?
- რუსეთის. ვიმეორებ: იარაღის სინდიკატში რუსეთთან ერთად, საქართველოც დიდ როლს ასრულებდა.
- ბატონო კოტე, თუკი საქმე, მართლაც, იარაღის უკანონო ბიზნესამდე მივა, მხოლოდ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება თუ რუსი მაღალჩინოსნებისაც?
- ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება! ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ გამოძიება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იუშჩენკოს პერსონითაც დაინტერესდეს, რომელიც ამ სქემაში ნამდვილად იყო ჩართული. ასევე, გამორიცხული არაა, რომ უკრაინის შს ყოფილი მინისტრის, ლუცენკოს პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია და რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებდა, რითიც, პრაქტიკულად, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაერია. გამოძიება, წესით, გადამზიდავი კომპანიებითაც უნდა დაინტერესდეს. კარგად ვიცით, ისრაელში, ღაზას სექტორში როგორი დაძაბულობაცაა. “ჰამასის” მიერ, ისრაელის მისამართით, წელიწადში, 35 ათასი რაკეტაა გასროლილი. “ჰამასი” რაკეტებს არ აწარმოებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყიდულობს. გამორიცხული არაა, რომ საქართველო ამ შემთხვევაშიც, ტრანზიტი იყო.
- უცხოელი პროკურორები საქართველოში მაშინ ჩამოდიან, როცა ისრაელში, პრაქტიკულად, ომია, როცა “ბოინგ 777”-ის ჩამოგდებაში ლამის მთელი მსოფლიო რუსეთს ადანაშაულებს და ანგელა მერკელიც კი, კრემლისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. გამორიცხავთ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებით მსოფლიომ რუსეთი კუთხეში მიიმწყვდიოს?
- შესაძლებელია, ასეც მოხდეს...
- ისე, თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენიმე კვირის წინ, ექსპრეზიდენტი პაკისტანში რატომ ჩავიდა?
- ეს არ ვიცი, მაგრამ თუ “რაკინ კორპორეიშენის” საქართველოში შემოსვლასა და სააკაშვილის არაბებთან ურთიერთობას გავიხსენებთ, ისევ იარაღის უკანონო ბიზნესის სქემამდე მივალთ, ანუ “რაკინის” უკან არაბი მილიარდერი ადამ ჰაშოკი იდგა, რომელსაც ვიქტორ შეიმანთან, “უქსპეცექსპორტთან”, შაქრო კალაშოვსა და იარაღის ბიზნესის ესპანურ ფრთასთანაც აქვს ურთიერთობა. ამ კავშირების შესახებ დასავლელი სამართალდამცავებისთვის ცნობილია.
- თუ არ ვცდები, “ნაციონალმა” გოგა ონიანმა განაცხადა, მთელი რუსული ტანკები რომ ჩამოიყვანოთ, მიშას მაინც არ დაგაჭერინებთო...
- მიშას დაჭერა-არდაჭერას ონიანს არავინ ეკითხება. საერთოდ, მიშას საქართველოში არ დაიჭერენ - ექსპერტების ჩამოსვლა იმაზე მიანიშნებს, რომ კომპლექსური გამოძიება დაიწყება. სხვათა შორის, ამ ექსპერტების ჩამოსვლა საქართველოში 3 ტონამდე თხევადი “ჰეროინის” ამოღებას მოჰყვა.
- სიტყვამ მოიტანა და, იზიარებთ კულუარებში მოარულ ვერსიას, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება შესაძლოა, 3-ტონამდე თხევადი “ჰეროინის” საქმეს უკავშირდებოდეს?
- გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, რომ ეროსის გადამზიდავ კომპანიებთან შეხება ჰქონდა, თუმცა ეს ვერსიაა და ამ კუთხით გამოძიებამ უნდა იმუშაოს.
- ბატონო კოტე, უცხოეთში სააკაშვილის აყვანის სპეცოპერაცია ვინ უნდა ჩაატაროს?
- ინტერპოლმა.
- საქმეში ინტერპოლი რომ ჩაერთოს, ქართულმა მხარემ შესაბამისი პროცედურები უნდა გაიაროს, არა?
- შესაძლოა, სააკაშვილზე ძებნა საქართველომ კი არა, საერთაშორისო ტრიბუნალმა გამოაცხადოს.
- ჰააგის ტრიბუნალმა სააკაშვილზე ძებნა რომ გამოაცხადოს, გამოძიების დასაწყებად მას საქართველომ უნდა მიმართოს?
- აუცილებელი არაა, ჰააგას საქართველომ მიმართოს. გამორიცხული არაა, ლიტვინენკოს საქმეზე გამოძიება ხელახლა დაიწყოს. ლიტვინენკომ, როგორც წინა ინტერვიუებში ვთქვი, შაქრო კალაშოვი “ჩაუშვა”. მოკლედ, სააკაშვილის წინააღმდეგ ჰააგის ტრიბუნალს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შესაძლოა, დიდმა ბრიტანეთმა, ისრაელმა ან, სულაც, აშშ-მ მიმართოს.
- განვიხილოთ ასეთი მოცემულობა: სააკაშვილი დაიჭირეს, გამოძიების პერიოდში, ქართულ ციხეში იქნება?
- შეიძლება, აშშ-შიც გადაიყვანონ.
- ამას წინათ, სააკაშვილმა განაცხადა, აღვირი არ მაქვსო. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ მან თავისი რუსი მფარველები ჩაუშვას. ამ ფონზე, ექსპრეზიდენტის ლიკვიდაცია გამორიცხულია?
- სააკაშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი და, თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება, ამერიკელებიც ჩაუშვას... არა მგონია, დღის წესრიგში მისი ლიკვიდაციის საკითხი დადგეს. მსოფლიოს, უბრალოდ, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა არ სჭირდება და თუ სააკაშვილი შეიგნებს, რომ უკვე პოლიტიკური გვამია და გაჩერდება, ამით მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, საქართველოსაც ბევრ ცუდს აარიდებს.
“ნაცმოძრაობას” ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ “ვარდების რევოლუციაში” რუსული კვალი არ გამოჩნდეს, მაგრამ თუ გამოძიება ისე წარიმართა, როგორც საჭიროა, რუსული კვალი აუცილებლად გამოჩნდება და “ნაცმოძრაობაც” მაშინვე დამთავრდება.
- ბატონო კოტე, წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა, 2004 წელს, მოსკოვში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილს ვინ ახლდა?
- საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი.
- არაოფიციალურ შეხვედრებს მხოლოდ თემურ ალასანია ესწრებოდა?
- არა, ბეჟუაშვილიც და რუსეთში საქართველოს მაშინდელი ელჩი კოტე კემულარიაც.
სხვათა შორის, შეიძლება, ჩემი შეცდომა იყო, მაგრამ ამის შესახებ თავის დროზე ვთქვი.
- რის შესახებ?
- 2003 წლის 22 ნოემბერს, როცა კარი გაუხსნეს და სააკაშვილი, ვარდით ხელში, პარლამენტში “შეჯლიგინდა”, სამსახურში ვთქვი, ეს რუსული რევოლუციაა-მეთქი და მაშინვე მიმანიშნეს, ამის გამო პრობლემები შეგექმნებაო.
- ვინ მიგანიშნათ?
- ეს ადამიანი დღესაც სისტემაში მუშაობს...
ესაუბრა ვანო პავლიაშვილი