ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. ვინ იყო დაინტერსებული კიწმარიშვილის მოშორებით? საკმაოდ ვრცელია იმ ადამიანების სია, რომელთაც «ვარდების რევოლუციის» ერთ-ერთი შემოქმედის სიკვდილი ხელს აძლევდა. რა ეტაპზეა დღეს გამოძიება და რამე ახალი გარემოება ხომ არ გამოიკვეთა? ამ გახმაურებულ საქმეზე «საქართველო და მსოფლიოს» ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი, ექსკლუზიურად ესაუბრა.
- ეროსის გარდაცვალების გახმაურებიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, რამაც ჩვენი, ოჯახის წევრების, გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ მოგვიანებით აგვიხსნეს, რომ გამოძიების პროცესში ეს მუხლი შეიძლება გადაკვალიფიცირდეს. მიზანშეწონილად ჩათვალეს, გამოძიება უფრო ნაკლები დანაშაულის შემცველი მუხლით დაეწყოთ და შემდეგ, თუ უფრო მძიმე მუხლზე გადასვლა იქნებოდა საჭირო, ეს ავტომატურად მოხდებოდა. ეს მორალურად ჩვენთვის ძალიანმძიმე იყო, თუმცა სიძნელეები გადავლახეთ და ახლა მთავარი აქცენტი გადატანილი გვაქვს იმაზე, რომ სწორად და პროფესიონალურად ჩატარდეს გამოძიება. მე დავესწარი კრიმინალისტიკური თუ საგამოძიებო სამსახურის ყველა პროცედურას, რომლებიც ტარდებოდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიებასთან თანამშრომლობისას ვნახე, რომ ყველაფერი, რაც უნდა გაკეთებულიყო,ნამდვილად გაკეთდა. საკმაოდ ბევრი ადამიანი დაიკითხა, ყველა ნივთმტკიცება შემოწმებულია და ექსპერტიზა - პროფესიონალურად ჩატარებული. გამოძიებას აქვს ყველა მასალა - დაწყებული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებიდან, დამთავრებული სატელეფონო საუბრებით თუ ვიდეოკამერის მასალებით იმ ადგილებიდან, სადაც ეროსი გარდაცვალების დღეს და წინა დღეს მოძრაობდა. ანუ, საკმაოდ ვრცელი მასალა არსებობს, რომლის გაშიფვრასაც დრო სჭირდება. თუმცა ვფიქრობ,დაახლოებით ორ კვირაში ან უფრო ადრეც, ფაქტების შეჯერებით, შეიძლება,რაღაც ვერსია გამოკვეთოს და, შესაბამისად, ინფორმაცია გაავრცელოს გამოძიებამ. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, ანუ გამომძიებლებს ვუთხარი ყველაფერი, რაც უნდა სცოდნოდათ, დანარჩენი მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. საქმეში დაახლოებით 13 გამომძიებელია ჩართული და მათ წარმატებებს ვუსურვებ.
- ენდობით გამოძიებას? ფიქრობთ, ეს საქმე გაიხსნება და არ მიემატება გაუხსნელი პოლიტიკური მკვლელობების სიას? სიტყვა მკვლელობა ვახსენე...თქვენ, რა თქმა უნდა, თვითმკვლელობას გამორიცხავთ...
- იცით, არაფრის მიმართ არ შეიძლება, რომ 100 %-იანი ნდობა არსებობდეს. ვფიქრობ,საქმე გაიხსნება, მაგრამ ეს შეიძლება არ მოხდეს ამ ათ დღეში. შესაძლოა, კიდევ რაღაც იყოს საყურადღებო, რასაც შემდგომ პერიოდში კვლევა დასჭირდეს. საბოლოოდ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება! არანაირი საფუძველი არ მაქვს, ვიფიქრო, რომჩემი ძმა თავს მოიკლავდა. ხომ შეიძლება გაიხსენო, რომ რაღაცაზე აღელვებულიიყო ბოლო პერიოდში ან ზედმეტად ნერვიულობდა, ან თვითკონტროლი ჰქონდა დაკარგული, ან იყო რაღაც გარემოება, რომლის გამოც ჩიხში იყო შესული და გამოსავალს ვეღარ პოულობდა?! მსგავსი არაფერი! ასეთი რამ რომ ყოფილიყო, რათქმა უნდა, ასე თვითდაჯერებული არ ვიქნებოდი იმ ვერსიის მიმართ, რომ მოხდა დანაშაული. ნამდვილად არ ვთვლი სწორად, პარანორმალური უნარით დაჯილდოებულ ხალხს და ექსტრასენსებს მივმართო, მათ ნამდვილად ვერ ჩავრთავ ამ საქმეში. თუმცა უკვე წავიკითხე, რომ ისინიც ჩართულები არიან - კაკულია, მჟავია და ვიღაცები. ისიც წავიკითხე, ვიღაც ამერიკელმა ჟურნალისტმა რომ ჩაატარა გამოძიება და ორი გვარი დაასახელა, როგორც მკვლელობის დამგეგმავების თუ შემკვეთების. იმ ორ ადამიანთან ერთად, რომლებიც ჩემთვის უცნობია, გიგა ბოკერიაც იყო ნახსენები... მესმის, რატომ კეთდება ეს ყველაფერი და არ მინდა, რომ ჩემი ძმის გარდაცვალებით ვინმემ ისპეკულანტოს ან ვიღაცას ანგარიში გაუსწოროს, ან თავისი გამოცემის ტირაჟი გაზარდოს.
- ანუ გამორიცხავთ, რომ თქვენი ძმის მკვლელობაში ბოკერიას ხელი ურევია?არაოფიციალური ვერსიის თანახმად, კიწმარიშვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა, რადგან უახლოეს დღეებში ის პროკურატურაში ვიზიტს აპირებდა იმ ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის, რომელსაც მასზე მისი ძველი მეგობარი«ნაციონალები» ახორციელებდნენო.
- არ ვიცი, პროკურატურაში უნდოდა წასვლა, უზენაეს სასამართლოში თუ ჰააგის ტრიბუნალის გამოყენება სურდა რაღაცისთვის. დაინტერესებულმა პირმა შეიძლება, ნებისმიერს მოსცხოს ჩირქი. თუ არის ინფორმაცია, რომ პროკურატურაში უნდოდამისვლა და რაღაცას აპირებდა ვიღაცის წინააღმდეგ, ამის შესახებ გამოძიებაინფორმირებული იქნება და ის დაადგენს, რას და როგორ აპირებდა და ვისთვისშეიძლებოდა, ხელისშემშლელი გამხდარიყო.
- ტელეკომპანია «მაესტროს» ერთ-ერთი მფლობელის ქმარს - კოტე გოგელიასაცდაუკავშირეს ეს მკვლელობა...
- არ ვიცი, შეიძლება, გოგელიაზეც თქვეს. დარწმუნებული ვარ, თუ გამოძიებას კონკრეტულ ადამიანებთან თუ პოლიტიკურ ძალებთან კითხვები გაუჩნდება და ეს 100%-იანი არგუმენტებით არ იქნება გამაგრებული, არაფერს იტყვის. ამის უფლებას ვერ მისცემს თავს.მე ეჭვი არავისზე მაქვს, გამოვრიცხავ ყველა იმ გვარს, რომლებიცდასახელებულია.
- ტელეკომპანია «რუსთავი 2»-საც უკავშირებენ თქვენი ძმის გარდაცვალებას...
- ეს ყველაფერი მის სინდისზე იყოს, ვინც ამას მტკიცებულებების გარეშე, ჰაერზე ამბობს. მე ვარ ოჯახის წევრი - ძმა და პირდაპირ ვამბობ, ამ წუთას არავისზე მაქვს ეჭვი.
- არც ის იცით, ბოლო ხანს ვისთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, ვინემტერებოდა?
- ვერ ვიტყვი, ისეთი მტრები ჰყავდა, დასდევდნენ და ესროდნენ ერთმანეთს-მეთქი. ასეთი მტრები ეროსის არ ჰყოლია. მას შეეძლო ბევრი რაღაცის ახალი ფურცლიდან დაწყება. ეროსი თავის საქმეებს აგრძელებდა და არ იყო ჩასაფრებული, რომ ამისათუ იმის გამო ვინმესთვის ანგარიში გაესწორებინა. ის ყოველთვის ფიქრობდა რაღაცის კეთებას. ჩვენი ბოლო საუბრებიც მის აქტივობას შეეხებოდა - მთხოვდა, დავხმარებოდი ჩემი რესურსით, ვგულისხმობ ტელევიზიას. სურდა, რაღაც ფორმატით სამაუწყებლო ბაზა შეექმნა. არ ვიცი, ეს როგორი არხი იქნებოდა, მაგრამ ჰქონდა შექმნის სურვილი, ის ამ საქმის პროფესიონალი იყო. ამიტომ ვამბობ, რომ ეროსი საქმეებით იყო დაკავებული და არა იმით, რომ ვიღაცისთვის ანგარიში გაესწორებინა. ეროსი სერიოზულპროექტებზე ფიქრობდა.
- ვიღაცებმა გია ხევიაშვილისკენაც გაიშვირეს ხელი...
- არ მსმენია, ხევიაშვილზე ეჭვი გამოთქმულიყო. ალბათ, რაკი ხევიაშვილმა პირველმა ნახა გარდაცვლილი ეროსი, დაუწერელი კანონია, რომ ეჭვმიტანილია ადამიანი, რომელიც პირველი იპოვის გარდაცვლილს. ხევიაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ეროსისთან მისი სიცოცხლის ბოლო დღეებში ყველაზე აქტიური ურთიერთობა ჰქონდა. ისინი ერთად აკეთებდნენ რაღაცებს. რა ეჭვიც უნდა არსებობდეს გია ხევიაშვილის მიმართ, თეორიულადაც ვერ დავუშვებ, რომ მას დანაშაულის ჩადენა განეზრახა. როგორც ვიცი, იმ საბედისწერო დღეს გიას და ეროსის შეხვედრის კონკრეტული დრო არ ჰქონდათ დათქმული, საღამოს აპირებდნენ შეხვედრას.
- რაც შეეხება იარაღს, მართლა თქვენთვის უნდოდა ეჩუქებინა თუ საფრთხესელოდა? თუ იცით, ამ იარაღიდან არის გასროლილი? და კიდევ - როდის მოხდაავტოსადგომში კამერის შეტრიალება?
- პირველი კითხვის პასუხი ეროსიმ წაიღო იმქვეყნად. შესაძლოა, ის გრძნობდა საფრთხეს და საჭიროდ ჩათვალა, იარაღი შეეძინა თავის დასაცავად. თუ ეს ასეა, მაშინ ეროსის ნამდვილად ჰქონდა ინფორმაცია და საფუძველი, ეფიქრა, რომ მასზე თავდასხმა მზადდებოდა, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე, ამას სახალხოდ არ იტყოდა და იმ ახლობლების ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რომლებიც ეკითხებოდნენ, რისთვის სჭირდებოდა იარაღი, შეიძლება, ეს ვერსია მოიფიქრა. როგორც ვიცი, გამოძიებამ ვერ დაადგინა, როდის მოხდა კამერის შეტრიალება, ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ეს კამერა ამ პოზიციაში იდგა. რაც შეეხება ამ იარაღიდან გასროლას, ვიცი, რომ ორი ექსპერტიზა ჩატარდა და პასუხები აქვს გამოძიებას. თუმცა, თუ დადასტურდა, რომ ამ იარაღიდან გაისროლეს, ვფიქრობ, დიდ ცვლილებას ამ საქმეში მაინც ვერ შეიტანს, მაინც დარჩება ბევრი კითხვის ნიშანი.
- ტელევიზიის შექმნას გიორგი თარგამაძესთან ერთად აპირებდა და, ავი ენებისთქმით, მასაც უნდა მიექცეს ყურადღება...
- ამბობენ, მკვლელობაშია გარეულიო? არსებობს რამე ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ეს ვერსია ცოტათი მაინც გაამყაროს? მე ასეთი რამ არ ვიცი. გიორგიმ თქვა, რომ ბოლო პერიოდში ჰქონდა ეროსისთან ურთიერთობა, განიხილავდნენ ახალი მედიასაშუალების შექმნის საკითხს. გიორგი თარგამაძე, აქედან გამომდინარე, ფიგურირებს ეროსის ბოლო პერიოდის აქტივობებში. როცა ორი ადამიანი რაღაც გეგმებისთვის ერთიანდება, მათ შორის რა უნდა იყოს ისეთი, რომ ერთმა მეორის მკვლელობა შეუკვეთოს? ვიმეორებ, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ უნდა შეეკვეთა ვინმეს, ვთქვათ, «ნაცმოძრაობის» რომელიმე წევრს ეროსის მკვლელობა ან, ვთქვათ, მოქმედი ხელისუფლების რომელიმე დაჯგუფებას. გულწრფელად ვამბობ, არავისზე მაქვს ეჭვი.
- ბოლოს როდის დატოვა საქართველო ეროსიმ და ჰქონდა თუ არა ვალები?
- რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო, საქართველოდან არ გასულა. პირადი ვალები, როგორც ვიცი, არ ჰქონია. ჰქონდა რაღაც ვალდებულებები საარჩევნო კამპანიის პერიოდში, რაც ნაწილობრივ დაფარა, აპირებდა საბოლოოდ დაეფარა. არ ვიცი, რა თანხებზეა საუბარი, ეს რომ ყოფილიყო რამდენიმე მილიონი დოლარის ვალი, რომელსაც ეროსის შესაძლებლობები ვერ გასწვდებოდა და მისთვის დამთრგუნველი, ანუ ჩიხში შემყვანი იქნებოდა, აუცილებლად მეცოდინებოდა.