,,თაღლითების’‘ მსხვერპლი მალხაზ სიხარულიძე დამნაშავეების დასჯას ითხოვს
სოხუმელი მალხაზ სიხარულიძე, როგორც თავად ამბობს, თაღლითების მსხვერპლი სააკაშვილის რეჟიმის დროის ორჯერ გახდა. პირველად მაშინ, როცა 2011 წელს, საკუთარი მანქანა გააქირავა და ვეღარ დაიბრუნა; მეორედ 2012 წელს, როცა მისი დის ადელიკო სიხარულიძის ბინა, მეორე დისშვილმა უკანონოდ მიისაკუთრა. ორივე შემთხვევაში ,,ვერსიის’‘ რესპონდენტმა ბრძოლის სამართლებრივი გზა აირჩია და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მიმართა. შედეგი, დღემდე არ დადგა _ ვერც ბინა დაიბრუნა, ვერც მანქანა. მეტიც, ბინის საქმეზე დაწყებული გამოძიება უსასრულოდ გაიწელა, ხოლო მანქანის მითვისების ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, მანქანის ძებნაც კი არ გამოცხადებულა. სამტომეულის ,,მარადიული წიგნის’‘ ავტორი, თავის დროზე ,,აფხაზწიგნის’‘ გენერალური დირექტორი მალხაზ სიხარულიძე ,,ვერსიას’‘ თავად დაუკავშირდა, თავისი გაუხმაურებელი, გამოუძიებელი, დროში გაწელილი ,,საქმეების’‘ შესახებ უამბო და ივარაუდა _ პროკურატურაში იმიტომ მექცევიან ასე, რომ ბევრი ძველი კადრია დარჩენილი და ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟს აწყობენო.
2011 წლიდან მოყოლებული მალხაზ სიხარულიძე პროკურატურის ხშირი სტუმარია. იმდენად ხშირი, რომ უწყებაში მეტსახელიც შეარქვეს - ,,მოუსვენარი’‘. სიხარულიძის ამგვარად ,,მონათვლა’‘ არ გაგიკვირდებათ, როცა შეიტყობთ, რომ პროკურატურაში ორივე საქმეზე, დაახლოებით 400-მდე წერილი აქვს შეტანილ- შეგზავნილი. სხვადასხვა ფერის კალმით წერდა, რომ რეაგირება მოჰყოლოდა მის განცხადებებს, მაგრამ შედეგს რომ ვერ მიაღწია, 2014 წლის ივნისში, მიმოწერის მთელი დასტა შეკრიბა და პროკურატურაში შეაგზავნა ყველა ფურცელსა და კონვერტზე მინაწერით: ,,ამ მაკულატურას თქვენ ოფისს ვუბრუნებ. რატომ და რაში იღებთ ხელფასს პროკურორები? რატომ არ გახსენით ეს სისხლის სამართლის საქმეები? რატომ აფარებთ ხელს კრიმინალებს?’‘. მალხაზ სიხარულიძე 4-ჯერ პარლამენტშიც ჩავიდა, შეხვდა ეკა ბესელიას კომიტეტის წარმომადგენლებს, ხმალაძე- შავგულიძეს, პრემიერ მინისტრის კანცელარიაშიც იყო არაერთგზის და პრეზიდენტის სასახლესაც არაერთხელ ესტუმრა, უშედეგოდ.
სამოხელეო დანაშაული, თაღლითი დისშვილი და დროში გაწელილი საქმე
მალხაზ სიხარულიძის და, ადელიკო (ადელაიდა) სიხარულიძე, მასთან ერთად, სოხუმში, ერთ მისამართზე (ლაკობას 5, ბინა 2) 40 წელი ცხოვრობდა. თბილისში იძულებით გადმოსვლის შემდეგ, ადელიკო სიხარულიძე ლტოლვილების კომპაქტურ დასახლებაში მოათავსა დევნილთა სამინისტრომ (ნაძალადევის რაიონი, საყვირის ქუჩა, სახლი #2, ბინა #21, მეორე სართული). ბინაში რეგისტრირებული იყო და ამ ფართზე ცხოვრობდა მხოლოდ ადელიკო სიხარულიძე, ხოლო მალხაზ სიხარულიძეს თავისი ფართი აქვს დევნილების სხვა კომპაქტურ დასახლებაში. ადელიკო სიხარულიძეს თავის სახელზე მოდიოდა კომუნალური გადასახადები. გულნარა ქარჩავას ამ ფართზე არანაირი უფლება არ ჰქონდა. ეს ეკონომიკის სამინისტროს წერილიდანაც ირკვევა: გ. ქარჩავა ქალაქ თბილისში ფლობს ორ საკუთარ, კეთილმოწყობილ ბინას თამარაშვილზე და ლესელიძეზე. ის არ სარგებლობდა ადელიკო სიხარულიძის ბინით და იქ არც რეგისტრირებული იყო. ასევე არსებობს დევნილთა სამინისტროს დოკუმენტი, სადაც წერია: გულნარა ქარჩავამ, სიხარულიძის არყოფნის დროს ხელში ჩაიგდო ბინის გასაღები, ისარგებლა მისი პირადობის დოკუმენტით, ლტოლვილის მოწმობით და ადელიკო სიხარულიძის მაგივრად მოაწერა ხელი პრივატიზაციის დოკუმენტზე. ნაძალადევის რაიონის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, 362 მუხლის I ნაწილით (დოკუმენტის გაყალბება).
,,სოხუმში, ჩვენ და ქარჩავას თითქმის არ გვქონდა ურთიერთობა, წელიწადში ერთხელ თუ გვესტუმრებოდა’‘, - ამბობს მალხაზ სიხარულიძე. გულნარა ქარჩავა სოხუმის უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტის ექსდეკანია. აქვს 2 დიდი ბინა, დაბადებულია სოფელ ჩხოროწყუში. მალხაზ სიხარულიძის მტკიცებით, მან დაქალისგან, დევნილთა სამინისტროს თანამშრომელ მარინა ფოჩხუასთან გაიგო, რომ მალე დეიდის ბინის პრივატიზებას მოახდენდნენ. მაშინვე მოუხშირა მიმოსვლას ადელიკო სიხარულიძესთან, ისარგებლა მისი ხანშიშესულობით, მიამიტობით და ნათესაური გრძნობებით, წინასწარი ბოროტი განზრახვით და მიზნით, დეიდის ბინა ხელში ჩაეგდო. მიუხედავად, ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური განყოფილების ინფორმაციით, ირკვევა, რომ მას მეურვეობის უფლება არ მიუღია და არც სიხარულიძის იურიდიული მემკვიდრეა. იურიდიული მემკვიდრე მალხაზ სიხარულიძე გახლავთ, რადგან ადელიკო სიხარულიძე გაუთხოვარი, უქმარშვილო გახლდათ. სიხარულიძის ნდობის მოსაპოვებლად, ქარჩავა დროდადრო ყიდულობდა მისთვის ლობიანს, იაფფასიან წამალს... ,,არ მეგონა, რომ მას მარტო ანგარება ამოძრავებდა. ბოლო დროს, ჩემი და ადელიკო, ჩემთან ცხოვრობდა. მისი ბინა დაკეტილი იყო. ვუვლიდი. ერთხელ სამტრედია- ქუთაისში მომიწია წასვლა. ქარჩავამ მომენტით ისარგებლა და უპატრონოთა სახლში მოტყუებით გადაიყვანა. არავის შეგვატყობინა, თორემ ამის უფლებას ვინ მისცემდა! თვითონ კი უკანონოდ ჩაიგდო ხელში ბინა და გააქირავა. რამდენიმე თვე იყო ჩემს სახლში ადელიკო, მაგრამ მისი დაკეტილი ბინის გაქირავება არ მიკადრია. საკუთარ დეიდას რომ უპატრონოთა სახლში გადაასახლებ, რა გქვია? თუ მოვლა გინდა, წაიყვანე და მოუარე. ადელიკო სიხარულიძე აფხაზეთის დამსახურებული პედაგოგია, განათლებული... გიჟი იყო, 30 კვ. მეტრ ევრორემონტიანი ბინიდან უპატრონოთა სახლში გადასულიყო, სადაც ოთახი 6 კვ. მეტრია, გაზიც არაა და საპირფარეშოც საერთოა? ის, რომ გულნარა ქარჩავამ დაარღვია ადელიკო სიხარულიძის კონსტიტუციური უფლებები, ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო და ფაქტობრივად, მოუსწრაფა სიცოცხლე, ომბუდსმენის ოფისიდან მოსული დოკუმენტებითაც ჩანს’‘, _ აცხადებს მალხაზ სიხარულიძე. მისი მტკიცებით, საქმეში აშკარად იკვეთება სამოხელეო დანაშაული _ სსსკ 332 და 333 მუხლები, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამოხელეო სიყალბე. პრივატიზაციის (2012 წლის 14 სექტემბერი) სარეგისტრაციო ნუსხაში, საყვირის ქუჩა #2-ში, რეგისტრირებჯლი იყო და ამ ფართზე ცხოვრობდა მხოლოდ ადელიკო სიხარულიძე. გულნარა ქარჩავამ და პრივატიზაციის კომისიის წევრებმა კი, სიხარულიძის თქმით, ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. საქმეში ჩაერთო ეკონომიკის სამინისტროს ჩინოვნიკი რატი ამაშმაძე, რომლის სახელზე არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ჰუმან რაით ვოშმა’‘ ბევრჯერ დაწერა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ ქარჩავამ ჩაიდინა კანონდარღვევა.
მალხაზ სიხარულიძე: ,,თბილისში ჩამოსულმა, გავიგე, რომ ქარჩავას ჩემი და უპატრონოთა სახლში გადაუსახლებია, სადაც ჩემი დაიკო მიუჩვეველ პირობებში, უცხო სახლში დაავადდა და ჩემდა საუბედუროდ გარდაიცვალა. მე დღესაც შავები მაცვია და ხან დედაეკლესიაში, ხან მის საფლავზე ვარ. უპატრონოთა სახლში სისტემატურად ვაკითხავდი. როცა უპატრონოთა სახლის უფროს ლ. ჩაფლიანს ვუთხარი ადელიკას ჩემთან წავიყვან- მეთქი, მიპასუხა ამის უფლება არ გაქვს, ვინც ჩააბარა იმან უნდა წაიყვანოს, პოლიციას გამოვიძახებო. გაბრაზებული, წავედი იუსტიციის სახლში და იქ ოპერატორმა მომცა დოკუმენტი, რომ თაღლითმა ქარჩავამ ბინა #21-ის გარდა, იმავე დროს ხელთ იგდო და მიიტაცა სახელმწიფო ბალანსზე მყოფი გვერდითი ბინა #22, ესეც კანონდარმღვევი პრივატიზაციის კომისიის ,,დახმარებით’‘. ამ ბინებს ქრთამის გარეშე ვინ მისცემდა? პრივატიზაციის კომისიის 8 წევრიდან გამომძიებელმა დაკითხა მხოლოდ ორი _ სამართალი შერჩევითია? დანარჩენმა 6-მა რა ,,დააშავა’‘? რატომ აფარებს პროკურატურა ხელს კრიმინალებს? პირველი უნიათო გამომძიეელი ს. ჟღენტი მეუბნებოდა - კოჰაბიტაციის რეჟიმში ვართო და არავინ დაკითხეს ჩემ გარდა. მეორე წელს მითხრა, დროში არ ვიწვიო. არადა, მარტივად გამოიძიებდნენ საქმეს, რომელშიც ჩემი დის განცხადებაც კი დევს - უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქარჩავამ მისი ბინა კანონდარღვევით, თაღლითობით და მაქინაციებით ჩაიგდო ხელში. ხაზს უსვამს იმასაც, რომ სწორედ ქარჩავას ინიციატივით მოხვდა უპატრონოთა სახლში’‘. სიხარულიძის საქმით ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაიაც დაინტერესდა. ორი წერილი დაწერა მთავარი პროკურორის სახელზე, მაგრამ სიმართლე და დადებითი შედეგი არაა. საინტერესოა, როდემდე არ გაიხსნება საქმე? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ,,ვერსია’‘ საქმის ზედამხედველ პროკურორს, დავით კვინიკაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, გამოძიება აქტიურ ფაზაშია, რამდენიმე გამოკვეთილი მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს. რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, ამაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც გულნარა ქარჩავას ბრალეულობა დამტკიცდება. მალხაზ სიხარულიძე ითხოვს სიმართლის გარკვევას, მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას და მისი მორალურად და მატერიალურად დაზარალებულად ჩათვლას. ,,უსულგულო ქარჩავამ ჩემ საყვარელ დას მოხუცებულობა ამ ბინის გამო გაუმწარა. არ დაინდო დეიდა, რომელიც სწორედ მისი ოჯახის გულისთვის არ გათხოვდა და მთელი ცხოვრება ამათ შესწირა და უვლიდა. სამაგიეროდ, სიბერისას სული ამოხადეს უპატრონოთა სახლში. ქარჩავების ოჯახს მოუწევს, მძიმე დანაშაულისთვის ბოდიში მოუხადოს სიხარულიძეების ოჯახს’‘, - აცხადებს სიხარულიძე.
მანქანის მითვისების თაღლითური სქემა
3 წლის წინ, 2011 წლის 7 ივნისს, მალხაზ სიხარულიძემ კუთვნილი ავტომანქანა ,,ვოლგა’‘ გაზ 24-ის გაქირავება გადაწყვიტა. კობა ზირაქაშვილთან ოფიციალურად გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ზირაქაშვილს 8 თვის განმავლობაში სიხარულიძისთვის უნდა ეხადა ყოველთვიურად 250 ლარი. 8 თვის შემდეგ კი მანქანა გამართულ მდგომარეობაში უნდა დაებრუნებინა. ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ ქირის არგადახდის შემთხვევაში, სიხარულიძეს აქვს უფლება, მანქანა დაუყოვნებლივ დაიბრუნოს. სიხარულიძემ არსებული წესითაც არ იმოქმედა და წინასწარ 1 თვის ქირა _ 250 ლარი კობა ზირაქაშვილს არ გამოართვა, მეტიც მანქანის გატანის წინ 200-ლარიანი ახალთახალი აკუმულატორი იყიდა და ისე გადაულოცა კლიენტს. მანქანა ასევე გაწყობილი იყო უცხოური გაზის აპარატურით. როგორც კი მიხვდა სიხარულიძე, რომ ზირაქაშვილმა ,,გადააგდო’‘, განცხადება დაწერა საბურთალოს პროკურატურაში და საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში მოითხოვა, მანქანაზე ძებნა გამოეცხადებინათ. არც საქმე აღძრეს და არც მანქანა მოძებნეს. მეტიც, პირველმა გამომძიებელმა ასეთი ვერსიაც თქვა, მანქანა საბოლოო გამოსყიდვით გააქირავაო. ასეთი რამ ხელშეკრულებაში არსად წერია.
მალხაზ სიხარულიძე: ,,მანქანის ქირა 6 თვის განმავლობაშიც არ გადაუხდია ზირაქაშვილს. მობილურს მითიშავდა, მერე ნომერი გამოცვალა, ფიჭურ კავშირზე არ გამოდიოდა, მემალებოდა. ნახევარი წლის შემდეგ მომცა 2 თვის ქირა, 500 ლარი. მანქანა რომ ვნახე, გული დამწყდა - საქარე მინა დამსხვრეული იყო და ნაავარიევი. ვუთხარი, გაარემონტე და მომიყვანე- მეთქი. დარჩენილი ქირის მოცემაც მოვთხოვე. არ მომისმინა. შეხტა მანქანაში და წავიდა. მერე გავიგე, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელი ყოფილა, რომელიც მოგვიანებით ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებაზე დაიჭირეს. ალბათ პოლიციელობა გახდა საფუძველი, რომ ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოხდა და საქმე არ აღიძრა. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, მანქანა გაიტაცეს თუ თაღლითური გზით მიითვისეს? დაზარალებული ვარ. ფაქტია 3 წელია კუთვნილი ავტომანქანა ვერ დავიბრუნე. საქმის გამოძიებას სულ ერთი დღე უნდა: დაკითხე ზირაქაშვილი. აქ აშკარადაა გამოკვეთილია თაღლითობა, სხვისი ნივთის მითვისება და გაფუჭება- მოსპობა. ერთ-ერთმა პროკურორმა აგდებულად მითხრა, ხალხი მოტ..., დახოცეს, 50 მილიონის ბიზნესები წაართვეს და შენ ერთ მანქანასა და ერთ ბინას მისტირიო. ეს დაცინვაა, მოსახლეობის აბუჩად აგდება, სხვა არაფერი. ქარჩავა სიხარულიძეების ფულს იჯიბავს, გამდიდრდა. ზირაქაშვილს დღემდე უკანონო სარგებლობაში აქვს ჩემი ნივთი. 3 წლის მანძილზე დაგროვდა 10 ათასზე ლარზე მეტი ვალი. ეს მანქანა სოციალურად დაუცველი ადამიანისთვის მარჩენალივით იყო. იმედია, ახალი გამომძიებლები საქმეს არ გააჭიანურებენ, შედეგს მივაღწევ და აღარ მექნება განცდა, რომ ამ ქვეყანაში საკუთრების უფლება დაცული არაა’‘. პ.ს. მასალა უკვე მზად იყო, როცა მალხაზ სიხარულიძეს პროკურატურიდან ოფიციალური წერილით აცნობეს, რომ მანქანის საქმეზე გამოძიება დაიწყო: ,,2014 წლის 17 ივლისს საქართველოს შსს ქ თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე- საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილებაში დაიწყო გამოძიება, მალხაზ სიხარულიძის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე’‘.