ცივი შხაპი გაეროსგან

ცივი შხაპი გაეროსგან

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნის „დამახინჯებულ“ თარგმანში ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი, მთავარ პროკურატურას მოუწოდებს გახმაურებულ საქმეებზე დაწყებული საგამოძიებო პროცესი უმოკლეს ვადებში დაასრულოს.

გაერო-მ მეოთხე პერიოდული ანგარიშის ფარგლებში, საქართველოს მიმართ ძირითადი შენიშვნები გამოაქვეყნა, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. თავად დოკუმენტის შინაარსი კი, საკმაოდ მკაცრია.

დოკუმენტის მეათე მუხლის თანახმად, კომიტეტი შეშფოთებულია იმ ნელი წინსვლით, რომელიც წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათ პასუხისგებაში მიცემის თვალსაზრისით მიმდინარეობს, რომლებიც უშუალოდ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ან უშუალოდ მას შემდეგ მოხდა. მათ შორის საუბარია იმ საქმეებზე, რომლებიც იძულებით გაუჩინარებას, სამოქალაქო და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უკანონო დაკავებებს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ქონების დაზიანებასა და ჩამორთმევას ეხება, რომლებიც შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

გაერო მიიჩნევს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ იძულებითი გაუჩინარების, სამოქალაქო მოსახლეობისა და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენების, უკანონო დაკავებების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ქონების დაზიანებისა და ჩამორთმევის ფაქტები დამოუკიდებლად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული.

„სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მის იურისდიქციაში მყოფი დამნაშავენი, განსაკუთრებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი პირები, პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დაისაჯონ, დაზარალებულებს კი სათანადო დახმარება გაეწიოთ, მათ შორის, კომპენსაციის სახითაც“, - ნათქვამია დოკუმენტის მეათე მუხლში, რომელსაც შეფასებები საქართველოში უკვე მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ დასკვნა „მკაცრი“ არ არის, უმრავლესობა კი დოკუმენტს ოპონენტების მიმართ „ცივ შხაპად“ აფასებს.

როგორც for.ge-ს ოპოზციონერმა დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა განუცხადა, მთავრობის წევრები დოკუმენტს შეგნებულად დამახინჯებულად თარგმნიან.

მისი შეფასებით, დოკუმენტის დამახინჯებული ვერსიის გავრცელება არის იმის მცდელობა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირი მოწმინდოს რუსეთს.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ამით დიდი ხანია დაკავებულია. ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომია, მმართველი გუნდი კი მას დამახინჯებულად თარგმნის. კაცობრიობის წინაშე დანაშაულის გამოძიება არის სტანდარტული ტერმინი, როცა რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე ომი მოხდა. საქართველოს ტერიტორიაზე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული რუსეთმა ჩაიდინა, რომელმაც ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა. იქ წერია, რომ სადაც ომი მოხდა, დანაშუალი იქნა ჩადენილი. რაც შეეხება გახმაურებული საქმეების გამოძიებას, ჩვენც ვამბობთ, რომ საქმეები გამოძიებული უნდა იქნეს, მაგრამ ამას პოლიტიკური დევნის სახე არ უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნავს კანდელაკი.

for.ge-სთან საუბარში კანონმდებელი, სერგო რატიანი აცხადებს, რომ დოკუმენტი მკაცრი არ არის და სრულიად ცხადია, რომ 2008 წელს რუსეთმა დანაშაული ჩაიდინა.

„იმის ტირაჟირებას, რასაც ხელისუფლება ახდენს, სამარცხვინოა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცხადი ხდება, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალნი მოკავშირეები არიან საქართველოს ნაციონალური ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნავს რატიანი.

ოპონენტებისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში გაერო-ს რეზოლუციას დადებითად აფასებენ და იმაზე აპელირებენ, რომ დოკუმენტი დასტურია იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის მოსაზრებით, გაერო-ს განცხადება ცივი შხაპი იქნება მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს ფიქრი დანაშაულის გამოძიებაზე და იფიქროს მარტო ნათელ მომავალზე.

კანონმდებელის თქმით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ყველაზე ობიექტური ორგანიზაციაა, რომლის შეფასება მნიშვნელოვანია.

„გაერო-ს დასკვნა პასუხია იმ ოპონენტებისთვის, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში არავითარი წამება არ ყოფილა და არის გადაცდომები. მარტო პოლიტიკოსების განცხადებები - „არ ჩაიდინოთ“ და „გამოიძიეთ“ არ არის საკმარისი. „წარსულისკენ ნუ იყურებით“ - პოლიტიკური ლაპარაკია, სამართლებრივი კი არის, რომ „ყველა დანაშაულს თავისი უნდა მიეზღოს“. ამ შემთხვევაში, სამართლის მომხრე ვარ“, - აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი, რომლის პოზიციას იზიარებს დავით ბერძენიშვილი.

for.ge-სთან საუბარში დავით ბერძენიშვილი ევროპარლამენტში მისი ძმის ნათქვამ სიტყვებს იხსენებს და ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბერი შვიდი წლის შემდეგაც არ აპატია. დეპუტატის განცხადებით, ე.წ. სამართლიანობის აღდგენაზე დასავლეთში გაკეთებული განცხადებები განსხვავებულია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნდობა იკითხება როგორც ვაშინგტონში, ასევე ნიუ-იორკში.

„შეფასებებში განსხვავებული ტონალობებია. ზოგი კითხვის ნიშანს ძალიან მოზომილად სვამს, ზოგი შეშფოთებას გამოთქვამს. მესმის ზომიერი შეშფოთებაც და მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაზე. შესაძლოა, ტონალობები განსხვავებული იყოს, მაგრამ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნდობა იკითხება, როგორც ვაშინგტონში, ასევე ნიუ-იორკში.

7 ნოემბრის მოვლენების თაობაზე, ევროპარლამენტმა უმკაცრესი რეზოლუცია 2007 წლის ნოემბერში მიიღო და მაშინ ლევანმა თქვა, რომ ქართველი ხალხი სააკაშვილს 7 ნოემბერს არ აპატიებდა. სააკაშვილს ხალხმა ზურგი შეაქცია, მაგრამ ხალხის ეს განწყობები სამართლებრივად დადასტურდება თუ არა, ეს სასამართლოს საქმეა“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

გახმაურებული საქმეების საგამოძიებო პროცესის ტემპის დაჩქარებაზე აქცენტირებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

კანონმდებელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების უფლებების აღდგენა.

„გამოძიება უნდა დაჩქარდეს და საქმეები ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. შეიძლება, თანამდებობის პირების მიმართ კვალიფიკაცია უფრო მძიმე იყოს, ვიდრე სამოხელეო დანაშაულის. სახელმწიფომ ღირსებაშელახული მოქალაქეების უფლებების აღდგენა უნდა უზრუნველყოს. ეს არის ის, რასაც დიდი ხანია ვითხოვთ. იმედია, ოპონენტებისთვის გაერო-ს დოკუმენტი უფრო კომპეტენტურია და ისინი პოლიტიკურ დევნაზე საუბარს აღარ გააგრძელებენ“, - განუცხადა for.ge-ს ბესელიამ.

აღნიშნული საკითხის გარდა, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნაში საუბარი იყო ასევე საქართველოში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღების თაობაზე. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს საკმარისი სანქციები დისკრიმინაციის შესამცირებლად და თავიდან ასაცილებლად, ასევე, სახალხო დამცველის აპარატი არ არის საკმარისი რესურსებით უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ წარმატებით და ეფექტურად იფუნქციონიროს.

კომიტეტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მმართველმა პარტიამ უნდა გააუმჯობესოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რათა დისკრიმინაციის მსხვერპლთა დაცვა პრაქტიკაშიც განახორციელოს.