რატომ არ დახურა საქმე ადეიშვილმა და  რატომ არ ჩამოიღო თაროდან იგივე საქმე დღევანდელმა ხელისუფლებამ?

რატომ არ დახურა საქმე ადეიშვილმა და რატომ არ ჩამოიღო თაროდან იგივე საქმე დღევანდელმა ხელისუფლებამ?

სატელეფონო საუბრის გაშიფრული ტექსტი, რომლითაც სტატიას ვიწყებ, ერთი გახმაურებული საქმის გაუხმაურებელი დეტალია. ქვემოთ წაიკითხავთ, თავის დროზე ძალიან სკანდალური და ძალიან ჩაფარცხული საქმის დეტალებს, საიდანაც გავარკვევთ, რატომ განუცხადა სტრასბურგის სასამართლომ ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს უარი ე.წ. კანონიერი ქურდის საქართველოში ექსტრადიციაზე, როგორ გადაარჩინა ევროპამ, გიორგი ხმელიძე ნაციონალურ ანგარიშსწორებას და რა იმალება რეალურად ნაცმაცუნური სამართლის უკან, როგორ "უფრთხილდებოდნენ" საქართველოს სახელს ე.წ. ცნობადი სახეები და როგორ იგეგმებოდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. ვარდების რევოლუციის მსგავსი "პერევაროტები"! საქმე არცთუ ისე ძველია და როგორც უკვე ვთქვი, ძალიან გახმაურებული იყო თავის დროზე, თუმცა დეტალებზე მაშინ ვერავინ საუბრობდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც დღეს მოსცილებია ამ საქმეს ობი, მით უმეტეს, რომ გამოძიება დახურული (ანუ დამთავრებული) არ არის და საქმე ისევ მთავარ პროკურატურაში დევს. ვიდრე საქმის დეტალებზე გავამახვილებდე ყურადღებას, კითხვაზე - რატომ არ დახურა საქმე ადეიშვილმა? გავცემ სავარაუდო პასუხს. გონივრული ეჭვის საფუძველზე, ეს საქმე მხოლოდ ერთი მოტივით არ დაიხურა - რა ვიცით, როდის, სად და რა ვითარებაში გამოგვადგეს. მეორე კითხვა - რატომ არ ჩამოიღო თაროდან ეს საქმე დღევანდელმა ხელისუფლებამ? გონივრული ეჭვის საფუძველზე, ეს საქმე მხოლოდ იმიტომ არ "გაცოცხლდა" რომ პროკურატურას ე.წ. და დღეს "მოდაში შემოსული" პოლიტიკური დევნის შესახებ მორიგი განცხადება "აწუხებს". არადა, საქმე ადეიშვილის დროს დაიწყო და არა, ასე ვთქვათ, ადგილიდან, არამედ ჩვენი მეგობარი უკრაინიდან მოედო მსოფლიოს და შემდეგ იძულების წესით აღმოჩნდა "რუხი კარდინალის" მაგიდაზე. საქმე სავსეა დადასტურებული მტკიცებულებებით და სავსებით საკმარისია არაერთი კაცის დასაჭერად!

ამ სატელეფონო საუბრით (რომელიც საქმეში დევს და რომელიც ექსპერტის გაშიფრულია, ანუ ოფიციალურად დადასტურებულია მხარეების იდენტიფიკაცია), რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, დაიწყო საქმის ძიება:

"11 იანვარი, 2010 წელი, 15:55

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე (ტელეფონის ნომერი რომელზეც განხორციელდა დაკავშირება - 00380973840295 - უკრაინაში დარეგისტრირებული ტელეფონის ნომერი), შესაძლოა უკრაინაში - კონსტანტინე, შესაძლოა საქართველოში (გამოძახების ტელეფონის ნომერი - 0099599587979 - საქართველოში დარეგისტრირებული ტელეფონის ნომერი. საუბარი არის ქართულ ენაზე.)

კონსტანტინე: დიახ, ვასილიჩ.

თარგამაძე: კონსტანტინ?

კონსტანტინე: დიახ.

თარგამაძე: მორიგი თხოვნა მაქვს. მე მინდა ლაშას ან ვინმე სხვის მეშვეობით გადავცე მათ, რომ, თუ ისინი გააგრძელებენ იმის კეთებას, რასაც ეხლა აკეთებენ, მთავარია დონეცკში, მე ამ ქალაქს, მაგის დედაც...

კონსტანტინე: და რა არი? რა გააკეთეს?

თარგამაძე: ნუ, ისინი არ არეგისტრირებენ. რა თქმა უნდა, არ უნდა თქვა ისე, როგორც მე გეუბნები, უბრალოდ მე გამოვხატავ ჩემს ემოციებს. მაგრამ მაინც თქვი. გადაეცი, რომ თუ ისინი არ დაარეგისტრირებენ, მაშინ როცა ისინი მაინც ჩამოვლენ, ისინი იქნებიან ჩვენი მტრები.

კონსტანტინე: ჰო, ვასილიჩ. მაგრამ შენ დარწმუნებული ხარ, რომ გია მანდ ჩარეულია? ამ ბიჭმა თქვა, რომ იგი არაფერ შუაშია.

თარგამაძე: არა. ის რა შუაშია? მაგაზე არაფერს არ გეუბნები. ამ ადამიანზე არ გეუბნები. იმ ლაშამ თქვა, რომ მას თავისი შეხვედრები აქვს. მაგაზე არ ვსაუბრობ.

კონსტანტინე: მან დარეკა გუშინ, თქვა, რომ მასზე ძებნა არის გამოცხადებული.

თარგამაძე: ძებნა მე გამოვაცხადე. კარგია, რომ მან დარეკა, კარგია. მას შეეშინდა და წავიდეს რუსეთში.

კონსტანტინე: ოჰ, ვასილიჩ, ნურაფერზე ნუ ღელავ.

თარგამაძე: მე არც ვღელავ. უბრალოდ მან უნდა გამომიგზავნოს შეტყობინება, რომ ეს რაღაც ტექნიკურია. უთხარი ლაშას, რომ მიშამ თქვა, რომ ისინი ჩვენთვის მტრები გახდებიან.

კონსტანტინე: მე საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა, თუ ვისზე ვუთხრა ლაშას.

თარგამაძე: შენ მას დაურეკე და უბრალოდ უთხარი, რომ ჩვენ ისე უბრალოდ არ წავალთ. ჩვენ წინასწარ ვიტყვით, რომ მოვა 8 ათასი ადამიანი. და ასეთის თქმა - ეს არ არის პრობლემა. თუ შეიქმნება პრობლემა, თუ ისინი ჩვენთვის მტრები არიან, მაშინ ჩვენც მტრები ვართ. მაშინ მე ვიქნები "ბოზის  შვილი", მაგრამ მე ჩავალ და "დავახურებ" მაგ ქალაქს. ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. ნებისმიერ ადგილას. თუ ჩვენ ჩავალთ, მაშინ იგი ძაან ცუდად გახდება. თუ მათ ეს უნდათ, მაშინ კითხვები არ არის. მაგრამ მართალია, მათ უნდა შევთავაზოთ მშვიდობიანად მოლაპარაკება. ამიტომაც მე გეუბნები ამას.

კონსტანტინე: შენ გინდა რომ დაარეგისტრირონ?

თარგამაძე: დიახ".

მეტი სიცხადისთვის: ეს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინაში მიმდინარე არჩევნების დროს გივი თარგამაძესა და ვინმე კონსტანტინეს შორის. საუბარი მოისმინა და ჩაიწერა უკრაინის მაშინდელმა სამართალდამცავმა სტრუქტურამ და გაკეთდა შესაბამისი განცხადება, იმის შესახებ რომ საქართველოს ხელისუფლება სხვა ქვეყნის შიდა პროცესებში ერეოდა. გივი თარგამაძე აქ კატეგორიულად ითხოვს საქმეში კანონიერი ქურდები ჩაერთონ და დაეხმარონ "საქართველოს დელეგაციას" რეგისტრაციაში. ცნობილი ფაქტია, რომ მან, ვინც ვასილიჩს დასაყრდენ ძალად უნდოდა, კატეგორიული უარი განაცხადა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი, თუმცა ვასილიჩის კომპანიას ისე, ყოველი შემთხვევისათვის 11 იანვრამდე რამდენიმე დღით ადრე "სათადარიგო საბურავად" პროკურატურაში გამოძიება ჰქონდა დაწყებული. ანუ, თუ ხმელიძე უარს იტყოდა დახმარებაზე, საქმე წარმოებაში მიეცემოდა, თანხმობის შემთხვევაში კი საქმე დაობდებოდა პირველივე საჭიროებამდე. ხმელიძემ დახმარებაზე უარი უთხრა ნაციონალებს!

 

დეტალები: გიორგი ხმელიძე დაიბადა 1960 წლის 12 დეკემბერს საქართველოში, ქალაქ რუსთავში. 2009 წლის 27 მარტს მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. 2010 წლის 2 მარტს გიორგი ხმელიძეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება #146-ით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. 2010 წლის 08 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის კობა ცერცვაძის დადგენილებით, გიორგი ხმელიძე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით და გიორგი ხმელიძის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. 2010 წლის 10 მარტს გიორგი ხმელიძე დააკავეს ჩეხეთის რესპუბლიკაში, რის შესახებაც ეცნობა საქართველოს მთავარ პროკურატურას. 2010 წლის 22 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, გიორგი ხმელიძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე.

საექსტრადიციო მასალების მიხედვით ირკვევა: წარსულში ნასამართლევი  გიორგი ხმელიძე, მეტსახელად "ხმელო", 1984 წელს ეგრეთწოდებული კანონიერი ქურდის თამაზ გოგოლაძისგან აღიარებულ იქნა კანონიერ ქურდად, რის შემდეგაც ის სისტემატურად მონაწილეობდა ქურდულ შეკრებებსა და გარჩევებში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა რეგიონებში იმართებოდა გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით. მის დანაშაულებრივ დავალებებს  ემორჩილებოდა ქურდული და კრიმინალური სამყაროს პირთა წრე.  2004 წლის 14 იანვარს გიორგი ხმელიძე უკრაინაში გაემგზავრა, სადაც აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას და საქართველოში კვლავ ახორციელებდა ქურდული სამყაროს წესებით საქმეების გარჩევასა და ეგრეთწოდებულ ქურდულ საერთოში ფულადი თანხების შეტანის კონტროლს. იყო რა ეგრეთწოდებული კანონიერი ქურდი, რომან რობაქიძესთან და გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად, თავისი ავტორიტეტის გამოყენებით, განიზრახა, მიეღო დიდი ოდენობით ქონებრივი სარგებელი, საქართველოში მაცხოვრებელი რომელიმე მოქალაქისგან თანხის გამოძალვის გზით, ეგრეთწოდებულ ქურდულ საერთოში შეტანის მოტივით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ნაცნობის, რომან რობაქიძისა და გამოძიებით დაუდგენელი სამი პირის მეშვეობით, თავისი ავტორიტეტის გამოყენებით დაუკავშირდა ქ. თბილისში წინანდლის ქუჩა #9-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორს გია კავთელიშვილს, თანამზრახველებთან ერთად დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით, კერძოდ: მისი დავალებით, რომან რობაქიძე და გამოძიებით დაუდგენელი სამი პირი, 2009 წლის 11 ოქტომბრიდან 2009 წლის დეკემბრის ბოლომდე, მობილური ტელეფონის საშუალებით სისტემატურად უკავშირდებოდნენ გია კავთელიშვილს, რა დროსაც ამ უკანასკნელს, მისი ფიზიკური განადგურების მუქარით, მოსთხოვეს თავდაპირველად 200 000 ათასი ევროს გადახდა, რის შემდგომაც საბოლოოდ დაუთქვეს პირობა, რომ თავს დაანებებდნენ და შემდგომში ყველა პრობლემას მოუგვარებდნენ, 50 000 ათასი ევროს გადახდის შემთხვევაში. აღნიშნულის დასადასტურებლად და მეტი დამაჯერებლობისთვის გია კავთელიშვილს უთხრეს, რომ ამ საკითხზე დალაპარაკებოდა რომან რობაქიძეს და მის ნაცნობ ავტორიტეტს. მოქმედებდა რა ჯგუფის წევრებთან ერთიანი განზრახვით, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორს გია კავთელიშვილს, 2009 წლის 30 დეკემბერს უკრაინიდან ქ. თბილისში მობილური ტელეფონით დაუკავშირდა გიორგი ხმელიძე და ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, კატეგორიულად მოსთხოვა ქურდულ საერთოში ხსენებული ინსტიტუტის შემოსავლიდან მისი ნაცნობების მიერ მოთხოვნილი თანხის შეტანა. ამასთანავე, გამოთქვა უკმაყოფილება, რომ, როგორც კანონიერ ქურდს, ამ საკითხზე მეტს ნუღარ შეაწუხებდა და გადასახდელი თანხა მიეცა მისი სახელით მისული პირებისთვის. 2010 წლის 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის ბრძანებით, გიორგი ხმელიძის მიერ ჩადენილი ქმედებები დადასტურებულია დაზარალებულ გია კავთელიშვილის დაკითხვის ოქმით, მოწმის სახით დაკითხული მურმან ფაილოძის, დავით ლომჯარიას, გელა ლაგაძის ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი სატელეფონო საუბრებისა და შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერების ამსახველი დისკებით, მათი დეშიფრირებული ტექსტური ამონაწერებითა და სხვა მტკიცებულებებით. ამავე სასამართლოს ბრძანებით, გიორგი ხმელიძეს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება 2 თვის ვადით. გიორგი ხმელიძის, ჩეხეთის რესპუბლიკაში დაკავება და საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, განმცხადებლის ექსტრადიციის თაობაზე, გასაჩივრებულ იქნა გიორგი ხმელიძის დაცვის მხარის მიერ ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომლებიც ითხოვდნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობაზე უარის თქმას და განმცხადებლის განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ გიორგი ხმელიძის მიმართ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებდა მიზანმიმართულ დევნას, შურისძიების მიზნით, რაც დაკავშირებული იყო საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის 2010 წლის იანვარში მომხდარ, საყოველთაოდ გახმაურებულ სკანდალთან.

სკანდალური საქმის სკანდალური დეტალები, რომლითაც სტრასბურგის სასამართლომ უარი განაცხადა ხმელიძის საქართველოში ექსტრადიციაზე: 2010 წლის იანვარში, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას, უკრაინის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინაში დამკვირვებლის სტატუსით გაიგზავნა საქართველოს 2.000 მოქალაქე, რომლებმაც უკრაინის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის დროს წარადგინეს ყალბი პირადობის მოწმობები და ისინი არა დამკვირვებლები, არამედ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ. საინფორმაციო საშუალებები ასევე აცხადებდნენ, რომ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გივი თარგამაძე, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად, უხეშად ცდილობდა უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევას და საქართველოს მოქალაქეების უკანონო ქმედება მიმართული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერად. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განუცხადა საქართველოდან ჩასულ "დამკვირვებლებს" რეგისტრაციაზე და არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. უკრაინულ საინფორმაციო სივრცეში გამუდმებით ჩნდებოდა ინფორმაციები, საარჩევნო უბნებზე საქართველოს წარმომადგენლებთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ და ქართველ დამკვირვებელთა დიდი რაოდენობით ყოფნა განიხილებოდა, როგორც  საარჩევნო პროცესზე ზეწოლის ფაქტორი. ქალაქ დონეცკის მერმა, ალექსანდრე ლუკაჩენკომ სპეციალური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოდან წარდგენილი დამკვირვებლების წინააღმდეგ. გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ და უშიშროების სამსახურმა დაიწყო ქართველთა საქმეების შესწავლა. უკრაინული ინტერნეტგვერდი "ობოზრევატელი" ირწმუნებოდა, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც გამოქვეყნდა საინფორმაციო საშუალებებით. ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებულ სკანდალს დამატებით ინტრიგას სძენდა უკრაინის მედიაში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, სადაც საქართველოს პრეზიდენტისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრის ხმები ისმის. ისინი იმ დამკვირვებლებზე საუბრობენ, რომელთა დარეგისტრირებაზე ცესკომ უარი განაცხადა. სააკაშვილი ტიმოშენკოს ეუბნება, რომ ეს კონტინგენტი კარგად არის შერჩეული, მობილიზებული და ბრძოლისუნარიანია. იგი ასევე ახსენებს "გივის", რომელსაც ტიმოშენკოსთან მჭიდრო კავშირი აქვს. უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სატელეფონო საუბრის შემდეგ "ობოზრევატელს" კიდევ ორი საუბრის ფირი ჩაუვარდა ხელში, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ქართველი ბოევიკების მიერ ჩაშლის განზრახვას ადასტურებს". მათი ინფორმაციით, პირველი ფირი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძისა და ვინმე კონსტანტინეს საუბარს ასახავდა, ხოლო მეორე ფირი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძისა და საქართველოს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საუბრის ჩანაწერს შეიცავდა. მოსაუბრეები განიხილავენ უკრაინაში, კერძოდ, დონეცკში, ქართველი დამკვირვებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სკანდალს, კერძოდ: "თარგამაძე არ ფრთხილობს გამონათქვამებში და პირობას დებს, რომ ჩამოვა და დახურავს ამ ქალაქს, "თუ ისინი ჩვენი მტრები იქნებიან" და დამკვირვებლებთან დაკავშირებული სკანდალი გაგრძელდება", - წერს უკრაინული მედია. საუბრის მეორე ფირი - გივი თარგამაძისა და საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის საუბარს ეხება, რომელიც 2010 წლის 14 იანვარს შედგა. "ამჟამად საუბარი მიდის ქართული "დესანტის" გადასხმაზე უკრაინაში თვითმფრინავით, იმის გამო, რომ თბილისიდან რეისს ნებართვას არ აძლევენ. მერაბიშვილი მომხდარის შესახებ აცხადებს, რომ "ყველაფერი შესაძლოა, უარესად ყოფილიყო, მათ რომ საერთოდ უარი ეთქვათ, ახლა კი ისინი დისპეტჩერების დონეზე მაინც არიან", - წერს "ობოზრევატელი". ამის შემდეგ მათი ინფორმაციით, "მოსაუბრეები პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. კერძოდ, ნახსენებია "დამატებითი რეისი", რომელიც თარგამაძეს კიდევ დაახლოებით 300 ადამიანს მიცემს. საუბარია ასევე ადამიანების გადაყვანაზე იმ თვითმფრინავით, რომელსაც ტიმოშენკო ან მისი ხალხი გამოყოფს. მერაბიშვილისა და თარგამაძის საუბარი მეორე ტურსაც ეხება - მერაბიშვილი თარგამაძეს სთავაზობს, სთხოვონ უკრაინულ მხარეს დახმარება მეორე ტურისთვის ხალხის გადასაყვანად, რადგან დაგეგმილი 200-300 ადამიანის გამოგზავნა ქართული თვითმფრინავებით ძნელია". უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ საუბრის დროს ასევე ნახსენებია "მებრძოლები", რომლებსაც მერაბიშვილი უგზავნის თარგამაძეს, თუმცა თარგამაძე ამაზე პასუხობს, რომ ისინი "უკვე დონეცკში არიან". 2010 წლის 21 იანვარს, უკრაინის საინფორმაციო საშუალებებით, გამოქვეყნდა ფარული სატელეფონო ჩანაწერები გივი თარგამაძესა და ვინმე კონსტანტინეს შორის, საიდანაც ირკვეოდა, რომ საქართველოს პარლამენტის უშიშროების საბჭოს მდივანი გივი თარგამაძე, ვინმე კონსტანტინეს მეშვეობით (შემდგომში კონსტანტინე ყიფიანი), ცდილობდა, დაკავშირებოდა ვინმე გიას (ხმელიძე) და ლაშას (ყიფიანი). გივი თარგამაძე დასახელებული პირებისგან ითხოვდა დახმარებას თავისი უკანონო საქმიანობის განსახორციელებლად. კერძოდ: გივი თარგამაძე ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა კონსტანტინე ყიფიანს და დაავალა, რომ ლაშასთან და გიასთან ეწარმოებინა მოლაპარაკება, რათა დასახელებული პირები დახმარებოდნენ საქართველოდან დამკვირვებლის სტატუსით ჩასულ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამავე სატელეფონო ჩანაწერებით გაირკვა, რომ ვინმე გიამ და ლაშამ საქართველოს პარლამენტის უშიშროების საბჭოს მდივანს, გივი თარგამაძეს კატეგორიული უარი განუცხადეს დახმარებაზე. მიღებული პასუხით გაღიზიანებულმა გივი თარგამაძემ, კონსტანტინე ყიფიანს განუცხადა, რომ - თუ გია და ლაშა არ შეასრულებდნენ მოთხოვნას და არ დაეხმარებოდნენ საქართველოდან ჩასულ დამკვირვებლებს, ისინი იქნებიან მათი მტრები და თავად ჩავლენ დონეცკში. გივი თარგამაძემ ასევე განაცხადა, რომ  ისე, უბრალოდ არ წავიდოდა და წაიყვანდა 8 ათასს კაცს, ჩავიდოდა დონეცკში და თავზე დაახურებდა მთელ ქალაქს. გივი თარგამაძემ  გიორგი ხმელიძისა და ლაშა ყიფიანის მიმართ სატელეფონო ზარით განხორციელებული მუქარა, უცენზურო სიტყვებითა და დედის შეგინებით დაამთავრა. სატელეფონო საუბარში კონსტანტინე ყიფიანმა, გივი თარგამაძეს განუცხადა, რომ გიას უკვე ჰქონდა პრობლემები და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული, რაზედაც გივი თარგამაძემ მიუგო, შემდეგი: "ძებნა მე გამოვაცხადე. კარგია, რომ მან დარეკა, კარგია. მას შეეშინდა და წავიდეს რუსეთში"... მოგვიანებით საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ ვინმე გია, უკრაინის ქალაქ დონეცკში მცხოვრები, უკრაინის მოქალაქე, ეგრეთწოდებული კანონიერი ქურდი გია ხმელიძე იყო.  2010 წლის 10 მარტს გავრცელდა ინფორმაცია გიორგი ხმელიძის, ჩეხეთის რესპუბლიკაში დაკავების ფაქტზე. გავრცელდა ინფორმაცია, იმის თაობაზეც, რომ გიორგი ხმელიძის დაკავება მოხდა უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებული სკანდალის გამო. საქართველოს პროკურატურამ მოითხოვა გიორგი ხმელიძის საქართველოში ექსტრადიცია. გიორგი ხმელიძე და მისი ადვოკატები ჩეხეთის რესპუბლიკაში, ასაჩივრებდნენ განმცხადებლის ექსტრადიციის მოთხოვნას და ამტკიცებდნენ, რომ გიორგი ხმელიძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია დაკავშირებული იყო გივი თარგამაძის შურისძიებასთან, რომელიც დასტურდებოდა სკანდალური ჩანაწერებით, სადაც გივი თარგამაძე პირდაპირ აცხადებდა, რომ "ძებნა მე გამოვაცხადე. კარგია, რომ მან დარეკა, კარგია. მას შეეშინდა და წავიდეს რუსეთში"... საქართველოს წარმომადგენლებმა პრაღის სასამართლოს განუცხადეს, რომ ისინი არ შეზღუდავდნენ ხმელიძის უფლებებს, ადვოკატებმა კი დაადასტურეს, რომ ხმელიძის სიცოცხლეს საქართველოში საფრთხე ემუქრებოდა და რომ ადგილი ჰქონდა გივი თარგამაძისა და, ზოგადად, ხელისუფლების პირად ანგარიშსწორებას. საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა, გიორგი ხმელიძის ექსტრადაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა გიორგი ხმელიძის მიმართ, კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით დაცული უფლებების გარანტიების არარსებობის გამო. პრაღის პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ლაშა ყიფიანის ჩვენება, რომელმაც სასამართლოში დაადასტურა, რომ ის კოტე ყიფიანის ახლობელია და უკრაინის არჩევნების დროს, გივი თარგამაძის მიერ განხორციელებული სატელეფონო მუქარა მიმართული იყო გიორგი ხმელიძისა და მის მიმართ. ლაშა ყიფიანმა დაადასტურა ის ფაქტიც, რომ მათ კატეგორიული უარი განაცხადეს, დახმარება აღმოეჩინათ გივი თარგამაძისთვის, რომელიც მათგან ითხოვდა უკანონო ქმედებების განხორციელებას. ლაშა ყიფიანმა სასამართლოს წარუდგინა ვიდეომასალა, რომელში ასახული ინფორმაციაც შეიცავდა გივი თარგამაძის მიერ განხორციელებულ მუქარას. პირველი ინსტანციის სასამართლო ასევე დაეყრდნო საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს დასკვნას, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემებთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქმეში უკვე სახელმწიფო მანქანა ჩაერთო და ხმელიძის ადვოკატების პროცესზე დასწრების გარეშე პრაღის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება ექსტრადიციაზე უარის თქმის შესახებ. ადვოკატებმა პროცესის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისა და მათთვის გადაცემის შემდეგ გაიგეს! ამასობაში ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი გია კავთელიშვილი ჟურნალისტთან სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ მან არც კი იცის "ვინმემ რამე თუ გამოსძალა". მეტიც, 2001 წლის 25 სექტემბერს გაცემული ფონოსკოპიურ-კომისიური ექსპერტიზის დასკვნით   ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულ გია კავთელიშვილს არასოდეს ჰქონია ურთიერთობა გიორგი ხმელიძესთან, ის არ იცნობს გიორგი ხმელიძეს და მის შესახებ ინფორმაციას ფლობს უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებული სკანდალიდან გამომდინარე, რომელიც შეიტყო საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით: "სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე (უშიშროების საბჭოს მდივანი) გივი თარგამაძის მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე, გიორგი ხმელიძის დაცვის მხარე, ეჭვს 2010 წლის 16 სექტემბრის საჩივარშიც გამოხატავდა და აცხადებდა, რომ გიორგი ხმელიძე განზრახ იყო მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და ეს განზრახვა დაკავშირებული იყო გივი თარგამაძის შურისძიებასთან. დაცვის მხარის ეჭვს აძლიერებდა ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც აწარმოებს წინასწარ გამოძიებას გიორგი ხმელიძის სისხლის სამართლის საქმეზე, დღემდე უარს გვეუბნება საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გაცნობაზე".

ლალი აფციაური, ხმელიძის ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენ მიერ მიწოდებული არა ერთი დოკუმენტი, რომელითაც დადასტურდა რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ხმელიძის მიმართ გივი თარგამაძის მხრიდან პირად ანგარიშსწორებას. ჩვენ ბევრი სხვა მსგავსი (პირადი ანგარიშსწორების) ფაქტი მოვიყვანეთ საჩივარში მაგალითად: ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) ანგარიშში ვრცლად არის განხილული 2009 წლის სექტემბერში გარდაცვლილი პატიმრის, ეგრეთწოდებული კანონიერი ქურდის უშანგი გოდელაძის საქმე. აღნიშნული ანგარიშის დეტალებზე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმაც ისაუბრა.

კომიტეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 19 სექტემბერს, #7 საპყრობილეში განთავსების დღესვე, გოდელაძე უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს ჯერ მსჯავრდადებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო შემდგომ - ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც 21 სექტემბერს გარდაიცვალა. იმავე დღეს აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის (სსკ მუხლი) მუხლით, რაც ანგარიშის ავტორების განმარტებით, აშკარა წინააღმდეგობაში მოდის გვამზე აღმოჩენილი დაზიანებების ხასიათთან და სიმძიმესთან, რომლებიც გაუფრთხილებლობაზე უფრო გოდელაძის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამიზნულ ხასიათზე მიუთითებს. დაზიანებები მიყენებული იყო სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ანუ დაკავების (15 სექტემბერი) შემდეგ. "თებერვალში, გამოძიების დაწყებიდან 5 თვის შემდეგ, არ იყვნენ დაკითხული ის პირები, რომლებთანაც მას შეხება ჰქონდა დაკავების შემდეგ", - აღნიშნულია ანგარიშში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ მთავარი პროკურატურიდან 2010 წლის 23 ივნისს მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გოდელაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო ღუდუშაურის კლინიკის შეტყობინების საფუძველზე, რაც სახალხო დამცველის განმარტებით, კიდევ ერთხელ მოწმობს არასათანადო მოპყრობის ფაქტების მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე და რაც მთავარია, ადასტურებს ინფორმაციას პატიმართა წამების შესახებ. აი, ეს საქმეა დღეს გაჩერებული და ამიტომ სულ არ მიკვირს, რომ გივი თარგამაძე და "ძმანნი მისი" ასე ამაყად და ურცხვად დასცინიან ხელისუფლებას".