„მიკვრის, უნგრეთი ამდენ თაღლითს და ნაძირალას რატომ იფარებს?!“

„მიკვრის, უნგრეთი ამდენ თაღლითს და ნაძირალას რატომ იფარებს?!“

მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური თავშესაფრის ძიებაშია. თავად ყოფილი პრეზიდენტი კი ირწმუნება, რომ მას პოლიტიკური თავშესაფარი არ სჭირდება, რადგან „ყველა ქვეყანაში დიდი სიამოვნებით იღებენ“.

ბრალის წაყენების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს საკეთილდღეოდ ყველგან ივლის და ვერავინ შეზღუდავს.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელი, უსამართლო და სასაცილოა, რადგან მათ უკვე მთელი მსოფლიო დასცინით.

„რაში მჭირდება პოლიტიკური თავშესაფარი?! ყველა ქვეყანაში დიდი სიამოვნებით მიღებენ. ამერიკაში ძალიან კარგად მიღებენ. ამერიკის რეაქციები ნახეთ. ერთადერთი, რუსებს უხარიათ, რომ გადაადგილება შემიზღუდონ, რადგან მათ უკრაინაში ჩემი გადაადგილება აღიზიანებთ. ბევრად უფრო მეტ ადგილას დავდივარ, ვიდრე საქართველოს პრემიერი და მოქმედი პრეზიდენტი. საქართველოს საკეთილდღეოდ ვივლი და ვივლი, ვერავინ შემზღუდავს“, - აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ერთი „დაკომპლექსებული ოლიგარქის“ ინსტიქტები და ბოღმა მთავარი მოთამაშის - რუსეთის ინტერესებს დაემთხვა.

„ორი ქვეყანაა, სადაც ვერ ჩავდივარ. სამწუხაროდ, ერთი - საქართველოა. ჩემს სამშობლოში შვილი მეზრდება, შვილიც მენატრება და ოჯახიც, მაგრამ ამის მიუხედავად გავუძლებთ. ჩემი ქვეყანა მთლიანად მენატრება. ჩვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, - დასძინა ბუდაპეშტში მყოფმა სააკაშვილმა, რომლის განცხადებებსაც შეფასებები ქართულ პოლიტსპექტრში უკვე მოჰყვა.

როგორც for.ge-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, სააკაშვილი პოლიტიკური თავშესაფრის ძიებაშია.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს შიში აქვს და საზოგადოებამ მისი გამბედაობა 2008 წლის აგვისტოში იხილა.

„მის გამბედაობაზე მაღალი წარმოდგენის არ ვარ. როგორც ჩანს, სააკაშვილი პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებას ცდილობს იქ, სადაც მეტი პირადი ურთიერთობები აქვს. ამაზე ხაზგასმით უნგრეთის პრემიერი საუბრობდა და ალბათ, მის პოზიციას შესაბამისი უწყება უნდა გამოეხმაუროს, რადგან მისი განცხადება დიპლომატიურ ფარგლებს სცდებოდა. სახელმწიფოთა ურთიერთობები არსებობს, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე პირადი განწყობები. როგორც ჩანს, ადეიშვილს გარკვეული არხები აქვს გახსნილი, რომლითაც თავშესაფარის მოპოვებაში თავის ლიდერს დაეხმარება, მაგრამ პროკურატურამ ეს პროცესი ბოლომდე უნდა მიიყვანოს“, - აღნიშნავს ბესელია.

for.ge-სთან საუბარში ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აღნიშნავს, რომ კადრებში სააკაშვილი ძალიან ანერვიულებული და შეშინებული ჩანდა და ემოციური ფონი ეტყობა.

„ის ამბობდა, რომ ქვეყანას ყველა დასცინის. არ მგონია, სასაცილო იყოს ის, რასაც მას პროკურატურა ედავება - ადამიანების მიმართ ძალის გადამეტებას, აქციის დარბევას, ჟურნალისტების ცემას და ტელევიზიის დახურვას. აქ სასაცილო არაფერია. სჯობს, სააკაშვილი საკითხებს მეტი სერიოზულობით მოეკიდოს, რადგან ასეთი ქცევა ყოფილ პრეზიდენტს არ შეშვენის. სჯობს, სასამართლოს გასცეს პასუხები და თუ მართალია და ბრალი არ მიუძღვის, მაშინ სასამართლო თავისუფალია და გამოძიებას ნუ ემალება“, - აღნიშნავს დეპუტატი.

თანაგუნდელების მსგავსად, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩასვლას ურჩევს.

მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რომელიც მის მიმართ არსებობს.

„სააკაშვილი პოპულიზმს უნდა მორჩეს და ის სულისკვეთება გაიზიაროს, რომელიც ამერიკის დეპარტამენტის განცხადებაშია გაკეთებული. სააკაშვილს ვურჩევდი, მობრძანდეს, კითხვებს პასუხი გასცეს ადგილზე და არა სამი ათასი კილომეტრიდან“, - ამბობს „თავისუფალი-დემოკრატი“, რომლის თანაგუნდელი გიორგი ცაგარეიშვილი ყოფილ პრეზიდენტს მკაცრად აკრიტიკებს.

როგორც for.ge-სთან საუბარში გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სააკაშვილი არის „მგლოვიარე მოხეტიალე“.

ცაგარეიშვილის თქმით, მას უკვირს, რომ უნგრეთი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრია, რატომ იფარებს ამდენ „თაღლითს“ და „ნაძირალას“.

„ეს არის ღობე-ყორეს მოდებული კაცი, რომელიც ჭკუას გვარიგებს. საქართველოს ისტორიაში სააკაშვილმა სისხლიანი კვალი დატოვა და თუ უნგრეთის პრემიერს სურს, რომ თავის ქვეყანაში საშინელი ნეგატიური და გამოციდლება გაიზიაროს, ეს მისი პრობლემაა. მიკვრის, რომ უნგრეთი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრია, ამდენ თაღლითს და ნაძირალას, რატომ იფარებს?! შეგვიძლია, ექსპორტირება მოვახდინოთ და უნგერთის პრემიერის კიდევ ბევრი ნაძირალა გავუგზავნოთ. უკრაინა ხომ ააყვავეს და ახლა, უნგრეთში გადაინაცვლეს?!“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა.

კანონმდებელი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი მოძებნოს.

„სააკაშვილი ძებნილად გამოცხადდება და მასზე ძებნა წითელი ცირკულარით დაიწყება. თუ სასჯელის სახით, ბერლუსკონი უცვლის პამპერსებს მოხუცებს, სააკაშვილი მისგან რითი განსხვავდება? მართალია, ის წიკლაურისთვის არქიფო სეთურია, მაგრამ ეს პლუსი არავისთვის არ არის. სააკაშვილს ხელი იმის გამო უნდა დავაფაროთ, რომ აყლაყუდა და ტაკიმასხარაა, რომელიც ხინკალს მკლავების კვნეტით ჭამს?“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

ოპონენტებისგან განსხვავებით, საკუთარი ლიდერის პოზიციებს იზიარებს ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კანდელაკი, რომელიც for.ge-სთან აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტდევნილია.

„ოპონენტები აღარებენ იმას, რომ ამ სასაცილო საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს. მათ არ იციან, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს პოლიტიკურ დევნილს ანიჭებენ?! საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელსაც მოსწონს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, დასკვნა უნდა გამოიტანოს, რის გამო აკეთებენ ამას? არის თუ არა ეს პუტინის საამებლად გაკეთებული?! წამყვანი დემოკრატიული სამყაროს პრესა ამ ნაბიჯს სამარცხვინოს უწოდებს. ამათ ხოტბას კი რუსული პრესა ასხამთ, რაც დიაგნოზის დასმის ტოლფასია“, - აცხადებს დეპუტატი.

თუ რის გამო ჩავიდა სააკაშვილი ბუდაპეშტში, ამის პროგნოზი ძნელია, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთში უკვე მიღებული აქვს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ბრალის წაყენებას, მას მთავარი პროკურატურა 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებში ადანაშაულებს.