2007 წლის 4 ნოემბერს, კვირას, დილის 11 საათზე მობილურ ტელეფონზე შს მინისტრის თანაშემწემ, მცხეთა-მთიანეთის მაშინდელ გუბერნატორს აცნობა - „საღამოს 9 საათზე შს მინისტრი გუბერნატორებს გთხოვათ მოსვლას“, - მიზეზი მერაბიშვილის თანაშემწეს არ განუმარტავს, მაგრამ მოგვიანებით შეხვედრის მიზეზი თავად მინისტრმა განმარტა - გუბერნატორებს უნდა შეედგინათ მიტინგზე ჩამომსვლელი ადამიანების სიები, არცერთი ადამიანი გაულახავი არ უნდა დარჩენილიყო. მერაბიშვილის ბრძანებით, აქციის მონაწილეები ისე უნდა გალახულიყვნენ, რომ დიდხანს ფეხზე ვერ დამდგარიყვნენ. ვინც არ იცოდა, როგორ უნდა ეცემათ ადამიანები, მათ, მერაბიშვილის განცხადებით, კონსულტაციების გავლა დათა ახალაიასთან შეეძლოთ.
სწორედ ამ თათბირის შესახებ საუბრობდა 2008 წელს მაშინდელი სახალხო დამცველი თავის მოხსენებაში, რომელიც მაშინდელმა უმრავლესობამ ცნობად მიიღო. მაშინ სოზარ სუბარი ღიად ამბობდა, რომ პარლამენტის მიერ ცნობად მიღებული დოკუმენტი არის გამზადებული სისხლის სამართლის საქმეები და გამზადებული საბრალდებო დასკვნები, რომელთა საფუძველზე აუცილებად დადგებოდა არაერთი თანამდებონის პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
For.ge ყოფლ სახალხო დამცველს, დევნილთა და განსახლების მინისტრს, სოზარ სუბარს ესაუბრა.
4 ნოემბრის თათბირი გახდა ერთ-ერთი მთავარი ბრალდება მიხეილ სააკაშვილის და ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. როგორც სახალხო დამცველი, 4 ნოემბერს შსს-ში გამართული თათბირის კანონერებასთან დაკავშირებით, თქვენ მოითხოვეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუმცა მაშინდელმა უმრავლესობამ თქვენს ცნობილ განცხადებას უსაფუძვლო უწოდა. რას იტყვით დღეს, როგორ და ვისგან გახდა ცნობილი თქვენთვის ამ თათბირის შესახებ ინფორმაცია?
- სიმართლე გითხრათ, ყველაფერი მოხსენებებშიც არაა ასახული. იმ წერილებს, განცხადებებს, მოთხოვნებს, რომელსაც ვაგზავნიდი პარლამენტში, ვასაბუთებდი და ვითხოვდი, რომ პარალამენტი ვალდებული იყო შეექმნა საგამოძიებო კომისია. არაერთი წერილი მაქვს გაგზავნილი, ბუნებრივია, ეს ვერ აისახებოდა მოხსენებებში. რაც შეეხება მოხსენებებს, როცა პარლამენტი ცარიელ დარბაზში მოისმენდა სახალხო დამცველის მოხსენებას, ერთადერთ დადგენილებას იღებდნენ, რომ მოისმინეს და მიიღეს ცნობად.
გახსოვთ მაშინდელი ჩემი კომენტარი ამ თემაზე, რომ მართალია, დღეს ცნობად მიიღეს, მაგრამ ეს არის გამზადებული სისხლის სამართლის საქმეები, გამზადებული საბრალდებო დასკვნები, რომელთა საფუძველზე აუცილებად დადგებოდა არაერთი თანამდებონის პირის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის სააკაშვილის კრიმინალაური მმართველობის ისტორიული ქრონიკები. დადგა ის დრო, როდესაც ამ თემების იურიდიულ ჩარჩოში მოქცევა დაიწყო სახელმწიფომ.
ყველაფერი აღნუსხულია, დაწერილია, გამოკვლეულია სახლახლო დამცველის დონეზე და იქ, სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება, გამოძიება სჭირდება პროფესიულ დონეზე, უკვე სხვა რანგში, რასაც დღეს აკეთებს საქართველოს მთავრი პროკურატურა.
რაც შეეხება 4 ნოემბრის თათბირს, მე არ ვიცი მასში მონაწილე ადამიანები გარდა ვასილ მაღლაფერიძისა, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ვასლიმ მაღლაფერიძის ჩვენება ეს არის პირდაპირი ჩვენება, პირდაპირი ბრალდება უშუალო მოწმისა და ამ ყველაფრის დადგენა შეიძლება უამრავი სხვა მტკიცებულებით.
შეგიძლიათ დაასახელოთ მოწმეები, რომლებიც ბრალის დადასტურებას მტკიცებულებით შეძლებენ?
- მოწმეები შემიძლია დავასახელო და ერთ-ერთი მოწმე ვარ მე. 5 ნოემბერს გადმომცა ვასილ მაღლაფერიძემ დაწერილი ტექსტი, მაგრამ სანამ დაწერილ ტექსტს გადმომცემდა, მანამდე იმავე ღამეს დამირეკა და მთხოვა შეხვედრა, მან ეს ყველაფრი მითხრა. სწორედ ამის გამო გადავდე იმ ღამეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. „იუნისეფის“ წარმომადგენელი მელოდებოდა აეროპორტში, როდესაც მე დავურეკე და ვუთხარი, რომ ვერ მოვდივარ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებული შეხვედრები გადავდე, რადგან აღმოჩნდა, რომ აქ გაცილებით სერიოზული საქმე მქონდა და გაცილებით დიდ საფრთხესთან გვქონდა საქმე.
სახალხო დამცველის აპარატი გადავიყვანე სრულ მზადყოფნაზე, რომ მონიტორინგი გაძლიერებულიყო. ამან მოგვცა საშუალება, რომ არც ერთი დარღვევა, რაც ხდებოდა, არ დარჩენილიყო შესწავლის და დაფიქსირების გარეშე. 5 ნოემბერს ეს დოკუმენტი წერილობითი ფორმითაც არსებობდა, რომელიც იმავე დღეს სათარგმნად გადავეცით და 8 ნოემბერს უკვე გადავეცით ძალიან მაღალი დონის უცხოელ დიპლომატებს. ამის მოწმეები არიან ვასილ მაღლააფერიძის მაშინდელი მოადგილე, რომელსაც ჯერ კიდევ ჩემამდე გაუმხილა თათბირის შესახებ ინფორმაცია, ასევე ჩემი მაშინდელი მოადგილე სოფო ხორგუანი, რომელსაც მეორე დღეს წავაკითხე ეს წერილი. ამის მოწმე არის თარჯიმანი, რომელმაც ეს ყველაფერი თარგმნა. აქციის დარბევის შემდეგ როდესაც დაიწყო დიპლომატების ჩამოსვლა სიტუაციის განსამუხტავად, ეს წერილი გადავეცი თომას ჰამებერგეს, პიტერ სემნებს. ასე რომ, ამ მტკიცებულებებს ვერ გაექცევა ვერავინ.
მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოფიციალურ პირებს კანონის უზენაესობის დაცვის პრინციპებს ახსენებს, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია 8 წლის შემდეგ ქვეყნისთვის ამ საქმის გამოძიება?
- თუ გვინდა ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყანად ჩამოვყალიბდეთ, ასეთი საქმეები გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს. აშშ-ს და ცივილიზებული სამყაროს პოზიცია არის ერთი, მაგრამ როცა არის დანაშაულის ნიშნები, იქ უნდა ჩატარდეს გამოძიება, უნდა ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი სასამართლო, სხვანაირად თავისუფალი სამყარო ვერ იარსებებს. ყველამ უნდა იაროს იმ გზით, რაც არის კანონის მოთხოვნა.
გაერო, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები და აშშ-ი მოუწოდებენ ისრაელს, რომ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, მაგრამ მეორე მხრივ ისრაელმა ზუსტად იცის, რომ თუ რაღაც ეტაპამდე მაინც არ მიიყვანს დაწყებულ სპეცოპერაციას, ხვალ, ზეგ და სამი წლის მერე ძალიან ძვირი დაუჯდება. აკეთებს იმას, რაც მისი უსაფრთხოებისათვის არის მნიშვნელოვანი. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ისრაელი პატივს არ სცემს საერთაშორისო საზოგადოების აზრს, მაგრამ აქვს ეროვნული ინტერესი.
ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ შევქმნათ სამართლებლივი სახელმწიფო.
კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც გულწრფელათ ეშინიათ, რამდენად შეიძლება საქართველოში იყოს სამართლიანი სასამართლო, რასაც ისინი წლების განმავლობაში უყურებდნენ. ეს შიში ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, რომ სასამართლო არის გამჭვირვალე, ღია და მტკიცებულებებზე დაყრდნობილი. კარგად მესმის იმ ადამიანებისაც, რომლებსაც შეიძლება ამის ეჭვი არ აქვთ, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებული სიმპათიები ჰქონდათ სააკაშვილის მიმართ, შეიძლება რაღაცა იდეოლოგიური თანხვედრა იყო, მაგრამ მათი სიმპათიები და იდეოლოგია სამართლის აღსრულებას წინ ვერ აღუდგება.
4 ნოემბრის თათბირის შინაარსი 8 ნოემბერს გადაეცით მაღალი დონის უცხოელ დიპლომატებს, როგორი იყო ამ თემაზე მათი რეაქცია?
- მაშინ თომას ჰამერგებრგი იყო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, პიტერ სემნები იყო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ეს ადამიანები იყვნენ ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატები ვისაც გადავეცი ეს მასალები. რეაქცია მათი მხრიდან ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ მე მივაწოდე როგორც კონფიდენციალური ინფორმაცია და ვუთხარი, რომ ამის გამომზეურება არ შეიძლებოდა, რადგან ამით შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა იმ ადამიანს, ვინც გადმომცა ეს ინფორმაცია, წყაროს მიხვედრა ნამდვილად არ იქნებოდა ძნელი. ამდენად, წლების განმავლობაში და განსაკუთრებით თომას ჰამერბერგი რამდენჯერაც საქართველოში ჩამოვიდოდა, სულ მეკითხებოდა, რა ხდება, რამე ახალი ხომ არაა ამ საქმეზე, აინტერესებდა შედეგი.
როდესაც ამ მასალას თომას ჰამერბერგს და პირეტ სემნების ვაძლევდი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ინფორმაცია მათ არ დასცდებოდათ მანამ, სანამ საჭირო იქნებოდა. ძალიან ბევრ დიპლომატს არ გადავეცი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ვიცი რამდენად ლეგიტიმური, მაგრამ მქონდა ეჭვი, მათთვის ეს რომ მიმეცა, მინიმუმ შეიძლებოდა კითხვა დაესვათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“. სხვათაშორის, როდესაც ეს მასალები თომას ჰამერბერგს გადავეცი, ვასილ მაღლაფერიძე ჩემთან ერთად იყო.
რა წერია იმ წერილში?
- იქ წერია როგორ მიეცა დავალება პირდაპირ გუბერნატორებს. ასევე მაღალი თანამდებობის პირებს, რომ უნდა დაწყებულიყო დევნა, ცემა, ნარკოტიკების ჩადება, ქონების განადგურება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს წარმოადგენდნენ. რაღაც ინსინუაციები - თითქოს, რუსი ოლიგარქი გადატრიალებას ამზადებდა, არის გამოგონილი. ამ დოკუმენტიდან ყველაფერი კარგად ჩნას. ძალიან ბევრი მოწმეა, ვინც იმავე დღეს იცოდა ამ ფაქტის შესახებ და ასევე სხვა მტკიდებულებებიც არსებობს.
ეს არის სისტემური დანაშაულის მკაფიო მაგალითი და მკაფიო გამოვლინება. გამოვლინება იმისა, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ეს არ იყო ერთი ან ორი ადამიანის მიერ ორგანიზებული, არამედ ეს იყო სისტემა, რომელიც დანაშაულზე იყო აგებული. მტკიცებულება არის მთავარი მოწმის, ვასილ მაღლაფერიძის ჩვენება. გარდა ამისა, არის გარკვეული მტკიცებულება, რომელიც გამოძიებისთვის გადაცემულია, არის ნაწილი რომელსაც გამოძიება თვითონ მოიპოვებს და ვიცი რა შეიძლება იყოს ასევე მტკიცებულება, მაგრამ ამაზე ახლა საჯაროდ და ღიად ვერ ვილაპარაკებ, ეს გამოძიების პრეროგატივაა.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, როგორც მაღლაფერიძის ჩვენებით ირკვევა, თათბირს ესწრებოდა დათა ახალაია, რომელსაც მაშინ უფლებამოსილება ოფიციალურად ჰქონდა შეჩერებული. თათბირზე მერაბიშვილი ამბობს, რომ ვინც არ იცით როგორ უნდა სცემოთ ადამიანები, პრაქტიკა ახალაიასთან გაიარეთო, არაუფლებამისილი პირის მონაწილება არის ცალკე დანაშაული?
- ორივემ კარგად ვიცით, რომ დათა ახალაიას და ვასილ სანოძეს განთავისუფლება ეს იყო აბსოლუტურად ფორმალური. რეალურად, ეს ადამიანები ისევ ასრულებდნენ თავის უფლება-მოვალეობას და ჯალათობდნენ ისევე, როგორც ამას მანამდე აკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, რას იტყვის „ნაციონალური მოძრაობა“, ყველამ იცის და მითუმეტეს „ნაცინალურმა მოძრაობამ“, რომ ვასილ მაღლაფერიძის ჩვენება არის აბსოლუტური სიმართლე, ამაში ეჭვი არავის ეპარება.
ეს რომ ტყუილი ყოფილიყო, საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც არის კონსტიტუციით თანამდებობის პირი და რომელზეც ყოველ წუთს აკეთებდნენ აპელირებას, რომ ეს არის პოლიტიზირებული, გაექარწყლებინათ და დაემტკიცებინათ, რომ სახალხო დამცველი ამბობდა ტყუილს. ეს ის სახალხო დამცველი იყო, რომელიც ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საგარეო იმიჯზე, რომელსაც ყოველდღე ხვდებოდნენ უცხოელი დიპლომატები და საქართველოში ჩამოსული საგარეო საქმეთა მინისტრები, ეს იყო ის სახალხო დამცველის ოფისი, რომელსაც იმ პერიოდში 84 პოცენტიანი ნდობის რეიტინგი ჰქონდა.
თუ სახალხო დამცველი ტყუილს ამბობდა, ყველაზე კარგი იქნებოდა შეექმნათ კომისია. კომისიის პირველსავე სხდომაზე გამოჩნდებოდა ტყუილი და, რომ სოზარ სუბარს არანაირი დოკუმენტი ხელში არ ჰქონდა, რომ სახალხო დამცველმა მოიგონა ეს ამბავი და ამით დამთავრდებოდა ისტორია ამ თათბირის შესახებ, რომელზეც ახლა საქმე აღიძრა. მაგრამ, საგამოძიებო კომისია არ შექმნეს იმიტომ, რომ ზუსტად იცოდნენ სიმართლეს ვამბობდი.
მიუხედავად არსებული მტკიცებულებისა და მთავარი მოწმის განცხადებისა, „პუტინის დავალება“ - ასე შეაფასა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 80 ტომიანი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ აღიძრა...
- გირგვლიანი იმიტომ მოკლეს, რომ სადღაც პუტინი არსებობს და გირგვლიანი მკვლელები არ უნდა დავსაჯოთ იმიტომ, რომ პუტინი არსებობს? სამგორის მეტროსთან სამი უდანაშაულო ახალგაზრდა უნდა დავხვრიტოთ იმიტომ, რომ პუტინი არსებობს და იმიტომ, რომ პუტინი საქართველოს მტერია? 25 ათასი ადამიანი უნდა ჩავსვათ ციხეში იმიტომ, რომ პუტინი არსებობს? ლოგიკა არ აქვს მათ განცხადებას. იმაზე ილაპარაკონ მოხდა თუ არა 4 ნოემბრის თათბირი, იმაზე ილაპარაკონ იყო თუ არა ყოველდღიური დაჭერები, იმაზე ილაპარაკონ როგორ იჭერდნენ და სცემდნენ ადამიანებს. იმაზე ილაპარაკონ ინგა გრიგოლიას, დიანა ტრაპაიძეს, მერაბ მეტრეველს რატომ ესროდნენ დამიზნებით რეზინის ტყვიებს, რატომ ეძახდნენ ჟურნალისტ ლევან ტაბიძეს ბადრის მონას, აი ამაზე ილაპარაკონ, მაგრამ არგუმენტი არ აქვთ.