რას ითხოვს ევროკავშირი ქართველი ფერმერებისგან და სოფლის მეურნეობის რომელი პროექტი გავა ექსპორტზე ევროპაში?
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იგი ერთადერთი მინისტრია, რომელიც თანამდებობიდან საკუთარი სურვილით, განცხადების საფუძველზე გადადგა. ახლა კი ამერიკაში, ქალაქ ვაშინგტონში, კომპანია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. კომპანია CNFA მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროექტებს ახორციელებს. სწორედ ამერიკაში შეიტყო, რომ სერბეთსა და ხორვატიაში სოფლის მეურნეობის საკმაოდ წარმატებული ,,შეღავათიანი აგროსესხების’‘ პროექტით დაინტერესდნენ და მალე მის განხორციელებასაც აპირებენ. სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ,,ტრაქტორების’‘ გახმაურებულ სკანდალს საკმაოდ დელიკატურად იხსენებს, მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ოპტიმისტურად აფასებს, მოსწონს, რომ სოფლის მეურნეობის ახლადდანიშნული მინისტრი, ოთარ დანელია უკვე წამოწყებული წარმატებული პროექტების გაგრძელებას აპირებს. როგორ აფასებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს? რას გულისხმობს ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება? ამ და სხვა საკითხებზე, ,,ვერსიას’‘ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სოფლის მეურნეობის ექსმინისტრი, დავით კირვალიძე ესაუბრება.
- ბატონო დავით, რას უკავშირდება საკადრო ცვლილებები მთავრობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ?
- ნაკლებად ვარ ყოველდღიურ დეტალებში ჩართული და პასუხის გაცემა გამიჭირდება. ადგილობრივი არჩევნებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდეგ, გარკვეულწილად, ახალი ეტაპი იწყება. ვფიქრობ, პრემიერის ეს გადაწყვეტილებაც ამას უკავშირდება. დამატებითი მიზეზები რამდენიმე თვეში გამოჩნდება.
- ისე ჩანდა, რომ მთავრობის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების პროექტები სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხორციელდებოდა. როგორ შეაფასებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობას?
- 2012 წლის ბოლოდან, ამ წლის შუამდე ჩატარებულ ყველა გამოკითხვაში, სოფლის მეურნეობის სფეროში დადებული შედეგი პირველ ადგილზე იყო ან პირველ სამეულში. ეს სასიხარულოა პირადად ჩემთვის, რადგან უფრო ადრე, სამეულში ან ლიდერად კი არა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ზოგადად, სოფლის მეურნეობა, გამოკითხვებში ვერც კი ხვდებოდა.
- ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ უთქვამს, როგორ ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილი და კახა ბენდუქიძე სოფლის მეურნეობის დაკნინებას. როგორ დაინგრა სოფლის მეურნეობა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში?
- სოფლის მეურნეობა სპეციფიკური დარგია, რადგან ეკონომიკის ნაწილიცაა და პირდაპირ დაკავშირებულია სოფელთან. ეს დარგი თანმიმდევრულობას ითხოვს. დიდი ხანი სოფლის მეურნეობას საქართველოში გერის ფუნქცია ჰქონდა, რადგან სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, შედეგების სწრაფად დადგომის მოლოდინი კი დიდი იყო. არადა, ასე არ ხდება. ზოგიერთი პროექტის შედეგს, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო, ახლა ველით. დიდი სამუშაო განახორციელა სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა შალვა ფიფიამ. მის მიერ წამოწყებული ბევრი პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
- რომელია სასიცოცხლოდ აუცილებელი პროექტები, ანუ რა უნდა გააგრძელოს ახლადდანიშნულმა მინისტრმა?
- ის, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლგის ქვეშ ხორციელდება და ის, რაც მთავრობის ერთიანი სტრატეგიის ნაწილია, ყველაფერი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. შესაძლოა, ერთ-ერთის შეფერხებამ, მეორეზე გავლენა მოახდინოს. ბევრი რამ განვითარდა ამ პერიოდში, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობით დაწყებული, ინფრასტრუქტურული პროექტებით დამთავრებული. სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ახალგაზრდა კაცია, როგორც ვიცი, კარგი მენეჯერული თვისებებით და საინტერესო გამოცდილებით. მისი მიდგომა ჯანსაღია – გააგრძელოს უკვე დაწყებული წარმატებული პროექტები და შექმნას ახალი პროგრამები. წარმატებას ვუსურვებ ამ საქმეში. განსაკუთრებით ერთი მიმართულებას გამოვყოფ, რომელსაც არაერთგვაროვანი მოსაზრებები მოჰყვა. ,,შეღავათიანი აგროსესხების’‘ პროგრამა, რომელზეც 2012 წლის ოქტომბერშივე დავიწყეთ მუშაობა. ამ მიმართულებას მაშინვე შალვა ფიფია ხელმძღვანელობდა, რომელიც იმ პერიოდში ჩემი მოადგილე იყო. მან დაახლოებით სამი თვე გაატარა ბანკებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში. ეს არის ,,აქილევვის ქუსლი’‘ ყველასთვის, რადგან როცა საბანკო რესურსი ძვირია, სოფლის მეურნეობაში არ მიდის და 2012 წლამდე, გადასესხებული პორტფელის 1%-საც კი არ შეადგენდა სოფლის მეურნეობაში ჩადებული თანხა. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 400 000 000 ლარია ამ სექტორში გადასესხებული ბანკების მიერ. ექსპერტების ჯგუფი ამბობდა, რომ ბანკები საჭირო არ იყო, რადგან სოფლის მეურნეობა მთლიანად სახელმწიფოს უნდა დაეფინანსებინა, მაგრამ ამაზე ბევრი ვიფიქრეთ და დღევანდელი გადასახედიდან, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. კარგია, რომ ეს პროექტი კომერციულმა ბანკებმა განახორციელეს, რადგან საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე გამართულად ოპერირებადი სექტორი იყო. ,,შეღავათიანი აგროსესხების პროექტის’‘ ფარგლებში, თანხების გადასესხება რომ რომელიმე სხვა სტრუქტურას დაეწყო, მათ შორის, სახელმწიფო თუ ნახევრად სახელმწიფო სტრუქტურას, აუცილებლად გამოიწვევდა პრობლემებს სექტორში...
- შუამავალი, ანუ მესამე რგოლი ჩაემატებოდა ბანკსა და ფერმერს შორის ურთიერთობაში?
- არა, ალტერნატივა გაჩნდებოდა, რომელიც კომერციულ ბანკებს კონკურენციას გაუწევდა. ,,შეღავათიანი აგროსესხების’‘ პროექტის ფარგლებში, დაფინანსების საპროცენტო განაკვეთის ზედაზღვარი 15% უნდა ყოფილიყო, ხოლო თანხობრივი ზღვარი - 1 000 000 ლარით განისაზღვრა. მას შემდეგ, რაც ბანკი პროექტს დაამტკიცებს, სააგენტოში აგზავნის, სადაც 12%-ის თანადაფინანსება ხორციელდება. როგორც კი სესხის მიმღები პროცენტის გადახდას დაიწყებს, თუ 15%-ად მიიღო სესხი, რეალურად ეს სესხი მეწარმისთვის, ფერმერისთვის 3%-იანია, რადგან 12%-ს სააგენტო გადაუხდის, თუ 14%-ად მიიღო, მაშინ 2%ს გადაიხდის და თუ 13%-ად მიიღო, მხოლოდ 1%-ის გადახდა მოუწევს. როგორც ვიცი, ზოგიერთმა 12%-ად მიიღო სესხი და 7 წლის მანძილზე, მას ფაქტობრივად, უპროცენტო სესხი ჰქონდა. ეს ზუსტად ის არის, რასაც ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დაპირდა, როდესაც ხელმისაწვდომ და იაფ ფინანსურ რესურსზე საუბრობდა... ასე რომ, ფაქტია, იაფი და ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსი არსებობს! ,,შეღავათიან აგროსესხებთან’‘ დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ საბანკო და სოფლის მეურნეობის სექტორებში დასაქმებულებს შორის, ურთიერთობის კულტურა ჩამოყალიბდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ორი წელია, ამ ტიპის ურთიერთობა შეიქმნა, უმჯობესდება, ბევრმა ბანკმა სოფლის მეურნეობის სპეციალისტები აიყვანა საკრედიტო განყოფილებაში, რათა უკეთ შეაფასონ პროექტები და 400 000 000 ლარიანი პორტფელიდან, პრობლემური სესხები 3 000 ლარს არ სცილდება. ეს დეტალები იმიტომ ვიცი, რომ ერთი თვის წინ, საქართველოში ამერიკელი ექსპერტი იყო ჩამოსული, რომელიც ხორვატიასა და სერბეთში მუშაობს. ის ბანკირია და ,,შეღავათიანი აგროსესხების’‘ პროგრამით დაინტერესდა. შესწავლის შემდეგ განაცხადა, ასეთი ეფექტური პროგრამა ჯერ არ მინახავსო და მის განხორციელებას სერბეთსა და ხორვატიაში აპირებს.
- მთავრობის ეკონომიკურ გუნდს როგორ შეაფასებთ?
- გიორგი კვირიკაშვილი გამორჩეულად მაღალკვალიფიციური და უწესიერესი ადამიანია. დიდი ხანია ვიცნობ და ჩემთვის მასთან ერთად მუშაობა დიდი პატივი იყო. რაც შეეხება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს, ეს ჩემი ექსპერტიზის სფეროს სცილდება, მაგრამ ვიდრე დავით ნარმანია ჩემი კოლეგა იყო, ეფექტურად ვთანამშრომლობდით, რადგან ბევრ საკითხში ვიკვეთებოდით. ენერგეტიკა საკმაოდ რთული დარგია, წამიერი მონაკვეთით რამის შეფასება რთულია. როგორც კარგი ნახატის შეფასების დროს უკან უნდა დაიხიოთ და ნახატი ისე შეაფასოთ, ასევე უნდა მოიქცეთ ენერგეტიკის შეფასების დროსაც. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდება ყველა იმ რეფორმის სიკეთე, რაც ახლა ენერგეტიკაში ხორციელდება. ზოგადად, ოპტიმისტურად ვუყურებ ეკონომიკურ გუნდს და დარწმუნებული ვარ, წარმატებას მიაღწევს.
- როცა ბიძინა ივანიშვილმა 100 საწარმოს შექმნა დააანონსა, ყველა ფიქრობდა, რომ ეს საწარმოები ძირითადად სოფლის მეურნეობაში უნდა შექმნილიყო. თქვენი ინფორმაციით, რამდენი საწარმო შეიქმნა?
- ერთი დეტალი დავაზუსტოთ - ივანიშვილი მოსახლეობას პირდებოდა, რომ საქართველოს ყველა რაიონში, მინიმუმ ერთი საწარმო გაიხსნებოდა. ყველა რაიონში თითო საწარმოს შექმნა, მინიმუმ 59 საწარმოს ნიშნავს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველივე თვეებში, მინიმუმ 60 საწარმოს გახსნაზე ვსაუბრობდით. საიდან წამოვიდა 100 საწარმოს იდეა, ვერ გეტყვით. ერთი თვისწინანდელი მონაცემებით, უკვე 74 ახალი საწარმოა დაფინანსებული. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ხელისუფლებამ დანაპირები უკვე შეასრულა. ცხადია, მეტი გვინდა, მაგრამ საწარმო კერძო ბიზნესმა უნდა შექმნას, ბიზნესს კი პირველ რიგში, დიაგნოზის დასმა სჭირდება. საწარმოს გახსნის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ძვირადღირებული ფინანსური რესურსი იყო, რომელიც უკვე გადაჭრილია, მაგრამ ამას ემატება ბაზრის პრობლემაც. ამ მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ადრე იყო, რადგან ბაზრები გახსნილია, ადამიანები ახალ რეალობას ეგუებიან და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაც ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც ჯადოსნურ ჯოხს აგვიქნევს და წამში ყველაფერი კარგად იქნება! საქართველოს მიეცა შესაძლებლობა და ვალდებულება, მეტი იშრომოს, რათა უფრო ეფექტური შედეგი მივიღოთ. მომხმარებელი, რომელიც ხშირად გვავიწყდება, უკეთ უნდა იყოს დაცული, ვინაიდან ახალი სტანდარტი, რომელიც წლების მანძილზე დაინერგება, არამარტო საექსპორტო პროდუქციას უნდა შეეხოს, არამედ საქართველოს შიდაბაზარსაც. სურვილი არ მაქვს, საქართველოში სხვადასხვა ხარისხის პროდუქცია შეიქმნას, კარგი ექსპორტზე გავიდეს, შედარებით უხარისხო კი შიდაბაზარზე დარჩეს. ამიტომ ვიმუშავეთ, რომ აქაური პროდუქცია მაღალხარისხიანი იყოს.
- ,,ტრაქტორების’‘ გახმაურებულ სკანდალზე გკითხავთ. საქართველოს ზუსტად იმ სიმძლავრის ტრაქტორები სჭირდებოდა, რომლებიც შპს ,,მექანიზატორმა’‘ ჩეხეთიდან შემოიყვანა. რა მოხდა ერთი წლის წინ, ან იმ მოხუც პროფესორებს რას ერჩოდნენ, ან თქვენ?
- ეს კითხვა არაერთხელ დავუსვი საკუთარ თავს. ერთია, ვერსიები, რომლებიც გაქვს, მეორე სიმართლე. ყველამ უნდა შეიკავოს თავი მხოლოდ ვარაუდზე დაფუძნებული ვერსიებისგან - ნებისმიერი ვერსიის უკან ადამიანები დგანან და შესაძლებელია, უდანაშაულოს ტკივილი მიაყენო ან ჩირქი მოსცხო. ისედაც სრულიად უმიზეზოდ, ბევრ ადამიანს მოეცხო ჩირქი. კარგია, რომ ყველაფერი დასრულდა, ისინი სამსახურებს დაუბრუნდნენ...
- სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა ის სსიპ-ები და შპს-ები, რომლებიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შეიქმნა, მათ შორის, შპს ,,მექანიზატორიც’‘. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით სსიპ-ი ან შპს არ უნდა შექმნილიყო?
- ჯერ კიდევ 2013 წელს, ბატონი ბიძინასგან მივიღეთ დავალება, ამ საკითხისთვის გადაგვეხედა. მაგალითად, სახელმწიფოს სადღაც აქვს სათბური, რაც მისი კი არა, კერძო სექტორის საქმეა. ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე მივიღეთ, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სსიპ-ები და შპს-ები ისე უნდა გაეყიდა, რომ ამას შეფერხება არ მოჰყოლოდა. ზოგადად, უმჯობესია, მომსახურება, რაც ფერმერებმა ამ სსიპ-ებისა და შპს-ებისგან უნდა მიიღონ, კერძო სექტორმა გასწიოს, სახელმწიფომ კი ისეთი გარემო უნდა შექმნას, რომ ეს სერვისი ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი, ხოლო სერვისის განმახორციელებლებისთვის მომგებიანი იყოს. იმ პერიოდში, შტატებს, აშშ-ს განვითარების სააგენტოს საშუალებით ვთხოვეთ, ექპერტიზა ჩაეტარებინა და ამერიკელი ექსპერტები მოეწვიათ. ისინი ქართველ კოლეგებთან ერთად, დასახავდნენ სწორ გზას, როგორ უნდა გადაცემულიყო სახელმწიფო ქონება კერძო სექტორში. რაც შეეხება აუქციონს, სახელმწიფომ და ამ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ეს ქონება ისე უნდა გაყიდოს, რომ ამ სსიპ-ს ან შპს-ს პროფილი არ შეეცვალოს, ხოლო სერვისის მიღებისას, ფერმერი არ შეფერხდეს.
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას უკავშირდება, რომლის ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდის. მარტივად და ყველასთვის გასაგებად ამიხსენით, რას ითხოვს ევროკავშირი ქართველი ფერმერებისგან?
- ეს ხელშეკრულება პირველ რიგში სახელმწიფოსგან ითხოვს მთელი რიგი ვალდებულებებისა და რეფორმების შესრულებას. მათი ნაწილი უკვე შესრულდა და ამის დასტური ევროკომისიამ დამატებით 6 000 000 ევროც გამოყო ჩვენი ქვეყნისთვის. ევროკავშირი საქართველოს მთავრობას, დარგში დასაქმებულ მეწარმეებსა და ფერმერებს პასუხისმგებლობას უზრდის და მეტ შესაძლებლობებს აძლევს. სოფლის მეურნეობისა და ზოგადად, სოფლის რეფორმირება უნდა განვახორციელოთ. სტატისტიკით, დღეს საქართველოს მოსახლეობის 55% დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ეს კარგი არ არის, რადგან თუ ადამიანი სოფლად ცხოვრობს, მიწაზე მუშაობის გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სოფლად ალტერნატიული, არასასოფლო- სამეურნეო სამუშაოები შექმნას. სოფლად ღირსეული საცხოვრებელი პირობები უნდა შეიქმნას და ამასაც გულისხმობს ასოცირების ხელშეკრულება. მხოლოდ იმას არ უნდა ვგულისხმობდეთ, როგორ გავზარდოთ შემოსავლები სოფლის მეურნეობაში, ერთ კითხვას დაგისვამთ, რომელიც ალბათ, არავის დაუსვამს თქვენთვის: წარმოიდგინეთ, რომ სოფლის მეურნეობაში შემოსავლები გაიზარდა, სად უნდა დახარჯოს ქართველმა ფერმერმა ეს ფული? რთული კითხვაა, ხომ? ტიპური ოჯახი წარმოიდგინეთ სოფლად, რომელსაც დიდი შემოსავალი აქვს. რა უნდა გააკეთონ ამ ოჯახის ახალგაზრდებმა? სად უნდა წავიდნენ საღამოს ან სად უნდა დახარჯონ ფული? მხოლოდ შემოსავალი არაა მთავარი, არამედ ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომ სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა შემოსავალიც მიიღოს და ადგილზე დახარჯოს კიდეც. ქალაქების გარეთაც უნდა იყოს პატარა თეატრები, კინოდარბაზები, საკონცერტო და გასართობი ცენტრები. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა უნდა შემცირდეს, რაც ირიბად მიწის ბაზრის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ამ დაქუცმაცებულ, 3 000 000-მდე ჰექტარი ფართობის პატარა ნაკვეთებს დღეს ორი მიზეზით ვერ ყიდიან. ერთი, რომ მყიდველის დეფიციტია და მეორე - ფაქტობრივად, სოფლად დასაქმების ალტერნატივა არ არსებობს. ამ ნაკვეთებს უმეტეს შემთხვევაში არ ყიდიან, რადგან როგორც 90-იანებში გადაარჩინა საქართველო სოფელმა, დღესაც ფიქრობენ, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ამ ნაკვეთებით გადარჩებიან. თუკი სოფლად მცხოვრებ ადამიანს სტაბილური სამსახური ექნება, კარგი ანაზღაურებითა და ცხოვრების უკეთესი პირობების გარანტიით, მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთს თავისუფლად მიჰყიდის თავისივე სოფლის იმ მაცხოვრებელს, ვისაც მიწის დამუშავება ნამდვილად სურს და მოწოდებით ფერმერია. აქამდე ეტაპობრივად, თანმიმდევრულად უნდა მივიდეთ, ამ შემთხვევაში დაძალება არ შეიძლება და არც გამზადებული რეცეპტი არსებობს. წინ გრძელი გზა გვაქვს, რომელიც ეტაპობრივად, თანმიმდევრული მუშაობის შედეგად უნდა გავიაროთ, მაგრამ ჯერ კარგად უნდა დავინახოთ, სად მივდივართ. ჩვენ სულ სხვა სისტემაში ვცხოვრობდით, სადაც სოფლის მეურნეობა საკმაოდ გამართული იყო. მარტივად რომ გითხრათ, ხშირად ჩვენს მაგივრად, ვიღაც სხვა ფიქრობდა, სხვა იღებდა გადაწყვეტილებას და ჩვენ მხოლოდ მისი შესრულება გვევალებოდა. ეს ცუდი სისტემა იყო - როდესაც ადამიანს ფიქრი და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებლობის აღება არ უწევს, თავისუფალი არ არის. თუ ადამიანი თავისუფალი არ არის, საზოგადოება არასრულყოფილია. ჩვენ თავისუფლებისა და დემოკრატიის გზაზე დავდექით. ვფიქრობ, იმ პერიოდმა დიდი დაღი დაასვა ადამიანებს, მაგრამ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ საკუთარი სახელმწიფოს მართვა არ გვევალებოდა. ახლა ევროპული გზა ავირჩიეთ, სადაც სახელმწიფოს მართვის სისტემა თავისუფალ ადამიანს ეფუძნება. ასოცირების ხელშეკრულება და მისი ქოლგის ქვეშ მყოფი თავისუფალი ვაჭრობა სწორედ ამას გვთავაზობს.