შინაგან საქმეთა მინისტრი ლატვიელ კოლეგას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ლატვიელ კოლეგას შეხვდა

ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თავის კოლეგას - ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრ რიჰარდს კოზლოვსკის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო სახანძრო და სამაშველო სამსახურის და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ლატვიურ მხარესთან, განსაკუთრებით, საზღვრის დაცვის სფეროში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აღნიშნული უწყების საქმიანობის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება, როგორც საზღვრის დაცვის, ასევე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოვლინებულია ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშე საიმიგრაციო საკითხებში, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან.

ლატვიის რესპუბლიკასთან ძალაშია შეთანხმებები როგორც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების და მათზე რეაგირების სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ასევე გაეცნობა ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ევროინტეგრაციის კუთხით გატარებულ რეფორმებსა და ღონისძიებებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში 1 აგვისტოს დასრულდება.