ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხზე ქართველი სამართალდამცავები მსჯელობენ, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ აქტივისტები მოქმედ პრეზიდენტს სიტყვის გატეხვაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის წინ 15-მდე ახალგაზრდა შეიკრიბა და პლაკატებთან ერთად პლასტელინისგან დამაზადებული გიორგი მარგველაშვილის ბიუსტი მიიტანა.
აქციის მიზეზსა და მიზანზე for.ge „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარეს ლაშა გიორგაძეს ესაუბრა.
ლაშა გიორგაძე: გიორგი მარგველაშვილმა, როცა პრეზიდენტი გახდა, განაცხადა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში უნდა განთავსებულიყო უნივერსიტეტი. ასვე კარგად გვახსოვს, რომ ის ამ სასახლეს „ბოროტების სასახლედ“ მოიხსენიებდა, სწორედ, აქედან გამომდინარე გვაქვს პრეზიდენტთან შეკითხვები.
გვესმის და ჩვენთვის მისაღებია არგუმენტი, რომ ორ ოთახში ვერ შეძლებდა პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას, მაგრამ ათონელის ქუჩაზე გვაქვს პრეზიდენტის მეორე რეზიდენცია, რომელიც არის უმაღლესი ხარისხის მშენებარე ობიექტი და ყოველგვარ სტანდარტს აკმაყოფილებს საიმისოდ, რომ იქ პრეზიდენტმა იმუშაოს.
ნაადრევი დასკვნები რომ არ გამოგვეტანა, ვეცადეთ გაგვერკვია, აპირებდა თუ არა ბატონი გიორგი ათონელის რეზიდენციის დაკავებას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ დიდი ხნის განმავლობაში. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ მისთვის, სიმბოლურად, პლასტელინისგან დამზადებული ძეგლი გვეჩუქებინა. პლასტელინის იმიტომ, რომ პლასტელინად ის თავად მოიხსენიებს საკუთარ თავს.
როგორც ვიცი, ათონელის ქუჩაძე მდებარე რეზიდენცია ჯერ დასრულებული არ არის და, შესაბამისად, შენობის ექსპლოატაში შესვლამდე პრეზიდენტი იქ ვერც გადავა. ამის გათვალისწინებით ერთგვარად ნაადრევიც ხომ არ არის თქვენი პროტესტი?
- ობიექტი ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ ეს არ უშლის ხელს გიორგი მარგველაშვილს, ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია გაავრცელოს. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მას შესაბამისი კითხვით, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი. ანუ, ამ საკითხზე არ არის ჩამოყალიბებული არც ბატონი გიორგი და არც ადმინისტრაცია. საინტერესოა, მაშინ რაღად გვინდა ათონელის რეზიდენცია?
დღეს როცა ერგვარად დაძაბული ურთიერთობაა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, თქვენი აქცია საზოგადოების ნაწილმა, შესაძლოა, მიზანმიმართულ კამპანიადაც შეაფასოს და მთავრობასთან კავშირშიც დაგადანაშაულონ. რა არგუმენტები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
- საქმე ძალიან მარტივადაა. ჩვენ არანაირ პოლიტიკურ თამაშს არ ვთამაშობთ და სიცრუის ტირაჟირებას არ ვახდენთ, მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციას მივმართავთ.
თქვენი ორგანიზაციის სახელით ეს, პრაქტიკულად, პირველი აქციაა, რომელიც მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ არის მიმართული და დაპირების შეუსრულებლობას ეხება. როგორ ფიქრობთ, მარგველაშვილის გარდა არავის გაუტეხავს სიტყვა?
- ჩვენ ყველა მაღალჩინოსანთან მივალთ, რომელიც პირობას არ შეასრულებს. არც რომელიმე მხარეს წარმოვადგენთ. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ან პოლიტიკურის სპექტრის წარმომადგენლებს კი, რომლებმაც, შესაძლოა, ამგვარი ბრალი დაგვდონ, პასუხს ჩვენი ქმედებებით გავცემთ. ჩვენი მთავარი მიზანია, ვაკონტროლოთ მაღალჩინოსნების დაპირებები, რომ იტყვიან, უნდა შეასრულონ კიდეც. ასევე, არ უნდა დაგროვდეს პასუხგაუცემელი კითხვები.
მაშინ ასე გკითხავთ: ვინ იქნება შემდეგი? რომელ შენობასთან და რომელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამართავთ მომდევნო აქციას?
- ჯერჯერობით არ გვყავს შერჩეული ობიექტი. ამას მომავალში დავგეგმავთ.
ვინ დაამზადა გიორგი მარგველაშვილის ბიუსტი?
- ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ.
რა დაგიჯდათ მისი დამზადება?
- დაახლოებით 6 კილოგრამი პლასტელინი ვიყიდეთ - 45 ლარამდე დაგვიჯდა მასალა. ბიუსტის დამზადებაში საკმაოდ დიდი თანხა გადავიხადეთ, მაგრამ მე არ ვიცი, კონკრეტულად რამდენი.
პრეზიდენტს უნდა აჩუქოთ ეს ბიუსტი, თუ აქციის დასრულების შემდეგ უკან მიგაქვთ?
- ვესაუბრეთ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. გვითხრეს, რომ საშვთა ბიუროში დაგვეტოვებინა, მაგრამ საშვთა ბიუროში დატოვებას არ ვაპირებთ. ან ვინმემ ოფიციალურად ჩაიბაროს, ან უკან წავიღებთ. საკმაოდ ძვირადღირებული ნაკეთობაა და ასე ვერ დავტოვებთ.
თქვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი წინა ხელისუფლების დროს გამართულ საპროტესტო აქციებს თითქმის არ აცდენდა, დღეს რატომ არ არის თქვენთან ერთად?
- ლევანი დაკავებულია და შემოგვიერთდება მაშინ, როცა საჭიროდ მიიჩნევს. შესაძლებელია, სხვა აქციებს დაესწროს.