”კავკასიაში” მომხდარი ინცინდენტისთვის მსჯავარდებულებს 4 წელი შეიძლება დაუმატონ

”კავკასიაში” მომხდარი ინცინდენტისთვის მსჯავარდებულებს 4 წელი შეიძლება დაუმატონ

ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ და გასამართლებულ 8 ადამიანიდან ორს - რატი მაისურაძეს და ავთანდილ ზუმბაძეს 4 წლით პატიმრობა შეიძლება დაუმატონ, რის შესახებაც მაისურაძის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მანანა კობახიძემ გვითხრა.

რატი მაისურაძე ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრია, ხოლო ავთანდილ ზუმბაძე ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წარმომადგენელი. მათ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნაირა გიგიტაშვილი იხილავს. მორიგი სხდომა, რომელზეც მოწმეების დაკითხვა დასრულდება, 28 მარტს, 11 საათზე გაიმართება. მოწმეებს შორის არიან ჟურნალების: ”ტაბულას” და ”ლიბერალის” თანამშრომლები, პოლიციელები და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ”ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი...

რაში ედებათ ბრალი რატი მაისურაძესა და ავთანდილ ზუმბაძეს?

მანანა კობახიძე: საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2010 წლის 7 მაისს ”კავკასიაში” განხორციელებული ე.წ. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ხულიგნობის გამო 8 ადამიანი გაასამართლეს და 2010 წლის აგვისტოში 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ ამის მიღმა პროკურატურას თურმე კიდევ უწარმოებია საქმე ავთანდილ ზუმბაძისა და რატი მაისურაძის მიმართ, რომელიც ეხება 2010 წლის 4 მაისს, ილიას უნივერსიტეტის წინ გამართულ, ერეკლე დეისაძის წიგნის მხარდამჭერ აქციას, რომლის დროსაც მაისურაძემ და ზუმბაძემ თურმე იხულიგნეს. ამ აქციაზე ისინი თავიანთი პროტესტის გამოსახატად მივიდნენ და იგივე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდნენ.

რა ნიშნით გამოარჩიეს ეს ორი ადამიანი, დანარჩენებისგან?

- ბრალდება უთითებს, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენო.

კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს აქტიურობა?

- მე და ჩემი კოლეგა, ბესარიონ ქარცივაძე, რომელიც ავთანდილ ზუმბაძის უფლებებს იცავს, სულ ამას ვკითხულობთ - რა არის ეს აქტიურობა, რას უწოდებთ, რაში გამოიხატებოდა? ცალსახად ჩანს, რომ ყველას ჩვენება, განსაკუთრებით პოლიციელების, აბსოლუტურად იდენტური და ერთი ადამიანის ხელითაა დაწერილი.

როგორი შინაარსისაა?

- მაისურაძე და ზუმბაძე წესრიგს არღვევდნენ, ჭავჭავაძის გამზირზე გადავიდნენ, მოძრაობა შეფერხდა, ზოგი ხელს იქნევდა, ზოგი ფეხს იქნევდა, ვინ ვის ურტყამდა არ შეგვიძლია დაკონკრეტება, მაგრამ საზოგადოებრივი სიმშვიდე დაირღვაო, -  აი, ეს გაზეპირებული ფრაზაა ყველას ჩვენებაში.

ბოლო ორ სხდომაზე პოლიციელები მოიყვანეს. წინასწარ ძიებაში, არც ერთ მათგანს არ დაუსახელებია ზუმბაძე და მაისურაძე; ანუ ეს ორი ადამიანი პოლიციელებს ამოცნობილი, იდენტიფიცირებული არ ჰყავდათ და 14 მარტს და მანამდე გამართულ სხდომაზე, სასამართლო დარბაზში ზუმბაძეს და მაისურაძეს ხელი დაადეს.  განსაკუთრებით აქტიური ზუმბაძე იყოო, - ამბობენ, მაგრამ ეს რაში გამოიხატება, ვერ აკონკრეტებენ; ისინი ვერ ადასტურებენ, რომ ზუმბაძემ ვინმეს დაარტყა, ვინმე სცემა.

მას არ აპატიეს აქციაზე მისვლა. ის ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” აქტიური წევრია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ მომენტში რაღაც დანაშაულს სჩადიოდა. რაც შეეხება მაისურაძეს, ის ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრი გახლდათ. 

რა მტკიცებულების საფუძველზე სდებენ მათ ბრალს ხულიგნობაში?

- საქმეში ორი დაზარალებულია - მოქალაქე ლუტიძე, რომელიც თითქოს ზუმბაძემ სცემა და მოქალაქე გაბუნია, რომელიც თითქოს მაისურაძემ  სცემა. ლუტიძე და გაბუნია პროცესზე დაიკითხნენ. საინტერესო ისაა, რომ ისინი ერთმანეთსაც კი ვერ ემოწმებიან - ლუტიძეს არ დაუნახავს გაბუნიას ვინ სცემდა და გაბუნიას არ დაუნახავს ლუტიძეს ვინ სცემდა.

ყველა სხვა მოწმე მოდის და ძალიან ზოგად ფრაზებს ამბობს - ”სიმშვიდე დაირღვა, გზის მოძრაობა შეფერხდა; მასურაძე და ზუმბაძე ამბობდნენ, ”თქვენ ხართ მამათმავლების დამცველები” და ამით ჩვენ შეურაცხყოფილები დავრჩითო”.

ვინ არიან შეურაცხყოფილი მოწმეები?

- ჟურნალების: ”ლიბერალისა” და ”ტაბულას” თანამშრომლები და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ”ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი,  რომელიც თურმე დეისაძის წიგნის მხარდამჭერ აქციაში ძალიან აქტიურად მონაწილეობდა. მე მაქვს შეკითხვა - ის იქ მივიდა, როგორც უფლებადამცველი, როგორც მონიტორინგის განმახორციელებელი, თუ, როგორც მონაწილე და ინიციატორი იმისა, რომ პოლიციაში დაერეკათ?

ანუ?

- დაკითხვისას აჩო ხაჩიძემ თქვა, ბექა მინდიაშვილი მირჩევდა პოლიციაში დამერეკაო. ხაჩიძე დაზარალებულად არავის უცვნია; როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაზარალებულები არიან ლუტიძე და გაბუნია, მაგრამ 14 მარტს გამართულ პროცესზე სხვა მოწმეებმა (მაგალითად რომან ქევხიშვილმა) ისე გამოიყვანეს, როგორც დაზარალებული.

ჟურნა         ლისტს რომან ქევხიშვილს გულისხმობთ?

- დიახ. იგი ბრალდებას მოწმედ უდგება და მაისურაძესა და ზუმბაძეს, როგორც ხულიგნობის ჩამდენ პირებს, ისე გვიხასიათებს. სიტუაციას ისე ხატავენ, რომ თითქოს ამ ყველაფრით ძალიან შეურაცხყოფილები იყვნენ. ჩვენი კითხვები ასეთია - თუ შეურაცხყოფილები იყვნენ, პატივის და ღირსების შელახვა შეიძლება დაიცვა კანონით, სასამართლოში სარჩელის შეტანით. ეს ვიღაცის ცემასთან რა კავშირშია?! არც ერთ მათგანს სარჩელი არ აღუძრავს, არც სასამართლოსთვის მიუმართავთ. თუმცა, ძალიან შეურაცხყოფილები იყვნენ ამ სიტყვით.

გამოძიება ფაქტზე დაიწყო, თუ საქმე კონკრეტულ პირებთან მიმართებაში აღიძრა?

- ფაქტზე არ აღძრულა. ”4 მაისს, ჭავჭავაძის გამზირზე, დაუდგენელმა პირმა ნიკოლოზ ლუტიძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა”, - აი, ასეა შევსებული წინასწარი გამოძიების ბარათი. მერე, ჩვენებებით გაირკვა, რომ თითქოსდა ლუტიძე ამბობს ზუმბაძემ დამარტყაო და გაბუნია ამბობს, მასურაძემ მცემაო, მაგრამ ამისი მოწმე ქვეყანაზე არავინ არის.

რა ასაკის არიან დაზარალებულად ცნობილები?

- ნიკოლოზ ლუტიძე ძალიან ახალგაზრდაა და ვასილ გაბუნია 60 წელზე ქვემოთ იქნება.

ესწრებიან თუ არა პროცესს უფლებადამცველები, ჟურნალისტები?

- ”კავკასიას” პროცესთან დაკავშირებით უფრო იყო ჟურნალისტების ინტერესი და ამ პროცესზე, სამწუხაროდ, არც უფლებადამცველები დადიან და არც ჟურნალისტები, მიუხედავად იმისა, რომ სხდომის თარიღს და დროს ვაანონსებთ ხოლმე.

ვინ არის პროკურორი?

- სოფო ბარაბაძე, ძალიან ახალგაზრდა გოგოა, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობით დიდად ბედნიერი არ ჩანს.

რამდენად სამართლიანად უძღვება პროცესს მოსამართლე?

- ”კავკასიას” საქმის განხილვისას ოქმი დაამახინჯეს. აი, ამ მწარე გამოცდილების შემდეგ პროცესის ჩაწერა ვითხოვეთ და უარი მივიღეთ - ჩაწერას არ ვახორციელებთო, მაგრამ ჩანს, რომ ჩაწერა მიდის. ჩაწერას ჩვენი ძალებით განვახორციელებთ-თქო და არც ამის უფლება მოგვცეს. პროკურატურისთვის ხელსაყრელი არ არის ყველა ჩვენება სტენოგრაფიულად დაოქმებული იყოს.

პლუს ამას, მოსამართლე ჩვენს სამართლიან პროტესტს პროკურორის ქმედებაზე, მხარს არ უჭერს, მაშინ, როდესაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვიზღუდებით; ამ ჩვენს მოსამართლე სულ დროის პრობლემა აქვს - გვეუბნება, ”ძალიან ბევრ კითხვებს სვამთ, რატომ სვამთ ამდენ კითხვებს? ნახევარ საათში უნდა ამოწუროთო...” როცა მოწმე გაზეპირებულ ჩვენებას აძლევს და იგრძნობა, რომ ეს მისი დაწერილი არ არის, ნაკარნახევია და თანაც, წინააღმდეგობებია, წინასწარ ძიებაში დაწერილ ჩვენებასა და ახლა ნათქვამს შორის, შეუძლებელია ნახევარ საათში მოწმის ამოწურვა... ჩვენ ამ მხრივ ვიზღუდებით.

მაგალითად, 14 მარტს ჩემს კოლეგას ერთ-ერთი მოწმის დაკითხვისას მოსამართლემ მიკროფონი გამოურთო - დრო ამოგეწურათ, ძალიან ბევრ კითხვებს სვამთო. მე მაქვს განცდა, რომ განაჩენი წინასწარაა გამოტანილი.

რამდენი წლით პატიმრობა ემუქრებათ რატი მაისურაძესა და ავთანდილ ზუმბაძეს?

- როგორც იცით, მათ უკვე მისჯილი აქვთ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა. მუხლი, რომლითაც მათ ასამართლებენ, ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და გამორიცხული არ არის მაქსიმუმი მისცენ.