თბილისის მერი მოადგილეებს 2 აგვისტოს დაასახელებს

თბილისის მერი მოადგილეებს 2 აგვისტოს დაასახელებს

თბილისის არჩეული მერი დავით ნარმანია უფლებამოსილებას 2 აგვისტოს შეუდგება. შესაბამისად, მოადგილეების ვინაობას 2 აგვისტოს დაასახელებს. თბილისის მერი აცხადებს, რომ მისმა მოადგილეებმა კარგად იციან როგორ მოაგვარონ დედაქალაქის წინაშე არსებული პრობლემები. უკვე ცნობილია, რომ არ შეიცვლება მოადგილეების რაოდენობა და მას 5 მოადგილე ეყოლება. გარდა ამისა, ნარმანიას სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება საკრებულოში.

დავით ნარმანია მოადგილეების ვინაობას არ ახმაურებს, თუმცა არაოფიციალურად უკვე ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო კანდიდატების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით მერის მოადგილის სავარძელს თემურ ქურხული და გივი ჭიჭინაძე დაიკავებენ. თავად ქურხული და ჭიჭინაძე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. გრადა ამისა, ნარმანიას გარემოცვა კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ მერის ერთ-ერთი მოადგილე მისი კურსელი აფხაზეთის ა-რ მთავრობის ფინანსთა მინისტრი ვასილ ხორავა იქნება.

„მოადგილეების ვინაობა 2 აგვისტოს გახდება ცნობილი, მაშინ როდესაც მერიაში შევალთ და დავიწყებთ მუშაობას. მათ კარგად იციან როგორც უნდა მოაგვარონ პრობლემები და კარგად იციან ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა, მისი ცალკეული მიმართულებები და არიან ერთგული ადამიანები ქალაქის და ჩვენი ქვეყნის.

იქნებიან ადამიანები, რომლებიც კარგად ერკვევიან ინფრასტრუქტურაში, სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში, გარემოს დაცვასთან, ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებში და ა.შ. ამიტომ, ძირითადად პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტებული გუნდი იქნება“, - აცხადებს დავით ნარამანია.

ამასთან მერი აცხადებს, რომ მერიის სტრუქტურის ცვლილება არცერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნასთან. მისივე თქმით, არაკვალიფიციური ადამიანების ადგილი მერიის სტრუქტურაში ვერ იქნება.

„სტრუქტურის ცვლილება არცერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნასთან. ადამიანები ვინც არაკვალიფიციურები არიან, ადამიანები, ვინც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დანიშნულები და საქმეს არ აკეთებდნენ - ასეთი ადამიანის ადგილი ვერ იქნება მერიის სტრუქტურაში, მაგრამ ეს მოხდება ობიექტურად“, - აცხადებს თბილისის მერი.