როგორ მოატყუა ,,ქათამმა’‘ წარბამ კაი ბიჭები და როგორ გახდა მაყურებელი
ვინც სასჯელაღსრულების სისტემის შიდასამზარეულო იცის, ისიც ეცოდინება, რომ ზონებზე ,,კაზლიატნიკი’‘ და ,,საქათმე’‘ არსებობს. ,,კაზლიატნიკში’‘ ,,კაზიოლებად’‘ მონათლული პატიმრები სხედან, ისეთები, რომლებიც ბალანდას თუ ამანათებს დაატარებენ, უბრალოდ, შავ სამუშაოს ასრულებენ ან სხვა პატიმრებისთვის ლეიბებს კერავენ და ჩეჩავენ. არ გეგონოთ, ამას მუქთად აკეთებდნენ, სანაცვლოდ სიგარეტი ან ტელეფონის ბარათი უნდათ...
,,ქათმები’‘ საერთოდ სხვა კასტაა - ცალკე ცხოვრობენ. მათი მთავარი სამუშაო დამლაგებლობაა. ალაგებენ ყველაფერს - ზონის გარეეზოს, აბანოსა და ,,პარაშას’‘ სისუფთავეც სწორედ ,,ქათმებზეა’‘ დამოკიდებული. რაც მთავარია, არ შეიძლება ქათამს ხელით შეეხო - უწმინდურია და თუ გაგაბრაზებს, ცოცხი, ქოში ან ბოთლი უნდა უთავაზო... ,,ქათამი’‘ სხვა პატიმრისგან რომ განასხვაო, ხელზე სპეციალური ლენტით მოძრაობს. ლენტი ტანსაცმლის გარედან, ხილულად აქვს. ლენტი ,,კაზიოლებსაც’‘ უკეთიათ, თუმცა ფეხზე - შარვალზე კოჭებთან აქვთ შემოტარებული. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ,,ქათამს’‘ არ აქვს უფლება, გარედანაც კი შეეხოს ქვაბს, რომელშიც ბალანდა მზადდება. ასეთ შემთხვევაში ზონაზე, შესაძლოა, ბუნტი დაიწყოს. დაწყებულა კიდეც, ამიტომ ,,ქათმებს’‘ მკაცრი ინსტრუქცია სასიკვდილო მუქარით უშუალოდ ზონის ხელმძღვანელობისაგან აქვს მიღებული. წესს ყველა იცავს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს...
ბათუმის ციხეზე პატიმრების ახალი პარტია მიიყვანეს. მათ სტანდარტული პროცედურა გაიარეს: კარანტინი, დაშლა, საკანი. ციხე დახურული უნდა იყოს, მაგრამ პატიმრები გარკვეულ საფასურად (სიგარეტი, ყავა), ოფიცრებს საკნებს აღებინებდნენ და ერთმანეთის კამერებში მოძრაობდნენ. ახლადმოყვანილი პატიმრებიდან ერთ-ერთი, მეტსახელად ,,წარბა’‘ ყველაზე მეტად აქტიურობდა. მეორე დღესვე მან მაყურებლების კამერაში ამოჰყო თავი. გამოაცხადა, კაი ბიჭი ვარ და საერთოში ჩამახედეთო. მას ჯერ თავისი ამბები გამოკითხეს, კაი ბიჭობა ჩამოუთვალეს და როცა მიხვდნენ, ,,წარბა’‘ მართლა ბევრს იცნობდა და თან ქურდულს ,,ღეჭავდა’‘, საერთოს რვეულიც მიაწოდეს. ,,წარბამ’‘ მშვიდად ჩაიკითხა ყველაფერი, მერე კი ციფრების გადამოწმება გადაწყვიტა და სიგარეტები, ტელეფონის ბარათები და ჩაი მოიკითხა. ციფრები ერთმანეთს არ დაემთხვა. აშკარა იყო, მაყურებლები რაღაცას მაიმუნობდნენ და სიგარეტი, ჩაი თუ ტელეფონის ბარათი სადღაც გამქრალიყო. ,,წარბამ’‘ იფეთქა, ციხის ე.წ. ბლატატას დაუძახა, მაყურებლებს რვეული თავზე გადაახია და მაყურებლის ფუნქციები თავად იტვირთა.
არ გამოდგა წარბა ცუდი მაყურებელი. ციხემაც ამოისუნთქა, საერთოში შესატანი სიგარეტების რაოდენობამაც დაიკლო... ციხეში წარბას მზეს ფიცულობდნენ. ასეთი სამართლიანი მაყურებელი არ გვახსოვსო, ამბობდნენ, მაგრამ რამდენიმე თვეში წარბამაც ,,მოუჭირა’‘ და საერთოში შესატანი სიგარეტი, ჩაი და ტელეფონის ბარათი მძიმე ტვირთად დააწვა რიგით პატიმრებს.
,,ახლა ასეა საჭირო, მარაგს შევქმნით და მერე საერთოდ მოვხსნით რამდენიმე თვით’‘, - აიმედებდა წარბა პატიმრებს. ისინიც ითმენდნენ, მაგრამ მოხსნით არაფერი მოხსნილა. ვერც ,,ბლატნოები’‘ უბედავდნენ რამეს, რადგან ,,წარბას’‘ მაყურებლობა კბილებით და ბრძოლით ჰქონდა მოპოვებული და ადვილად არაფერს დათმობდა...
* * *
რუსთავის ზონაზე ბექა ც. რუსთავის რეგიონს უყურებდა. შვიდი წელი ჰქონდა მისჯილი და მეხუთეს ამთავრებდა, როცა ერთ დღეს გამოუცხადეს, ბათუმის პროკურატურაში ვიღაც გიჩივის და ბათუმის ციხეზე უნდა გადაგიყვანოთო. შეწუხდა ბექა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. ელოდა, რომ იმ საქმეს ადრე თუ გვიან ამოუქექავდნენ. იმისთვისაც მზად იყო, სამ წელს დაუმატებდნენ. ამიტომ, იმავე ღამეს მაყურებლობა სხვას გადააბარა, თავად კი ,,ვარონკით’‘ ბათუმის გზას დაადგა. ორიოდე კვირა ბექა დაკითხვებზე ატარეს, მერე სასამართლოში. როცა მოიცალა, თანასაკნელებს სთხოვა, მაყურებლების ნახვა მინდა და როგორ მოვახერხოო. აუხსნეს, რომ ამისთვის ერთი ბლოკი ,,ვინსტონი’‘ იყო საჭირო. ბექამ სიგარეტი ერთ-ერთ ოფიცერს მისცა და საღამოს მაყურებლების სანახავად გაიყვანეს.
საკანში შესულმა პატიმარმა დანარჩენებს თვალი მოავლო, მიესალმა... მოულოდნელად მოტრიალდა და ოფიცერს სილა გააწნა - ეს სად მომიყვანე შე ნაბოზარო?! იღრიალა ბექამ და კამერიდან შურდულივით გავარდა. ოფიცერი ჯერ გაოგნდა, მერე უკან მიჰყვა და ბექამ ცემა-ტყეპა უკვე გარეთ გააგრძელა. გადარეული პატიმარი ჯერ კარცერში ჩაიყვანეს, შემდეგ კი ციხის უფროსის კაბინეტში.
ციხის უფროსი ექიმთან ერთად იჯდა. ექიმმა ბექას თვალებში შეხედა, შემდეგ ციხის უფროსს უთხრა, ამას გიჟობის არაფერი ეტყობა და არ დაუჯეროთო.
- ვინ არის გიჟი, თქვე მართლა გიჟებო? ვნახავ მე მაყურებლებს და ბუნტს თუ არა, ,,შუმოკს’‘ მაინც მოგიწყობთ, თქვე ბოზებო. ვინ დაგავალათ ჩემი გაფუჭება? ვინ? არ ჩაგივიდათ ხომ ფეხი? - ბობოქრობდა ბექა.
- მომისმინე, ან წესიერად ამიხსნი, რა გინდა, ან მაგრად გცემ, - მშვიდად უთხრა ციხის უფროსმა.
- რაღა რა მინდა. მაყურებლების კამერაში წაყვანა ვითხოვე და შენმა სირმა ოფიცერმა ,,საქათმეში’‘ წამიყვანა. გინდა მითხრა, ეს მისი იდეა იყო? გინდოდათ, ,,ქათმებთან’‘ ერთად ჩაი დამელია და ავტომატურად, მეც ,,ქათამი’‘ ვხდებოდი, მაგრამ ფეხი არ ჩაგივიდათ. ვიცანი ერთ-ერთი ქათამი, - ისევ აყვირდა ბექა.
ციხის უფროსმა კაბინეტში ოფიცერი გამოიძახა და მკაცრად ჰკითხა: სად წაიყვანე ეს კაცი შენ?
- მაყურებლების კამერაში, უფროსო.
- აბა, ,,საქათმეში’‘ მიმიყვანა და ერთი ,,ქათამი’‘ ვიცანიო? - გაბრაზდა ციხის უფროსი.
- არა, დედას გეფიცები, მაყურებლებთან მყავდა მეორე კამერაში.
- მეორე კამერაში იყავი? - ახლა ბექას მიუბრუნდა ციხის უფროსი და, როცა პატიმარმა თავი დაუქნია, ,,ნაჩალნიკს’‘ ცივმა ოფლმა დაასხა.
- წამო, შენ კამერაში მივიდეთ, - შესთავაზა ბექას და როცა იქამდე მივიდნენ, პატიმრებს ბექას გასაგონად ჰკითხა - მაყურებლების კამერა რომელია, აუხსენით ამ კაცს.
- მეორე, - უპასუხეს პატიმრებმა.
- ახლა შენ წამოხვალ და მეორე კამერაში ,,ქათამს’‘ მანახებ, - გაუღიმა ციხის უფროსმა და უკვე ბექას დაასხა ოფლმა.
მეორე კამერაში მისულმა ბექამ მშვიდად იკითხა, ზონის მაყურებელი რომელიაო და როცა ,,წარბაზე’‘ მიანიშნეს, გადაირია.
,,ქათამი’‘ ზონის მაყურებლად ვინ დასვა, მე თქვენი ძალადკაი ბიჭი დედა ვატირე, - ბექას გინება მთელ ციხეს ესმოდა. ,,წარბა’‘ მშვიდად წამოდგა, თანასაკნელებს გადახედა და ციხის უფროსს უთხრა, წამიყვანე, თორემ მომკლავენ ეს სირები...
მეორე დღეს მთელმა ციხემ იცოდა, რომ რვა თვე მაყურებლად ქათამი ჰყავდათ. მის საკანში მსხდომმა, საშვილიშვილოდ შერცხვენილმა ,,ბლატატამ’‘ კი, კაი ბიჭობა დაასრულა. ბექას სამი წელი დაუმატეს და რუსთავში დაბრუნებულს, ,,წარბაც’‘ იქ დახვდა, ოღონდ უკვე შესაფერის ადგილზე - ,,საქათმეში’‘. მთელი დარჩენილი ,,სროკი’‘ ამაყობდა ,,წარბა’‘ თავის ნამოქმედარს და მერე რა, თუ ვინმე კაი ბიჭი ამის გამო დღეში რამდენჯერმე დედას შეაგინებდა ან შეაფურთხებდა. ის მაინც ერთადერთი იყო, ვინც კაი ბიჭები მოატყუა და ციხის მაყურებელი ერქვა.
პატიმარი #0578