საბედისწერო თათბირი

საბედისწერო თათბირი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ შსს-ში ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ თათბირზე, რომელსაც გუბერნატორები და მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, საუბარი არ ყოფილა აქციის დარბევის გეგმაზე. გაბაშვილი ამბობს, რომ მაღლაფერიძის ჩვენება პოლიტიკურად არის მოტივირებული. მაღლაფერიძის ჩვენებაში პარლამენტის წევრი გოკა გაბაშვილიც ფიგურირებს, რომელიც იმ დროს კულტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. გაბაშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრა, რომელზეც მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი საუბრობს, არ შემდგარა.

„ზუსტად ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ცრუ ჩვენება. როგორც ჩანს, ეს საქმე, ისევე როგორც სხვა ბევრი საქმე ცრუ ჩვენებაზეა აგებული, ამჯერად ამ ჩვენების ავტორია ვასიკო მაღლაფერიძე. ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელი ხელისუფლების განწყობები. ყველანაირ თათბირზე, რომელიც ოდესმე ჩატარებულა, საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ, ხელისუფლებას სრული სიმშვიდე გვაწყობს, არანაირი შეტაკებები, გართულებები, რადგან იმ პერიოდში საქართველოს წინ ძალიან სერიოზული საერთაშორისო გამოწვევები ედგა. განსაკუთრებით ეს 2008 წელს ეხება“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ვასილ მაღლაფერიძემ ამბობს, რომ 2007 წლის 5 ნოემბერს შსს-ში გამართული თათბირის შესახებ წერილობითი ჩვენება მისცა მაშინდელ სახალხო დამცველს. მისი თქმით, მისი ჩვენება ითარგმნა და გადაეცათ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის თომას ჰამერბერს, პიტერ სემნებს და სხვა მაღალი რანგის დიპლომატებს. ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ 8 წლის შემდეგ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ამ საქმეს დაბრუნებოდა.

მისივე განცხადებით, თათბირს მართავდა იმდროინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მის პირდაპირ იჯდა ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თათბირს ასევე ესწრებოდნენ დათა ახალაია, დავით კეზერაშვილი, კულტურის ყოფილი მინისტრი გოკა გაბაშვილი, სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გოგა ხაჩიძე. რაც შეეხება უგულავას, მაღლაფერიძის განცხადებით, უგულავა თათბირზე შედიოდა და გადიოდა, საუბარს ფორმალურად არ დასწრებია.

„ვანომ, გვეჩქარება, ვეღარავის დაველოდებით, დავიწყოთო. თან უგულავას უთხრა შეთამაშებული ხუმრობით, ზედმეტებმა დაგვტოვონ, ხელს ნუ გვიშლი, უტიაშვილთან გადიო. გიგი ოთახში წინ და უკან დადიოდა და ღლაბუცობდა. დაიწყო ვანომ, ორ საკითხთან დაკავშირებით მინდა თქვენთან საუბარიო. პირველი, უნდა იყოთ ძალიან მხნედ, ყველამ უნდა დაგინახოთ, რომ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, რაც ქუჩაში ხდებაო. ეს მხიარული ნაწილია იმისა, რაც უნდა გითხრათ, ზუსტად ეს სიტყვები გაიმეორა.

ახლა კი სერიოზულ ნაწილზე გადავიდეთო და მონოლოგის სახით გვითხრა - „ეს ნაძირლები ძალიან გაბლატავდნენ, ორ დღეში მოინდომეს იმის წაღება, რისთვისაც ჩვენ ოთხი წელი ვიბრძოდით. მართალია, დიდი არაფერი ძალა არა აქვთ, მაგრამ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. კაცმა რომ თქვას, რაიონებიდან მართლაც არ ჩამოსულა ბევრი ხალხი, მაგრამ ვინც ჩამოვიდა ან აწი ჩამოვა, ყველას უნდა მიხედვა.

უკვე დავალებული აქვს კონსტიტუციურს, მაგრამ თქვენც აქტიურად უნდა ჩაერთოდ ამ პროცესში, შეადგინეთ სიები ყველა მიტინგზე ჩამომსვლელის, შეუშვით თქვენი ხალხი მიტინგზე, არც ერთი ადამიანი არ უნდა ჩავიდეს უკან გაულახავი. გენერალური პროკურორი აგერ არის და გვაძლევს ნებართვას. მოკლედ, ისე უნდა გაილახოს, რომ დიდ ხანს ვერ დადგეს ფეხზე, სახეზე ერიდეთ, არ არის აუცილებელი, ძირითადად თირკმელებში, მუცელში... ვინც არ იცის, როგორ, გაიარეთ კონსულტაციები ახალაიასთან“, - ასე იხსენებს თათბირის დეტალებს მაღლაფერიძე.

მთავარმა პროკურატურამ წარმოადგინა თათბირზე ვანო მერაბიშვილის მიერ წარმოთქმული ფრაზა - „გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, ცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება“.

ვანო მერაბიშვილი თათბირის შესახებ არაფერს ამბობს, თუმცა აცხადებს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ჭერს აარტყა თავი და ამის ზემოთ ის ვეღარ წავა. „დღეის მერე მისი გზა არის ქვევით. ივანიშვილი საქართველოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, რა თქმა უნდა, პასუხს აგებს“, - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ 4 ნომებრის თათბირის შესახებ მტკიცებულება საგამოძიებო უწყებას შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა ვასილ სანოძემ გადასცა, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს.

ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი იხსენებს, რომ მაშინ მან გაერო-ს დაფინანსებით რიგაში დაგეგმილი შეხვედრა გადადო, რადგან აღმოჩნდა, რომ ადგილზე უფრო დიდ საფრთხესთან ჰქონდა საქმე.

„სიტყვიერად მივიღე ეს ინფორმაცია. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი გადავიყვანე სრულ მზადყოფნაში, რათა მონიტორინგი გაძლიერებულიყო და გვქონოდა შესაძლებლობა, რომ ყველა დარღვევა, რაც იმ დროს არსებობდა, დაფიქსირებისა და შესწავლის გარეშე არ დარჩენილიყო.

5 ნოემბერს ეს დოკუმენტი უკვე წერილობითი ფორმით არსებობდა, რომელიც სათარგმნელად იმ დღესვე გადავეცით და 8 ნოემბერს უკვე მაღალი დონის დიპლომატებს გადავეცი. იმ დოკუმენტში ეწერა თუ როგორ ჩატარდა 4 ნოემბერს თათბირი ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, რომელსაც ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი ესწრებოდა. 

ასევე, როგორ მიეცათ პირდაპირი დავალება გუბერნატორებს და მაღალი თანამდებობის პირებს, რომ უნდა დაწყებულიყო დევნა, ცემა, ნარკოტიკების ჩადება და იმ ადამიანების ქონების განადგურება, რომლებიც პოლიტიკურად მოწინააღმდეგე ფიგურებს წარმოადგენდნენ. ინსინუაციები თემაზე, რომ თითქოს, რუსი ოლიგარქი გადატრიალებას ამზადებდა, მოგონილია და ეს ყველაფერი ამ დოკუმენტიდან ჩანს. ძალიან ბევრი მოწმეა, ვინც იმავე დღეს იცოდა ამ ფაქტის შესახებ და სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, რომლითაც ამის დამტკიცება შესაძლებელია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა მოითხოვა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც გამოიძიებს 2007 წლის 4 ნოემბერს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული თათბირის მასალებს. თათბირს ესწრებოდნენ მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, კუდ-ის ყოფილი თავმჯდომარე დათა ახალაია და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. სუბარის განცხადებით მიუხედავად, რომ მზად იყო, კომისიისთვის წარედგინა ამ თათბირთან დაკავშირებული მტკიცებულებები, საგამოძიებო კომისია არ შეიქმნა და შესაბამისად, კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.