მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატს ბრალის დადგენილება გადაეცა. სისხლის სამართლის საქმე დაახლოებით 80 ტომისგან შედგება. პროკურატურა სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს. მთავარ პროკურატურას უკვე სასამრთლოს წინაშე მოუწევს ყველა ბრალდების მტკიცებულებით დადასტურება.
სააკაშვილის ადვოკატს მასალების გაცნობის შესაძლებობა არ ჰქონია, ვინაიდან გამომძიებლები ალაგებენ სისხლის სამართლის მასალებს. დაცვის მხარეს მხოლოდ ბრალდების დადგენილებები გადაეცა. ოთო კახიძე ამბობს, რომ ორივე ბრალის დადგენილება პრაქტიკულად იდენტურია და ზუსტად ემთხვევა ნარატივს, რომელიც ჟურნალისტებს წაუკითხეს. ახალი ამ დადგენილებებში არაფერი არ არის.
„2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევა, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება“, - ეს არის იმ სისხლის სამართლის საქმის ჩამონათვალი, რის გამოც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს ბრალი ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე წარედგინათ.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია. ამ საქმეში მოწმეთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემაც მისცა.
მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის თქმით, ვანო მერაბიშვილის მიერ ჩატარებული თათბირის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობს და მის შესახებ შესაბამისი ჩანაწერიც აქვს.
„დეტალურად მახსოვს ამ თათბირის შესახებ. მაქვს ასეთი ჩვევა, რომ დღიურივით ჩავიწერო მსგავსი დეტალები. მეორე დღესვე ეს ჩანაწერი სახალხო დამცველს წავაკითხე და სახალხო დამცველმა ამ თათბირის შესახებ, არაერთგზის დეტალურად ისაუბრა. ის ითხოვდა საგამოძიებო კომისიის შექმნას. არაერთხელ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს. ეს დეტალები პრაქტიკულად ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, კერძოდ იმ ფრაზებით, რაც პროკურატურამ გააჟღერა. 2007 წლის 5 ნოემბერს, რა ჩვენებაც სახალხო დამცველს მივეცი, დაახლოებით ორი კვირის წინ ზუსტად იგივე ჩვენება გადავეცი პროკურატურას“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ბრალდების ერთ-ერთი მოწმე ტელეიმედის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი უფროსი გიორგი თარგამაძეა. პროკურატურამ თარგამაძე სამი კვირის წინ დაკითხა, რომელიც „ტელეიმედის“ ჟურნალისტთა ჯგუფთან ერთად გამოძიების მიერ ცნობილია დაზარალებულად. თარგამაძესთან ერთად დაკითხულია ყველა ის ადამიანი, რომელიც არხის დარბევის უშუალო თვითმხილველია.
„მაშინდელი ხელისუფლების ქმედება არა მარტო ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც მწვავედ და კრიტიკულად შეფასდა. სააკაშვილის ხელისუფლების სრული დელეგიტიმაცია დაიწყო სწორედ იმ მომენტში, როდესაც გადაწყდა „იმედის“ დარბევა. დღევანდელ დღემდე ეს პროცესი იყო მხოლოდ პოლიტიკური. ახლა უკვე პოლიტიკური სიბტყიდან ის სამართლებრივ სიბრტყეშიც გადავიდა, რაც მივესალმები“, - აცხადებს გიორგი თარგამაძე.
უგულავასა და კეზერაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი, არამედ არის საზოგადოებაში გავრცელებული აზრები და მოსაზრებები, რაღაც ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრისა და შემდეგ „იმედის“ ცნობილ მოვლენებს უკავშირდება.
„ბევრი გარემოება არის ბუნდოვანი. როდესაც საუბარია, რომ მერაბიშვილმა რაღაც განაცხადა თათბირზე, ბრალდებაში ერთადერთი მითითებულია, თითქოს ამ შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორები და დადგენილებაში აღიშნულია ვასილ მაღლაფერიძის ჩვენება, რაც არასერიოზულია“, - განმარტავს ადვოკატი.
ბრალის წაყენებას სოცილალური ქსელით ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი. მიხიელ სააკაშვილი ამბობს, რომ „ერთი რუსი ოლიგარქი ბრალად უყენებს მეორე რუსი ოლიგარქის მიერ მოწყობილი გადატრიალების მცდელობის ჩაშლას და ეს ხდება 2008 წლის ომის წლისთავის წინ“. სააკაშვილი წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომით ვერ შეძლო თბილისის აღება და მთავრობის დამხობა, პუტინი და მედვედევი საჯაროდ თავს იწყნარებდნენ იმით, რომ მოვა დრო და თავად საქართველო გაასამართლებს სააკაშვილს.
„მას შემდეგ, რაც ვერ იპოვეს ჩემს მიერ „მითვისებული“ მილიარდები, ვინაიდან არც ერთი თეთრი არასდროს მიმითვისებია, პირიქით, საქართველოს ბიუჯეტი თერთმეტჯერ გავზარდეთ, ვერ დამიმტკიცეს ვერც ერთი კონკრეტული დანაშაული, იმიტომ, რომ დანაშაული არ ჩამიდენია და პირიქით, დანაშაული თითქმის ნულამდე დავიყვანეთ, ბოლოს წამომიყენეს წმინდა სახის პოლიტიკური ბრალდება. ერთი რუსი ოლიგარქი ბრალად მიყენებს მეორე რუსი ოლიგარქის მიერ მოწყობილი არეულობებისა და გადატრიალების მცდელობის ჩაშლას და ეს ხდება 2008 წლის ომის წლისთავის წინ.
2007 წელს მე გადავდექი, ხოლო 2012 წელს სრულიად მშვიდობიანად გადავეცით ძალაუფლება იმ ადამიანებს, რომელთაც სრულიად საპირისპიროთი გვიპასუხეს. დღეს, მთელი დღე რუსეთში ზეიმი აქვთ გამოცხადებული და ივანიშვილს ამ მითითების შესრულებას ალბათ სათანადოდ დაუფასებენ. ოღონდ მინდა ვთქვა, რომ ორივეს, პუტინის და მისი ხელდასმული გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია, მსოფლიო პროცესები ისე მიდის, რომ პუტინის საცეცები სუსტდება, ამ ოლიგარქსაც მალე მოვიშორებთ, სულ მალე საქართველო აუცილებლად გასწორდება ბოლომდე წელში და ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვებს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებას შეთითხნილ და ფალსიფიცირებულს უწოდებს. ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა სისხლის სამართლის ორი საქმეზე აქვს შეფარდებული - ციხეში პატიმრების წამების და „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმე. ბოლო მონაცემებით, ადეიშვილი უნგრეთში იმყოფება, მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.
ბრალდებას არ ეთანხმება საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ რუსთავის მეტალორგიულ ქარხანასთან და ტელეიმედთან დაკავშირებულ საქმესთან მას შეხება არ ჰქონია. პოზიცია კეზერაშვილმა მის ადვოკატს, გიზო უგლავას ტელეფონით გააცნო.
„მე ვესაუბრე მას და აცხადებს, რომ არც ერთ საქმესთან შეხება არ ჰქონია. კატეგორიულად უარყოფს დანაშაულების ჩადენას. ბატონ დავითს სავსებით ლეგიტიმური კითხვები აქვს პროკურატურასთან. გონიერი და საღი აზრის მქონე ადამიანს უჩნდება ეს კითხვა, როდის არის პროკურატურა მართალი, როდესაც რიყისა და „იმედის“ ეპიზოდზე უყენებდნენ ბრალს და ამბობდნენ, რომ ჯოზეფ კეი ტელეკომპანიის კეთილსინდისიერი მესაკუთრეა, თუ ახლა, როცა აცხადებენ, რომ კეიზე იძულებით მოხდა კომპანიის გადაფორმება და ის არ არის კეთილსინდისიერი მესაკუთრე.
რამდენიმე დღის წინ დაიკითხა კეი და ამბობს, რომ „ტელეიმედის“ კანონიერი მესაკუთრეა, პროკურატურა ამ ხაზსს მიჰყვება, რომ კანონიერი მესაკუთრე ჯოზეფ კეიდან გადაფორმება მოხდა იძულებით, პროკურატა ამ ვერსიას იცავს, მაგრამ ახლა აღმოჩნდა სხვა დასკვნა, რომ კეიზე თავის დროზე იძულებით მოხდა გადაფორმება, ანუ არ იყო ის კანონერი მესაკუთრე. ამიტომ, საკითხი დგას ასე - რომელი ბრალდებაა საფუძვლიანი? პროკურატურა თავის თავს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიზო უგლავამ.