„ჩვენი ევროპელი მეგობრები ხელისუფლებას პრობლემებზე ელაპარაკებიან, საზოგადოებას - წარმატებებზე“

„ჩვენი ევროპელი მეგობრები ხელისუფლებას პრობლემებზე ელაპარაკებიან, საზოგადოებას - წარმატებებზე“

თვითმფრინავის ჩამოგდების თემამ თითქოს რუსეთის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა, ევროპა, რომელიც მის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებაზე თავს იკავებდა, მზადაა, მკვეთრი ნაბიჯები გადადგას. საერთაშორისო მედიაზე დაყრდნობით, უკვე ცნობილია, რომ საფრანგეთი რუსეთს „მისტრალის“ კლასის პირველ სადესანტო შვეულმფრენს ოქტომბერში მიაწვდის, მეორე სამხედრო გემის მიწოდება კი დამოკიდებულია რუსეთის პოზიციაზე უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არის შეთანხმებული სანქციები რის საფუძველზეც რუსებთან დადებული კონტრაქტი შეჩერდებოდა. „თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსები მეორე გემსაც მიიღებენ, ეს დამოკიდებულია მის პოზიციაზე უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით“, - დასძინა ოლანდმა.

ევროკავშირის წევრი იარაღის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების უმრავლესობამ რუსეთთან იარაღით ვაჭრობაზე აკრძალვა დააწესა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ დრომდე განიხილავენ რუსეთთან იარაღით ვაჭრობაზე კოლექტიური ემბარგოს დაწესებას.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს მიუთითებს, რომ ვალდებულია, პატივი სცეს არსებულ სახელმწიფო საზღვრებს და საერთაშორისო შეთანხმებებს. განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ყირიმში იმის გამო შეიჭრა, თითქოს სევასტოპოლში ნატო-ს ხომალდებისა და რაკეტების განთავსება არ დაეშვა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „აბსოლუტურ ფანტაზიას“ უწოდებს და ირწმუნება, რომ მსგავსი გეგმები არასოდეს არსებობდა. 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას დაჟინებით მოითხოვს. გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის გეორგ შტაიგერის განცხადებით, ვინაიდან მოსკოვს მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სრულმასშტაბიან გამოძიებაზე არავითარი დაინტერესება არ გამოუთქვამს, ასევე არ არის დაინტერესებული დონბასში არსებული ვითარების სტაბილურობით, გერმანიის კანცლერი საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას. გარდა ამისა, რუსეთი საკმაოდ თავშეკავებულ ზემოქმედებას ახდენს პრორუსულ დაჯგუფებებზე, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები ხელმძღვანელობენ. ამიტომ, ანგელა მერკელი მხარს უჭერს გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოსკოვის მისამართით ტონის გამკაცრებასთან დაკავშირებით. 
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით კი, ანგელა მერკელი წინააღმდეგია იმ იდეის, რომ რუსეთს 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოერთვას. შეძლებს თუ არა ევროპის გამკაცრებული სანქციები რუსეთის შეჩერებას და რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე, ამ თემაზე ექსპერტი სოსო ცინცაძე გვესაუბრება. 

სოსო ცინცაძე: რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფრონტაცია აღმავალი ხაზით მიდის. ერთი მხრივ, ნებისმიერი განცხადება მხოლოდ განცხადებაა, რომლის მიმართ რუსეთი ღიზიანდება და ეს ხდება დაახლოები ათი წელია - ეს ერთი მომენტია კონფლიქტის.  მეორე მომენტია, ის, რომ ბრიუსელში განიხილეს ახალი პაკეტი ეკონომიკური სანქციებისა, საუბარია ე.წ. სექტორალურ, ანუ წერტილოვან სანქციებზე. ეს შეეხება ენერგეტიკის, ფინანსურ სექტორებსა და საბანკო სისტემას.

რასაკვირველია, რუსეთისათვის ეს არ არის საჩუქარი, მაგრამ არც მომაკვდინებელი დარტყმაა. მთავარი ის არის, რამდენად არის მზად რუსეთი იზოლაციისათვის. საბჭოთა კავშირმა მთელი 40 წელი გაძლო, იზოლაციისა და ცივი ომის პირობებში.

ის დაპირისპირება, რომელიც საბოლოო ჯამში, საბჭოთა კავშირის კრახით დასრულდა,  მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით ზოგან საბჭოთა კავშირი იმარჯვებდა, როდესაც ამერიკა ვიეტნამში „ჩაეფლო“, ზოგან - ამერიკა, როდესაც საბჭოთა კავშირი ავღანეთში შევიდა. ახლაც კატალიზატორის როლს ასრულებს თვითმფრინავის ტრაგედია.

სწორედ თვითმფრინავის ტრაგედიის გამო გერმანია უმკაცრეს განცხადებას აკეთებს რუსეთის მიმართ - არავის ახსოვს ანგელა მერკელს ევროკავშირისაგან ასეთი კატეგორიულობით მოეთხოვოს რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება...

- მართლაც, რუსეთისთვის შესაძლოა, უსიამოვნო სიურპრიზად იქცა ის, რომ გერმანიაც კი საფრაგეთზე უფრო ანტირუსულ პოზიციაზე დგას. თუ რუსულ პრესას, რუს ჩინოვნიკთა განცხადებებს გადავხედავთ რეტროსპექტივში, წითელ ხაზად მიჰყვებოდა, რომ საფრანგეთმა, იტალიამ, ამერიკამ და ა.შ. რაც არ უნდა ილაპარაკოს, გერმანია ჩვენს მხარეს არის. რუსეთი  არაერთხელ იმოწმებდა ანგელა მერკელის განცხადებას, რომ მათთვის მთავარი იყო ფინანსური ურთიერთობები და გერმანული ბიზნესინტერესები.

ახლა ირკვევა, რომ გერმანული ბიზნესინტერესებიც არ არის უმთავრესი მერკელისთვის, რადგან ისიც არ გრძნობს თავს მყარად, რადგან თვითმფრინავთან დაკავშირებით მისი პარტიის შიგნით მკვეთრი პოზიცია ფიქსირდება, მერკელის მოკავშირე სოციალ-დემოკრატები და უფრო პრორუსული პარტიებიც კი წარბს ჭმუხნიან.

საბოლოო ჯამში, არ გამოვრიცხავ, რომ ვითარება მკვეთრად შეიცვალოს, თუ გაირკვა, რომ გასროლა არ მოხდა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი მხარიდან. უკვე გამოჩნდა, რომ პირველი განცხადებები, რომლის თანახმადაც, ეს შეცდომა იყო და არავის არ უნდოდა თვითმფრინავის ჩამოგდება, ეს არ უნდა აღვიქვათ ისე, როგორც დავუშვათ, საბჭოთა კავშირის მხრიდან სამხრეთ კორეის ლაინერის ჩამოგდება, როდესაც 300 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

თუ ასეა, მერკელის უმკაცრესი განცხადება რას ნიშნავს?

- ეს ერთ-ერთი ვერსიაა, თუმცა ბოლო პერიოდში 4 თუ 5 კიევის თვითმფრინავი ჩამოადგეს სეპარატისტებმა. სამოქალაქო ომის დროს, როდესაც სეპარატისტები იბძვიან მთავრობის ჯარის წინააღმდეგ, ჯერ არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში, რომ პარტიზანებს ჰქონოდეთ 10 ათას კმ.ზე თვითმფრინავის ჩამოსაგდები საზენიტო იარაღი - ეს უკვე რუსეთია, ეს ცხადია.

თვითმფრინავი თანდათანობით გადავა უკანა პლანზე და მთავარი საკითხი გახდება რუსეთის როლი - ეს ომია უკვე. უკრაინაში ნამდვილი, ფარტომასშტაბიანი ომია მძიმე არტილერიით, საზენიტო დანადგარებითა და ავიაციის გამოყენებით. ერთადერთი, რაც დარჩა სეპარატისტებს საკუთარი ავიაცია არ გააჩნიათ. ამ ფონზე იმასაც კი არ გამოვრიცხავ, რომ მალე სეპარატისტებმა დაიწყონ კიევის დაბომბვა.

მეორე მხარე ის არის, რომ თვითონ კიევის ხელისუფლება აღმოჩნდა უუნარო და ანტირუსულად განწყობილი კიევის ხელისუფლეების მომხრეებიც კი აღშფოთებული არიან იმით, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე ჯარისკაცებს საჭმელი და იარაღი არ აქვთ. გენერლები კი ამერიკელი გენერლებივით კომფორტში ცხოვრობენ. კიევის არმიაში კვლავ კორუფცია, ნეპოტიზმი და სამხედრო ელიტის უუნარო და თავაშვებული მოქმედებებია დომინანტი.

რუსთს რაც შეეხება, ძირითადად, მისი მოქმედებების ორი ვერსია განიხილება - ერთი, რომ სანქციების შედეგად რუსეთი შესაძლოა, გონს მოვიდეს, ან პირიქით, ბევრად უარესი გააკეთოს. მოვლენათა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რა არის მოსალოდნელი ევროპის მხრიდან სანქციების გამკაცრების შედეგად?

- მე მაგალითად, არ მოველი ბევრად უარესს. რასაც პუტინი აკეთებს, ეს მისი მაქსიმუმია - მოდით, ვთქვათ, რა რის უარესი - ეს არის ღიად ჯარის შეყვანა, რაც სასიკვდილო საფრთხის ქვეშ დააყენებს პირადად პუტინის კარიერას. პუტინი ევრაზიული, საბაჟო კავშირების შექმნისა და რაც მთავარია, უკრაინის მოვლენების შემდეგ აპირებს კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტებას.  

ევროპის მხრიდან კიდევ ერთხელ გაისმა, რომ 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატი რუსეთს არ უნდა ჩაატარებინონ. თუ ეს მართლაც მოხდა, ვფიქრობ, რომ ეს არის ზედა წერტილი იმისა, რაც რუსეთს შეუძლია. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ შედეგები იქნება მძიმე.

სანქციებს რაც შეეხება, მისი უარყოფითი შედეგი უკვე იგრძნობა რუსეთის ფინანსურ სექტორზე. ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ რუსეთში ინვესტიციებს წყვეტს. ევროპული ბანკებიც წყვეტენ თანამშრომლობას რუსეთის ბანკებთან.

მიმდინარე წელს უჭირს განსაკუთრებით რუსეთს, რადგან საბანკო პროცენტები აქვს გადასახდელი, რომელიც მომავალ წლიდან უკვე შემცირდება. ამიტომ პუტინი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეწყდეს ცეცხლი და აღმოსავლეთ უკრაინაში დამყარდეს ორხელისუფლებიანობა.

პრაქტიკულად,  მას სურს, შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როგორიც იყო 2008 წლამდე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ პრაქტიკულად, ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს ტერიტორიული მთლიანობა ფიქცია ყოფილიყო.

სავარაუდოდ, ასეთი გეგმა აქვს რუსეთს, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები. მანამდე გაძლიერდება სეპარატისტული რეჟიმები აღმოსავლეთ უკრაინაში და შემდეგ სიტუაცია გადავა იმ რეჟიმში, როგორც ხდებოდა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთში.

უკრაინა დათანხმდება ამ ყველაფერზე რუსეთს?

- დღეს კიევი გაცილებით მტკიცე პოზიციაზე დგას, ვიდრე საქართველოს მთავრობა 90-იან წლებში. ამიტომაცაა, რომ მიუხედავად ბარაკ ობამას განცხადებისა, ევროპის მოწოდებებისა, რომ ცეცხლი შეწყდეს, კიევი კვლავ განაგრძობს ბრძოლას. დღეს დონეცკსა და ლუგანსკში კიევის არმია იბრძვის.

გამოცდილება ძალზე მწარე აქვს პოროშენკოს - საქართველოს მაგალითი ხელისგულზე უდევს. პოროშენკომ რომ შეწყვიტოს ცეცხლი, ეს ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ უკრაინა დაკარგული აქვს, რადგან მოლაპარაკებები იქნება დაუსრულებელი, როგორც მოხდა სოხუმთან, ცხინვალთან, დნესტრისპირეტთან დაკავშირებით.

დასავლეთს რა შეუძლია გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად რომ იგივე არ განმეორდეს, რაც საქართველოს შემთხვევაში მოხდა?

- სანქციები ეფექტურია, მაგრამ ძალზე მდორედ მიმდინარეობს - მისი ეფექტი ნელა იზრდება, იმისათვის, რომ აიძულოს რუსეთი, გამოიყვანოს  ტექნიკა, შეუწყვიტოს დახმარება სეპარატისტებს, მისცეს საშუალება კიევს, რეალურად აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, გადაკეტოს საზღვარი რუსეთთან...

ვიცით, რომ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ ყველაზე მეტად გერმანია ეწინააღმდეგებოდა. თუ გავითვალისწინებთ მერკელის დღევანდელ პოზიციას რუსეთთან დაკავშირებით, უნდა ველოდეთ თუ არა, რომ გერმანია საქართველოს მიმართ პოზიციას შეიცვლის?

- თუ გულისხმობთ ნატოს, ეს გამორიცხულია. არ გეგონოთ, რომ დასავლეთი ვერაფერს ხედავს და ვერაფერს ამჩნევს. როდესაც უცებ 7 მინისტრი იცვლება, ან კულტურის სამინისტრო ვის ჩააბარეს? ყოფილა მსოფლიოში შემთხვევა, რომ იმპრესარიო მინისტრად დაენიშნათ? ეს არ არის ევროპული გზა, ევროპული საკადრო პოლიტიკა. ჩვენი ევროპელი მეგობრები ტაქტიანი და თავაზიანი ხალხია - სულ სხვა ტონალობაში ელაპარაკებიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს და სულ სხვა ტონალობაში საუბრობენ საზოგადოების გასაგონად. ხელისუფლებას პრობლემებზე ელაპარაკებიან, საზოგადოებას - წარმატებებზე.

გერმანიას მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთთან მკვეთრი პოზიცია დაიკავა. რაც შეეხება საქართველოს, მას ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი გერმანიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.