მოითხოვს თუ არა პოლიტიკურ თავშესაფარს მიხეილ სააკაშვილი და რომელი ქვეყანა დასთანხმდება, მისცეს მას თავშესაფარი არაერთ მნიშვნელოვან საქმეში ბრალის წარდგენის შემდეგ?! ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სააკაშვილს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს და სასამართლოს მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. საუბარია 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევაზე, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებაზე.
ის, რაც საზოგადოებისთვის ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯია, მიხეილ სააკაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მისი „რეფორმისტული მემკვიდრეობის“ განადგურებაა. სააკაშვილი ღარიბაშვილის მთავრობის სამიზნედ მიიჩნევს თავს და თვლის, რომ მისი დევნა დაძაბავს ურთიერთობას ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, რადგან ექსპრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება, რთული წარმოსადგენია, რამდენად შესაძლოა მისი იძულებით მიყვანა განხორციელდეს, მაგრამ პროკურატურას იმის ბერკეტები გააჩნია, რომ, თუ სააკაშვილის მიმართ შესაბამისი მტკიცებულებები იარსებებს, ყველა ზომას მიმართოს, რაც სისხლის სამართლის კანონითაა დადგენილი.
იმის გამო, რომ სააკაშვილს არანაირი იმუნიტეტი არ იცავს, შესაძლოა, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადონ. გამორიცხული არაა, მთავარ პროკურატურას სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მას შემდეგ გაუადვილდა, რაც წინა კვირას საქართველოში სისხლის სამართლის უცხოელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. როგორც ჩანს, მათი მოწვევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სააკაშვილის წინააღმდეგ დევნა იყო. ამით მსოფლიო საზოგადოების წინაშე „დემოკრატიის შუქურად“ შერაცხული ექსპრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემა გაიოლდება, რადგან საქმეში ჩაერთვებიან იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი.
იმის გამო, რომ საკაშვილი ნებით არ ჩამოდის ქვეყანაში, საინტერესოა, როგორ განხორციელდება მისი ექსტრადირება და მოითხოვს თუ არა ექსპრეზიდენტი პოლიტიკურ თავშესაფარს? მით უფრო, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ზოგჯერ ცალკეული სახელმწიფოები მოქმედებენ არა სამართლის დაცვით, არამედ - პრაგმატული თვალსაზრისით.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ მინიმუმ, ორი ქვეყანა მაინც მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს სააკაშვილს. ერთია - უკრაინა და მეორე - აშშ. გასაგებ მიზეზთა გამო, უკრაინას მიაჩნია, რომ სააკაშვილი მათი მოკავშირეა და ანტირუსული ისტერია აქვს ატეხილი. ამიტომაც სააკაშვილისნაირი ფიგურის დროშად გამოყენება ადვილი და სასარგებლო იქნება. მით უმეტეს, ანტირუსული ისტერიის საფუძველი არსებობს, რადგან რუსეთი მართლაც ახდენს უკრაინის ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციას. მეორე ქვეყანა, რომელიც სააკაშვილის „მფარველი“ შეიძლება გახდეს, გელა ნიკოლაიშვილის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატებია, სწორედ ამერიკაში „იშვა“ „სააკაშვილის პროექტი“, მათ მაქსიმალურად გამოიყენეს იგი რუსეთის წინააღმდეგ და ახლა მისი მოსროლა და მიტოვება ამერიკას კარგად არ წარმოაჩენს.
უფლებადამცველი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, კიდევ გამოჩნდეს სხვა ქვეყანაც, რომელიც სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს. თუმცა კი, საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ სააკაშვილისთვის შეზღუდული იქნება გადაადგილება.
„სააკაშვილს სჭირდება პოლიტიკური თავშესაფარი და, ალბათ, მიიღებს კიდეც ამ თავშესაფარს. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, მას გაუჭირდება ერთი ქვეყნიდან მეორეში მოძრაობა, რადგან ის ქვეყანა, რომელიც პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას თანხმდება, ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევს მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე. თორემ, თუ სააკაშვილი დატოვებს და სხვა ქვეყანაში გადავა, იმ სხვა ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი აღარ იმოქმედებს. გადაკვეთს თუ არა ამერიკისა ან უკრაინის საზღვარს, მაშინვე შეიძლება დააკავონ და დაიწყონ ექსტრადიციის საკითხის განხილვა. სამშობლოში მისი სტატუსი ბრალდებულის სტატუსი იქნება და შემდეგ, ალბათ, დაუსწრებლად გაასამართლებენ და გახდება მსჯავრდებული. თუმცა ძალზე ფრთხილად ვეკიდები იმ მტკიცებულებებს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას. რაც მათ გამოაცხადეს, რომ ეს არის რამდენიმე კაცს შორის საუბარი, იმედი მაქვს, ამ საუბრის დამსწრეების ჩვენებები აქვთ და არა რაღაც ყურმოკრული ამბები. თუ მტკიცებულებები არ გააჩნიათ ან სუსტი მტკიცებულებები აქვთ და მაინც გარისკეს ბრალის წაყენება, მაშინ ძალზე უპასუხისმგებლოდ შეფასდება პროკურატურის ეს გადაწყვეტილება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა სიმყარის მტკიცებულებები ექნება პროკურატურას. ჯერჯერობით არ ვიცით, როგორია არის ეს მტკიცებულებები“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი და განმარტავს, თუკი დამაჯერებელი მტკიცებულებების მიუხედავად, ამერიკა მაინც მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს სააკაშვილს, მაშინ ეს ფაქტი ამერიკის პრესტიჟზე იმოქმედებს საქართველოში და კიდევ ბევრ სხვა ქვეყნაშიც. ხოლო, თუ ძალზე სუსტი მტკიცებულებები ექნება ჩვენს პროკურატურას, მაშინ მათ მიეცემათ იმის მტკიცების საშუალება, რომ სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ დევნილს, მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი და ჰუმანური მიზნებიდან გამომდინარე იმოქმედეს. ეს ამერიკის ავტორიტეტს კიდევ უფრო აამაღლებს.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მერაბ ტურავა For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ექსტრადიციის პროცედურები არ არის სამართლებრივი პროცედურები, ეს არის ერთობლივად სამართლებრივი და პოლიტიკური პროცედურები. შეიძლება დანაშაული ჩადენილ იყოს, არსებობდეს საამისო მტკიცებულებები, მაგრამ, თუ სახელმწიფო დაადგენს, რომ არსებობს ვარაუდი, რომ გადაცემის შემთხვევაში არ აღსრულდება სამართლიანი მართლმსაჯულება, არამედ ეს იქნება პოლიტიკური ანგარიშსწორება, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოები თავს იკავებენ ექსტრადიციისგან.
მისცემენ თუ არა სააკაშვილს თავშესაფარს, მერაბ ტურავას აზრით, ეს დამოკიდებულია თავად უცხოეთის სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროზე.
„ძნელი სათქმელია, ვინ გადასცემს სააკაშვილს თავშესაფარს. შეიძლება, სასამართლომ ექსტრადირების საკითხი დადებითად გადაწყვიტოს, მაგრამ არაერთ ქვეყანაში ამის შემდეგაც ავტომატურ რეჟიმში მაინც არ ხდება პირის მომთხოვნ ქვეყანაში გადაცემა. მაგალითად, ავსტრიაში ან გერმანიაში გადაწყვეტილებას მეორე ეტაპზე ღებულობს მინისტრთა კაბინეტი, ანუ მთავრობა, რადგან შეიძლება სამართლებრივად არ იყოს დამაბრკოლებელი გარემოება, მაგრამ სახელმწიფომ პოლიტიკურად არ ჩათვალოს პირის გადაცემა თავისი ქვეყნისთვის მიზანშეწონილად“, - აცხადებს მერაბ ტურავა.
ამასთან, განმარტავს, რომ ექსტრადიციის დროს პიროვნება დაცულია უკანონო ქმედებისგან. თუკი ექსტრადიციისას წესები დაირღვა, პირი ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს, რადგან ეს ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევაა. ერთადერთი, ექსტრადიციის პროცედურა გამარტივებულია თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის ურთიერთდაგადაცემის დროს და მაშინაც კი, როცა სახელმწიფო ევროპის საბჭოს წევრია, ეს არ ხდება ალტერნატიულ რეჟიმში.
ამდენად, მერაბ ტურავას აზრით, სანამ წითელი ცირკულარი გამოცხადდება, ბრალის წარდგენა სააკაშვილის უცხოეთში გადაადგილებას ხელს არ შეუშლის. გადაადგილებისას პრობლემა მხოლოდ მაშინ შეიქმნება, როდესაც პროკურატურის მხრიდან ბრალის წარდგენას ეროვნულ სასამართლოში აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შესახებ შუამდგომლობის დაყენება და მოსამართლის მიერ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოჰყვება.
„თუ ქართველი მოსამართლე ბრალის წაყენების შემდეგ მას პატიმრობას არ შეუფარდებს, მანამდე მას არ აქვს შეფერხებული გადაადგილების უფლება“, - აცხადებს ყოფილი მოსამართლე.