საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ბრალდების მხარე სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ამ დღეებში მიმართავს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს ჯერჯერობით უცნობია. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმეზე.
სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილია შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწიებს. გარდა ამისა, მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება დასკვნით ფაზაშია შესული პროკურატურის მიერ ადრე გაცხადებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზეც, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი დაბარებული იყო მოწმის სახით. საქმის დეტალებზე გამოძიება განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.
მთავარ პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერით გაშუქებული იქნა საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მტკივნეული და გახმაურებული საკითხები - სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ზურაბ ჟვანიას - საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიუჟეტები. ასევე, 2007 წლის სექტემბერში ტელეიმედის ეთერით საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააჟღერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მიცემული დავალება, რომელიც ეხებოდა პატარკაციშვილის ლიკვიდაციას.
გამოძიების ინფორმაციით, ოქრუაშვილის მიერ ეთერით გავრცელებულ ინფორმაციებზე მთავრობას სათანადო პასუხი არ ჰქონდა, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს პატარკაციშვილთან, ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდების მიზნით. სააკაშვილი მზად იყო, პატარკაციშვილის თანხმობის შემთხვევაში „ტელეიმედი“ საქართველოს რკინიგზაში გაეცვალა, რომელიც იმ პერიოდში წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივს, რაზეც უარი მიიღო.
გამოძიებით დადგენილია, რომ პატარკაციშვილმა ტელეიმედის შენარჩუნებისთვის, უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით, ტელეკომპანია „იმედი“ მართვის უფლებით გადასცა - აშშ-ში რეგისტრირებულ მედიამაგნატს „NEWS CORP EUROPE INC“-ს. მიუხედავად ამისა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის დევნა და შევიწროება. 2007 წლის ნოემბერში, საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2007 წლის 4 ნოემბერს, სააკაშვილის დავალებით, შსს-ს შენობაში მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავად მერაბიშვილი. თათბირს ესწრებოდნენ გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია, თბილისის მერი გიგი უგულავა და გუბერნატორები. მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე თათბირზე გადაწყდა, რომ უნდა შეედგინათ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა სია, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხის ცემა და სხვადასხვა გზებით, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებით, მათი დაპატიმრება. ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის უნდა „მიეხედა“ დავით კეზერაშვილს.
მერაბიშვილმა თათბირის დროს წამოსთქვა შემდეგი შინაარსის ფრაზები - „გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, ცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება“, - ეს მერაბიშვილის განცხადების ნაწილია, რომელიც მან თათბირზე წარმოთქვა.
თათბირზე მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება - ადამიანების დაშინების, ცემისა და დაპატიმრების შესახებ სისრულეში მოყვანილ იქნა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაიცა ბრძანება აქციის დარბევის თაობაზე. სააკაშვილის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის გამზირზე და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მხრიდან განხორციელდა მომომიტინგეთა დარბევა, უკანონოდ გამოყენებული იქნა არალეტარული იარაღი, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა შეშინებულ მომიტინგეებს. სააკაშვილის ბრძანებით თავისუფლების მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით ტერიტორიაზე, უკანონოდ გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც ემსახურებოდა აღნიშნული ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას.
ამავე დღეს, გეგმის შესაბამისად ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში შეიჭრა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლებმაც დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა და გამორთეს მაუწყებლობა. ხოლო „ტელეიმედის“ თანამშრომლები ცემით გამოაძევეს შენობიდან. გამოძიებით დადგენილია, რომ სააკაშვილის დავალებით, უმაღლესი თანამდებობის პირებმა დაიწყეს პატარკაციშვილისთვის ტელეკომპანიის უკანონოდ ჩამორთმევის პროცესი.
ტელეკომპანია „იმედის“ შეჭრის სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეზე, მერაბიშვილის და ადეიშვილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, „ტელეიმედს“ შეუჩერეს სამაუწყებლო ლიცენზია. ყოფილმა ხელისუფლებამ ხელოვნურად შეიქმნა სისხლის სამართლის საქმის წარმოება და მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი პატარკაციშვილი და მის ქონებას, კერძოდ შპს „ტელეიმედს“ დაედო ყადაღა.
საზოგადოებას კი გენერალურმა პროკურატურამ წარუდგინა პატარკაციშვილსა და ერეკლე კოდუას შორის შემდგარი საუბრის ფალსიფიცირებული, კონტექსტიდან ამოჭრილი და შინაარსის შეცვლით დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერი. სააკაშვილის დავალებით გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის ჩარევით პატარკაციშვილებს ჩამოართვეს ტელეკომპანია.
პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში, კერძოდ 2008 წლის 19 თებერვალს, ნოტარიუს მერი ბუბაშვილთან, პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს გიორგი ჯაოშვილს, მის სახელზე რიცხული სს „ჯეი-ემ-ჯი კონსალტინგ გრუპი“ -ის წილი, რომლის საკუთრებაშიც იყო „ტელეიმედი“, წესდების მოთხოვნათა დარღვევით, გადააფორმებინეს ბიზნესმენ ჯოზეფ კეიზე, რომელსაც დავით კეზერაშვილის დავალებით მოქმედი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირები კურირებდნენ.
ჯაოშვილი მიიყვანეს ფინანსური პოლიციის შენობაში და აიძულეს გადამდგარიყო შპს „ტელეიმედის“ დამფუძნებელი ფირმების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან, რითაც პატარკაციშვილის ოჯახი საბოლოოდ ჩამოაშორეს ტელევიზიას. მომდევნო დღეს, „ტელეიმედი“-ს წილი 5 წლის ვადით, სამართავად გადაეცა დავით კეზერაშვილთან დაახლოებული პირს პაატა სირაძეს. ამის შემდეგ უკვე დაიწყო ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიის გაკონტროლება, რაშიც მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის გიორგი უგულავა, რომელიც სრულად წარმართავდა და აკონტროლებდა არხის საინფორმაციო პოლიტიკას.
ხელისუფლებისა და სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილების ოჯახზე ზეწოლა არ შემოიფარგლა მხოლოდ ტელეიმედის უკანონოდ ხელში ჩაგდებით. ხელისუფლებამ პატარკაციშვილების ოჯახს ჩამოართვა მთაწმინდის პარკიც. სააკაშვილის და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტია პატარკაციშვილების ოჯახისთვის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჩამორთმევა.
სხვადასხვა გზით, ზეწოლისა და დაშინების შემდეგ, ფიქტიურად გაფორმებული ხელშეკრულებების და დოკუმენტების შედეგად, თითქოს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მესაკუთრე კომპანიას ვალი ჰქონდა კეზერაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი ოფშორული კომპანიის მიმართ, აღსრულების ეროვნული ბიუროს და სასამართლოს ჩარევით, ვალის გაქვითვის საფუძვლით პატარკაციშვილების კუთვნილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ქონება გადავიდა დავით კეზერაშვილის ოფშორული კომპანიის საკუთრებაში.
სააკაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებულ უკანონო ქმედებებს, შედეგად ინა გუდავაძემ სარჩელით მიმართა საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიას და მოითხოვა საქართველოს სახელმწიფოს მიერ უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნება. როდესაც სააკაშვილი დარწმუნდა, რომ პატარკაციშვილების ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა ამ უკანონობის გამო, აუცილებლად წააგებდნენ პროცესს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, მისივე ბრძანებით იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა პატარკაციშვილების ოჯახთან გააფორმა მემორანდუმი, რის საფუძველზეც ოჯახს დაუბრუბდა ყველა ქონება, გარდა ტელეიმედისა.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, წინასწარვე დაგეგმილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დადგენილება უნდა გამოეტანათ. კახიძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას თავიდანვე ჰქონდა ბრალდებისთვის საკმარისი მასალები, მაგრამ იბარებდნენ მაინც მოწმის სახით და არღვევდნენ კანონს.
„თვალთმაქცობა აღმოჩნდა პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაბარება, რადგან წინასწარვე იყო დაგეგმილი, რომ ბრალის დადგენილება უნდა გამოეტანათ. დაცვის მხარე ნახავს მტკიცებულებებს, რა მასალებია საქმეში და იმის მიხედვით გაკეთდება დამატებითი კომენტარი. ბადრი პატარკაციშვილის დაგეგმილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც ხელისუფლებამ აღკვეთა“, - აცხადებს ოთო კახიძე, რომელსაც არ აქვს პასუხი კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.
ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილს არანაირი იმუნიტეტი არ იცავს, ექსპეტრები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ჩამოსაყვანად პროკურატურას მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება შეუძლია.
„თუ ინტერპოლი დაადგენს, რომ ძებნა გამოცხადებულია წმინდა სამართლებრივი საფუძვლებით, მას პირი შეჰყავს ძებნილთა სიაში. სააკაშვილს არანაირი იმუნიტეტი არ იცავს. მის მიმართ მოქმედებს ის რეგულაციები, რაც დადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ამ ეტაპზე ესაა სისტემური ტიპის ერთადერთი დანაშაული, რომელთან მიმართებაშიც პროკურატურამ არა ეპიზოდურად დააყენა ვიღაცების პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ ცდილობს გამოკვეთოს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა“, - აცხადებს კახი კახიშვილი.