ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანით, როცა კარიერას იწყებდა. მახსოვს, ბევრი “გიჟური” მასალა გაგვიკეთებია. ერთხელ, საზოგადოებას მისი “ტვინების კოლექციაზეც” ვუამბე... ამასობაში, პოლიტიკურ არენაზე მიხეილ სააკაშვილი, როგორც ახალგაზრდა რეფორმატორი, გამოჩნდა და ჩემი კარგი ნაცნობი ყურადღების მიღმა არ დარჩენია... მიშა იუსტიციის მინისტრი რომ გახდა, ჯერ სამინისტროში წაიყვანა, მერე, ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად დანიშნა. სწორედ ამ დროს მოკლეს გიორგი სანაია... საერთოდ, 2000 წლის მერე საქართველოში მომხდარი თითქმის ყველა გახმაურებული მკვლელობისა თუ თვითმკვლელობის საქმეში ფიგურირებს. შესაბამისად, ბევრი კი არა, ძალიან ბევრი იცის... 2006-ში რომ დაიჭირეს, გავიფიქრე, შესაძლოა, სწორედ ამ ცოდნის გამო გაანეიტრალეს-მეთქი... ამ ეჭვს თვითონაც იზიარებს... მოკლედ, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სისხლიანი ქრონიკების ერთგვარი ჟამთააღმწერია. რა საეჭვო დეტალი ნახა ნუგზარ საჯაიას თავის ქალაზე, რისი თქმის საშუალებას არ აძლევდა მიხეილ სააკაშვილი გიორგი სანაიას საქმესთან დაკავშირებით, რატომ ახსენებს ჯემალ გოგიტიძის გარდაცვალებას და რა შემთხვევაში გამოეთიშება კიწმარიშვილის საქმეს? - “ქართული სიტყვა” დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა.
- მაია, კრიმინალისტი არ ხარ, მაგრამ ავტოფარეხი, სადაც გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი იპოვეს, ხომ ნახე?
- არა, ავტოფარეხი არ მინახავს, დალუქული მანქანა სხვაგან დავათვალიერე, თუმცა მაინტერესებს და ავტოფარეხს აუცილებლად ვნახავ.
- ავტოფარეხს, როგორც ამბობენ, დაცვა ჰყავს, შესაბამისად, იქ უცხო ვერ ჩავიდოდა...
- რა თქმა უნდა...
- ხომ არ გიჩნდება ეჭვი, რომ თუკი თვითმკვლელობა არაა, მკვლელობის დროს, ავტოფარეხში ერთი კი არა, რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა?
- ვანო, თუ მკვლელობაა, მაშინ ძალიან რთული და სხვანაირ დონეზეა გაკეთებული, თუმცა ამ შემთხვევაში, კონკრეტული ვერსია არ მაქვს და ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ...
- სხვათა შორის, შენთან დაკავშირებით, მეც ბევრი რამ მიფიქრია. სხვა თუ არაფერი, ბოლო, მინიმუმ, 10-15 წლის განმავლობაში, საქართველოში მომხდარ თითქმის ყველა გახმაურებულ სისხლიან საქმესთან გქონია შეხება...
- ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზას არ დავსწრებივარ, თუმცა მინუსებზე ვიმუშავე...
- მახსოვს, ერთხელ თქვი, რომ შენი დაპატიმრების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, სწორედ ჟვანიას საქმის მინუსებზე ლაპარაკი გახდა...
მოდი, ნუგზარ საჯაიას უცნაური გარდაცვალება გავიხსენოთ...
- ვანო, როგორც მახსოვს, საჯაიას საქმეზე თავის დროზე ვისაუბრეთ...
- შეიძლება, მაგრამ მას მერე დიდი დრო გავიდა...
- ნუგზარ საჯაია რომ დაიღუპა, იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი. არავის დაურეკავს და სიმართლე გითხრა, გამიკვირდა, რომ არ მითხრეს, ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღეო. საერთოდ, ჩემი სურვილით არც ერთ საქმეში არ ვერთვები...
- ამ დროს იუსტიციის მინისტრი ისევ მიხეილ სააკაშვილია?
- არა, მიშა წასულია და მინისტრი როლანდ გილიგაშვილია, რომელთანაც ძალიან რთული ურთიერთობა მქონდა. მიუხედავად ამისა, ხუთის ნახევარზე გილიგაშვილმა დამირეკა. ჩემი ვარაუდოთ, ამ დროს გაკვეთა უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, რადგან ტელევიზიით, კარგა ხნის წინ გამოაცხადეს, ექსპერტიზა დაიწყოო. მოკლედ, გილიგაშვილმა დამირეკა და მითხრა, მაია, რესპუბლიკურში მიდიო. სხვათა შორის, მხოლოდ საჯაიას კი არა, ჟვანიას გვამიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოიკვლიეს.
- ამ დეტალს ხაზს რატომ უსვამ?
- მაშინ სასამართლო-სამედიცინო სასექციო ავლაბარში იყო და ამ დროს გამოკვლევა “რესპუბლიკურში” ჩატარდა. საერთოდ, ექსპერტიზაში ძალიან ბევრი პათანატომი ჩარიეს...
მოკლედ, როცა “რესპუბლიკურში” მივედი, თავი უკვე გაკერილი იყო - საჯაიას დაზიანება თავის არეში ჰქონდა. ვიკითხე, თავი გაკერილია, ანუ გამოკვლევა, პრაქტიკულად, დამთავრებულია და რისთვისღა მოვედი-მეთქი. ეს ჩემი პროტესტი იყო, რომ მხოლოდ ხელი უნდა მომეწერა, მაგრამ თავის ქალა გახსნეს. ახლა, ცოტა მძიმე თემაზე მომიწევს საუბარი, მაგრამ მარცხენა მხარეს, ქალა-სარქველის გახერხვის ადგილას, მრგვალი ამოტეხილი შევიშნე. არ ვიცოდი, რომ ბრმა ცეცხლსასროლი დაზიანება იყო და ჩავილაპარაკე, ესე იგი, ეს გამოსავალია-მეთქი. მიპასუხეს, არა, ბრმა არისო. გამიკვირდა, ბრმა როგორ არის-მეთქი. სანიტარს ამოუტყდაო.
- ბრმა რას ნიშნავს?
- ჭრილობა გამჭოლია, როცა ტყვია შედის და გამოდის, ბრმა ცეცხლსასროლი დაზიანების დროს კი, ტყვია სხეულში ჩერდება და გამოსავალი ხვრელი არ არსებობს. სხვათა შორის, შესავალი ხვრელების კანიც ამოჭრილი იყო.
- ექსპერტიზაში ეს მნიშვნელოვანი დეტალია?
- მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ როცა ფორმაშეუცვლელს ნახულობ, სხვა სურათს იღებ. ჩემი მისვლის დროს კი, როგორც გითხარი, თავის გამოკვლევა დასრულებული იყო. მართალია, სხეულის გამოკვლევა მერე ჩატარდა, მაგრამ როცა დაზიანება თავის არეშია, ადამიანის დაავადებებს რა აზრი აქვს?
- თეორიულად დასაშვებია, რომ სანიტარს ამოუტყდეს?
- ვიდექი და ვფიქრობდი: ახლა რომ ვთქვა, ეს ამონატეხი არაა, მაშინ უნდა ვთქვა, თუ რა არის-მეთქი, მაგრამ არ ვიცოდი, რეალურად რა მოხდა და რაღაც უნდა მომეგონებინა, მით უმეტეს, რომ ამოტეხვის მომენტი ვიდეოთი არ იყო დაფიქსირებული.
- უნდა დაეფიქსირებინათ?
- მაშინ ვიდეოს არ იღებდნენ...
- რა ეჭვი გაგიჩნდა?
- ვფიქრობდი, რამე ზემოქმედება ხომ არ იყო-მეთქი... თავა-ქალის სარქველზე ჩაქცევაც შევამჩნიე...
- ბოლოს, როგორ მოიქეცი?
- შესავალი ხვრელიდან ამოღებული კანის პრეპარატი, ტყვიის გულა მაჩვენეს და ყველამ დამისაბუთა, რომ სანიტარს ამოუტყდა. ამიტომ, უბრალოდ, გავჩერდი, თუმცა უკმარისობის შეგრძნება დღემდე მაქვს.
- დასკვნას ხელი მოაწერე?
- კი, მოვაწერე, თუმცა ამის გამო უკმაყოფილება მაშინვე გამოვთქვი.
- ამოტეხილი დეტალი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ საჯაიამ თავი კი არ მოიკლა, არამედ, მოკლეს?
- არ ვიცი, ვანო. შესაძლოა, სანიტარს მართლა ამოუტყდა...
- მაია, რა ამის პასუხია, მაგრამ ადრე, როცა ვურთიერთობდით, უფრო თამამი იყავი, ახლა რაღაც თავშეკავებული მეჩვენები...
- ეს ცხოვრებისეული გამოცდილებაა და იცი, ახლა როგორ ვარ? - იმას, რაშიც დარწმუნებული არ ვარ, კატეგორიულ ფორმას არ ვაძლევ. ეს პროფესიულმა გამოცდილებამ მოიტანა.
- ლევან სამხარაულის გვამის ექსპერტიზაშიც მონაწილეობდი?
- არა... ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვახო კომახიძის ფილმის ჩვენებიდან, მგონი, ორ დღეში, ლევან სამხარაული მოკლეს, რომელიც ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელად ჩემს მერე დაინიშნა.
- ექსპერტიზის ცენტრს, როგორც მახსოვს, სამი წელი ხელმძღვანელობდი, არა?
- დიახ. სხვათა შორის, ლევანს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემი შვილის თანაკურსელი იყო და მაშინვე ვიფიქრე, ახალგაზრდა, მაქსიმალისტი რომ იყო, მისი სიცოცხლე, ასე, ალბათ, ამიტომ დამთავრდა და ექსპერტიზაში, ალბათ, სწორედ მისნაირი პიროვნება სჭირდებოდათ-მეთქი.
ვცდილობ, სუბიექტური არ ვიყო და გამოვიმუშავე, რომ ჩემი ემოცია გარეთ აღარ გამოვიტანო. საერთოდ, ექსპერტი დასკვნას მასალების საკმარისობის შემთხვევაში გასცემს, ან ამბობს, რომ მასალები დასკვნის გასაცემად არასაკმარისია და მორჩა, თუმცა ვანო, შენთან სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი: სამხარაულს იმდენი პროფესიული გამოცდილება არ ჰქონდა, მრავალი ექსპერტიზის შეპირაპირება ისე გაეკეთებინა, რომ მინუსები არ დარჩენილიყო. მე და ვახო კომახიძემ სწორედ ამ მინუსებზე ვიმუშავეთ და, მგონი, ლევანს სწორედ ეს არ აპატიეს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომელსაც ლევან სამხარაულის მკვლელის, მჭედლიშვილის თვითმკვლელობაც ადასტურებს. სრული აბსურდია - მჭედლიშვილს თავი ორი სხვადასხვა იარაღის ერთდროული გასროლით არ მოუკლავს. ამაში, როგორც ექსპერტი, დარწმუნებული ვარ და ამიტომ მგონია, რომ ლევან სამხარაულს ჟვანიას საქმის სუფთად ვერშეკვრა არ აპატიეს!
- მაია, არ ვიცი, ამ თემაზე ლაპარაკი შეიძლება თუ არა, მაგრამ ვახო სანაიას “რეაქციაში” გაკეთებულმა განცხადებებმა, ჩვენი შორეული საუბარი გამახსენა. შეკითხვას დელიკატურად დავსვამ და თუ გინდა, არ მიპასუხო: ეროსი კიწმარიშვილი მართლა ცდილობდა, რომ გიორგი სანაიასთან დაკავშირებით, როგორც ექსპერტს, ის გეთქვა, რაც არ იყო?
- გიორგი სანაიას საქმეზე ეროსი მოჭარბებულ ინტერესს იჩენდა.
- რას გულისხმობ?
- ექსპერტიზის დასკვნები აინტერესებდა, მაგრამ ეროსი რაც უნდა ცნობილი ადამიანი ყოფილიყო, ამ დასკვნების გაცნობის უფლება არ ჰქონდა. იმხანად ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი ვიყავი და დამოუკიდებელი ექსპერტიც რომ ვყოფილიყავი, დასკვნებზე სრულ წვდომას არ მივცემდი. არსებობს რაღაც, რასაც ვიდრე ბეჭედი არ დაერტყმევა, ვერავინ წაიკითხავს! ჩემი მისდამი პოზიტიური განწყობის მიუხედავად, ეროსის იმას, რისი თქმაც არ შეიძლებოდა, ვერ ვეტყოდი. ვიცოდი, ვისი სახელითაც მოდიოდა და ჩვენს შორის, ალბათ, გახსნილობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ...
- ვისი სახელით მოვიდა?
- არ მინდა, ამაზე ვისაუბრო...
- მაინც, რა იფიქრე, დასკვნის გაცნობა წინასწარ რატომ უნდოდა?
- ეს შეკითხვა მაშინვე გამიჩნდა, დეტალები რატომ აინტერესებს-მეთქი. ეროსი გიორგის შეფი იყო, გული შესტკიოდა, აიტერესებდა, რა ხდებოდა და შეიძლება, არ იცოდა, რომ ექსპერტიზის დასკვნების წინასწარ გაცნობა არ შეიძლება...
- გიორგი სანაიას საქმეზე ზეწოლა სხვებისგანაც იყო?
- ეროსის შემთხვევაში, ადგილი ზეწოლას კი არა, ინტერესის გამოვლენას ჰქონდა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: პრესკონფერენცია გავმართე და ჟურნალისტები მეგობრულად დელიკატურ თემაზე ჩურჩულით მეკითხებოდნენ: მართლა? ყველას ვეუბნებოდი, მკითხეთ საჯაროდ, პრობლემა არაა-მეთქი. პირველად მოხდა, რომ მიშამ მითხრა, მხოლოდ იმ ჟურნალისტს უპასუხებ, ვისაც შეკითხვის დასმის უფლებას მარიკა ვერულაშვილი მისცემსო. უკაცრავად, მაგრამ მიჩვეული არ ვარ, რომ ჩემი პასუხები სხვამ აკონტროლოს... პრესკონფერენცია დაიწყო, მარიკამ შეკითხვის დასმის უფლება ერთ, ორ, სამ ჟურნალისტს მისცა და განაცხადა, პრესკონფერენცია დასრულებულიაო. არადა, ამ დროს შეკითხვები იყო და ვთქვი, პასუხს ყველა შეკითხვას გავცემ-მეთქი. მოკლედ, ზემოხსენებული დელიკატური შეკითხვაც დამისვეს და განვაცხადე: ის, რაზეც მთელი საქართველო ჩურჩულით ლაპარაკობს, კატეგორიულად გამორიცხულია და მსგავსი არაფერი ყოფილა-მეთქი. პრესკონფერენციისა თუ ინტერვიუს შემდეგ, მიშა აუცილებლად მაფასებდა და ამბობდა, მაია კარგი იყოო, მაგრამ პირველად მოხდა, როცა მიშასგან შეფასება არ მივიღე.
- ეჭვი გაგიჩნდა?
- რა თქმა უნდა, ანუ ჩემი აზრით, მიშას არ აწყობდა, მეთქვა, რომ ის, რაზეც ყველა ჩურჩულებდა, არ იყო. ამაზე ხმამაღლა საუბარი, თვალებში გიყურებ და გეუბნები, ჩემი ინიციატივით დავიწყე!
- მიშას რატომ აწყობდა, რომ ჭორს ეცოცხლა?
- არ ვიცი, მაგრამ ფაქტია: ამ პრესკონფერენციის მერე, სასწრაფოდ აშშ-ში გამიშვეს. მახსოვს, სააკაშვილს ვუთხარი, მიშა, ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად ახლახან დავინიშე, რეორგანიზაციას ვიწყებ და ჩემი აშშ-ში წასვლა როგორ შეიძლება-მეთქი.
- გამოდის, სიტუაციას გაგარიდეს...
- პროკურატურას მტკიცებულებები მოჰქონდა.
- აშშ-ში რამდენ ხანს დარჩი?
- მგონი, ერთი კვირა... აშშ-ში, დამწვრობის მიდამოდან, კანის პრეპარატი წავიღე და “ეფ-ბი-აი”-ში ჩემი ხელით მივიტანე, მაგრამ აღარ ვიცი, ამ მტკიცებულებებს რა ბედი ეწიათ. სხვათა შორის, ვნანობ, კანის პრეპარატი რატომ მივეცი, ჯობდა, შემენახა, არ გაფუჭდებოდა და მტკიცებულება დარჩებოდა.
- დაბრუნდი, აშშ-დან, მერე რა ხდება?
- ათი დღის ჩამოსული ვიყავი, რომ ისევ გამიშვეს.
- ისევ აშშ-ში?
- დიახ... 2001 წლის 19 სექტემბერს მიშა იუსტიციის მინისტრობიდან გადადგა და ამ დროს მე ისევ აშშ-ში ვიყავი, ანუ მიშამ ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად დამნიშნა და გიორგის საქმის პირველი ეტაპიდანვე უცხოეთში გამიშვა...
- კიწმარიშვილის გარდაცვალებამ გიორგი სანაიას მკვლელობასთან პარალელები არ გაგიჩინა? სხვათა შორის, კიწმარიშვილის საქმე შენთვის ერთგვარი რეაბილიტაციაა...
- ვანო, მართალი ხარ, ასეთი გახმაურებული საქმე აქამდე არ ყოფილა...
- პარალელებზე გკითხე...
- ეჰ, ვანო, ჩემი ეჭვები ხმამაღლა რომ ვთქვა... ისე, ეჭვი ჩემი პროფესიის ნაწილი და ინსტრუმენტია - თუ ეჭვი არ მექნება, ვერ ვიმუშავებ. თუ დარწმუნდები, რომ თვითმკვლელობაა, წერტილი უნდა დასვა და გაჩერდე! არ მინდა, ამ შეკითხვაზე გიპასუხო...
ინგა გრიგოლიას გადაცემაში ვთქვი, ეროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოზიცია არ მაქვს-მეთქი. დებილი კი არ ვარ, პოზიცია რომ არ მქონდეს, მაგრამ ჩემს თავს ვწვრთვნი, პოზიცია არ მქონდეს, რადგან სუბიექტური არ ვიყო. ჩემს თავს ძალიან დიდხანს ვწვრთნიდი, რომ შეფასებაში ადამიანური ფაქტორი არ ჩავდო...
- ვცდილობ, ის გათქმევინო, რასაც ფიქრობ...
მაია, შენი დაჭერა, უბრალოდ, შენს განეიტრალებას ხომ არ ემსახურებოდა? - ფაქტია, ბევრი რამ იცი და რუსეთთან მიბმულის იარლიყით, პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდებოდი და აღარავინ დაგიჯერებდა... მოკლედ, მიშამ შენზე შური იძია?
- შურისძიება იყო, თან ძალიან საინტერესო: ფაქტია, რომ პოლიტიკაში აღმოვჩნდი, მაგრამ ვანო, იცი, რა იყო? - ეს მე არ მინდოდა.
- აბა, როგორ აღმოჩნდი?
- ისე “ლამაზად” მატარეს, რომ იქ აღმოვჩენილიყავი, სადაც აღმოვჩნდი. ვთვლი, რომ ყველაფერი მართული იყო და, ამ გონებით რომ ვფიქრობ, მიკვირს: ღმერთო ჩემო, მე ხომ ჩემი ტვინი მქონდა, მე ხომ მე ვიყავი, რაღაცები რატომ ვერ შევამჩნიე და ეს კატასტროფული შეცდომა როგორ დავუშვი-მეთქი! იმ გზაზე გამიშვეს, რომ საბოლოოდ, პოლიტიკაში მოვხვედრილიყავი. დიახ, ეს შურისძიება იყო, ოღონდ ძალიან რაფინირებული, თორემ მხოლოდ ის კი არა, რაც დამაბრალეს, ისიც, რაც ვაღიარე, აბსოლუტური ტყუილი და საშინელი შიშით ნათქვამი იყო.
ვცდილობ, რომ ამ თემაზე არ ვიფიქრო, მაგრამ სამი წლის წინ, ფსიქოლოგიის შესწავლა დავიწყე - ერთ-ერთ უცხოურ ინსტიტუტში, ასე ვთქვათ, დაუსწრებლად ვსწავლობ და ეს მექანიზმები ნელ-ნელა გავხსენი. ადამიანებს რცხვენიათ, აღიარონ, რომ ეშინიათ, მაგრამ იცი, იქ რას ვფიქრობდი? - მართალია, ჩემს შვილებს სიცოცხლე მე მივეცი, მაგრამ მისი წართმევის უფლება აღარ მაქვს-მეთქი. როცა საქმე შვილებს ეხება და არ გეშინია, ესე იგი, ქალი არ ხარ, თორემ სტალინმა ეს შეძლო! სტალინობამდე ბევრი მაკლია და ღმერთმა ნუ ქნას, ისეთი ძლიერი გავხდე, რომ ჩემი შვილების სიცოცხლეზე მაღლა რამე დავაყენო!
- ესე იგი, მას შემდეგ რაც დაგიჭირეს, საფრთხე შვილების სიცოცხლეს შეექმნათ?
- იცი, რა? - არაფერი მომჩვენებია და საფრთხე რეალური იყო. შევარდნაძის დროს იმის შიში არ მქონდა, რომ ჩემს ოჯახს ვინმე შეეხებოდა - ჩემი მეუღლე პროკურატურაში მუშაობდა, მე კი, რა დღეში ვიყავი და ხომ კარგად იცი, რომ არ ვთამაშობდი, მაგრამ ჩემი მეუღლე ჩემს გამო სამსახურიდან არ გამოუშვიათ: მე ჩემი საქმე მქონდა, მას - თავისი და ამის გამო ოჯახი დაგვენგრია თუ პროფესია შემეცვალა? მაშინ ოჯახს არავინ ეხებოდა, მიშას დროს კი, ოჯახს ვინ ჩივის, ნათესავსაც და საგვარეულოსაც ეხებოდნენ! მოკლედ, ჩემი ღირსების შენარჩუნების ფასად, შვილები, ძმა, ძმის ოჯახი - ყველა უნდა განადგურებულიყო და აი, სწორედ მაშინ ვიფიქრე: ჯანდაბას, დავისხავ ამ ლაფს - ამ ადამიანებმა რა დააშავეს, რა, მათთან შეთანხმებული მქონდა, აქ მივდივარ და თუ გავიწირები, თქვენც უნდა გაიწიროთ-მეთქი?! ისინი ღირსები იყვნენ, რომ ჩემს გამო გაწირულიყვნენ?!
- შენს გამო, ოჯახი არა, მაგრამ სხვა ადამიანები გაიწირნენ!
- არა, ვანო, არც სხვა ადამიანები გაწირულან. ეს შეთანხმებული გეგმა იყო...
- შეთანხმებული მათთან იყო, ვინც შენთან ერთად დაიჭირეს?
- არა, ამ ადამიანებმა შეიძლება, დღესაც არ იციან, თუ სად გადაწყდა მათი ბედი.
- სად გადაწყდა?
- სხვაგან...
- კრემლში, რუსეთში?
- რუსეთის ოფიციოზთან არ გადაწყვეტილა... აქაურ ხელისუფლებასთან ერთად გადაწყდა. ამ ადამიანებმა არ იციან, რა ბინძურ თამაშში იყვნენ... მეც ამას იქ მივხვდი...
- ციხიდან რომ გამოვიდნენ, არ აუხსენი, რასაც მიხვდი?
- არა.
- რატომ?
- მათ რწმენა აქვთ, რომ ჯერ ერთი, მაია ნიკოლეიშვილი ცუდია და იფიქრონ ასე. მეორეც, იმის რწმენაც აქვთ, რომ ჩემს გარდა არავის გაუწირია. ჯობია, თვლიდნენ, რომ მე გავწირე, ვიდრე იმას მიხვდნენ, სინამდვილეში, ყველანი თავიდანვე როგორი გაწირულები ვიყავით.
- თავიდანვე იგორ გიორგაძემ გაგწირათ?
- არ ვიტყვი, რა... სხვათა შორის, ჯემალ გოგიტიძეც ცოცხალი აღარაა და ძალიან თავისებურად გარდაიცვალა და ძალიან დამენანა... რომ გითხრა, დეტალები ვიცი-მეთქი, არ ვიცი... ყველაფერი ფარდის უკან ხდებოდა და არავინ ჩამახედებდა, მაგრამ არსებობს ანალიზი...
- ჯემალ გოგიტიძის ხსენებით საინტერესო მინიშნება გააკეთე...
მაია, ხომ არ გეჩვენება, რომ კიწმარიშვილის საქმეში ჩართვით, ვიღაც კიდევ რაღაც გაურკვეველ თამაშში გითრევს? იცი, ამას რატომ გეკითხები? - “ნაციონალები” ამკვიდრებენ ვერსიას, რომ კიწმარიშვილი მიუღებელი ხელისუფლებისთვის იყო. თუკი ფაქტებით მიხვალ დასკვნამდე, რომ ეს მკვლელობა იყო, “ნაციონალების” ვერსიას, შენდაუნებურად, გაამყარებ...
- მთავარი მხოლოდ ჩემი დასკვნა არაა...
- კი ბატონო, მაგრამ დაფიქრდი, იქნებ, ისევ სხვის თამაშს თამაშობ?..
კიწმარიშვილის საქმეში მონაწილეობაზე რატომ დასთანხმდი?
- იმიტომ, რომ ექსპერტი ვარ! ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა მომმართა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, თორემ ოჯახთან შეხება არ მქონია. გაგისა და მერაბ ჩიქოვანთან ერთად, სხვა საქმეებიც მქონია და მათთან მუშაობა ღირს. ეს საქმე სხვა ადვოკატს რომ ჰქონოდა, პირდაპირ ვამბობ, შეიძლება, არ დავთანხმებულიყავი. გაგიმ და მერაბმა კი, მუშაობა იციან! საერთოდ, ჩემი პროფესია ისეთია, რომ სათავისოდ შეიძლება, ყველამ გამოიყენოს, რადგან საქმე ყოველთვის სკანდალთან გვაქვს, მაგრამ ამის გამო პროფესიას ვერ შევიცვლი... ისე, მას მერე, პოლიტიკას არ ვეკარები, არ მაინტერესებს!
- მაია, კიდევ ორი შეკითხვა და მოვრჩეთ: თუკი კიწმარიშვილის თვითმკვლელობა გამოირიცხა, როგორც ექსპერტი, მუშაობას რა ვერსიაზე დაიწყებ?
- რაღაც ფიქრები და კითხვის ნიშნები არის...
- ზეწოლა რომ იყოს, იმას, რასაც ნახავ და რაც რეალობა იქნება, მაინც დაწერ?
- რატომ დავწერ, რა ძალა მადგას? ზეწოლა რომ იყოს, გამოვალ და ვიტყვი, ის პირობები არაა, სადაც უნდა ვიმუშაო-მეთქი... მორჩა და გათავდა!
- ამის შანსი არსებობს?
- არა... ასეთი განცხადება რომ გავაკეთო, ვანო, გგონია, რომ ნაკლებხმაურიანი იქნება?! გახსოვს, ბისმარკმა რა თქვა, პატიოსნება ყველაზე კარგი პოლიტიკააო. სიმართლე არაფერში წაგაგებინებს. იქნება ზეწოლა? - კი ბატონო, კარგად იყავით და ამაზე მეტი ბომბის აფეთქება შეიძლება, წარმოიდგინო?
- როგორც ვიცი, კიწმარიშვილის საქმეში ალტერნატიული გამოძიება ჩაერთო. მასთან ურთიერთობა გაქვს?
- არა...
- ამბობ, სამი წელია, ფსიქოლოგიას ვსწავლობო...
- გენშტანტ-ფსიქოლოგიას.
- ჰოდა, როგორ წარმოგიდგენია, ადამიანი, რომელიც თავის მოკვლას აპირებს, ღვედს გადაიჭერს, მანქანას დაქოქავს და ტყვიას მერე დაიხლის?
- სუიციდის ფსიქოლოგია არ შემისწავლია... დღეს გენშტანტ-კონსულტანტი ვარ, რის შემდეგაც გენშტანტ ფსიქოთერაპევტობაა. თუ შესაბამისი საათები დავაგროვე, შესაბამის სერთიფიკატსაც ავიღებ და ევროპის მასშტაბით გენშტანტ ფსიქოთერაპევტი ვიქნები... თუ ძალიან შემჭამენ, ახალი პროფესია მექნება...
- ...გია ხევიაშვილთან დალაპარაკების სურვილი არ გაგჩენია?
- არა, მაგრამ ფსიქოლოგიაში სხეულის ენა არსებობს და როცა მას ვუყურებ, ამ შემთხვევაში, როგორც ფსიქოლოგს, ძალიან ბევრი შეკითხვა გამიჩნდა...