სახელმწიფო უწყებებში პრემიის გაცემის წესი მკაცრდება, ამ ფონზე კი, დეპუტატები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გამოდიან. თუ, თინა ხიდაშელმა პრემიის გაცემის წესის გამკაცრების მიზნით, ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში მოამზადა, დავით ონოფრიშვილმა და ზაქარია ქუცნაშვილმა კანონმდებელისთვის ხელფასის გაზრდა მოითხოვეს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ხიდაშელის წინადადების ინიცირება მოხდება, რომლის გათვალისწინებითაც, აკრძალულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებიდან პრემიის, ფულადი ჯილდოს ან სხვა ანაზღაურების მიღება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრის, თვითმართველი ქალაქების საკრებულოების წევრების, მერების, გამგებლების, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების მიერ.
პროექტით, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს, მოხელეზე, ზემოთ აღნიშნული თანანმდებობის პირების გარდა, ზეგანაკვეთური მუშაობის, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური და ტვირთვის გათვალისწინებით, არასამუშაო საათებში დიდი მოცულობის დავალების შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის კვარტალში ერთხელ გასცეს პრემია პრემირებაზე წარმდგენი პირის მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებით, მოხელის მიერ ერთჯერადად მიღებული პრემია არ უნდა აღემატებოდეს მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ოდენობას და ასევე აკრძალულია საბიუჯეტო დაწესებულებაში ხელფასის შესახებ დებულებებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესების დადგენა.
ხიდაშელის მიერ მომზადებული წინადადებით, ერთდროული ფულადი ჯილდო, წახალისების ეს ფორმა გამოიყენება კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ და ერთდროული ფულადი ჯილდო არ უნდა აღემატებოდეს მოხელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ოდენობას.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, მომზადებული ცვლილებები სახელმწიფო დაწესებულებებს ავალებს, რომ 2014 წლის 1-ელ სექტემბრამდე უზრუნველყონ პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესების მიღება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
რაც შეეხება დეპუტატთა სურვილს ხელფასის გაზრდის თაობაზე, პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, პირველი განცხადება ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა, რომელსაც მიაჩნია, რომ სახელისუფლებო ვერტიკალში ყველაზე დაბალი ხელფასი პარლამენტის წევრებს აქვთ, რაც სამართლიანი არ არის.
როგორც for.ge-ს დეპუტატმა განუცხადა, ის არაპოპულარულ საკითხზე საუბრობს, მაგრამ მას მიაჩნია, რომ სამინისტროს დეპარტამენტის უფროსს უფრო მაღალი სახელფასო დანამატი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრს.
„ეს საკითხი გასასწორებელია. დაბალი ანაზღაურება აქვთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს“, - აცხადებს ქუცნაშვილი, რომლის პოზიციას იზიარებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
დავით ონოფრიშვილის ინფორმაციით, პარლამენტარის ხელფასი 2000 ლარს შეადგენს, დეპუტატი ხელზე იღებს 1600 ლარს, ხოლო პრემია საქართველოს პარლამენტში 2013 წლიდან საერთოდ არ გაცემულა.
„ხელფასი ხელზე 1600 ლარია, რაც საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყნისათვის დაბალია იმ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში, რაც პარლამენტარს გააჩნია. არის რეზერვი და გარკვეულწილად ზრდა არის შესაძლებელი, მაგრამ სათანადო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. პარლამენტის წევრის ხელფასი არ არის ადეკვატური - ბევრ უწყებაში დეპარტამენტის უფროსებს უფრო მაღალი ხელფასები აქვთ, ვიდრე აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის მოადგილეებს. მთავრობამ ეს დაარეგულირა და ამის გაკეთება პარლამენტსაც მოუწევს“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.