უზურფრუქტით გადაცემული “ტუალეტების სკანდალის” ახალი დეტალები

უზურფრუქტით გადაცემული “ტუალეტების სკანდალის” ახალი დეტალები

თელავში ძვირადღირებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოებს მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ხსნიან?!

ვალდებულებაში არ გვაქვს, საპირფარეშო მუდამ გახსნილი იყოს!” - უზურფრუქტით გადაცემულიტუალეტების სკანდალისახალი დეტალები

თუ სახლი გაქვთ, ესე იგი, თავზე მხოლოდ ჭერი კი არ გახურავთ, არამედ, წესით, საკუთარი საპირფარეშოც უნდა გქონდეთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ საპირფარეშოში შესვლა აკრძალული გაქვთ... აი, სწორედ ამ დღეშია თელავი... რასაც თელავში ჩამოსული ნახავთ, არ გეგონოთ, რომ ყველაფერი თელავს ეკუთვნის. ეს ისე, ქაღალდზე წერია, რომ თვითმმართველი ქალაქი ვართ და ქონება გვაქვს, თორემ რეალურად, თელავი ქალაქია, რომელსაც საკუთარი საზოგადოებრივი საპირფარეშოც კი არ აქვს!

ქალაქ თელავში, ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის უკან, 2012 წელს, საზოგადოებრივი ტუალეტი ტურიზმის სააგენტომ ააშენა. მშენებლობა 45 000 ლარი დაჯდა, თუმცა საპირფარეშო დაკეტილია და არ ფუნქციონირებს.

ამავე ქალაქში, ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე და, ასევე, ქალაქ ყვარლის ცენტრში, საზოგადოებრივი ტუალეტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ააშენა.

თელავის ისტორიული ჭადრის სიახლოვეს საპირფარეშოს მშენებლობა კომპანიას 11 7200 ლარი დაუჯდა. ამ თანხაში, შენობა-ნაგებობის აგების გარდა, ასევე, შედიოდა ეზოს მოპირკეთება, გარე გალავნის გაკეთება, წყლისა და საკანალიზაციო მილების შეყვანა-დამონტაჟება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ცალკე წერტილის შექმნა, წყლის 5-ტონიანი ავზის დამონტაჟება, სამი ხელსაბანი ოთახის მოწყობა, თბილი და ცივი წყლით უზრუნველყოფა, გარე და შიდა განათების გაკეთება. წყალმომარაგების კომპანიამ ყველა ვალდებულება შეასრულა, თუმცა საპირფარეშო დღემდე დაკეტილია.

წყალმომარაგების კომპანიის მიერ აშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალაქ თელავში, ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზეა,     საპირფარეშო, თავისი არსებობის განმავლობაში, მხოლოდ ერთი დღე იყო გახსნილი - 2013 წლის 14 ნოემბერს, თელავ-ქალაქობის ზეიმთან დაკავშირებით, ანუ მაშინ, როცა ქალაქს პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა ეწვია.

რატომაა თელავში ევროსტანდარტების საპირფარეშოები დაკეტილი?

თელავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემო გოგიაშვილი განმარტავს:

„- მუნიციპალიტეტს აღნიშნულ საპირფარეშოს მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია. ის სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე აშენდა და მოხდა დარღვევა, ანუ მიწა, რომელზეც საზოგადოებრივი ტუალეტი აშენდა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მიწის მხოლოდ 19 პროცენტია მუნიციპალიტეტის ბალანსზე. შესაბამისად, ჩვენ საპირფარეშოს მეპატრონე არ ვართ და იმ ქონებაზე პასუხისმგებლობას, რომელიც არ გვეკუთვნის, ვერც ავიღებთ“.

ანალოგიურს ამბობს ქონების მართვის სამსახურის უფროსი დავით ნუსხელიძეც: „- საზოგადოებრივი ტუალეტის მიწის ფართის მხოლოდ 19 პროცენტი გვეკუთვნის. ახლა სწორედ ის პროცესი მიდის, რომ უნდა მოხდეს მიწის გადაფარვა, ანუ ჩვენ სახელმწიფოსგან მივიღებთ სხვა, ამავე რაოდენობის მიწას, დანარჩენი კი, სრულად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იქნება. რაც შეეხება საპირფარეშოს, ის არ არის მუნიციპალიტეტის ქონება და რა ქონებაც არ გვეკუთვნის, მისი განკარგვის უფლება, ბუნებრივია, არა გვაქვს“.

ვინ გახსნა აღნიშნული ტუალეტი ერეკლეობას? - ამ შეკითხვის საპასუხოდ, თემო გოგიაშვილი იხსენებს:

„- მაშინაც გამგებელმა სთხოვა წყალმომარაგების კომპანიას, რომ ერთი დღით გახსნილიყო ტუალეტი, მაგრამ გასაღებები ვერ ვიპოვეთ და იძულებული გავხდით, კლიტე გაგვეტეხა და მერე, ახალი კლიტე გაგვეკეთებინა!“

წყალმომარაგების კომპანიის თელავის მენეჯერი კი ამბობს:

„- საპირფარეშო ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს. უბრალოდ, წყალმომარაგების კომპანიამ ააშენა, თუმცა მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი არაა”.

როგორც ქონების მართვის სამსახურში განმარტავენ, მას მერე, რაც მიწის გადაფარვა და ნახაზების ჩასწორება მოხდება, ეკონომიკის სამინისტრო ამ ქონებას მუნიციპალიტეტს გადასცემს, რომელსაც მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება, თავისი ქონება ისე მართოს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

რაც შეეხება თელავის დრამატული თეატრის უკან მდებარე მეორე საპირფარეშოს, ის ტურიზმის სააგენტომ 2012 წელს ააშენა და, ზემოთნახსენები საპირფარეშოსაგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, თუმცა ჭადართან მდებარე ტუალეტის ანალოგიურად, არც ეს საპირფარეშო მუშაობს და მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში იხსნება. 

თელავის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი, ბიძინა ხატიაშვილი გვიდასტურებს, რომ საპირფარეშო ამ უწყებას ეკუთვნის:

„- ეს საპირფარეშო მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და მის ბალანსზეა, მაგრამ მუნიციპალიტეტმა, როგორც საპირფარეშო, ასევე თეატრის გარშემო მიმდებარე ტერიტორია, უსასყიდლო უზურფრუქტით, დროებით სამართავად თეატრს გადასცა, ანუ არ გვაქვს უფლება, გასხვისებული ქონება ვმართოთ“.

დრამატული თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიმდებარე ტერიტორია მართლაც, თეატრს ეკუთვნის, მაგრამ საპირფარეშოს მოვლა-პატრონობა, ამ ეტაპზე, მწირი ფინანსების გამო, ვერ ხერხდება და ამიტომ მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ხსნიან, როცა ქალაქში ხალხმრავლობაა.

„ვალდებულებაში არ გვაქვს, საპირფარეშო მუდამ გახსნილი იყოს, ვალდებული ვართ, მას მოვუაროთ და ვუვლით კიდეც“, - აცხადებენ თეატრის ადმინისტრაციაში.

ასე რომ, თელავში საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაკლებობას არ ვუჩივით, ვუჩივით იმას, რომ დაკეტილია...