“წყნარად იყავი, აქ “ტრაკის” თამაშს არავის პატიობენ და დედას უტ....ენ!”

“წყნარად იყავი, აქ “ტრაკის” თამაშს არავის პატიობენ და დედას უტ....ენ!”

ჟურნალისტ ერეკლე ცოცანიძის შოკისმომგვრელი მოგონებები გლდანის ციხეზე

ერეკლე ცოცანიძე, მაკა მოსიაშვილის მსგავსად, ჟურნალისტია და მანაცმიხეილის ციხის ჯოჯოხეთისაკუთარი თვალით ნახა... “2012 წელს, გლდანის საპყრობილეში გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შეძრა. კადრებზე წამება იყო ასახული. მას შემდეგ, რაც 2011 წლის მაისში, გლდანის მერვე დაწესებულებაში მოვხვდი, მიზნად დავისახე, დეტალებში მომეყოლა საზოგადოებისთვის, თუ რა პირობებში უხდებოდათ პატიმრებს ცხოვრება. მე გიამბობთ ყველაფერს პირდაპირ და შეულამაზებლად, სახელებითა და გვარებით, წუთებითა და წამებით და თქვენ პირველები გაიგებთ სიმართლეს, რომელიც აქამდე არ იცოდით”, - ნათქვამია ერეკლე ცოცანიძის ციხის დღიურის წინასიტყვაობაში...

28 დეკემბერი, 2011 წელი

 

გამეღვიძა.

“კამერაში” არავინაა. ტელევიზორი ჩართულია. აკო შემოვიდა,

- ვაა, გაიღვიძე?

- კი...

- საჭმელი ავიღეთ დილით და პური შენს თაროზეც დავდეთ. აქ ასეა - თავის “პაიკას” ყველა თვითონ ინახავს.

გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ავდექი. ლოგინი გავასწორე. პირი დავიბანე და ჭამას შევუდექი. ჩემს თაროზე პური, მანიქაშა და ჭიქით მაწონი დევს. ამ დროს გაგა შემოვიდა, ყავა შემომთავაზა. საუზმის შემდეგ, ყავა დავლიე და “კამერის” ღია კარში გავედი.

- გამარჯობა, ბატონო ოფიცერო, - მივესალმე საშუალო ასაკის მამაკაცს, რომელიც ოფიცრის მაგიდასთან იჯდა.

- გაგიმარჯოს, შენ ახალი ხარ, ხო?

- კი, ახალი ვარ.

სახელი და სადაურობა გამომკითხა, მერე ის, თუ რატომ მოვხვდი აქ. ერთი შეხედვით, თითქოს იგრძნობა, რომ საავადმყოფოა - ოფიცრები აგრესიულად არ იქცევიან, თბილად საუბრობენ. აგერ, უკვე მერამდენედ მოვყევი, რაც შემემთხვა. ოფიცერს ზვიადი ჰქვია, მაღალი, მხარბეჭიანი კაცია.

გვერდით “კამერაში” შევედი. მივესალმე და მოვიკითხე ხალხი... პატიმარი შემოვიდა, რომელსაც „კამპოტა”-ს ეძახიან, ალექსი უფროსია კორპუსზე და არ გახვიდეთ, ჩუმად იყავითო, თქვა შეშინებულმა. სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო, მაღალი, ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა, სამოქალაქო ფორმა აცვია და ქამარზე რაცია აქვს დამაგრებული.

- აბა, რა ხდება, ხომ ხართ წყნარად? - იკითხა.

- კი, ალექსი უფროსო, - იყო პასუხი.

ჩუმად ვიდექი. არც თვითონ მოუქცევია ყურადღება.

ისევ “კამერაში” დავბრუნდი, ტელევიზორს ვუყურებ და სინდისი მქენჯნის - იქ, “მერვეში” ბიჭები რადიოს ანაბარა რომ არიან. ახლა მესმის მათი აგრესიის. ნელ-ნელა ოთახის ყველა ბინადარი შეიკრიბა. უცებ კარი გაიღო და ოთახში მრგვალი, უჟმური შესახედაობის მამაკაცი შემოვიდა.

- გამარჯობა, ზურა უფროსო, - მიესალმა ყველა.

- ახლები რომლები არიან?

- ერთი მე ვარ, მეორე გვერდით “კამერაშია”, - ვუპასუხე.

- დაჯექი და განცხადება დამიწერე, რომ გსურს ჩაირიცხო სამეურნეო ნაწილში, - კალამი და ფურცელი დამიდო მაგიდაზე. დავჯექი დავწერე და მივაწოდე.

- ახლა იცოდე, წყნარად იყავი, აქ “ტრაკის” თამაშს არავის პატიობენ და დედას უტ....ენ, “მერვეზე” ნაკლები არ გეგონოს, - თქვა და გავიდა.

ვინაა-მეთქი, ვიკითხე.

- ზურა ბულბულაშვილია, “სოციალების” უფროსი, - მიპასუხეს.

საღამოს შენობა დამათვალიერებინეს და მითხრეს, ალექსი და ზურა უფროსებს ერიდე, თვალში არ მოხვდეო. “სოციალების” უფროსის გარდა, კიდევ ერთი ზურა უფროსი ყოფილა, საავადმყოფოს დირექტორი ზურა რუხაია, რომელიც მგონი, გეგუთიდან გადმოუყვანიათ და, როგორც გავიგე, იქ დიდი სისასტიკით ყოფილა განთქმული.

მოკლედ, აქ ადამიანები ცალ-ცალკე ცხოვრობენ - ყველა თავისთვის ყიდულობს, ყველა თავისთვის ჭამს და სვამს.

საღამოს ბადრი დავრიშევი შემოვიდა.

- საღამოს თავი გადაიპარსე, წვერი კი, ყოველდღე გაპარსული უნდა გქონდეს.

- პაემანი მიწევს  და არ მინდა, თავის გადაპარსვა-მეთქი, - ვუთხარი.

გავიდა, ოღონდ მის თვალებში საშინელი სიძულვილი დავინახე.

საღამოს ყველა ჩვენს “კამერაში” შეგვკრიბა, შემოვიდა და შუაში დაჯდა. სანიტრები სად არიანო, იკითხა და კარიც გაიღო, გაიღო და ათამდე ადამიანი შემოვიდა, სახეზე საშინელი ტანჯვა ეტყობათ. შემოვიდნენ და კუთხეში გაჩერდნენ. დავრიშევი ისევ შუაში ზის. ჩემი და კუკურას თავი გააცნო დამსწრე საზოგადოებას, უთხრა, ახლები არიან და ყველაფერი ასწავლეთო. მერე, ერთს მიუტრიალდა ფეხზემდგომთაგან.

- შე ყ...ეო, წვერით რატომ ხარ, ხომ გითხარი, გაიპარსე-თქო? ახლა ალექსი უფროსს ვეტყვი და მერე არ დამემდურო.

სისხლი მომაწვა, აი, თურმე ვინაა დავრიშევი - ყოჩი, მაყურებელი თუ რაღაც ასეთი.

მოკლედ, იმ დღეს ასე დავიშალეთ.

ჩემს “კამერაში” კახელი ბიჭია, ვანო. იმას ვკითხე, ვინაა ეს ბადრი-თქო. გაჩუმდა, არაფერი მითხრა, გარდა იმისა, რომ არ უნდა შეეპასუხოო. ვანო ხულიგნობის მუხლით “ზის”, როგორც ამბობს, სლოტ-აპარატზე ფული მოიგო, არ მისცეს და ნასვამს დაცვასთან მოუვიდა ჩხუბი, თან პირობითი ჰქონდა და ისევ აქ მოიყვანეს.

გაგა საჩხერელია, ჭორვილელი. მე და ბიძინას ზოიას “ბუტკაში” თავის დროზე ვალი გვქონდაო, მითხრა. რისი ვალი-მეთქი და ნახევარი ლიტრა არყისო. გამეცინა.

კიდევ ერთი მაცხოვრებელია, კაკო, ავარიაზეა, ისიც კახელია, სიღნაღიდან. ჩემზე ბევრად პატარაა. კიდევ - გარიკა, სომეხი ბიჭი, 21 წლის, ლიფტიდან ხურდის ქურდობაზეა. იფიცება, არ ამომიღიაო...

ერთ რამეს ჩავუღრმავდი: პატიმრის ფსიქოლოგიაა ასეთი - რაც უნდა დააშავოს, მაინც უდანაშაულოა.

 

29 დეკემბერი, 2011 წელი

დღეს კარგად გავიგე ყველაფერი: ეს ნაწილი ორადაა გაყოფილი - ერთ ნაწილს, რომელშიც ჩვენც ვართ, ახლები, „მუჟიკებს“ ეძახიან. მეორეს, რომელზეც დავრიშევმა გვითხრა, შეხება და კონტაქტი არ გვაქვს, - “სანიტრებს”. ეს ის კატეგორიაა, მერვეში „ქათმებს“ რომ ეძახდნენ. სანიტრები ავადმყოფებს უვლიან, ბანენ, ასუფთავებენ. „მუჟიკები“ საჭმელს და ამანათებს არიგებენ, დავრიშევი კი, როგორც ვთქვი, ამ ორივეს ე.წ. მაყურებელია, აქ ბრიგადირს ეძახიან. როგორც ეტყობა, მის ნებასურვილზეა დამოკიდებული სამეურნეოში მყოფთა ბედი. სულ დირექტორის კაბინეტში დარბის, სულ რაღაცას აგვარებს. ახლაც სიას წერენ, ვის რას შემოუგზავნიან საახალწლოდ ოჯახის წევრები, რაც აკრძალულია ჩვეულებრივი პატიმრისთვის, ის აქ დაშვებულია. მაგლითად, ყავას მაღაზიაში მხოლოდ პრივილეგირებული პატიმრები ყიდულობენ.

დღეს, საღამოს, დაგვარეკინებენ, როგორც მითხრეს. ველოდები “მერვედან” ჩემს ბარგს. მანამდე ბიჭებმა მომცეს ბარათი, რომ დავრეკო. ამ ბარათზე ორი ზარია, დრო ნახევარი საათი გვაქვსო და სადაც გინდა, დარეკეო, - მითხრეს. აქამდე, თურმე, ყოველდღე რეკავდნენ. კვირაში რამდენჯერმე მაინც არის ტელეფონებიო.

ჩავედით დაბლა, ჩვეულებრივ “კამერებია”, ოღონდ - შიგნით ტელეფონები დგას. ბადრი აქაც პრივილეგირებულია - ერთი “კამერა” საკუთრადაც აქვს და მის გარეშე იქ ვერავინ შევა.

ცალკე “კამერა” აქვთ სანიტრებს და ცალკე ტელეფონი, არც იმათ “კამერაში” შედის ვინმე.

შევედი...

შინ დავრეკე. გავიგე, რომ ხვალ დედაჩემი მოდის და მგონი, - ჩემი დაც. ასე, 10-15 წუთი ვისაუბრე. რადგან მეორე ზარიც მქონდა, გადავწყვიტე, გოგიას შევხმიანებოდი. ნომერი ავკრიფე.

- ჰო... გისმენ, - გაისმა ნაცნობი ხმა.

- გოგი, როგორ ხარ? - მასთან საუბრისას პირველად ავღელდი.

- კარგად... რომელი ხარ?

- ერეკლე ვარ, გოგი, - გოგიამ პაუზა გააკეთა.

- ოოო... ნუ მიჰქარავ ახლა... რომელი ხარ?

- ერეკლე ვარ, ცოცანიძე, ციხიდან გირეკავ.

- დაიცა... ნუ ხარჯავ, მე გადმოგირეკავ, - იყო პასუხი. ძლივს მოვასწარი, მეთქვა, ვერ გადმომირეკავ-მეთქი.

10 წუთი გოგის ვესაუბრე და “კამერაში” დავბრუნდი.

“მერვეში” ჩაკეტილი ბიჭები გამახსენდნენ და ისევ გამქენჯნა სინდისმა, თუმცა სულ რამდენიმე დღეში, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი სამეურნეო ნაწილში გადმოსვლა სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა მეტი ინფორმირებულობისთვის.

 

4 იანვარი, 2012 წელი