ამერიკული ფაქტები და ქართველი ექსპერტის მოსაზრებები
ორი შავი ყუთი, რომელსაც გაერო ერთი კვირა ითხოვდა, ბოლოს და ბოლოს, ოფიციალურად გადაეცა მალაზიას. შავი ყუთების გადაცემა ლუგანსკელმა სეპარატისტებმა მალაზიის მთავრობის წარმომადგენლებთან ოფიციალურად, ხელმოწერით გააფორმეს და, პრაქტიკულად, მხარის სტატუსი შეიძინეს. რაც შეეხება სეპარატისტების, როგორც მხარის გაოფიციალურება, უკიდურესად არაორდინალურმა პოლიტიკურმა ვითარებამ გამოიწვია. აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ “ბოინგ 777”-ის ჩამოგდების შემდეგ, მსოფლიო პოლიტიკის გავლენიანი ლიდერები პრორუსულ სეპარატისტებს უკვე ტერორისტებად მოიხსენიებენ და მოსკოვისაგან კატასტროფის ადგილის გამოკვლევისთვის საერთაშორისო სპეციალისტებისათვის უსაფრთხო კორიდორის გაკეთებას ითხოვენ. პუტინმა თავიდანვე განაცხადა, რომ შავი ყუთები ნაპოვნია და მზადაა, თვითონაც ჩაერთოს კატასტროფის მიზეზების გამოკვლევაში, თუმცა ეს შავი ყუთები მხოლოდ ორშაბათს გადაეცა მალაზიის მთავრობის წარმომადგენლებს. სად იყო ეს შავი ყუთები თითქმის ერთი კვირის განმავლობაში და ჩატარდა თუ არა მათზე რამე მანიპულაცია? - ეს პუტინისა და მასთან განდობილების გარდა, ცხადია, არავინ იცის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შავი ყუთების გადაცემის შემდეგ, გაერო-ს რეზოლუციის ფორმულირება გამოძიების დაწყების თაობაზე “მცირედით” შეიცვალა: თავდაპირველად გაერო ითხოვდა გამოძიების დაწყებას “ბოინგ 777”-ის ჩამოგდების ფაქტზე, რაზეც კატეგორიულ უარს აცხადებდა რუსეთის წარმომადგენელი გაერო-ში და რეზოლუცია მიღებული ვერ იქნა. შავი ყუთების გადაცემის შემდეგ კი, “ჩამოგდება” შეიცვალა “ჩამოვარდნით” და გაერო-ს რეზოლუციაც ერთხმად იქნა მიღებული. ახლა საკითხი ასე დგას: არის თუ არა შავი ყუთი ერთადერთი ჭეშმარიტი სამხილი, რომელიც ნათელს მოჰფენს “ბოინგ 777”-ის კატასტროფას (თუ, რა თქმა უნდა, შავი ყუთი უკვე შესწავლილი და შეცვლილიც არაა და თუ, რა თქმა უნდა, ასეთი რამ შესაძლებელია!)? და კიდევ: რა ფაქტები აქვს გადაღებული აშშ-ის მზვერავ თანამგზავრს “ბოინგ 777-ის კატასტროფაზე? “ქართული სიტყვა” ექსპერტ ბადრი ნაჭყებიას ესაუბრა.
- ბატონო ბადრი, დავიწყოთ იმით, თუ რამდენად აპრობირებული ფორმაა პოლიტიკაში სეპარატისტ-ტერორისტებთან მოლაპარაკება და რაც მთავარია, მოლაპარაკებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება?
- ისტორიას ახსოვს უამრავი მაგალითი, როცა სეპარატისტებსა და ტერორისტებთანაც კი, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. სიტყვა “სეპარატიზმი”, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სეპარატისტული პრობლემები გვაქვს, უარყოფით კონტექსტში აღიქმება. უახლოეს წარსულში, იუგოსლავიაშიც დაიწყო სეპარატისტული მოძრაობა, ალბანურ სეპარატიზმს ყველა მხარს უჭერდა და საბოლოოდ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. თუ დემოკრატიულ სახელმწიფოში სეპარატისტული მოძრაობა იწყება, ეს აღიქმება, როგორც უარყოფითი მომენტი. უარყოფითად აღიქვამენ კატალონიურ და შოტლანდიურ სეპარატიზმს, თუმცა ისინი იბრძვიან სამართლებრივი კუთხით - რეფერენდუმები და ა.შ. ვიცით კატალონიური და ბასკური სეპარატიზმი, რომელსაც ტერორისტული ფრთაც აქვს, მაგრამ მთელი რიგი ქვეყნები თვლიან, რომ ეს რეგიონები სხვა გეოგრაფიულ სივრცეში უნდა იყვნენ.
რუმინეთში ძალიან სერიოზულად დგას უნგრელების პრობლემა - მილიონ უნგრელს სეპარატისტული მოძრაობა აქვს დაწყებული. უნგრელები არიან, აგრეთვე, დასავლეთ უკრაინაშიც. ჩვენთან, საქართველოში ხომ ვიცით, სეპარატისტული მოძრაობაა სამხრეთ ჯავახეთშიც?! აფხაზეთისა და ცხინვალის მსგავსად, იქ ჯერ იარაღის ჟღარუნი არ დაწყებულა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, დაიწყოს. სეპარატიზმი, თავისი ტერორისტული ფრთებით, გლობალური პრობლემაა მსოფლიო პოლიტიკაში.
- აჩვენებენ, თუ როგორ აფეთქდა თვითმფრინავი ლუგანსკის ოლქში და მსოფლიო პოლიტიკური ელიტა აშკარად შეშფოთებულია, სეპარატისტების უკან რუსეთი დგას, რომელიც პრაქტიკულად, არ ცნობს საერთაშორისო სამართალს... რა პერსპექტივები აქვს გამოძიებას?
- გავიხსენოთ 1993 წლის სექტემბერი, როცა სეპარატისტებმა სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოგვიგდეს, რომელიც სოჭიდან მოფრინავდა. ეს ფაქტი რატომ არის დავიწყებული?! მივაფუჩეჩეთ აფხაზეთის გენოციდის საკითხი, თვითმფრინავის აფეთქება. სეპარატისტებმა ჩაიდინეს საშინელი დანაშაული, მაგრამ არავინ დაისაჯა.
- მაშინ საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის ინტერესის სფეროში არ იყო, მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ასე არ უნდა იყოს, თან თვითმფრინავში დასავლეთელი მგზავრები ისხდნენ და სასწორზე დასავლეთის პრესტიჟი დევს. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრიც კი გააქტიურდა და კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს მოსკოვის მისამართით. დასავლეთის ეს ზეწოლა შედეგს მოიტანს?
- ყველაზე მეტი მგზავრი ჰოლანდიიდან იყო და ახლა გამოფხიზლდა ჰოლანდია, მანამდე ჰოლანდიისათვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რუსეთში ერთი მილიონი ყვავილი გაეყიდა. საერთოდ, შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება გამოძიება და რა ფაქტებს დადებს. ჯერჯერობით დე ფაქტო დამტკიცებული არაა, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებული იქნა სეპარატისტების მიერ.
აშშ-ის თანამგზავრმა გადაიღო კატასტროფა, მაგრამ თუ აშშ გადაღებულ მასალას ოფიციალურად არ წარადგენს და არ დაამტკიცებს, რომ სეპარატისტების ჩამოგდებულია, მაშინ შეიძლება, უკრაინის მთავრობასაც დაბრალდეს თვითმფრინავის ჩამოგდება. უკრაინას ასეთი რამ ერთხელ უკვე მოუვიდა, როცა ავიაკომპანია “სიბირის” თვითმფრინავი ჩამოაგდო 2003 წელს, ისრაელ-მოსკოვის რეისი. მაშინ საქმე ის იყო, რომ გაუმართავი რაკეტის თვითლიკვიდაციის მექანიზმი არ ჩაირთო და თვითმფრინავს 180 მეტრზე მოხვდა.
- იმას რითი ხსნით, რომ სეპარატისტები მთელი კვირის განმავლობაში, გაერო-ს წარმომადგენლებს შავ ყუთებსა და ცხედრებს არ აძლევდნენ?
- დონეცკელები ამბობენ, ჩვენ არ ჩამოგვიგდიაო, უკარაინელებიც ამას ამბობენ. გამოდის, თვითმფრინავი თვითონ ჩამოვარდა. ამ ვერსიას პასუხი შავი ყუთის გახსნის შედეგად უნდა გაეცეს.
როცა თვითმფრინავს ასაფეთქებელ რაკეტას ესვრიან, 15-17 მეტრზე მიახლოების შემდეგ, ეს რაკეტა დაახლოებით, მაგიდის ჩოგბურთის ბურთებისხელა “შარიკებს” ისვრის. თვითმფრინავი ფეთქდება და ამ “შარიკების” ნაჭდევების ფრაგმენტები თვითმფრინავზეც რჩება და ცხედრებზეც. შეიძლება, ის 38 გვამი, რომელსაც გაერო-ს წარმომადგენლებს არ აძლევდნენ, ამ “შარიკებით” იყო დაზიანებული. ექსპერტებმა თუ ვერ აღმოაჩინეს სამხილები, მაშინ ეს სამხილები ან განადგურებულია, ან საერთოდ არ არსებობდა და სათუო იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია.
თუ სეპარატისტებმა მოსპეს ის ფაქტები, რომ თვითმფრინავი მიწიდან იყო განადგურებული, მაშინ ჩნდება მეორე ვერსია, რომ სხვა ტიპის იარაღით, ავიაგამანადგურებლითაა ჩამოგდებული.
- თუ სამხილები, ფაქტები გაანადგურეს, მაშინ გამოდის, რომ პუტინს კარტბლანში აქვს და გაერო-ს თავს იმ ვერსიას მოახვევს, რაც აწყობს?
- სიტუაციას სხვა კუთხითაც შევხედოთ: ომის პირობებში იქ, სადაც რაკეტები დაფრინავენ და თვითმფრინავები უკვე ჩამოგდებულია, ამასთან, უკრაინის მთავრობამ იცის, რომ ერთ-ერთი გაუმართავი “ბუკი” სეპარატისტების ხელში აღმოჩნდა, საჰაერო სივრცე რატომ არ დაკეტა? ეს ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია: იცი, რომ შენს თვითმფრინავებს აგდებენ, იცი, რომ შენი ბუკია წაღებული და ამ დროს, საჰაერო სივრცეს არ კეტავ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის, არადა, ასეული თვითმფრინავი დაფრინავს და ამაში იღებ ფულს?! იქნებ, შენ ელოდები, რომ სეპარატისტები რომელიღაც თვითმფრინავს ჩამოაგდებენ და მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდები?!
- იქნებ, შავ ყუთში პუტინმა უკვე ჩაიხედა და იქ ყველაფერი ისეა, როგორც მას უნდა?! ალბათ, არაპროფესიონალური შეკითხვაა, მაგრამ შეიძლება, დალუქული შავი ყუთი ისე გაიხსნას და მონაცემები შეიცვალოს, რომ ესქპერტებმა ვერ შეამჩნიონ?
- გამორიცხვა არაფრის შეიძლება, მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს პროფესიონალებმა უნდა გაარკვიონ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, არსებობს სამხედო დაკვირვების თანამგზავრები, რომლებიც მხოლოდ ნასა-ს კი არა, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებსაც აქვთ. უმძლავრესი სამხედრო თანამგზავრები აქვს აშშ-ს და მისი თანამგზავრებიდან სამხედროების სამხრეების ნიშნების დანახვაც კი შეიძლება და შეუძლიათ, ყველა მხრიდან დაინახონ სახეები, მით უმეტეს, რომ კატასტროფა დღის საათებში მოხდა. სხვა თუ არაფერი, რაკეტის გაშვებისა და აფეთქების ფოტო მაინც ექნებათ. მათ ამის თაობაზე განცხადება გააკეთეს, ახლა ფაქტებიც უნდა დადონ და შავი ყუთი საჭირო სულ აღარ იქნება.
- თქვენი აზრით, აშშ ამ ფაქტების დადებას გაბედავს?
- ძალიან კარგი შეკითხვაა - გაბედავს თუ არა აშშ ამ ფაქტების დადებას?! - სწორედ ამაშია საქმე. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხის განსახილველად დასავლეთის წამყვანი ლიდერები შეიკრიბებიან, ისაუბრებენ ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხებზე და გადაწყვეტილებას ასე მიიღებენ. თუ რუსეთის მიმართ ისეთი სანქციები არ გატარდა, როგორიც დასავლეთის მხრიდან რუსულ ნავთობზე უარი და რუსული სავალუტო რეზერვების, რომელიც ევროპაში აქვთ, გაყინვაა, მაშინ რუსეთის მიმართ ძალიან არასერიოზული მიდგომა იქნება.
ვფიქრობ, თუ დასავლეთი რუსეთს სერიოზულ სანქციებს დაუწესებს, მაშინ პუტინს დათმობაზე წასვლა მოუწევს და შესაძლებელია, ლუგანსკი დათმოს. რუსეთს საკმაოდ სერიოზული კაპიტალი აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთის ოლიგარქებს ქონება და ვალუტა რომ გაეყინოთ, რა მოხდება, ეს კატასტროფა იქნება. მათი შვილები ცხოვრობენ და სწავლობენ ევროპაში. ევროპას ისინი აღიქვამენ, როგორც თავის სახლს, დასასვენებელ ადგილს, რანჩოს.