ნაციონალური აბსურდი - ლაზღანდარობის ფონზე დამტკიცებული მთავრობა

ნაციონალური აბსურდი - ლაზღანდარობის ფონზე დამტკიცებული მთავრობა

„პროცედურული დემოკრატიის მამად“ წოდებული დავით უსუფაშვილი, „გენიოსად“ აღიარებული გიორგი კანდელაკი, ჩიორა თაქთაქიშვილისთვის გადაცემული ბიძინა ივანიშვილის მოკითხვა, „მუზა დაკარგული“ გოგა ხაჩიძის „მადლობები ბატონ ბიძინას“ და „უფასო ფულის“ ძიება პარლამენტში - ასეთ ფორმატში მიმდინარეობდა ექვსი საათის განმავლობაში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის პროტესტით დასრულდა. საკანონმდებლო ორგანომ განახლებული მინისტრთა კაბინეტი 89 მომხრე ხმით არცერთის წინააღმდეგ ოპოზიციის გარეშე დაამტკიცა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მთავრობას ნდობა არ გამოუცხადეს და რიგგარეშე სხდომა საკუთარი გამოსვლების შემდეგ დატოვეს, თუმცა, მანამდე პოლიტიკური დებატები გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო და აღნიშნა, რომ 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ქვეყანა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპზე გადადის, რადგან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას იწყებს.

გამოსვლისას პრემიერი გახმაურებული საქმეების გამოძიების პროცესს შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა საქმე, რომელიც შეიძლება ეჭვს იწვევდეს, ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

„რთული წლების იარების მოშუშება უნდა დავიწყოთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე აპირებს თვალი დახუჭოს დანაშაულზე, ან უარი თქვას ყველა იმ საქმის გამოძიებაზე, რომლითაც ხალხს და სახელმწიფოს ზიანი მიადგა.
სწორედ ამიტომ, საქართველოში მსოფლიოში აღიარებული და პრაკტიკოსი სპეციალისტები მოვიწვიეთ, რათა მათ დახმარება გაუწიონ ქართველ პროკურორებს, რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მოხდეს გამოძიება, მათ შორის, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიებაც. მათი მონაწილეობა პროცესის სანდოობას გაზრდის და ყოველგვარ ეჭვს გაფანტავს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელსაც გოგა ხაჩიძემ კითხვით მიმართა - სახელმწიფო ბიუჯეტს სპეციალისტების მოწვევა თუ რა დაუჯდება. აღნიშნული კითხვის გარდა, ოპოზიციონერმა პრემიერისთვის იმ „უფასო ფულის“ შესახებ ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეხსენება სცადა, რომელიც მისი ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერმა 2012 წელს ყვარელში გასცა.

იქედან გამომდინარე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას ტყუილის დემონსტრირებაში ადანაშაულებს, გოგა ხაჩიძემ სხდომაზე ივანიშვილის ყვარელში მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი ჩანაწერის ჩართვა სცადა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმოდა.

ხაჩიძეს დავით უსუფაშვილმა მიკროფონი გამოურთო, რის გამოც ოპოზიციონერმა ის „პროცედურული დემოკრატიის მამად“ მოიხსენია და პროტესტი ტრიბუნასთან მირბენით გამოხატა. ხაჩიძის პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო და ის იძულებული გახდა ივანიშვილის გამოსვლის სტენოგრამა თავად წაეკითხა.

„თქვენ მიიღებთ უფასო ფულს, გრძელვადიან უფასო ფულს. 10-წლიან და 20 წლიან კრედიტებს. ძალიან კარგად ვიცით, საიდან მოვიტანოთ ეს ფული და როგორ მოგაწოდოთ თქვენ - თქვენ მიიღებთ უფასო ფულს. ეს ბიძინა ივანიშვილის ციტატაა და თუ შეიძლება გვითხარით, რა მისამართზე მივაკითხოთ უფასო ფულს და ნულპროცენტიან კრედიტებს?“, - მიმართა პრემიერს ხაჩიძემ, რაზეც ღარიბაშვილმა მას პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საინტერესო იდეის წარდგენა ურჩია და უპასუხა, რომ „სოფლის დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 400 მილიონი ლარი დაიხარჯა.

თანაგუნდელების მსგავსად, ხაჩიძე პრემიერის პასუხით უკმაყოფილო დარჩა და მან საკუთარი გამოსვლა „ბატონი ბიძინასთვის მადლობების“ გადახდის ფორმატში წარმართა.

„პირდაპირ თქვენს ტონალობაში გადავალ - მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას იმისთვის, რომ ასეთი პრემიერი დაგვინიშნა, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას იმისთვის, რომ ასეთი მთავრობა გვეყოლება, მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ასეთი პარლამენტი ვართ, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ეკა ბესელია მუზებზე მესაუბრება, მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ნოდარ ხადურმა 700 მილიონი სად დაკარგა, კაცმა არ იცის და უკან ზის და ხითხითებს. მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ქურდებს ვიღებთ და ვაცილებთ ქვეყნიდან, მადლობა ბატონ ბიძინას ყველაფრისთვის, დიდი მადლობა, რომ მზე ამოდის საერთოდ, რომ ჩვენ ვარსებობთ. მადლობა, რომ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე მიკროფონს არ მირთავს, უდიდესი მადლობა. მაპატიეთ, თუ რამე შეგცოდეთ და ინდაური რომ მყავდეს, იმასაც გავათავისუფლებდი. ისეთ რეალობაში ვართ, რომ აწი ღმერთი თუ მოგიმართავთ ხელს, თორემ არაფერი გიშველით და მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ამ სიტყვის წარმოთქმის დროს მეხი არ დამეცა“, - განაცხადა ხაჩიძემ, რომლის გამოსვლას მინისტრებისა და დეპუტატების ტაში და სიცილი მოჰყვა.

მართალია, ხაჩიძის გამოსვლაზე ეკა ბესელიასა და გოგი თოფაძესაც გაეცინათ, მაგრამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერს „მუზის - მიშა მაგარიას“ დაკარგვის გამო მიუსამძიმრა, ხოლო თოფაძემ მას „ვაჟკაცუნა“ უწოდა.

ბესელიას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გემოვნების მწვერვალი მიხეილ სააკაშვილი იყო.

„ხაჩიძის მესმის, რომლის მთავარი მუზა დაიკარგა და ის დღეს ვეღარ იმღერებს „მიშა მაგარიას“. ასევე იმ ადამიანების მესმის, რომლებიც იმ მინისტრებს უკრავდნენ ტაშს, რომლის დროსაც ქუჩაში გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე და სხვები იხოცებოდნენ“, - განაცხადა ბესელიამ, რომლის მსგავსად, ხაჩიძე თოფაძემ გააკრიტიკა და მთავარ პროკურატურას მიმართა მისი გარემოს დაცვის მინისტრობის პერიოდი შეისწავლოს.

თოფაძის თქმით, ხაჩიძე არარაობიდან მინისტრი გახდა.

„ეს ვაჟკაცუნა, მინისტრი გახადეს, მაგრამ მისი მოღვაწეობა შესწავლილი უნდა იყოს“, - აღნიშნა თოფაძემ, რომელსაც ხაჩიძემ ადგილიდან კითხვა დაუსვა - „მინისტრობის დროს, რატომ აჩუქა თოფი?“. ხაჩიძისთვის პასუხი თოფაძეს არ გაუცია, მაგრამ მას ტყემალაძემ უპასუხა, რომ „თოფაძემ თოფი იმისთვის აჩუქა, რომ თავი მოეკლა, მაგრამ არ მოიკლა“.

უმრავლესობის წევრებისა და ხაჩიძის დებატებში ზურაბ ჯაფარიძე ჩაერთო, რომელმაც ხაჩიძის დაცვის მიზნით აღნიშნა, რომ ის ნავთლუღში სესხით ნაყიდ ოროთახიან ბინაში ცხოვრობს, ხოლო გოგი თოფაძეს კუს ტბაზე სახლის ასაშენებლად მთა აქვს „გადაპარსული“.

ხაჩიძის გარდა, პრემიერს კითხვებით გიორგი კანდელაკმაც მიმართა, რომელიც დაინტერესდა, ის რასაც უკრაინაში რუსეთი აკეთებს, არის თუ არა სამხედრო აგრესია და საქართველოს ხელისუფლება „ბოინგ 777“-ის ჩამოგდებას რატომ უწოდებს ჩამოვარდნას. ოპოზიციონერმა მთავრობა ტყუილში, არაკომპეტენტურობასა და თვითკმაყოფილებაში დაადანაშაულა, პრემიერმა კი მას „გენიოსი“ უწოდა.

„ბატონო გიორგი, თქვენ ნამდვილი გენიოსი ხართ! თქვენს გამო ევროპელმა ლიდერებმა მაილებით სარგებლობა შეწყვიტეს, რადგან მათ ძალიან აწუხებთ“, - მიმართა ღარიბაშვილმა კანდელაკს და აღნიშნა, რომ უკრაინაში მთავრობის წევრები არაერთხელ იყვნენ ჩასულები და კიდევ ჩავლენ.

თავის მხრივ, ღარიბაშვილმა კანდელაკი დემაგოგიაში დაადანაშაულა და თაქთაქიშვილს გამოეხმაურა, რომელიც დაინტერესდა, თვლის თუ არა პრემიერი, რომ ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მტერი და დაავალა თუ არა მას ივანიშვილმა, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე პოლიტიკური ნიშნით გამოეყენებინა.

პრემიერმა თაქთაქიშვილს უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მასთან დიდი მოკითხვა დააბარა. ღარიბაშვილის ამ პასუხს დარბაზში უმრავლესობის წევრების სიცილი და ტაში მოჰყვა, დავით უსუფაშვილმა კი საკუთარი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ „პუტინი მტერია“.

სპიკერმა საკუთარ გუნდს მოუწოდა ოპონენტებთან „უსაგნო კამათში“ დრო აღარ დაკარგონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს ჩემპიონატიდან“ გავარდებიან.

„ჩემპიონთა ლიგაში თამაში გადავწყვიტეთ, როცა ევროპასთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება დავდეთ. ამიტომ, კეთილი ვინებოთ და შესაბამისი სტანდარტებით ვივარჯიშოთ. თუ „ამ ხალხს“ გავეჯიბრებით, საქართველოს ჩემპიონატიდანაც გავვარდებით, ანუ მომავალ არჩევნებში ვერაფერსაც ვეღარ მივიღებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომლის გამოსვლის შემდეგ დეპუტატებმა კენჭი მთავრობის განახლებულ შემადგნელობას უყარეს.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, ისინი საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგებიან.