„ჩვენს საგარეო პოლიტიკურ აქტივობას, დროის მოგების პრინციპი ჰქვია“

„ჩვენს საგარეო პოლიტიკურ აქტივობას, დროის მოგების პრინციპი ჰქვია“

ირაკლი ღარიბაშვილი დაკვირვების რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ყველა მინისტრის და მათ შორის იმ მინისტრების მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ გარკვეული შენიშვნები აქვს. შესაბამისად, პრემიერმა მორიგი საკადრო ცვლილებაც არ გამორიცხა. თუმცა, თუ მინისტრები შეცდომებს გამოასწორებენ, პრემიერისგან შეწყალებული იქნებიან და ცვლილებაც არ შეეხებათ. ასე რომ, ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.

პრემიერ-მინისტრს შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან მიმართებაშიც აქვს, თუმცა ადრესატს არ აკონკრეტებს. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული საკადრო ცვლილება დარჩენილ წევრებში მოტივაციას გაზრდის. უკვე ცნობილია, რომ ცვლილება არ შეეხება შს მინისტრს, რომელიც ღარიბაშვილის შეფასებით გაზრდის პროცესშია.

გავრცელებული ინფორმაციით, ღარბიაშვილი მინისტრთა კაბინეტს შემოდგომაზე კიდევ ერთხელ განაახლებს. როგორც გვარწუნებენ, განახლებულ მინისტრთა კაბინეტში არ მოხვდებიან თამარ სანიკიძე, პაატა ზაქარეიშვილი, მაია ფანჯიკიძე და ნოდარ ხადური. For.ge-ს ინფორმაციით ზაქარეიშვილის და ფანჯიკიძის განთავისუფლება უკვე განთავისუფლებულ 7 მინისტრთან ერთად უნდა მომხდარიყო, მაგრამ პრემიერმა გადაწყვეტილება კონსულტაციის შემდეგ შეცვალა. პრემიერის გარემოცვაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება აღნიშნული მინისტრების განთავისუფლების შესახებ, ისევ ძალაშია.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობა ორი მესამედით იყო განსაახლებელი, თუმცა ამ ეტაპზე, კოალიციური ერთიანობის პრინციპი და კოალიციაში წარმოდგენილი პარტიების ინტერესები გახდა ხელშეუხებელი.

For.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

პრემიერის განცხადებით, იგი დაკვირვების რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმ მინისტრების მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ გარკვეული შენიშვნები აქვს. შესაბამისად, პრემიერმა მორიგი საკადრო ცვლილებაც ა გამორიცხა. როგორ ფიქრობთ, ვის შეეხება საკადრო ცვლილება? გავრცელებული ინფორმაციით პრემიერის სამიზნე საგარეო მიმართულებაა...

ხათუნა ლაგაზიძე: ჩემთვის რთული სათქმელია ვის შეეხება მომავალი გადაადგილებები. ფაქტია, რომ სტრატეგია საგარეო მიმართულებით, ისევე როგორც ბევრი სხვა მიმართულებით ქვეყნას ჩამოყალიბებული არ აქვს. თუმცა, მიჭირს პასუხი იმაზე ცვლილება შეეხება თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს. ვუსმინე პრემიერის გამოსვლას, თავად ის ძალიან კმაყოფილია კონკრეტული შედეგით. საუბარი ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს.

როცა უკრაინის კონტექსტზე საუბრობდა, მან თქვა, რომ ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები ცალკე განხილვის თემაა. პრემიერი ამაყობს იმით, რომ ასეთი საგარეო ურთიერთობის ფონზე, საქართველომ შეძლო რუსეთთან გამორჩეული ურთიერთობების დამყარება და ამ ურთიერთობების გაღმავების იმედიც კი გამოთქვა სავაჭრო ეკონომიკური და ტექნიკური მიმართულებით. თუ პრემიერის ამ შეფასებას ავიღებთ ამოსავლად, მაშინ გამოდის, რომ მას საგარეო კუთხით სასაყვედურო არაფერი ჰქონია. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ სულ რაღაცა ერთი თვის წინ ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, წესით, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ უნდა იყოს მისი ძირითადი სამიზნე.

თქვენ ამბობთ, რომ სტრატეგია საგარეო მიმართულებით, ისევე როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ქვეყანას ჩამოყალიბებული არ აქვს. თვლით, რომ ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაკლი?

- შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ სტრატეგიული ხედვაა ის, როდესაც მსოფლიოში მიდის ძალთა გადანაწილების ძალიან სერიოზული პროცესი და როდესაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენთვის ნაკლებად სცალიათ, სწორედ სტრატეგიული ხედვაა ის, რომ საქართველომ შეძლოს თავის შენარჩუნება და დრო მოიგოს. ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი აგებული იყო დროის მოგების პრინციპზე, რომ გადავაგოროთ ის საშიშროება, რომელიც საქართველოს გარედან ემუქრება.

მინდა გითხრათ, რომ უმნიშვნელოვანესი თემაა, რომ საქართველომ სულ მცირე, შეძლოს, საგარეო პოლიტიკიდან მომავალი რისკები და გამოწვევები გაანეიტრალოს. შეიძლება ხელისუფლება ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის მისი სტრატეგიული გეზი. დღეს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ აქტივობას და გეზს, დროის მოგების პრინციპი ჰქვია. დროის მოგება მიმართულია იქითკენ, რომ საფრთხეებმა და რისკებმა ისე გადაიაროს, რომ ჩვენ განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ არ მოვყვეთ.

შეიძლება, მათი გადმოსახედიდან ეს არის სტრატეგიული ხედვა და საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულება და ამ თვალსაზრისით, მიიჩნევენ, რომ არიან წარმატებულები. მე ვფიქრობ, რომ სტრატეგია ვერბალურ დონეზე უნდა იყოს დეკლარირებული დოკუმეტის სახით, რომ კითხვები არავის ჰქონდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მეორეა ის თემა, რომ თავად ხელისუფლება შეიძლება მიიჩნევდეს საგარეო პოლიტიკურ კურსს წარმატებულად. ასე რომ, ძალიან გამიჭირდება პასუხი კითხვაზე შეეხება თუ არა ცვლილება საგარეო საქმეთა მინისტრს.

პრემიერის განცხდებიდან თუ გამოვალთ, ფაქტია, რომ ემზადება საკადრო ცვლილებისთვის. არსებობს მთავრობის ცვლილების აუცილებლობა?

- რა თქმა უნდა, არსებობს და არსებობს ძალიან ბევრი მიმართულებით. ყველა ამბობს და მეც ვეთანხმები, რომ არა თუ ერთი მესამედით, არამედ ორი მესამედით იყო განსაახლებელი მთავრობა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, კოალიციაში წარმოდგენილი პარტიების ინტერესები ხელშეუხლებელი გახდა მთავრობაში. მომავალი სამთავრობო ცვლილებისას შეიძლება ეს ინტერესები არ იყოს გათვალისწინებული.

საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი საპარლამენტო არჩევნებამდე, დიდი მარათონია გასავლელი. ამიტომ, ამ გზაზე მინისტრების ეტაპობრივ ცვლილებას უნდა ველოდოთ. მთავრობის ეფექტური მუშაობისათვის, რომელი უწყება დგას ცვლილების აუცილებლობის წინაშე?

- ასე კონკრეტულად დასახელებისგან თავს შევიკავებ. როგორც გითხარით, დეფიციტი რაც იგრძნობა, იგრძნობა სტრატეგიული ხედვისა და განვითარების კუთხით ძალიან ბევრი მიმართულებით. ვნახოთ, რამდენად სწორად შეაფასებს პრემიერ-მინისტრი საკუთარი მინისტრების რესურსებს. ძალიან მნიშვნელოვანია რა იქნება ახალი მინისტრების შერჩევის მთავარი პრინციპი, მორჩილება თუ პროფესიონალიზმი იმ ადამიანებისა, რომლებიც ახალ ვაკანსიებს შეავსებენ.