[ეკა ბაქრაძე]
საქართველოში ნელ-ნელა მკვიდრდება ცუდი ბიზნეს-ტრადიცია, როდესაც რომელიმე კომპანია სახელმწიფო დაკვეთას შეასრულებს, ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს და მთლიანად გააქრობს. ამ შემთხვევაში დაზარალებული რჩება მხოლოდ კომპანიის მიერ დაქირავებული მუშა-ხელი. კერძო კომპანია ყველაფერს ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას აბრალებს, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები კი მხრებს იჩეჩავენ - ჩვენ ყველაფერი გადარიცხული გვაქვსო. ასეთ გაუგებრობაში გადის თვეები და წლები. საბოლოოდ კი, ყველაფერი დავიწყებამდე და ხელის ჩაქნევამდე მიდის.
ამიტომაც თბილისის საკრებულოს ოპოზიცია სარევიზიო კომისიისგან მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლას ითხოვს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯაბა სამუშიას თბმით, მერიის ტენდერების შედეგებზე პასუხს არავინ აგებს, რის გამოც უამრავი მოქალაქე ზარალდება.
კონკრეტულად კი, სამუშიამ დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერის კეთილმოწყობის მიზნით ჩატარებულ ტენდერზე ისაუბრა, რომელშიც კომპანია „ბაზალტი იმპულსმა“ გაიმარჯვა. მისი ინფორმაციით, მერიამ ამ კომპანიას ნახევარი მილიონი ლარი გადაურიცხა, რომლის 21% სკვერის კეთილმოწყობაზე მომუშავე პირების ხელფასებისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა იქ დასაქმებულ 50-60 მუშას სამი თვის ხელფასი არ მიუღია.
„თბილისში ხშირია შემთხვევები, როცა ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ადამიანებს ამუშავებენ და შემდეგ მათი ხელფასების გაცემაზე აღარ ზრუნავენ. მერიასა და საკრებულოს მივმართავ, მონიტორინგი არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, არამედ სხვა ტენდერებზეც აწარმოონ და იმ თანხების მიზნობრივი ხარჯვის სერიოზული შესწავლა დაიწყონ, რომელიც თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოფა“, - განაცხადა სამუშიამ.
როგორც ბრიფინგზე მყოფმა ერთ-ერთმა მუშამ არჩილ ბარბაქაძემ განაცხადა, „ბაზალტი იმპულსის“ ხელმძღვანელი არჩილ გორდულაძე ხელფასების გაუცემლობას იმით ხსნის, რომ კომპანიას მერიისგან შესაბამისი თანხა არ მიუღია. მერიაში კი აცხადებენ, რომ „ბაზალტი იმპულსს“ კონკრეტული თანხა უკვე გადაერიცხა.
დედაქალაქის ბიუჯეტის უკონტროლო ხარჯვაზე საუბრობენ „თავისუფალი დემოკრატები“.
როგორც ოპოზიციცრი ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, „საკრებულოს ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება დედაქალაქში ბიუჯეტის ხარჯვის მართლზომიერების მონიტორინგია, რაც არ ხორციელდება“.
„თბილისის კეთილმოწყობის სამსახურში 2008-09 წლებში საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ გამოვლენილი, რბილად რომ ვთქვათ, უხეში დარღვევების შესახებ ინფორმაცია საჯარო გავხადეთ და ქალაქის მერს მოვუწოდეთ, შესაბამისი ზომები მიეღო. ამასთან, სარევიზიო კომისიას მივმართეთ, ამ და სხვა მიმართულებით მუშაობა გაეგრძელებინა და შედეგები საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გაეხადა. ჩვენი ინფორმაციით, ამ დარღვევებისთვის ბევრი ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გათავისუფლდა, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს უცნობია.
მიუხედავად ჩვენი კატეგორიული მოთხოვნისა, საკრებულოს სარევიზიო კომისიას არათუ არ გაუგრძელებია მუშაობა, არამედ ახალ საკრებულოში მხოლოდ ერთი, გაცნობითი ხასიათის სხდომა აქვს ჩატარებული და 2011 წლის სამუშაო პროგრამა მხოლოდ დღეს, ჩვენი 9-თვიანი ბრძოლოს შედეგად წარმოადგინეს“, - განაცხადა აბაშიძემ.
მისი აზრით, აღნიშნული მოთხოვნების იგნორირება დედაქალაქის ბიუჯეტის უკონტროლო ხარჯვის დამკვიდრებული მანკიერი ტრადიციის გაგრძელების მცდელობაა. საკრებულოს მხრიდან კი ელიტური კორუფციის ღია მხარდაჭერა ხდება.
ამასთან, აბაშიძის ინფორმაციით, კონტროლის პალატა ამჟამად მერიის ცალკეული სამსახურების საქმიანობას სწავლობს.
„იმედია, შემოწმების შედეგები ფართო საზოგადოებისთვის საჯარო გახდება და ადრინდელი ე.წ. „საიდუმლო გრიფის“ მეთოდები გამოყენებული არ იქნება“, - დასძინა საკრებულოს წევრმა.