ელისო ჩაფიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

ელისო ჩაფიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

მმართველი გუნდი შესაძლოა, ელისო ჩაფიძემ დატოვოს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარ გუნდს დაუპირისპირდა. წყაროს ცნობით, ელისო ჩაფიძის გაღიზიანება იმ პროცესებმა გამოიწვია, რაც ტყიბულის რაიონში მიმდინარეობს. კერძოდ, ჩაფიძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ნუგზარ ყიფიანს უპირისპირდება, რომელიც წყაროს ცნობით, ტყიბულში საკადრო პოლიტიკას განაგებს.

ყიფიანი-ჩაფიძის დაპირისპირების თაობაზე, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი for.ge-სთან კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ პოზიციის დაფიქსირება არ სურს.

მართალია, ჩვენ ელისო ჩაფიძის ჩაწერა ვერ შევძელით, მაგრამ იმ კამათის შესახებ ვფლობთ ინფორმაციას, რომელიც დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკისა და ჩაფიძეს შორის გაიმართა.

ჩაფიძე ტრიპოლსკის საყვედურობდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ „კლანი“ არის, რომელიც პროცესებს თავის სასარგებლოდ განაგებს.

„საერთოდ არ მინდა „ქართული ოცნება“, რადგან რაც ხდება, იმას ვერ ვეგუები“, - მიმართა ჩაფიძემ ტრიპოლსკის, რომელმაც თავის მხრივ, უკმაყოფილება იმის გამო გამოთქვა, რომ თავად არაფერ შუაში იყო.

„ელისო, რატომ მელაპარაკები ასე? მე რა შუაში ვარ და რა დავაშავე, რომ ასე მომმართავ?“, - მიმართა ტრიპოლსკიმ ჩაფიძეს. მათ შორის არსებული დაძაბულობა კი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განმუხტა, რომელიც შემთხვევით კამათს შეესწრო.

იქედან გამომდინარე, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლები ვიმყოფებოდით, ვოლსკიმ თანაგუნდელებს ანიშნა, რომ პრესის წარმომადგენლებს მათი კამათი შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

თუ რა შედეგით დასრულდა ჩაფიძე-ტრიპოლსკის შორის წარმოებული საუბარი, ამის თქმა ძნელია, რადგან დეპუტატები კომიტეტების სხდომაზე შევიდნენ, სადაც მთავრობის წევრების მოსმენა მიმდინარეობდა.

რაც შეეხება ნუგზარ ყოფიანს, როგორც საპარლამენტო კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, რომელიც წარმოშობით ტყიბულიდან არის, რაიონში პროცესებს ვინმე ზაზა კუპატაძის საშუალებით განაგებს, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ ის კრიმინალური წარსულის მქონეა.

ვინაიდან, ელისო ჩაფიძეს for.ge-სთან საუბარი არ სურს და დეპუტატი ჩვენს კითხვებს თავს არიდებს, ჩვენთვის ოფიციალური ინფორმაცია უცნობი რჩება - თუ რატომ დაუპირისპირდა ის ყიფიანს და მართლა აპირებს თუ არა ის უმრავლესობის დატოვებას.