[თეონა ხარაბაძე]
ჯართის ექსპორტზე ტარიფი კანონით აღარ იქნება დადგენილი და მას მთავრობა განსაზღვრავს. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ექსპერტები კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევენ, ვინაიდან გადასახადი კანონით განსაზღვრული წესით გადაიხდება, ხოლო მთავრობის დადგენილება კანონთა იერარქიაში კანონთან ახლოსაც არ არის. სამაგიეროდ, მთავრობის წარმომადგენლები პირად საუბრებში იმას ამბობენ, რომ ეს სააკაშვილის ბრძანებით ხდება, რათა მეტალურგებს თხოვნა აუსრულოს.
შეგახსენებთ, რომ საუბარია რამდენიმე კვირის წინ მეტალურგების მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში, სადაც ისინი სთხოვდნენ, რომ რაიმე ფორმით ჯართის ქვეყნის გარეთ გატანა შეეჩერებინა, რადგან თავად მუშაობას იმის გამო ვერ ახერხებენ, რომ ქვეყანაში ჯართი აღარ არსებობს და რაც არის, ისიც საზღვარგარეთ გადის. თავად კი იმის საშუალება არა აქვთ, რომ ჯართში ძვირი გადაიხადონ.
ეს თხოვნა კი, როგორც ჩანს, მთავრობამ იმით შეასრულა, რომ ჯართის ექსპორტზე გადასახადს თავად დაადგენს.
დღეს მოქმედი ნორმით, შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი ტონაზე 120 ლარით იბეგრება. მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტით კი, რომელიც „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს გულისხმობს, ეს ჩანაწერი უქმდება.
პროექტის თანახმად კოდექსს ასევე ემატება ახალი მუხლი - „აქციზის ექსპორტის ტარიფი“, რომელშიც ნათქვამია, რომ შავი და ფერადი ლითონების ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობა და გადახდის წესი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
კერძოდ, შავი და ფერადი ლითონების ექსპორტზე ხდება მომსახურების ტარიფის შემოღება, რომელიც დადგინდება არა კანონით, არამედ მთავრობის მიერ.
„ამით საქართველოს მთავრობას მიეცემა შესაძლებლობა იმოქმედოს დარგის საჭიროებიდან გამომდინარე, რაც უფრო ეფექტურს გახდის აღნიშნული დარგის მხარდაჭერისთვის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, პროექტის მიღების მიზეზად ქვეყანაში მეტალურგიის და ლითონწარმოების დარგის აღორძინება-განვითარების პირობების არასაკმარისობა სახელდება. ასევე, პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ პროექტის მიღების მიზანია, ქვეყანაში მეტალურგიის და ლითონწარმოების დარგის აღორძინება-განვითარების პირობების შექმნისათვის შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების გატარება, რაც გამოიხატება მთავრობის მხრიდან დარგის მხარდაჭერისა და სტიმულირებისთვის მოქნილი ბერკეტების შექმნაში.
ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემის ამ გზით მოგვარება არ შეიძლება, რადგან კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„საქართველოს კონსტიტუციით ყველა გადასახადი დგინდება კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით. ახალ საგადასახადო კოდექსში კი გაჩნდა ჩანაწერები, რომ რაღაცებს მთავრობა განსაზღვრავს. მსგავსი ფაქტი გვქონდა ადგილობრივ გადასახადებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მთავრობამ კონსტიტუციას გვერდი აუარა,“ - აცხადებს საგადასახადო ექსპერტი თემურ კოპალეიშვილი.
მისი თქმით, თავის დროზე საბაჟო გადასახადი შეიცვალა და მას დაერქვა იმპორტის გადასახადი, ამის ანალოგიით ჩნდება ექსპორტის გადასახადიც. კოპალეიშვილი მიიჩნევს, რომ ექსპორტის აქციზით ან დღგ-თი დაბეგვრა არასწორია, ვინაიდან ამ გადასახადებს მომხმარებელი იხდის იქ, სადაც მისი რეალიზაცია ხდება.
სწორედ ამიტომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ „ამ ყველაფრის გამო მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დგებოდეს.“
„ფაქტია, რომ სააკაშვილი ჯოზეფ ქეის მადლობას უხდის, ვინაიდან დღეს იგია მეტალურგიული ქარხნის ერთად-ერთი მფლობელი. გაიხსენეთ, ცოტა ხნის წინ მისი თხოვნა გახმოვანდა, რომ პრეზიდენტს მისთვის რაიმე ფორმით შეღავათები დაეწესებინა და როგორც ჩანს, ახლა ამის გაკეთება იმის ხარჯზე უნდათ, რომ მცირე მეწარმეები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდონ და ბიზნესი წაართვან. წარმოიდგინეთ, ექსპორტი რომ გაძვირდება, იძულებულნი იქნებიან, აქ ჩააბარონ და ერთადერთი ქარხანა, რომელიც მონოპოლისტია, ჯართზე ფასს სულ დააგდებს.
ეს არის ერთი პრობლემა და ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არსებული პრობლემის მოგვარების გზა არ შეიძლება იყოს. მით უმეტეს კონსტიტუციის დარღვევის ხარჯზე და ამის გამო მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დგებოდეს, მაგრამ პარლამენტი მთავრობას შეწინააღმდეგებას როგორ გაუბედავს?“- აცხადებს გია ცაგარეიშვილი.