„ბატონო გივი, თქვენ ქურდი ხართ?“

„ბატონო გივი, თქვენ ქურდი ხართ?“

დემაგოგიაში დადანაშაულებული ზურაბ ჯაფარიძე, „კანონიერ ქურდად“ შერაცხული გივი თარაგამაძე, დარბაზში აფრიალებული „ტაივანჩიკასთან“ გადაღებული კალაძის ფოტო, ნადირაშვილ-ღარიბაშვილის ტრადიციად ქცეული დებატები და კალაძესთან გადაღებული ხაჩიძის „სელფი“ - ამ ფორმატში წარიმართა საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას შორის შეხვედრა, სადაც სამი საათის განმავლობაში, ნაკლებად ისაუბრეს ქვეყნის ეკონომიკაზე და უფრო მეტად ე.წ. კანონიერ ქურდებთან მთავრობის თუ ოპოზიციის შესაძლო კავშირებზე.

ნაციონალებთან 15:00 საათზე დაგეგმილი შეხვედრა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამის წარდგენით გახსნა, მოგვიანებით კი, მან მინისტრობის კანდიდატები დაახასიათა. ღარიბაშვილმა მთავრობის წევრობის კანდიდატები დადებითად შეაფასა, თუმცა, რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით შეაქო. პრემიერმა კახი კალაძეს „მეგობარი“ უწოდა, ალექსანდრე ჭიკაიძის პრივილეგიად მისი ასაკი დაასახელა, სერგეენკო „ყველასთვის საყვარელ და გამორჩეულ მინისტრად“ დაახასიათა, ხოლო გუნდში „გამორჩეულ მინისტრად“ თეა წულუკიანი.

პრემიერის გამოსვლის შემდეგ, პირველი კითხვა გოკა გაბაშვილმა დასვა, თუმცა, არა ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ.

ოპოზიციონერი დაინტერესდა, უკრაინიდან გამომგზავრებული ე.წ. კანონიერი ქურდი „რემენა“ საქართველოს აეროპორტში სად გაქრა, მაშინ, როდესაც უკრაინაში საქართველოს საელჩომ განაცხადა, რომ „რემენა“ აეროპორტში ნამდვილად მიიყვანეს.

აღნიშნული საკითხის გარდა, გაბაშვილი იმითაც დაინტერესდა, თუ ვის გულისხმობდა ჭიკაიძე ერთ-ერთ ინტერვიუში „ევრომაიდანის ადამიანებში“, რომელთაც საქართველოში არეულობის მიზნით, საბურავების შეძენა ჰქონდათ დაგეგმილი.

ნაციონალს თავდაპირველად ღარიბაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც იხუმრა, რომ „საბურავები მაგ დროს გაძვირდა“, ჭიკაიძემ კი აღნიშნა, რომ ინტერვიუ პრევენციული იყო, რადგან მას საკმაო მტკიცებულებები ჰქონდა.

„მეგობრები მყავს, რომლებიც თქვენთანაც მეგობრობენ და ჩემთანაც და მე რაღაცეებს ვგებულობ. რაც შეეხება „რემენას“, ჩემს უწყებაში არ არის ინფორმაიცა, რომ ვინმე შემოვიდა და დაიკარგა“, - დასძინა ჭიკაიძემ, რომელსაც ღარიბაშვილი გამოექომაგა, ოპონენტები სიცრუის დემონსტრირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ე.წ ქურდული სამყაროსთან ურთიერთობის ბრალდებით 70 პირი იქნა დაკავებული.

გაბაშვილის გარდა, „რემენას“ გაუჩინარების საკითხით გივი თარგამაძეც დაინტერესდა და ჭიკაიძეს მიმართა - სად გაქრა ე.წ. კანონიერი ქურდი.

„რემენა“ პარაშუტებით გადაფრინდა? თუ კალაძის უახლოესი ახლობელი კეჭაყმაძე „რემენას“ დახვდა და ის ასე წავიდა, ეს სხვა თემაა. ხელისუფლებაში როდესაც მოდიოდით, ციხეში იძახდნენ „ბიძოს დრო“ არისო და ნიშნის მოგებით არ გეუბნებით, მაგრამ ციხეებში უკვე ტელეფონები აქვთ და ბუნტი თუ დაიწყო, ამას ვერაფერი ჩააქრობს. როგორც წესი, ქურდები ან აეროპორტიდან გაჰყავთ თურქეთში, ან თუ ისინი ფულს გადახდიან, საქართველოს გავლით თურქეთში ჩაჰყავთ. მოგვიანებით კი, სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები თურქეთში ჩადიან და ამ ქურდებთან თანხმდებიან - ვინ იქნება „მაყურებელი“. დარბაისელმა ამიტომ აიღო პრემია. როგორც ჩანს, ეს სქემა მან ააწყო. მღებრიშვილს ვარწმუნებ, რომ უწყებაში დარბაისელი მაინც იქნება, რადგან ის ღარიბაშვილის მამასთან მეგობრობს, რომელიც მასზე საკმაოდ უფროსია“, - განაცხადა თარგამაძემ, რომელსაც პრემიერმა მიმართა - ბატონო გივი, თქვენ ქურდი ხართ?!“.

თავის მხრივ, პრემიერი დაინტერესდა თუ საიდან ერკვეოდა ე.წ. ქურდული სამყაროს კანონებში გივი თარგამაძე.

„როგორც ჩანს, ყველაფერში ერკვევით. ყოველ შემთხვევაში, ქურდი მაშინ იყავით, სანამ ხელისუფლებაში იყავით. გოგა ხაჩიძეს მიმართეთ და კონსულტანტად დაგიქირავებთ. ებრაული ანდაზა მახსენდება. „როცა რამეს უღირსად გეუბნებიან და სიცრუეს გელაპარეკბიან, მათ კამათში არ უნდა აჰყვეთ, რადგან მესამე ადამიანი სიმართლეს ვერ გაარჩევს“, - მიმართა ღარიბაშვილმა თარგამაძეს, რომელმაც მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, ნაციონალისთვის პასუხის გაცემა მოისურვა და ისევ თარაგაძის კითხვას მიუბრუნდა.

პრემიერის თქმით, ხალხს კარგად ახსოვს, თარგამაძე როგორ ელაპარაკობოდა ე.წ. კანონიერ ქურდებს და როგორ სურდა მას მათი საშუალებით უკრაინაში პროცესების „დალაგება“.

„თქვენ კანონიერ ქურდებთან მეგობრობთ, ბატონო გივი“, - მიმართა ღარიბაშვილმა თარგამაძეს, რომელსაც თეა წულუკიანიც გამოექომაგა და თარგამაძეს მიმართა - „ბატონო გივი, თქვენ სულის ამოხდით გვემუქრებოდით. ვერ ამოგვხდეთ და ვერც ამოგვხდით. კანონიერი ქურდები კი, თქვენ დროს იყვნენ!“.

იქედან გამომდინარე, რომ ოპოზიციონერებმა „რემენას“ საქმეში კალაძის გვარი ახსენეს, სიტყვით ვიცე-პრემიერიც გამოვიდა და გივი თარგამაძეს მიმართა, განემარტა ვინ არის - ბეგლარ ხარაძე.

„თქვენ ხალხს ვირტუალურ საქართველოში აცხოვრებდით. ე.წ. ქურდულ სამყაროზე იყო საუბარი და მაინტერესებს, ვინ არის ბეგლარ ხარაძე?! ბეგლარ ხარაძე, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდია, გივის ოჯახის წევრია. ვინმე ტარიელ ონიანის დახმარებით კი, თქვენი ლიდერი სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. თქვენ ამაზე საუბრის მორალური უფლება არ გაგაჩნიათ“, - მიმართა კალაძემ თარგამაძეს, რომელიც სხდომათა დარბაზში აღარ იყო.

კალაძის გამოსვლის შემდეგ, რეპლიკის სახით ღარიბაშვილმა აღნიშნა - „ამოცანა ამოიხსნა, საიდან აქვს გივის ქურდებზე ინფორმაცია“.

პრემიერის ეს რეპლიკა დავით ბაქრაძეს არ ესიამოვნა და კალაძის მისამართით თქვა, რომ „კალაძემ განმარტოს რვასულიანი ქურდის სიის ისტორია“. უმცირესობის ლიდერის რეპლიკის შემდეგ კი, გოგა ხაჩიძემ და ჩიორა თაქთაქიშვილმა „ტაივანჩიკასა“ და კალაძის ფოტოზე რეაგირება პრემიერს სთხოვეს. მანამ, სანამ ღარიბაშვილი გააკეთებდა განმარტებას, ოპონენტებს კალაძე გამოეხმაურა და ფოტოს ისტორია თავისი სპორტული წარსულით ახსნა.

„წარმატებული სპორტსმენი ვიყავი და შეიძლება, ჩემთან ფოტოს გადაღება გოგას ოცნებაც ყოფილიყო. გოგა თუ გსურს, შენთან „სელფსაც“ გადავიღებ“, - მიმართა ხაჩიძეს კალაძემ, რის შემდეგაც ოპოზიციონერმა ენერგეტიკის მინისტრთან „სელფი“ მართლაც გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ უმცირესობის სხდომაზე ღარიბაშვილ-ნადირაშვილის მიერ დამკვიდრებული „ტრადიცია“ არც დღეს დაირღვა. ოპონენტებს შორის წარმოებული დებატები დღესაც იუმორით იყო გაჯერებული.

ნადირაშვილი გახმაურებული საქმეების საგამოძიებო პროცესის მსვლელობით დაინტერესდა და პასუხი ჭიკაიძეს მოსთხოვა.

„მინდა ჩაგეკითხოთ იმ გახმაურებული საქმეების შესახებ, რომლებიც ან მთლიანად არ გახსნილა ან ფორმალური პროცედურები იყო გატარებული. ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია - გუნავასთვის იარაღის ჩადება, კურტანიძის მიერ ჭიდაობის ფედერაციის მაღალჩინოსნის ცემა, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალება, გელა ხვედელიძის მიერ პირადი ხასიათის ვიდეომასალის ატვირთვა, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე, ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ვინ მოიპარა გამოძიებიდან ეს მასალები და ვინ ატვირთა?“, - მიმართა ჭიკაიძეს ნადირაშვილმა, რომელსაც თავდაპირველად პრემიერი გამეხმაურა და აღნიშნა „მე ავტვირთე ეგ ვიდეო, არ იცით, ქალბატონო ირმა?“, რაზეც ნადირაშვილმა უპასუხა, რომ მომავალში „ჰაკიმ ფაშას“ უწოდებდა და ამას უმრავლესობაც ვეღარ გააპროტესტებდა.

ოპოზიციონერს ღარიბაშვილი ისევ გამოხმაურა და მიმართა, რომ ნადირაშვილისთვის საინტერესო სახელი ჰქონდა შერჩეული, მაგრამ თემის გადატანის გამო, პრემიერისეული სახელი უცნობი დარჩა.

ჭიკაიძის გარდა, ნადირაშვილმა კითვებით ელგუჯა ხოკრიშვილს მიმართა და მის ერთ „უცნაურობაზე“ ისაუბრა.

„მივლინებებში დადიხართ და ამის დასტურად თქვენი ბუღალტერიიდან დოკუმენტები ამოვიღე. ბევრ მივლინებაში უცნაურობაა ის, რომ რომელ ქვეყანაშიც არ უნდა მიდიოდეთ, ქალაქებში ბერლინის გავლით ჩადიხართ. ბერლინს რატომ ირჩევთ?“, - მიმართა ნადირაშვილმა ხოკრიშვილს, რომელმაც განმარტა, რომ პირადი ფრენის ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან ანაზღაურებს, ბერლინში კი მას ოჯახი ჰყავს.

ოპოზიციონერმა მინისტრობის კანდიდატს ხარჯების დაფარვის დასტურად ქვითრების გაგზავნა მოსთხოვა, რაზეც მან თავდაპირველად უარი განაცხადა და ნადირაშვილს მის უწყებაში მისვლა და დოკუმნეტების გაცნობა შესთავაზა, მაგრამ ბოლოს მიუგო, რომ ქვითრებს გაუგზავნის.

ნადირაშვილ-ხოკრიშვილის საუბარში ღარიბაშვილიც ჩაერთო და ოპოზიციონერს მიმართა - „მითხრეს, რომ ირმას განსაკუთრებით გუჯა მოსწონსო. საინტერესო იდეა მაქვს, სჯობს, მომავალში ელგუჯამ ბერლინში წაგიყვანოთ და მისი ოჯახი გაჩვენოთ“.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პრემიერის კრიტიკის ობიექტი ზურაბ ჯაფარიძე გახდა, რომელმაც ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა. პრემიერმა ჯაფარიძე დემაგოგიაში დაადანაშაულა.

„ისე არა არის, როგორც თქვენ იქცეოდით! პარლამენტის შენობის მშენებლობაზე 45 მლნ ლარი იყო გაფლანგული. პრეზიდენტის სასახლე, რისთვის ააშენეთ? ეს თანხები პენსიის ზრდას რატომ არ მოახმარეთ? თქვენი დემაგოგიის მოსახლეობას არ სჯერა და გარანტიას გაძევთ, რომ თქვენს ტყუილს ვეღარ მიეცემა გასაქანი. ფაქტებიც უნდა ისაუბროთ და არა ჰაერიდან მოყვანილი ციფრებით“, - მიმართა ჯაფარიძეს პრემიერმა, რაზეც მან უპასუხა, რომ „თუ ტელეფონიდან მოსულ მესიჯებს მოსწყდებოდა და ციფრებს გაეცნობოდა, ყველაფერს მიხვდებოდა“.

ღარიბაშვილ-ჯაფარიძის დებატებში გოგა ხაჩიძე ჩაერთო და მან პრემიერს შესთავაზა, რომ გაეცნოს ჯაფარიძის მონაცემებს და თუ მისი თანაგუნდელის მიერ მოყვანილი ციფრები ტყუილი აღმოჩნდება, ის სადეპუტატო მანდატს დათმობს.

„პინკ-პონკი, სანამდე უნდა ვითამაშოთ? თუ ზურა ჯაფარიძის ციფრები არის ტყუილი, მაშინ მანდატს დავთობ. თუ არა, მაშინ თქვენ ხადური გყავდეთ ფინანსთა მინისტრად, მანამ სანამ პრემიერი იქნებით“, - მიმართა ხაჩიძემ ღარიბაშვილს, რომელმაც ხუმრობით აღნიშნა - „ჩვენ ამას არ დავუშვებთ“. ოპონენტის საპასუხოდ კი, ბაქრაძემ აღნიშნა - „ხადური-ხაჩიძის გაცვლა არ მოხდა“.

სამი საათის განმავლობაში ზემოთ აღნიშნულის გარდა, ოპონენტებმა ბევრი იკამათეს და საკითხებზე სიღრმისეული პასუხები არ იყო, მაგრამ დღეს ის დადასტურდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მთავრობის წევრებს შორის გამართული შეხვედრა ყოველთვის - „კრება დარჩა მხიარულის“ პრინციპით მთავრდება.