"ღარიბაშვილი სააკაშვილზე მეტი დაცვით დადის"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან არსებული კონფლიქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს კატეგორიულად უარყოფს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიზანმიმართულ სპეკულაციაში ადანაშაულებს.

მთავრობის ხელმძღვანელმა ქვეყნის პირველ პირთან ურთიერთობაზე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ მასსა და პრეზიდენტს შორის „განსაკუთრებული არაფერი არ ხდება“.

პრემიერის მტკიცებით, საკითხის გარშემო „მიზანმიმართული სპეკულაცია“ მიმდინარეობს, რომლის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

„მათ ინტერესებში შედის, რომ მოსახლეობას განცდა გაუჩნდეს, თითქოს, რაღაც სერიოზული ხდება. არადა, არაფერი სერიოზული არ ხდება. ის, რაც პრეზიდენტმა თქვა, რომ გარკვეული დისტანცირება არსებობს, ასეც არის. ყოველდღიური ურთიერთობა არ გვაქვს და რა საჭიროა, რომ გვქონდეს?! მთავრობა დისტანცირებულია, მას საკუთარი კომპეტენცია აქვს და ამ კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს“, - აღნიშნავს ღარიბაშვილი, რომლის განცხადებასაც შეფასებები უმცირესობაში მოჰყვა.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ მტრად აღიქვამს, მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობაში არიან, პრემიერს კი უზარმაზარი ძალოვანი ბერკეტი გააჩნია.

„ღარიბაშვილს ენით აუწერელი შიში აქვს, რომელიც აბსოლუტურად არარაციონალურია. არ ვიცი, პრემიერს რა ესახება და რად წარმოვუდგენივართ, მაგრამ ის ხან ჭიკაიძეს ათქმევინებს, რომ საბურავების დაწვას ვაპირებთ და ხან თავად იტყვის საოცრებას. ამას გარდა, ღარიბაშვილი იმხელა დაცვით დადის, რითაც სააკაშვილიც კი არ დადიოდა. არადა, სააკაშვილს უზარმაზარი მეზობელი სახელმწიფო მართლა ემუქრებოდა, მათ შორის პიროვნული და ფიზიკური განადგურებით. ვინ ემუქრება ღარიბაშვილს და რატომ დადის ის ამხელა დაცვით?“, - ინტერესდება დარჩიაშვილი, რომლის მსგავსად, პრემიერს აკრიტიკებს ნუგზარ წიკლაური.

ჩვენთან საუბარში კანონმდებელი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტის იზოლირებას ახდენს.

„ნაციონალური მოძრაობა“ რა შუაშია, როცა ქვეყნის პრეზიდენტს, რომლის მთავარი მიმართულება საგარეო სექტორია, უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე არ იწვევენ და ყველანაირ საგარეო აქტივობას არიდებენ?! - კითხვებს სწორედ ეს პროცესი აჩენს. ამ ხმებისთვის კი დამატებითი მიზეზი ის იყო, რომ ასოცირების რატიფიკაციის დროს, პრეზიდენტი პარლამენტშიც კი არ მოიწვიეს“, - განუცხადა for.ge-ს წიკლაურმა, რომლის მსგავს პოზიციაზე არიან - გიორგი თევდორაძე და ზურაბ ჯაფარიძე.

თევდორაძე პრემიერს ურჩევს ჭორაობის ნაცვლად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებით დაკავდეს.

მისი თქმით, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებული სიტუაცია საზოგადოებისთვის საინტერესოა და შეიძლება, გადაჭარბებული შეფასებები კეთდებოდეს, მაგრამ ეჭვებს თავად მმართველი გუნდის ქმედებები აჩენს.

„პრეზიდენტს ღირსების ორდენიც კი ჩამოართვეს და ინსინუაციების გაჩენის საბაბს სწორედ ასეთი ქმედებები იძლევა“, - განუცხადა for.ge-ს თევდორაძემ.

ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ზიზღის კამპანიით მოვიდა და ახლაც ასე აგრძელებს.

მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი ფოკუსირებულია „ნაციონალურ მოძრაობაზე“.

„ეს ყველაფერი მარტივად ჩანს, რადგან მთავრობის ნებისმიერი სხდომა შეგიძლიათ ნახოთ, პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ რამდენი წუთი საუბრობს. რაც შეეხება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობას, სპეკულაციებს არ ვეწევით, მაგრამ მათ შორის დაძაბულობა რომ არსებობს, ეს ინფორმაცია მედიაში ჟონავს და ამის თაობაზე ჟურნალისტები აზრს ჩვენც გვეკითხებიან. სულ არ მაინტერესებს, მათ რა ტიპის ურთიერთობა აქვთ, მაგრამ სინამდვილეში, ერთიც და მეორეც არიან არა მოსახლეობის მსახურები, არამედ ერთი ადამიანის - ივანიშვილის მომსახურებაში. ორივე მისი დანიშნულები არიან და მათი ქმედებები გათვლილია იმაზე, რომ თავი მოაწონონ ივანიშვილს და არა ხალხს. პრობლემაც სწორედ ესაა“, - განუცხადა for.ge-ს ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხშირად აკრიტიკებს და მათ ხუთ პროცენტიან პარტიად მიიჩნევს.