„ხალხის გაკულაკებას ხომ არ დავიწყებთ?“

„ხალხის გაკულაკებას ხომ არ დავიწყებთ?“

„როცა საუბარია პრეზიდენტზე, ყველაფერი სიღრმისეულად უნდა იყოს გამოძიებული. ეჭვის შეტანის საფუძველი არ უნდა დაუტოვო სააკაშვილის, თუნდაც, ძალიან დიდ გულშემატკივარს, რომ არ შეილახოს ქვეყნის იმიჯი, არ დაზარალდეს ქვეყანა. სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გადავაყოლოთ ქვეყანა. ყველაფერი ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ კითხვის ნიშანი არ დარჩეს ვინმეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომლის განცხდებით, სააკაშვილი გაქცეულია ქვეყნიდან.

For.ge მანანა კობახიძეს ესაუბრა.

საიდუმლო ხარჯებთან დაკავშირებით, დაიკითხა ექს-პრეზიდენტის დაცვის უფროსი, დაცვის რამდენიმე წევრი და ოჯახის მზარეული, საქმე, რომელზეც ისინი დაიკითხნენ გრიფითსაიდუმლოა“. არჩევნების მეორე დღეს დაკითხვებზე დაბარება უკავშირდება პრემიერ-მინისტრის ცნობილ განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებით ქვეყანაში კოაბიტაცია დასრულდებოდა?

- კოაბიტაცია რა და როგორ იყო კარგად ვიცით - ეს იყო იძულებითი მდგომარება. ახლა დასრულდა, რადგან ყველა თვითმმართველობაში „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაშია. ამით კიდევ ერთელ დასტურდება, რომ ხალხმა მათ უარი უთხრა. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, რომელზეც დაცვის წევრები დაიკითხნენ, ამ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება. იცით, რომ საეჭვო ხარჯების შესახებ მასალები ჯერ კიდევ პარლამენტში გახმაურდა. დაცვის სპეციალური სამსახურის საიდუმლო ფონდიდან სრულიად არამიზნობრივად ხდებოდა ბიუჯეტის ხარჯვა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ყველაზე გასაიდუმლოებული სტრუქტურა იყო, კონტროლი არ ხდებოდა, პრეზიდენტის პირდაპირ დაქვემდებარებაში იყო. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ სამსახურის პირველი ხელმძღვანელი იყო თემურ ალასანიას ქვისლი, ესეც მეტყველებს, რომ პირდაპირი ბმა იყო. სააკაშვილი თვითონ აკონტროლებდა ამ უწყებას, ბიუჯეტის ხარჯვა ხდებოდა სააკაშვილის პირადი შეხედულებებით, პირადი მიზნებისათვის, რაც დოკუმენტალურად ჩანს. გასაკვირი არაა, რომ ამ უწყების თანამშრომლებს იბარებენ და ლეგიტიმიური კითხვები აქვთ მათ მიმართ. პროკურატურამ ეს რომ არ გააკეთოს, პირდაპირ ვამბობ, რომ ეს იქნება თანამდებობრივი გულგრილობა.

დეპუტატი დავით დარჩიაშვილი თვლის, რომ ამ შემთხვევაში გამოძიების მიზანიანაციონალური მოძრაობისშევიწროება და არა საიდუმლო ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები?

- „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მთელი უბედურება იცით რა არის? - მათ კითხვა არ უჩნდებათ საკუთარი თანაგუნედელების მიმართ, მაგრამ როგორ უნდა გაუჩნდეთ, როდესაც ყველაფერი ძალიან კარგად იციან. დიახ, იმ დეპუტატებმა ყველაფერი კარგად იციან, რომლებიც სააკაშვილთან ერთად დუბაიში შეხვდნენ ახალ წელს და მერე ამას გამართლება მოუძებნეს, რომ ავღანეთიდან ვბრუნდებოდითო. ავღანეთიდან დუბაიში უნდა გამოიარო, ბიუჯეტის თანხებით ახალი წელი აღნიშნო და მერე უნდა დაბრუნდე საქართველოში? - ამას ვინ დაიჯერებს.

გასაგებია, მაგრამ ასეთივე კრიტიკულები იყავით იგივე კოლოსალურ პრემიებთან დაკავშირებით?

- ეს თემა ჩვენ ძალიან გვაწუხებს. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომ თავიდანვე არ არსებობდა გაწერილი წესი, როგორ უნდა მომხდარიყი პრემიების გაცემა. ეს არავის არ მოუწონებია. ის, რომ უსისტემოდ მოხდა პრემიების გაცემა, ეს იყო იმის ინერცია, რა ინერციითაც მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობა“ - არასოდეს არ ჰქონიათ წესი დადგენილი და მართლა კოლოსალურ თანხებზე გადიოდა მათი პრემიები. ნახეთ ძმები ახალაიების პრემიები, ვანო მერაბიშვილის, ბატონი ბაქრაძის, პარლამენტის წევრები, მუდმივად იღებდნენ პრემიებს. ჩვენ ამას წერტილი დავუსვით. პარლამენტში არც ერთი პრემია არ გაცემულა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოახერხა გათავისუფლება დანაშაულებრივი კავშირებიდან, ვერ შეძლეს კავშირის გაწყვეტა სააკაშვილთან. დღემდე მათი პარტიის თავმჯდომარეა ეს ადამიანი, დღემდე კრიმინალი მერაბიშვილი ჰყავთ მათი პარტიის აღამსრულებელ მდივნად, ეს გაერთიანება დგას ამ კრიმინალების გაერთიანებაზე. განაჩენით დადგენილია, რომ მერაბიშვილი დამნაშავეა, მათი პარტიის ლიდერები ძებნაში არიან, უმძიმეს დანაშაულს ედავებიან.

ყველამ იცის ვინ არიან ეს ადამიანები. სააკაშვილი, რომელიც დაკითხვაზე მოსვლას არ კადრულობს, კითხვაზე პასუხს არ სცემს, რითი არის საფრანგეთის პრეზიდენტზე უკეთესი არ მესმის. გაიქცა აქიდან და გაექცა პასუხისმგებლობას. არაადეკვატურია მისი ქცევა და განცხადება. თუ ვინმემ ჩემი ქვეყნის იმიჯი შელახა, ეს არის სააკაშვილი. დაანებოს ამ ქვეყანას და ქართველ ხალხს თავი სააკაშვილმა. ნუ ერჩის ამ სახელმწიფოს, ნუ ძალადობს საქართველოზე. დღესაც ცდილობს, რომ შორიდან იძალადოს ჩემს ქვეყანაზე.

რას აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ უზრუნველყოს სააკაშვილის ჩამოყვანა და დაკითხვა? ის, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო სააკაშვილის დაკითხვა, ეს არის პროკურატურის სისუსტე, თუ არაპროფესიონალიზმი?

- სააკაშვილი გაქცეულია ამ ქვეყნიდან. ხელისუფლება პროცედურული დაცვით ითხოვს მისგან პასუხებს. შიდა კანონმდებლობით რაც იყო შესაძელებელი, გაკეთდა. ამის გარდა დარჩენილია ერთი გზა, ადამიანს დაუსწრებლად წაუყენო ბრალი და შეუფარდო აღკვეთი ღონისძიება, გამოაცხადო ძებნა და მოითხოვო მისი გადმოცემა.

და რა გიშლით ხელს, რომ ეს პროცედურები განახორციელოთ სააკაშვილის წინააღმდეგ?

- როცა საქმე ეხება პრეზიდენტს, ხელისუფლება საკამოდ ფრთხილი უნდა იყოს, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფიგურა დადის მთელ მსოფლიოში, გაიძახის, რომ დიდი რეფორმატორი იყო და მის ქვეყანაში პოლიტიკურად დევნიან. სამწუხაროდ, მას უსმენენ, ჰყავს გარკვეული პოლიტიკური მხარდამჭერები, რომლებიც სოლიდარობას გამოთქვამენ მის მიმართ. ბოლო-ბოლო 9 წელი პრეზიდენტი რომ ხარ, გიყალიბდება პირადი ურთიერთობა.

როცა საუბარია პრეზიდენტზე, ყველაფერი სიღრმისეულად უნდა იყოს გამოძიებული. ეჭვის შეტანის საფუძველი არ დაუტოვო სააკაშვილის თუნდაც ძალიან დიდ გულშემატკივარს, რომ არ შეილახოს ქვეყნის იმიჯი, არ დაზარალდეს ქვეყანა. სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გადავაყოლოთ ქვეყანა. ყველაფერი ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ კითხვის ნიშანი არ დარჩეს ვინმეს.

გამორიცხავთ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშია მიეცეს პასუხისგებაში? საგამოძებო უწყებაში ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ...

- ვერავის დაკავებას ვერ დავაანონსებ. სწორი არ იქნება დეპუტატმა ვილაპარაკო ვინ შეძლება დააკავონ და ვინ არა. ეს არის პროკურატურის პრეროგატივა, ისინი აწარმოებენ საგამოძიებო მოქმედებას. არ შეიძლება მე ვიწინასწარმეტყველო, კონკრეტულად ვის მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებლივი დევნა.

პრემიერმა დაანონსა პოლიტიკურად ცხელი ზაფხული...

- გამოძიება მიმდინარეობს ძალიან ბევრ საქმეზე. ეს პროცესი არ გაჩერდება, ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური დასასრული. თუ დაიწყო გამოძიება, ის უნდა დასრულდეს და დადგინდეს დამნაშავე პირი. პოლიტიკურად შეიძლება ცხელ ზაფხულს შეადარო, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის სამართალდამცავების ჩვეულებრივი საქმიანობა. მათი ვალდებულებაა, რომ დაწყებული საქმე დაასრულონ და ყველას, ვისაც შეხება აქვს დანაშაულთან, პასუხი აგონ, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი გუნდის ჩათვლით.

რა ბედი ელის იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შევიდა პროკურატურაში? ნაწილი ქონების დაბრუნებას, ნაწილი კი მკვლელების დასჯას ითხოვს, სია ძალიან დიდია...

- ამ საქმეებს უნდა შესწავლა და ვიცი, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს პროკურატურაში. ყველა საქმეზე უნდა იყოს რეაგირება. თუ პროკურატურა რომელიმე საქმესთან დაკავშირებით თვლის, რომ სისხლის სამართლებლივი დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს, ამაზე პასუხი უნდა მიიღოს განმცხადებელმა. თუ არის გამოძიების დაწყების საფუძველი, უნდა დაიწყოს გამოძიება. ის, რომ ბევრი საჩივარია, ამას გამართლება არ აქვს. გვინდა თუ არა, ნებისმიერ საჩივარს პასუხი უნდა გავცეთ.

ერთი ფაქტი შეგიძლიათ დამისახელოთ ვის დაუბრუნდა წართმეული ქონება და რომელი უდანაშაულოდ მოკლულის საქმე იქნა გახსნილი?

- გამოძიება უნდა ჩატარდეს. კონკრეტულ ადამიანებს შეიძლება წაართვეს ქონება, მაგრამ შემდეგ ის გადავიდა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, რაღაცა თვეების შემდეგ ყიდულობს მესამე პირი, რომელიც ამუშავებს იმ საწარმოს. ასეთ საქმეებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული ვითარებაა. იმ რომელიღაც ბიზნესმენს, რომელმაც შეისყიდა ეს ბიზნესი, ფული გადაიხადა, ხალხი დაასაქმა, ახლა წაართმევ და ისევ ძველს დაუბრუნებ? ეს არაა სამართლიანობის აღდგენა. მაშინ გამოდის, რომ ბიუჯეტმა უნდა ზღოს, ხალხის ჯიბიდან უნდა გადაუხადო იმ ბიზნესმენს, ვისაც ეს წაართვეს.

მაშინ რა ჰქნას იმ ბიზნესმენმა, რომელსაც წაართვეს ქონება?

- არსებობს მოქმედი კანონმდებლობა და უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც კანონმდებლობა ითხოვს. ის ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენი, ვინც ფული გადაიხადა ამ საქმეში, თუ წაართმევ ყველაფერს და ყოფილ მესაკუთრეს დაუბრუნებ, ეს არაა სამართლიანობის აღდგენა. კეთილსინდისიერი მყიდველი არაფერ შუაშია და არც ერთ კანონში ეს არ წერია. ამ შემთხვევაში პასუხი უნდა აგოს ბიუჯეტმა, ჩვენმა ეკონომიკამ და ხალხმა, რაც ძალიან დიდ კოლაფსს გამოიწვევს ქვეყანაში, ჩამოინგრევა ყველაფერი. ასე არ ხდება, ხალხის გაკულაკებას ხომ არ დავიწყებთ, სოციალისტური მიდგომებით ხომ არ მოვიქცევით?!

როცაესაბამისი ორგანო არ იძიებს კონკრეტულ საქმეს, მაშინ რა უნდა ჰქნას დაჩაგრულმა ბიზნესმენმა?

- მაშინ შეუძლია დეპუტატებს მომართოს. რაღაცნაიარად საკანონმდებლო ორგანოდან შეიძლება რეკომენდაცია, კითხვის გაგზავნა და პასუხის მიღება. ბუნებრივია, მე ვერ გამოვიძებ ამ საქმეს და არ შემიძლია ვთქვა, ვინ, ვის ლობირებს. ნებისმიერ საჩივარზე პროკურატურამ რეაგირება უნდა მოახდინოს, ეს კანონით ევალებათ და უნდა გააკეთონ.