მიზეზი, რის გამოც 5 მინისტრი მთავრობის შემადგენლობას დაემშვიდობნენ, ცნობილია. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ისინი არ იყვნენ ეფექტურები, როგორც კაბინეტის სხვა წევრები. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საკადრო ცვლილებებზე დიდი ხანი ფიქრობდა. პრემიერის თქმით, პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ ზოგიერთ მინისტრს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება უჭირდა და ნებისმიერ საკითხზე პრემიერ-მინისტრის პოზიციას ელოდებოდა.
„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული დამღა დაესვა ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და ხშირ შემთხვევაში მინისტრები დამოკიდებულნი იყვნენ პრემიერ-მინისტრზე, პრეზიდენტზე, მათ დავალებებს ელოდებოდნენ. ასე იყო და, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში, ეს ჯერ კიდევ არის ჩემს მთავრობაშიც. ზოგიერთ უწყებაში უჭირდათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და ვერ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება დროულად.
ამაზე ყოველთვის ვსაყვედურობდი და ვსაყვედურობ მინისტრებს, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები, იყვნენ უფრო გაბედულები, რისკიანები, რადგან ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ ჩვენს ხალხს გავუკეთოთ მეტი და არ გვაქვს დრო, ბევრი ვიფიქროთ. შეიძლება შეცდომები დავუშვათ, შეცდომებს ვუშვებთ ყველა, მაგრამ როცა ადამიანს აქვს რწმენა, რომ ის სწორ საქმეს აკეთებს, ის შეცდომა მარტივად იქნება გამოსწორებული“, - აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ის ორი მინისტრიც დაასახელა, რომლებსაც მისი განცხადებით, მენეჯმენტში გარაკვეული ხარვეზები და შეცდომები ჰქონდათ. პრემიერმა „პოლიტიკის დროსთან“ საუბარში კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოდიშარიას თანამდებობიდან გადაყენება საყდრისის საკითხს უკავშირდებოდა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მას თანამდებობიდან ადრე გადააყენებდა. რაც შეეხება ხათუნა გოგალაძეს, ღარიბაშვილის თქმით, მანაც მენეჯმენტში გარკვეული სისუსტეები გამოავლინა.
„ხათუნა გოგალაძეს ასევე დავუწუნე მენეჯერული თვისებები. მან გარკვეული სისუსტეები გამოავლინა“, - განმარტა პრემიერმა.
ამასათ, პრემიერი ამბობს, რომ დიდი დრო დაუთმო კულტურის მინისტრობის კანდიდატზე ფიქრს და ამბობს, რომ მიხეილ გიორგაძის შერჩევით სწორი არჩევანი გააკეთა. ღარიბაშვილისგან განსხვავებით ასე არ ფიქრობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი, რომელიც გიორგაძის კანდიდატურას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ მისთვის გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით შეირჩა გიორგაძის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე.
„ვერ ვხვდები საიდან გაჩნდა ამ კანდიდატურის წარდგენის აზრი. ვერ ვიგებ რა მოტივით, მის მიერ რა გაკეთებული საქმით აირჩა ეს ადამიანი. გაოგნებული ვარ მისი კანდიდატურით. კარგი იქნებოდა კანდიდატების დასახელებამდე უმრავლესობაში შეხვედრები შემდგარიყო“, -აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ეფექტურობა მთლიანად მთავრობას აკლია. შესაბამისად, ის ფიქრობს, რომ ეს პასუხისმგებლობა მთლიანად მინისტრთა კაბინეტმა უნდა გაიზიაროს. ხუხაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არის პოზიტივი, სისტემური ცვლილებები ჯერჯერობით არ იგრძნობა როგორც ეკონიმიკაში, ასევე ადამიანის უფლებების მიმართულებით. რაც შეეხება ხათუნა გოგოლაძეს, ხუხაშვილი for.ge-სთან იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მას თანამდებობიდან წასვლა მოუწია.
„მე ვიცი, რომ მუდმივი წინააღმდეგობა იყო ენერგეტიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის. თვეების განმავლობაში ვისმენდით ორ მონოლოგს. ეს მონოლოგი დიალოგში არ გადადიოდა და მეტიც, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა ამა თუ იმ ენერგეტიკულ პროექტთან დაკავშირებით.
ვერ ვიტყვი, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო არ იყო სწორი ამ დავაში, როდესაც იცავდა ქვეყნის გარემოს დაცვით ინტერესებს, მაგრამ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების დროს ყოველთვის უნდა გამოიძებნოს კომპრომისი. ეს ორი სამინისტრო კონსენსუს კი არ ეძებდნენ, არამედ უფრო ჩხუბზე და ემოციებზე იყვნენ აყოლილი, სწორედ ეს აფერხებდა სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას“, - აცხადებს ხუხაშვილი.
მისივე განცხადებით, ამ პროცესში რომელი უწყების წილი პასუხისმგებლობა იყო უფრო მეტი, ეს საკადრო ცვლილებით შეაფასა პრემიერმა.
„დღეს პრემიერს აქვს საშუალება, რომ მან მოკითხოს მინისტრებს, მაგრამ შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც მას მოეკითხება ამ მინისტრების მუშაობაზე. აქიდან გამომდინარე ცდილობს, ისეთი გუნდი შეკრიბოს, რომელთა ერთადაც მზად იქნება აიღოს პასუხისმგებლობა ამა თუ იმ მიმართულების განვითარებაზე. დღეის შემდეგ პრემიერს არ ექნება იმის რესურსი, რომ კიდევ ვინმესკენ გაიშვიროს ხელი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილისთვის დამაფიქრებელია ისეთი მინისტრის შეცვლა, რომლის წარმატებულობაზე მთელი ევროპა ალაპარაკდა. ცისკარიშვილი ამბობს, რომ დავით კირვალიძის შემდეგ წარმატებულობა სოფლის მეურნების მინისტრის თანამდებობაზე ძნელად სავარაუდო იყო.
„კირვალიძის შემდეგ, შალვა ფიფია გახლდათ წარმატებული სოფლის მეურნეობის მინისტრი. იქნებ ჩამოგვითვალოს ბატონმა ღარიბაშვილმა თუნდაც ღარიბი ინფორმაცია იმის თაობაზე, რითი ჯობია ოთარ დანელია შალვა ფიფიას და სად მიიღო სასოფლო სამეურნეო განათლება ბატონმა დანელიამ. ჯერ კიდევ თვეების წინ შემუშავებული იქნა მზაკრული გეგმა, როცა მოადგილეებად სრულიად გაურკვეველ ადამიანებს უნიშნავდნენ მინისტრებს, დღეს კი მოწმენი გავხდით, რომ ეს არსაიდან მოსული მოადგილეები, უკვე მინისტრები ხდებიან.
ვუთანაგრძნობ ბატონ ღარიბაშვილს, რომ ის სრულ გაუგებრობაშია მოხვედრილი. ძალიან გული მწყდება, რომ დასავლეთის ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციიდან უკვე დაიძრა კითხვები, რაზე პასუხის გაცემაც მხოლოდ ავნებს ჩვენს ქვეყანას. კითხვები მთავრობასთან არ იგზავნება, კითხვები იგზავნება პროფესიონალებთან. შალვა ფიფიას დილით უნდა გაეკეთებინა პრეზენტაცია, დაიბარეს იქ სადაც დაიბარეს და უთხრეს, აბა შენ იცი, დღეიდან შენს ადგილს დაეუფლება ოთარ დანელია, რომლის ბიოგრაფიაში ყველაზე საამაყო წერტილია სააკაშვილის მსახურება „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოში“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას იხსენებს, რომელიც მან ექსპერტთა კლუბში სტუმრობისას გააკეთა და, რომელიც მოქმედმა პრემიერმაც გაიმეორა.
„დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში სტუმრობისას არაერთხელ გამოუთქვია პოზიცია ბატონ ივანიშვილს, რომ ძალიან გამიხარდება თუ დათო კირვალიძე არ აღმოჩნდება გარეული ტრაქტორების სკანდალში და ის იმავე დღეს დაუბრუნდება მინისტრის სავარძელსო. ეს არაერთხელ გაიმეორა ბატონმა ღარიბაშვილმა. აქედან გამომდინარე, შემიძლია გავაკეთო დასკვნა, რომ ამ ადამიანებს ეშინიათ დამოუკიდებლად მოაზროვნე პროფესიონალების. პირდაპირ დავაფიქსირებ ჩემს აზრს, ამ გადაწყვეტილების მიღება არის თავის შერცხვენა ღარიბაშვილის მიერ.
მოხარული ვიქნები თუ დღევანდელ და შარშანდელ პრემიერ-მინისტრს გამოაჩნდებათ იმდენი ვაჟკაცობა, რომ ღია დებატები გამართონ დათო კირვალიძესთან და შალვა ფიფიასთან. დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ვინმე ოთარ დანელია არის ის ოცნება, რომელიც უნდა აუსრულდეს საქართველოს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ღარიბაშვილის პოლიტიკური ინტერესებია, მაგრამ თუ ვინმე ხელმარჯვეს ჩაწერილი აქვს ბატონი ივანიშვილსა და ღარიბაშვილს საუბრები ამ თემაზე, მაშინ მე ვფიქრობ, შეიძლება ის მილიონერი გახდეს და გაუჩინარდეს ქართული სივრციდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.