განახლებული მინისტრთა კაბინეტი ახალი „კარუსელის“ მოლოდინშია

განახლებული მინისტრთა კაბინეტი ახალი „კარუსელის“ მოლოდინშია

პარლამენტს მთავრობისთვის ნდობა ჯერ არ გამოუცხადებია, პრემიერ-მინისტრი კი უკვე მორიგ ცვლილებებზე საუბრობს. ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან შენიშნები აქვს, თუმცა არ აკონკრეტებს ვისთან.

საპარლამენტო კულუარებში კი იმ მინისტრების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, ვისთანაც შესაძლოა, მთავრობის ხელმძღვანელს შენიშვნები ჰქონდეს. როგორც for.ge-ს უმრავლესობაში განუცხადეს, ღარიბაშვილს სავარაუდოდ, კითხვები ეკონომიკური დარგის მინისტრებთან, მათ შორის ნოდარ ხადურთან და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან აქვს.

მთავრობის კაბინეტის წევრებთან თუ რა სახის პრეტენზიები აქვს ირაკლი ღარიბაშვილს, ამას არც თავად აკონკრეტებს და ამის შესახებ არც უმრავლესობის ლიდერები საუბრობენ, მაგრამ პრემიერის მსგავსად, მორიგ სამთავრობო კარუსელს არც ისინი გამორიცხავენ.

ღარიბაშვილის განცხადებით, ის მუშაობას ყველა მინისტრის დაკვირვების რეჟიმში აგრძელებს.

„მათ შორის იმ მინისტრებს ვაკვირდები, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ გარკვეული შენიშვნები მაქვს. მორიგ ცვლილებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა მათ კიდევ ერთი შანსი მივცე, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ. ჯერ არაფერს ვგეგმავ. შეიძლება ცვლილება საერთოდაც არ მოხდეს, ეს მათზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა პრემიერმა, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ლექსო ჭიკაიძის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

ოპონენტებისგან განსხვავებით, მთავრობის ხელმძღვანელი თვლის, რომ ჭიკაიძე სწრაფად იზრდება.

პრემიერის თქმით, ჭიკაიძე 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

„თქვენ მას არ იცნობთ. საპრეტენზიო ლექსოს უწყების მიმართ მართლაც არ მაქვს. კრიტიკას არ ვეთანხმები, რადგან ლექსოს აქვს დიდი რესურსი, ის სწრაფად იზრდება და ის იქნება და არის უფრო ეფექტური მინისტრი. მან მუშაობა და ის რეფორმები კარგად გააგრძელა, რომლებიც გასულ წელს დავიწყეთ“, - დასძენს ღარიბაშვილი, რომელიც არ იზიარებს ოპოზიციის კრიტიკას კრიმინალის გაზრდის თაობაზე.

მთავრობის ხელმძღვანელის შეფასებით, სპეკულაციები, რომ კრიმინოგენური ვითარება არის გართულებული, ძალიან სასაცილოა.

„კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება, ჩვენთან კრიმინალის დონე არის გაცილებით შემცირებული, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს“, - აღნიშნა ღარიბაშვილი, რომლის განცხადებებსის პათოსსაც უმრავლესობა იზიარებს.

for.ge-სთან საუბარში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ გამოვრიცხავს, რომ გარკვეული ცვლილებები მთავრობაში გაგრძელდეს.

„ეს პრემიერის კომპეტენციაა. გადაწყვეტილებას ის იღებს და მის არჩევანს ვენდობით. მზად ვართ, მთავრობას ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესად გააკეთონ საქმე, რადგან ხალხისთვის გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს“, - აცხადებს ბესელია.

თანაგუნდელის მსგავსად, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრემიერის კომპეტენციაზე აპელირებს და ამბობს, რომ ღარიბაშვილმა უკეთ იცის რომელ მინისტრშია სუსტი მხარეები.

„სად არის ცვლილებების განხორციელება საჭირო, ეს ყველაზე უკეთ პრემიერმა იცის. ეს მისი პრეროგატივაა თუ ის ჩათვლის საჭიროდ, რომ რომელიმე მინისტრი უნდა გაუშვას, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ“, - აღნიშნავს სესიაშვილი, რომელიც ეკონომიკური გუნდის საქმიანობით კმაყოფილია.

როგორც for.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, ის მემკვიდრეობა, რაც ეკონომიკურმა გუნდმა მიიღო მძიმე და განადგურებული იყო.

„დანგრეული ეკონომიკური სისტემა მივიღეთ. წინ საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა და არის სასტარტო მონაცემები, რომლებიც ქვეყანას განვითარების საშუალებას მისცემს. ძალიან მალე, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმევა ქვეყნის ეკონომიკური მიმართულებით“, - აღნიშნავს სესიაშვილი.

თანაგუნდელების მსგავსად, თუ რომელ მინისტრთან აქვს შენიშვნები პრემიერს, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე, მაგრამ კანონმდებელი ამბობს, რომ ცხოვრება მინისტრობით არ იწყება და არც სრულდება.

აბაშიძის განცხადებით, მთავრობაში ცვლილებების განახორციელება ჯანსაღი პროცესია და პრემიერმა თავად უკეთ იცის, ვინ უფრო ეფქტურია და ვინ ნაკლებად.

„მომავალში გამოჩნდება ახალი მინისტრები რას გააკეთებენ და ისინიც ვინც ორი წელია კაბინეტში არიან. მინისტრთა კაბინეტში მუშაობას ვინ გააგრძლეებს და ვინ შეიცვლება, ეს მომავალში გაირკვევა. ვიღაცის ცხოვრება მინისტრობით არ იწყება და არც მთავრდება“, - განაცხადა აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შვიდ სამინისტროში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნა. მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხზე, საკანონმდებლო ორგანო 26 ივლისს იმსჯელებს, მანამდე კი უწყებას პრემიერ-მინისტრი გუნდის წევრებთან ერთად ეწვევა და სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

რაც შეეხება მორიგ სამთავრობო ცვლილებებს, პოლიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, რომ კარუსელი სავარაუდოდ, შემოდგომაზე დატრიალდება.