პარლამენტი თბილისში ნაწილობრივ ბრუნდება

პარლამენტი თბილისში ნაწილობრივ ბრუნდება

საქართველოს პარლამენტი სექტემბრიდან ფუნქციონირებას ქუთაისსა და თბილისში წარმართავს. შესაბამისად, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ორი შენობა ექნება. კანონმდებლები ქუთაისში სასესიო კვირას იქნებიან, საკომიტეტო მოსმენებს კი თბილისში გამართავენ.

for.ge-ს ინფორმაციით, დეპუტატები თვის განმავლობაში ქუთაისს ექვსი დღით ესტუმრებიან და მათთვის შენარჩუნებული იქნება ის ბინები, რომელთა ქირისთვისაც პარლამენტის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში დაახლოებით მილიონი ლარი გამოიყოფა.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატების მსგავსად, ქუთაისში ივლიან აპარატის თანამშრომლებიც, თუმცა, როტაციის პრინციპით და თან არა იმ შემადგენლობით, როგორც დღეს არის წარმოდგენილი.

კერძოდ, დღეს, ქვეყნის უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში, დაახლოებით 800 ადამიანია დასაქმებული და როგორც for.ge-სთან საუბარში დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, თანამშრომელთა 80 პროცენტი საქმიანობას თბილისში განაგრძობს, ამით კი ხარჯვითი ნაწილი შემცირდება.

როგორც ჩანს, ტყემალაძეს მხედველობაში ის ხარჯები აქვს, რომელიც აპარატის თანამშრომელთათვის ქუთაისში ბინების ქირის დასაფარად გამოიყოფა. კერძოდ, არსებული ცნობით, აპარატის თანამშრომელთა ბინებით უზრუნველყოფისთვის წლის განმავლობაში, დაახლოებით 3,5 მლნ ლარი იხარჯება.

ტყემალაძის განცხადებით, ქუთაისი-თბილისის გზაზე სიარულში დრო იკარგება, ეს პროცესი კი, სახლემწიფო ბიუჯეტს ძვირი უჯდება.

„საკომიტეტო მოსმენები თბილისში ჩატარდება და თანამშრომელთა 80 პროცენტი ადგილზე იქნება. ეს უფრო შეღავათიანი იქნება. სამწუხაროდ, დეპუტატთა ბინები შენარჩუნებული იქნება, მაგრამ სახელმწიფოს ბევრად უფრო იაფი დაუჯდება იმ ორი შენობის შენახვა, ვიდრე ქუთაიში არსებული შენობის“, - აცხადებს ტყემალაძე, რომლის მსგავსად, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ხარჯები არ გაიზრდება.

ჩვენთან საუბარში ზურაბ მარაქველიძე აცხადებს, რომ საუბარი იმაზე, თითქოს, სახელმწიფოს ხარჯები გაიზრდება, მცდარი არითმეტიკაა.

მისი განმარტებით, ბევრი საკითხი დამუშავების პროცესშია და დეპუტატთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის.

„მართალი გითხრათ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ქუთაისში მდებარე შენობის ხარჯები პარლამენტის ბიუჯეტიდან გადის, თუ ეკონომიკის სამინისტროდან, ამით რა იცვლება? შენობის შენახვისთვის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. გეტყვით, რომ ხარჯვითი ნაწილი არ გაიზრდება“, - განუცხადა for.ge-ს მარაქველიძემ, რომელმაც უარყო საპარლამენტო კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, აპარატისთვის განკუთვნილი შენობა ქუთაისში განთავსებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს გადაეცეთ.

თანაგუნდელების მსგავსად, საკომიტეტი მოსმენების თბილისში ჩატარებას მიესალმება უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, მაგრამ მათგან განსხვავებით, for.ge-სთან საუბარში კანონმდებელი პროგნოზირებს, რომ ორი შენობის არსებობა ხარჯვით ნაწილს გაზრდის.

საგანელიძის განცხადებით, დიდი სისულელე იქნება, რომ საკომიტეტო მოსმენები თბილისში არ დაბრუნდეს.

„შეიძლება ბინები ჩავაბაროთ და სასტუმრო ავიღოთ. მაქსიმალური დანაზოგი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ალბათ, ხარჯები გაიზრდება, რადგან თბილისში მდებარე შენობასაც დასჭირდება შენახვა“, - აღნიშნავს საგანელიძე, რომელიც თბილისში პარლამენტის ნაწილობრივ გადატანას უწყების გამართული მუშაობის სურვილს უკავშირებს.

კანონმდებელის თქმით, ქუთაისში ყოფნა ბევრ პრობლემას აჩენს, მათ შორის თანამშრომლობა რთულდება მთავრობასთან, დიპკორპუსთან და დელეგაციებთან.

„საქართველო პატარა ქვეყანაა და ორი პარლამენტის არსებობა მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ მუშაობა ძველ ფორმას უნდა დაუბრუნდეს და კომპესირება მოვახდინოთ დაკარგული დროის. სამწუხაროდ, კონსტიტუციური ჩანაწერი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პლენარული სხდომები თბილისში ჩატარდეს, მაგრამ იმედია, უმცირესობიდან ის ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც პრაგმატულად შეხედავენ პარლამენტის არსებობას თბილისში და არ დაემონებიან ლიდერის იდეას“, - აღნიშნავს საგანელიძე, რომლის პოზიციაზეა ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

როგორც for.ge-ს კობახიძემ განუცხადა, პარლამენტი მუდმივად მოგზაურობის პროცესშია.

მისი თქმით, კანონმდებლები დისტანციის გამო და დატვირთული მოძრაობის გამო, ძირითად დროს გზაში ატარებენ.

„ეფექტურობისთვის საჭიროა პარლამენტი გადავიდეს თბილისში“, - აღნიშნავს კობახიძე.

for.ge-ს ინფომრაციით, თბილისში გამართული საკომიტეტო მოსმენებს დაესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ისინი პროტესტის რომელიმე ფორმას არ მიმართავენ, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციიდან საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი ამოდის.

გიგი წერეთელის განცხადებით, თბილისში საკომიტეტო მოსმენების წარმართვისა და ქუთაისში სესიების ჩატარების იდეას ისინიც განვიხილავდნენ, მაგრამ ეს აზრი მოგვიანებით შეიცვალა.

მისი თქმით, გასაგებია, რომ ბევრ ადამიანს დისკომფორტი აქვს, განსაკუთრებით აპარატს, მაგრამ პარლამენტის ქუთაისში არსებობა რეგიონს განავითარებდა.

„იმ პროექტში, რომელიც ჩვენ გვქონდა გათვალისიწინებული იყო ბევრი რამ მათ შორის აპარატის თანამშრომლების მაღალი ხელფასები და სწრაფი მატარებელის შექმნა. საპარლამენტო მუშაობის ბლოკირებას არ ვაპირებთ“, - განუცხადა for.ge-ს წერეთელმა, რომელსაც კითხვით მივმართეთ - „რა შეცვალა დეცენტრალიზაციის კუთხით, ორი წლის მანძილზე პარლამენტის ქუთაისში არსებობამ?“.

დეპუტატის შეფასებით, ქალაქის გამოცოცხლება შეინიშნება.

თუ რა შედეგს მოიტანს პარლამენტის ნაწილობრივ თბილისში დაბრუნება, ამას საზოგადოება საშემოდგომო სესიაზე იხილავს, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალების“ დაანონსებულმა დეცენტრალიაზაციამ არ გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, ეს არც ქალაქს ეტყობა და არც დეპუტატების მუშაობას. უწყებაში მუდმივად კვორუმის პრობლემაა, საკომიტეტო მოსმენების ჩატარება კი ხშირად, საფრთხის ქვეშ დგას.