საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაპირისპირების მიზეზი დონეცკში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი „ბოინგ 777“ გახდა. აღნიშნული ტრაგედიის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობა“ რეზოლუციის მიღებას ითხოვს, „ქართული ოცნება“ კი, საერთაშორისო საგამოძიებო პროცესების დასრულებას ელოდება და ოპონენტებს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ „ნაჩქარევ“ განცხადებას არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს და წინა ხელისუფლების პიარ-სვლებს არ აჰყვება.
როგორც for.ge-ს ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, უკრაინაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე რეზოლუცია მიიღო და ქართული მხარე უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას დღესაც უცხადებს.
დოლიძის განცხადებით, დონეცკში მალაიზური თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტს, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, საქართველოს ხელისუფლება განიცდის.
„ამ საშინელი ტრაგედიის მიუკერძოვებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს. გამოძიების ჩატარებას მთელი მსოფლიო ელოდება. მათ შორის ჩვენც. ბრიტანულმა მხარემ გამოძიების წარმოება თავის თავზე აიღო და იქედან გამომდინარე, თუ რა დასკვნას გამოიტანს გამოძიება, ბუნებრივია, რეაგირებას ჩვენც მოვახდეთ. პარლამენტის რეზოლუცია ფარატინა ქაღალდი არ არის. შესაბამისად, განცხადების მიღების მიზანი და საფუძველი უნდა ვიცოდეთ. პროცესებს ვაანალიზებთ და გამოძიებას დაველოდებით“, - აღნიშნავს დოლიძე.
ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებით, საქართველოს პარლამენტი ნაჩქარევ განცხადებას არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს.
„ნაციონალური მოძრაობასავით“ პოლიტიკურ სპეკულაციებს და პიარს არ ვაპირებთ. შედეგზე ორიენტირებული ძალა ვართ, რომელიც გეგმაზომიერად მოქმედებს. მათ ვერ ავყვებით. უნდა დავფიქრდეთ და პროცესები გავაანალიზოთ. ამ საშინელ ტრაგედიაში ვისი ხელი ურევია, ამას როგორც პოლიტიკოსი ჩემთვის შევინახავ, მაგრამ პასუხისმგებლობით აღჭურვილმა პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს ის, მის განცხადებას თუ რა მოჰყვება“, - დასძენს კანონმდებელი, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კანდელაკი აკრიტიკებს.
for.ge-სთან საუბარში კანდელაკი აცხადებს, რომ „ცეკა“-ს მდივან ვოლსკის რუსეთის „გაპრავების“ მცდელობაში დოლიძეც აჰყვა.
ოპოზიციონერის თქმით, თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტზე, საქართველოს პარლამენტმა ერთობლივი განცხადება უნდა მიიღოს და ხელისუფლებამ „შუა პოზიციის“ დაჭერის შესაძლებლობა გამორიცხოს.
„სამწუხაროა, რომ „ცეკა“-ს მდივან ვოლსკის რუსეთის „გაპრავების“ მცდელობაში „თავისუფალი-დემოკრატების“ წარმომადგენელი და ალასანიას პარტიის წევრი დოლიძეც აჰყვა, რადგან თავდაპირველად, უმრავლესობა მსჯელობაში შემოვიდა. რატომ არის ის ნაციონალების პიარი, თუ რუსებს მოვუწოდებთ, რომ უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესია შეწყვიტოს?! უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი უკრაინაა და რატომ არის ჩვენი სპეკულაცია ის, თუ მათ მხარში დავუდგებით?! თუ რუსებს მოვუწოდებთ, რომ სეპარატისტებს იარაღის მიწოდება შეუწყვიტოს, ეს ჩვენი პიარია?! შუა პოზიციის დაჭერის შესაძლებლობა აღარ არის და სჯობს, ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებზე გადავიდეს, მაგრამ გამოჩნდა, რომ რეალობაში საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ბრუნდება“, - განუცხადა for.ge-ს კანდელაკმა.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მიღების თაობაზე, კანდელაკი-დოლიძის გარდა, ერთმანეთი გიგი წერეთელმა და ვოლსკიმაც გააკრიტიკეს. ნაციონალმა ვოლსკი „რუსული პოლიტიკის გატარებაში“ დაადანაშაულა.
თავის მხრივ, წერეთელს არც ვოლსკი ჩამორჩა, მან წერეთელი ასევე რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და განუცხადა, რომ წინა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკამ „კრახი“ განიცადა.
როგორც ჩანს, პარლამენტი დონეცკში მომხადრი ტრაგედიის თაობაზე რეზოლუციის მიღებას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების შემთხვევაში, მხარეებს შორის კამათის მიზეზი განცხადების შინაარსი იყო და არა თავად რეზოლუციის მიღების შესაძლებლობაზე საუბარი.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი „ბოინგ 777“ რამდენიმე დღის წინ ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა, მათგან 193 ჰოლანდიის მოქალაქე იყო. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა, რომელიც 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა. ტრაგედიის დროს დაღუპული ჰოლანდიის მოქალაქეები სამშობლოში უკვე გადაასვენეს.