თამარ ცინცაბაძე: „საკრებულოს პრემიების საკითხი რეგლამენტში უნდა ასახულიყო“

თამარ ცინცაბაძე: „საკრებულოს პრემიების საკითხი რეგლამენტში უნდა ასახულიყო“

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები უმრავლესობას ძალაუფლების გაუნაწილებლობაში ადანაშაულებენ. ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელები განმარტავენ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებმა საკრებულოში ოპოზიციის როლი დააკნინეს, როცა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის თანამდებობები ვერ გაიმეტეს, ასეთ პირობებში კი დედაქლაქის საკრებულოში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა გაჭირდება.

რა პრიორიტეტები აქვთ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს და როგორ აპირებენ საკუთარი ინიციატივების განხორციელებას? – for.ge „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელს, თამარ ცინცაბაძეს ესაუბრა, იგი თბილისის საკრებულოს წევრი პროპორციული სიით გახდა.

თამარ ცინცაბაძე: წინასაარჩევნო შეხვედრებზეც მუდმივად ვსაუბრობდით და ახლაც ჩვენი კოალიციისთვის ამოსავალი არის ადამიანი და მისი კეთილდღეობა. ამ კუთხით რთული მდგომარეობა გვქონდა 9 წლის განმავლობაში და, სამწუხაროდ, არც ახალ ხელისუფლებას გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ადამიანებს, კონკრეტულად თბილისის მოქალაქეებს, არ უგრძვნიათ ხელისუფლების ზრუნვა.

რადგან ჩვენთვის პრიორიტეტი ადამიანია, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას დავუთმობთ სოციალურ სფეროს და კონკრეტულად ჯანდაცვას. მოსახლეობისთვის ბოლო პერიოდში ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ამ მიმართულებით კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ყურადღებას გავამახვილებთ პენსიონერებზე და სოციალური სფეროს სხვა საკითხებზე.

თბილისის საკრებულოს პირველივე სხდომაზე ჩვენ სამართლიანობის აღდგენის საკითხი დავსვით და დროებითი კომისიის შექმნა მოვითხოვეთ. კომისიის მიზანი თბილისში უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საკითხების შესწავლა უნდა იყოს. ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას.

სამართლიანობის აღდგენა საკმაოდ ზოგადი საკითხია და არა მხოლოდ დედაქალაქში, ქვეყნის მასშტაბით არის აქტუალური. როგორ წარმოგიდგენიათ ამ საკითხის მოგვარება საკრებულოს დონეზე შექმნილი დროებითი კომისიის ფარგლებში?

- ჩვენი პარტია, მთელ საქართველოში, ყველა რაიონის საკრებულოებში არის წარმოდგენილი. უმრავლეს შემთხვევაში - ფრაქციით. ჩვენი კოალიციის წარმომადგენლებმა თითქმის ყველგან დასვეს შესაბამისი დროებითი კომისიის შექმნის საკითხი.

ფაქტია, ეს საკითხი ვერ გადაწყდა სამინისტროების, პროკურატურის და საგამოძიებო სტრუქტურების დონეზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, საკრებულომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯი, გაყინული საკითხი უნდა დაძრას. ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ რწმენა, რომ საკრებულოები ამ მიმართულებით აპირებენ მუშაობას.

პირველივე სხდომაზე ჩვენ ასევე დავსვით საკითხი თბილისში სკვერებსა და რეკრეაციულ ზონებში მშენებლობების წარმოებასთან დაკავშირებით. ასწლოვანი ხეები გაიჩეხა ასათიანის ქუჩაზე - ფსიქიატრიული საავადმყოფოს ეზოში. არჩევნების შემდეგ იგივე მოხდა ისნის რაიონში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლისის ტბაზე... ვერ დაასახელებთ რაიონს თბილისში, სადაც ეს საკითხი მტკივნეული არ არის. თუ ასე გაგრძელდა, თბილისი, შესაძლოა, უდაბნოდ იქცეს.

ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც არ ითმენს და სწრაფ რეაგირებას ითხოვს. ამ საკითხზეც მოვითხოვეთ დროებითი კომისიის შექმნა. ვნახოთ, რა მოხდება. საკრებულოში არის გარემოს დაცვის საკითხების შემსწავლელი კომისია და ვიმედოვნებ, ეს საკითხი ამ კომისიის ფარგლებში მაინც დაიძვრება ადგილიდან.

გარემოს დაცვა და ქალაქის გამწვანება ხელისუფლებისთვისაც აქტუალურია. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას ალბათ არ დაავიწყდება მათი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი - თბილისში მილიონი ხის დარგვა. ითანამშრომლებთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ამ საკითხზე?

- ძალიან კარგია და უნდა დავიწყოთ კიდეც ხეების დარგვა, მაგრამ უნდა გავუფრთხილდეთ მას, რაც უკვე დარგულია. ყველა სასიკეთო საქმეში, რა თქმა უნდა, ვიქნებით დავით ნარმანიას და დედაქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების გვერდით. ჩვენ არ მოვასვენებთ მათ, ვაიძულებთ, რომ ამ მიმართულებით მართებული ნაბიჯები გადადგან.

პოლიტიკური საკითხებიდან, რომელი თემები იქნება თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი?

- მაგალითად, პრემიების საკითხი. საკრებულოს მეორე სხდომაზე „რესპუბლიკელებმა“ მოითხოვეს, საკრებულოს რეგლამენტში შესულიყო გადაწყვეტილება პრემიებზე უარის შესახებ. ეს საკითხი ხმათა უმრავლესობით ვერ გავიდა. რეგლამენტში არ ჩაიწერა, მაგრამ შემუშავდა განცხადება, რომელშიც წერია, რომ საკრებულოს ყველა წევრი უარს ამბობს პრემიების აღებაზე. მიმაჩნია, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ეს პოზიცია რეგლამენტში ასახულიყო.

არის კიდევ ერთი, ავტომანქანების საკითხი. ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება, თუ ცალკეულ პირებზე ინდივიდუალურად არ გამოიყოფა მანქანები და მის სანაცვლოდ ერთიანი ავტოპარკი იქნება. სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს ექნებათ იმის საშუალება, ისარგებლონ ავტომანქანით. ჩვენ ამის მომხრე ვართ. რაც იმითაც დასტურდება, რომ ჩვენი ფრაქციის - „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეს გამოუყვეს ავტომანქანა და მან უარი განაცხადა მისით სარგებლობაზე.

მხოლოდ თქვენმა ფრაქციის თავმჯდომარემ თქვა უარი? მოქმედ საკრებულოში ამ დროისთვის ვინ სარგებლობს სამსახურებრივი მანქანით?

- არ ვიცი, კიდევ ვინ თქვა უარი. მართალი გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ რომ არ ვსარგებლობთ, ფაქტია. უმრავლესობა ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება და საკითხის დასარეგულირებლად შესაბამისი ნორმაც დაწესდება. ჩვენ ამ რეგულაციამდეც ვთქვით უარი. პრემიებისა და ავტომანქანების საკითხი საკრებულოებში რომ გადაწყდება, შემდეგ ეს მაგალითი უნდა გახდეს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც.

ჩვენმა პარტიამ თბილისის მერიის მიერ „სიტი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლაც დაიწყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულების მხოლოდ ნაწილია ხელმისაწვდომი. მეორე ნაწილი დაფარულია. გვინდა, რომ მალე გადაიჭრას „სიტი პარკის“ პრობლემა, მაგრამ ჯერჯერობით, ფაქტია, ჭიანურდება.

ერთ საკითხს მინდა გავუსვა ხაზი. საკრებულოს უმრავლესობამ დაამტკიცა, რომ არც ერთი თანამდებობა არ ემეტება ოპოზიციისთვის. გახსოვთ ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იქნა მიღწეული შეთანხმება და დაიშვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ერთი ადგილი ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლისთვის. დღევანდელმა ხელისუფლებამ კი ამაზეც უარი თქვა. პრინციპულად იყო მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციიდან ყოფილიყო სარევიზიო კომისიის  თავმჯდომარე, მაგრამ სახელისუფლებო კოალიცია არც ამაზე წამოვიდა - ოპოზიციისთვის არც ერთი კომისიის თავმჯდომარეობა არ გაიმეტეს. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნას.

თქვენს პოლიტიკურ ძალას აქვს საკუთარი ფრაქცია თბილისის საკრებულოში. თუმცა, კონკრეტული ინიციატივების განსახორციელებლად მაინც მოგიწევთ სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა. ვის განიხილავთ ამ კუთხით მოკავშირედ?

- მოკავშირეები ასე ღიად რომ გვყავდეს, ფრაქციას გავაფართოებდით. ჩვენი ქალაქისთვის სასარგებლო ცალკეულ საკითხებში ყველასთან ვითანამშრომლებთ.