ბატონყმობის წინააღმდეგ აჯანყება გურიაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 1841 წელს დაიწყო. ხალხის მღელვარების საერთო მიზეზი იყო ფეოდალური ექსპლუატაციის ზრდა, სახელმწიფო გადასახადების სიმძიმე, სამხედრო და სამოქალაქო მოხელეთა თვითნებობა, უშუალო მიზეზი - კანონი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო გადასახადები 1841 წლიდან ფულადი სახით უნდა აკრეფილიყო.
ქართული საისტორიო წყაროები ამბობენ, რომ რუსები გურულ გლეხებს კარტოფილის დათესვას აიძულებდნენ და შედეგად აჯანყება მიიღეს.
ვერ გეტყვით, დაიწყებენ თუ არა გურულები ახლა აჯანყებას, თუმცა უკმაყოფილება უკვე სახეზეა - გლეხებს პრეზიდენტის მიერ ნაქები ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის დათესვას აიძულებენ.
ოზურგეთში სოფლის მეურნეობის მინისტრის სტუმრობამდე სამი დღით ადრე ყველა სოფლის რწმუნებულთან “გამგებლებმა” მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს. ჩოხატაურში გამართულ თათბირზე რწმუნებულებმა ჰიბრიდული სიმინდის შესახებ ბევრი კითხვა დასვეს, მაგრამ პასუხები ვერ მიიღეს - “ეგ ხუთშაბათს მინისტრს ჰკითხეთო.”
“ვკითხავთ, აბა არ ვკითხავთ?! თოხსა და ბარზე გაზრდილი კაცია და მაგაზე უკეთეს ვის შეიძლება შევეკითხოთ” - ჩაილაპარაკმა, ერთმა თმაშევერცხლილმა რწმუნებულმა და ამ ჩალაპარაკებისთვის, ახალგაზრდა კოლეგისგან დარიგებაც მიიღო: “მაგიაგეიგონებს ვინმე და ვერ აუთავდება შენი ცოლი პერედაჩების მოტანას”.
ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულის სამართლიან შენიშვნას, რომ გლეხებს ამ საკითხზე მწირი ინფორმაცია აქვთო, გამგებლის შენიშვნა მოჰყვა - ბუკლეტი ხომ გაგატანეთ და წაგეკითხათო.
სიმართლე გითხრათ, აღნიშნული ბუკლეტი თვალით არ მინახავს, არც მე ვფლობ საკმარის ინფორმაციას და ვიფიქრე, გადავხედავ რა წერია-მეთქი. თურმე - სულ ტყუილად. ჩოხატაურის ხელმძღვანელობას ყველა ბუკლეტი დაურიგებია და სანახავად ერთი ცალიც კი არ დაუტოვებია.
ჩვენს - შეკითხვაზე რა ეშველება ქართულ ჯიშებს და მოხდება თუ არა მათი დათესვა - პასუხი გამგებლის მოადგილემ, დიმა კორიფაძემ გასცა:
- თუ გინდათ - დათესეთ, ვინ გიშლით?
- ვინ და, მთავრობა - წაიჩურჩულა ერთ-ერთმა რწმუნებულმა, რომელმაც პირად საუბარში ისიც გაგვიმხილა რომ სოფელს სიმინდის შესასყიდი კვოტაც კი დაუწესეს.
”მოსახლეობის რაოდენობის, კომლების მიხედვით გვითხრეს, ვინ რამდენ კილოგრამ სიმინდს შეიძენდა. დაახლოებით 900 კოლოგრამი სიმინდი მაქვს შესაძენი. ერთი კილოგრამის ფასი 8 ლარია. თუ ხელით თესავენ, 1000 მეტრზე 7-8 კილოგრამი სიმინდია საჭირო, ტრაქტორით დათესვის შემთხვევაში კი - 3 კილოგრამი. გინდა-არ გინდა, თითო ოჯახს 25 ლარი მაინც უნდა გამოართვა.
დღეს ხალხს პურის ფული არა აქვს, ვინ იყიდის ამდენ სიმინდს? ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ფული რწმუნებულების გადასახდელი იქნება. ჩემ სოფელში ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც სათესლე სიმინდი შენახული აქვს და სულ არ სჭირდება ეს ჰიბრიდული. თუმცა, მისი არდაჭირვება ვის ადარდებს? ჩვენ ზემდგომი გვაძალებს და იძულებულები ვართ რომ ჩვენ გლეხებს დავაძალოთ”, - აღნიშნა ჩვენმა წყარომ.
სოფლის რწმუნებულების გარდა, 3-3 კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდის შეძენა საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს და პედაგოგებსაც დაავალეს. იმათ კი, ვისაც საყანე ფართობი არ აქვს, ურჩიეს, რომ გაჭირვებელ მეზობელს ან ახლობელს აჩუქოს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რამდენიმე ათასი კოლოგრამი ჰიბრიდული სიმინდის შეძენა კერძო კომპანიებს და ინდმეწარმეებსაც დაავალეს.
არსებობს ინფორმაცია რომ ჰიბრიდული სიმინდი საქართველოში ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს შემოაქვს და ამ ბიზნესში ხელისუფლებას თავისი წილი აქვს. როგორც წყაროები ამბობენ, სწორედ ამიტომ ხდება სიმინდის მასიური დაძალება, თუმცა იმაზე არავინ საუბრობს რომ ამ სიმინდს, შეძენასთან ერთად, დათესვაც უნდა.
“ეს მომდევნო რაუნდია” - ასე გვიპასუხეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კითხვაზე - იქნება თუ არა დათესვის დროს ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა და დაპირებული ტრაქტორები მართლაც უფასოდ დახნავენ თუ არა ყანებს.