მთავრობა ნდობის გამოცხადების მოლოდინშია, პარლამენტი კი მინისტრების მოსმენისთვის ემზადება. უმცირესობა ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს ნდობას არ გამოუცხადებს, თუმცა, მანამდე სამთავრობო პროგრამას მოისმენს.
თუ რას ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სამთავრობო კარუსელის თაობაზე, ამის გარკვევის მიზნით, for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:
როგორ აფასებთ, სამთავრობო ცვლილებებს?
- მინისტრთა კაბინეტის გადახალისებით არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი მართავს. ეჭვი მაქვს, ამ ცვლილებებით კიდევ უფრო ვიწრო წრე იქნება საქართველოს მმართველობაში, რომელიც უფრო და უფრო დავიწროვდება.
სამთავრობო ცვლილებებთან, რა კავშირი აქვს ივანიშვილს?
- ხელისუფლებაზე მის ზეგავლენას ვხედავთ.
კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
- მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც იწყება - „დიდი მადლობა ბიძინას“. ამ წამს, რაიმე რომ მოხდეს, უმრავლესობა მადლობას ივანიშვილს გადაუხდის. ე.ი. ივანიშვილია მათი მამოძრავებელი.
ბატონო აკაკი, ეს ხალხი ხელისუფლებაში ივანიშვილმა მოიყვანა და ლოგიკურია, რომ ისინი მადლობას „ბატონ ბიძინას“ უხდიან. თქვენ ზეგავლენაზე აპელირებთ და გკითხავთ, კონკრეტულად, რა დირექტივები გასცა ივანიშვილმა?
- ივანიშვილს მოუსმინეთ და ნახავთ, რომ თურმე, მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ბიზნესს ალაგებს. ივანიშვილი გულწრფელად იქცევა და მას ჰგონია, რომ კარგად იქცევა, მაგრამ ის ქვეყნისთვის ძალიან ცუდად იქცევა. მას ჰგონია, რომ ეს ქვეყანა მისია და შეუძლია როგორც სურს, ისე უპატრონოს. ცუდია, როცა ქვეყნის მმართველობა ერთი კაცის ნებაზეა დამოკიდებული.
„ერთი კაცის“ მმართველობაზე საუბარი, თქვენი მხრიდან უხერხული არ არის? გაგახსენებთ, რომ მსგავს მმართველობაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებდნენ...
- ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იგივეს გეტყვით. გადაწყვეტილებების მიღებისას, მიშასთან მინიმუმ ხუთი კაცი ყოველთვის არსებობდა.
თუმცა, ამ ხუთ კაცში პარლამენტი და მისი ხელმძღვანელობა არ მოიაზრებოდა?
- რა მნიშვნელობა აქვს ამას? ხუთ კაცში პარლამენტი ვერ იქნებოდა. მიშა სააკაშვილის დროს კოლექტიური მმართველობა ნამდვილად იყო. ამ მმართველობაში კი, ადამიანების განუსაზღვრელი რაოდენობა ვერ იქნებოდა. მიშასთან აზრის დაფიქსირების პრობლემა არასოდეს მქონდა. არ მახსოვს, რომ მას ჩემი რჩევა არ გაეთვალისწინებინოს. მაგალითად, ქუთაისის ცენტრის გახსნა ორჯერ გადავადებინე, მაგრამ მას როდესაც უთხრეს, რომ მზად იყო, გახსნა არ გადადო. ცენტრში შესრულებულ სამუშაოებს იმიტომ აქვს ხარვეზი, რომ მშენებლობა დაჩქარდა.
რადგან მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობას შეეხეთ, გკითხავთ. წინა მოწვევის პარლამენტში ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თქვენ და ყოფილმა პრეზიდენტმა ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობის საკითხზე იჩხუბეთ. სიმართლეა?
- რა სისუელლეა? ტყუილია ეგ ყველაფერი. როგორც ჩანს, ეს იმ მითების ნაწილია, რომელიც მიშა სააკაშვილის ირგვლივ ბლომად იყო. დაწყებული მოჭმული ძუძუებიდან და ორგიებიდან, დამთავრებული მინისტრების მოტეხილი ფეხებით.
საუბარია იმაზე, რომ სექტემბრიდან საპარლამენტო კომიტეტები თბილისში მდებარე შენობაში ჩატარდება. რამდენად შესაძლებელია ეს?
- აქეთ-იქეთ სირბილს „ოცნება“ აკრიტიკებდა და ახლა, ამას თავად აპირებენ? აქეთ-იქეთ სირბილს არ ვემხრობი და პარლამენტი იქ უნდა ფუნქციონირებდეს, სადაც მისი ადგილია განსაზღვრული. ყველამ კეთილი ინებოს და თავის სამუშაო ადგილზე დაეტიოს! პარლამენტი თბილისში ვერ გადავა და თუ კომიტეტები ჩატარდება დედაქალაქში, ესეც აბსურდი იქნება.
„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებდა, რომ პარლამენტი ქუთაისში დეცენტრალიზაციის მიზნით გადაიტანეს. უმცირესობა სხდომებს პრიორიტეტულობის მიხედვით ირჩევს. თუ თქვენი იდეის მომხრენი რჩებით, თავად თქვენ რატომ არ დადიხართ პარლამენტში?
- იქ ვართ, სადაც ყოფნას საჭიროდ ვთვლით. ყველა სხდომაზე დასწრება უმრავლესობის პასუხისმგებლობაა. იმ სხდომებს ვესწრებით, რომელიც საინტერესოდ გვეჩვენება.
რაც შეეხება მინისტრებისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, პრემიერ-მინისტრის გუნდს მხარს დაუჭერთ?
- ბუნებრივია, - არა. „ოცნების“ მთავრობას მაშინ დავუჭერ მხარს, როცა კახი კალაძე გაცემულ დაპირებას შეასრულებს.
კერძოდ, რომელ დაპირებას?
- იგი მთელ საქართველოს დაჰპირდა, რომ 2015 წლისთვის გაზიფიცირება დასრულება. ამას მთელი საქართველოს ბიუჯეტი და მუშა ხელი არ ეყოფა. მართალია, ეს მორიგი ტყუილია, მაგრამ თუ ამ დაპირებას შეასრულებენ, მათი გულმხურვალე მხარდამჭერი ვიქნები.
ანუ, თქვენი გულის მოგებისთვის საკმაირისი - გაზიფიცირებაა?
- გავრისკავ და ვიტყოდი, რომ ეს ერთი შეასრულონ და ეს ერთი მთავრობისთვის საკმარისი იქნება.
დაპირებებს შეეხეთ და 100 საავადმყოფოს მშენებლობასა და პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას შეგახსენებთ. თქვენი დაპირებები გავიწყდებათ?
- დღეს საქართველოში თუ რომელიმე საავადმყოფო ფუნქციონირებს, ისინი იმ 100 საავადმყოფოს პროგრამით არის გაკეთებული. რაც შეეხება პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას, ამ ხელისუფლებამ პენსია სწორედ ჩვენს მიერ შედგენილი ბიუჯეტით გაზარდა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ბიუჯეტი ამ ხელისუფლების გახდა, მას ერთი თეთრიც არ მომატებია. ნახეთ, რომ 2013 წლის ბიუჯეტი 700 მლნ ლარით „გაირღვა“. 700 მლნ ლარის შემოსავლის შემთხვევაში, ქვეყანაში უამრავი რამ გაკეთდებოდა.
ანუ, თქვენ იმ აზრს ემხრობით, რომ მთავრობაში ეკონომიკური გუნდი უნდა გადახალისებულიყო?
- მინისტრის სავარძელს ვინ დატოვებს, ეს პრემიერის გადასაწყვეტია, მაგრამ ღარიბაშვილი რადგან თვლის, რომ ეკონომიკის სფეროში წარმატებული გუნდი ჰყავს, ისინი მშვიდობაში მოიხმაროს. ცუდია, რომ მათ მიერ დაშვებული შეცდომები საქართველოს გადასახდელი იქნება.