გიგი უგულავას დაკავების საკითხზე ხელისუფლებაში აზრი ორად იყოფა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი და დეპუტატების ნაწილი თვლიან, რომ მორატორიუმის ფარგლებში, თბილისის ყოფილი მერის დაკავება არასასიამოვნო ფაქტი იყო, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ დაყენებული მოთხოვნა სამართლიანი იყო, რადგან უწყებამ რისკები თავიდან აიცილა.
პოლიტიკურ წრეებში გიგი უგულავას დაკავების ფაქტზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც პრეზიდენტმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ „არ იყო სასიამოვნო, როცა უგულავას დაკავება მაინც და მაინც მორატორიუმის დროს მოხდა“.
მარგველაშვილის განცხადებით, მას არ აქვს განცდა, რომ სასამართლოს არ ენდოს.
„სასიამოვნო არ იყო, რომ მაინც და მაინც მორატორიუმის დროს მოხდა გიგი უგულავას დაკავება. პოლიტიკური თვალსაზრისით, არასწორია მორატორიუმი გამოაცხადო და პირი შემდეგ დააპატიმრო. მორატორიუმი დამატებითი ქმედებაა, რომლითაც არჩევნების დროს, ხელისუფლებამ თავის თავზე ვალდებულებად აიღო, მაგრამ შეგრძნება არ მაქვს, რომ უგულავა პოლიტიკური პატიმარია“, - დასძინა პრეზიდენტმა, რომლის პოზიციას იზიარებს თამარ კორძაია.
კანონმდებელის თქმით, მორატორიუმის დროს, უგულავას დაკავება უსიამოვნო ფაქტი იყო.
„უგულავას დაკავება პოლიტიკური ნიშნით ნამდვილად არ მომხდარა, მაგრამ ნამდვილად უსიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ უგულავა პოლიტიკური მორატორიუმის ფარგლებში დააკავეს. ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შეიძლებოდა უგულავას პოლიტიკური მორატორიუმით ბოროტად ესარგებლა“, - აღნიშნავს კორძაია, რომლის პათოსს არ იზიარებენ მისივე თანაგუნდელები.
ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის აზრს პატივს სცემს, მაგრამ მიიჩნევს, რომ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა იმუნიტეტი არ არის.
როგორც for.ge-სთან საუბარში კობახიძე აცხადებს, უფრო მეტი რისკი იყო, რომ უგულავა თანაგუნდელების მსგავსად, ქვეყნიდან გასულიყო.
„პრეზიდენტს თავისი შეხედულება აქვს და მას უფლება აქვს განსხვავებული აზრი ჰქონდეს. მის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ როცა საქმე ეხება ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მითვისებას და საფრთხე არსებობს, რომ ადამიანი ქვეყნიდან გავიდეს, პროკურატურა როგორ უნდა მოიქცეს? როგორც ჩანს, პროკურატურამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა. შეიძლება, მორატორიუმის გამო ადამიანს პატიმრობა არ შეფარდებოდა და თანაგუნდელების მსგავსად, ის ქვეყნიდან გასულიყო. მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე მოწმის სახითაც კი არ ცხადდება. უგულავას საქმეში რაიმე პოლიტიკური შეცდომა არ ყოფილა. პროკურატურის ქმედება იყო სწორი და რისკები თავიდან აცილებული“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ, რომელსაც კითხვით მივმართეთ - „ბოლო პერიოდში, ამა თუ იმ საკითხზე, პრეზიდენტი გუნდისგან განსხვავებულ პოზიციებს რატომ აფიქსირებს?“.
კანონმდებელის შეფასებით, უმრავლესობის პოზიციები შეიძლება პრეზიდენტის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს.
„ის დრო დამთავრდა, როცა სააკაშვილის განცხადება სრულიად უმრავლესობის პოზიციებს ემთხვეოდა. შეიძლება ადამიანები ერთი გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ მათ განსხვავებული პოზიციები ჰქონდეთ“, - ამბობს კობახიძე, რომლის მსგავსად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ უგულავა პოლიტიკური პატიმარი არ არის.
for.ge-სთან საუბარში ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ სასამართლომ ჩათვალა საკმარისად პროკურატურის არგუმენტი, რომ უგულავას მიერ ქვეყნის დატოვების საშიშროება არსებობდა.
მისი განცხადებით, სასურველი და საოცნებო არ არის, როცა ადამიანს აკავებენ.
„რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა თუ მორატორიუმის ფარგლებში, კანონს არავინ არ დაარღვევდა და ისე არ მოიქცეოდნენ, რომ პროკურატურის მხრიდან მსგავსი საკითხი დასმულიყო. როგორც ჩანს, პროკურატურის მოთხოვნა უგულავას ქმედებებმა განაპირობა“, - აღნიშნავს ბესელია.
უმრავლესობის ლიდერებისგან განსხვავებით, უმცირესობაში თვლიან, რომ გიგი უგულავა ივანიშვილის პოლიტპატიმარია.
ჩვენთან საუბარში გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ პრეზიდეტის განცხადება ფაქტიურად იმის აღიარებაა, რომ უგულავა ივანიშვილის პოლიტპატიმარია.
„მარგველაშვილის მიმართ არანაირი სიმპატია არ მაქვს, მაგრამ არ მომწონს როგორ ხდება ამ ინსტიტუტის რღვევა, პრეზიდენტის დამცირება და ივანიშვილის ხაზის გაგრძელება. მართალი გითხრათ, მარგველაშილის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება იმის ფაქტიური აღიარებაა, რომ უგულავა ივანიშვილის პოლიტპატიმარია“, - დასძენს კანდელაკი, რომლის პოზიციაზეა გიგი წერეთელი.
კანონმდებელი მარგველაშვილისგან განსხვავებით მიიჩნევს, რომ უგულავა პოლიტპატიმარია, მაგრამ წერეთელი პრეზიდენტს იმაში ეთანხმება, რომ მორატორიუმის ფარგლებში უგულავას დაკავება არ უნდა მომხდარიყო.
„ვეთანხმები მოსაზრებას, რომ უგულავას დაკავება არ უნდა მომხდარიყო. ზოგადად, ეს პოლიტიკური დაკავებები ქვეყანას ცუდ იმიჯს უქმნის“, - განუცხადა for.ge-ს წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფ გიგი უგულავას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან და მას ასევე ბრალი წაუყენეს ასევე მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით - იძულების (სსკ 150) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების (სსკ 225) მუხლებით.