სეპარატისტები რიგით მე-4 „პრეზიდენტს“ ირჩევენ

სეპარატისტები რიგით მე-4 „პრეზიდენტს“ ირჩევენ

უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართება. რეგისტრირებული ოთხი კანდიდატიდან უკვე გამოკვეთილია რუსეთის ფავორიტი კანდიდატი, რაულ ხაჯიმბა. აფხაზეთში ყველა ხვდება, რომ აფხაზი ხალხის სოციალური მდგომარეობის გამუჯობესებასთან კავშირი არ აქვს იმას, რასაც რუსეთი აფხაზეთში აკეთებს. აფხაზურ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება არერთგვაროვანია. მთავარი ის არის, რომ ეს არის ძალიან მცირერიცხოვანი საზოგადოება, რომელსაც მყარი პარტნიორი, მოკავშირე ან მხარდამჭერი არ ჰყავს. რუსეთს უზურპირებული აქვს აფხაზეთი, ეს ის რეალობაა, რომელის წინაშე აფხაზეთი მოსახლეობა დგას.

აფხაზეთის ცესკომ ე.წ. პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირა - ასლან ბჟანია, ლენიდ ძაფშბა, რაულ ხაჯიმბა და მერაბ ქიშმარია. სახელმწიფო ენის ცოდნის შესახებ ლინგვისტური კომისიის დასკვნის საფუძველზე, რეგისტრაციაზე პრეზიდენტობის კანდიდატად უარი ეთქვა ყოფილ ვიცე-პრემიერს ბესლან ეშბას.

უკვე ცნობილია, რომ გალის რაიონის სამი ოლქის და ტყვარჩელის რაიონის ერთი ოლქის ამომრჩევლები აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ე.წ. პარლამენტის წევრი ასლან კობახია ამბობს, რომ ამ რაიონის მცხოვრებლებს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქის პასპორტები უკანონო კომისიების მიერ ჰქონდათ გაცემული. კობახია ირწმუნება, რომ ჩატარდება შემოწმება და მათ ვისაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს ახალ ე.წ. აფხაზურ პასპორტებს მისცემენ. 

საქართველოს მოქალაქეობის გამო აფხაზური კანონმდებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. თუმცა, როგორც კობახია ამბობს, აფხაზეთის პარლამენტი ამ საკითხის განხილვას აპირებს და სავარაუდოდ სასჯელის სახით გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

„ახალ პასპორტებს აფხაზეთის ნამდვილი მოქალაქეები მიიღებენ. შეცვლის პერიოდში ახალი პასპორტების გადამოწმება მოხდება და ადამიანს, რომელსაც აფხაზეთის მოქალაქეობა არ აქვს „ცხოვრების უფლების“ ცნობას მისცემენ, რომელიც მას არ აძლევს უფლებას არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ აძლევს უფლებას აფხაზეთში იცხოვროს“, - განაცხადა ასლან კობახიამ.

რაც შეეხება კანდიდატებს, უკვე გამოკვეთილია ორი კანდიდატი რაულ ხაჯიმბა და მერაბ ქიშმარია. თუმცა, დღეს მდგომარეობით უპირატესობა ხაჯიმბას აქვს. ერთიც და მეორეც ძალოვანი უწყების წარმომადგენელია. ხაჯიმბა უშიშროების სტრუქტურის მუშაკი გახლავთ, ქიშმარია კი სამხედრო სტრუქტურის წარმომადგერნელი. განსხვავება მათ შორის ის არის, რომ ხაჯიმბა სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო, ქიშმარია კი აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი საქართველოს წინააღმდეგ ომში. მეტიც, მას სამშობლოს „დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის შარავნდედი“ ადგას თავზე.

ხაჯიმბასგან განსხვავებით, ქიშმარია „საპრეზიდენტო“ არჩევნებში ბედს პირველად სცდის. ექსპეტრი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ქიშმარიას შეუძლია სერიოზული ბრძოლის შეთავაზება. მისივე თქმით, თუ ხაჯიმბას გავლენა აქვს რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებში, ქიშმარიას სერიოზული გავლენა და საყრდენი აქვს სამხედროებში. გარდა ამისა, ის გავლენით სარგებლობს გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირის და სოხუმის მოსახლეობაში.

რაც შეეხება ხაჯიმბას, რომლიც გამოკვეთილი ნაციონალისტია, უკვე მესამედ ცდის ბედს „საპრეზიდენტო“ არჩევნებში. როგორც მამაუკა არეშიძე ამბობს, 2003 წელს ვლადისლავ არძიბნას გარდაცვალების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ერთ-ერთი ცნობილი სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენელი დაბარებული იყო ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა წარუდგინა ხაჯიმბა და უთხრა, რომ ეს არის აფხაზეთის მომავალი პრეზიდენტი. სწორედ ამ შეხვედრაზე მიანიჭეს ხაჯიმბას სპეცსამსახურების გენერალ-მაიორის წოდება.

მიუხედავად ამ მხარდაჭერისა, ხაჯიმბა მაინც დამარცხდა ბაღაფშთან. სწორედ მაშინ მოხდა აფხაზურ საზოგადოებაში პირველი დაპირისპირება. აღშფოთებული ხალხი ბაღაფშის მეთაურობით შეიჭრა იმ შენობაში და იმ კორიდორიდან გაიპარა მაშინ ხაჯიმბა, საიდანაც ახლა რიგით მესამე „პრეზიდენტი“ ალექსანდე ანქვაბი გაიქცა.

როგორც მამუკა არეშიძე აცხადებს, გალის ადგილობრივი მოსახლეობისთვის პასპოტების ჩამორთმევის საკითხი, გავალენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო ისე, როგორც წლების განმავალობაში, გალის მოსახლეობა მხარს დაუჭერდა ქიშმარიას. ეს ხაჯიმბამ ძალიან კარგად იცის და ამიტომ ჩქარობს პასპორტების ჩამორთმევის საკითხს. გალში შეიქმნა ორგანიზაცია „სამურზაყანოელი აფხაზები“ რომელსაც სათავეში ჩაუდგა თენგიზ ინალიფი. აფხაზ პარლამენტარებთან შეხვედრაზე სწორედ პასპორტების ჩამორთმევის საკითხი დაისვა. ამ შეხვედრაზე იყო ნათქვამი, რომ უნდა მოხდეს გალელ მეგრელებში თავისი ძველი წარმომავლობის აღდგენა.

ახალი იდეა მოუვიდათ თავში აფხაზ წარმომადგენლებს, ცდილობენ საზოგადაოებას ახალი ტყუილი გადმოუგდონ, რომ გალელი მეგრელები არიან გამეგრელებული აფხაზები და ახლა უნდა აღდგეს მათი რეალური წარმომავლობა. სწორედ ამიტომ შექმნეს ეს ორგანიზაცია. პირდაპირ ვერ ამბობენ, რომ ქართველები უნდა გავუშვათო, მაგრამ ამ ორგანიზაციის ამოცანა იქნება დაიწყოს დამანგრეველი მუშაობა ადგილობრივებში, რომ მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის აფხაზებად ჩაწერა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე, გია ვოლსკი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ქართველი მოსახლეობა გალში აღარ ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას, რასაკვირველია, ხაჯიმბას მეტი შანსი უჩნდება.

„ქიშმარია გარდა იმისა, რომ სამხედრო სტრუქტურასთან არის ასოცირებული, ასევე ასოცირებულია თავის ძმასთანაც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გალის ადმინისტრაცაიის უფროსი იყო, მეტ-ნაკლებად საერთო ენა მოძებნილი ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობაში. ქართული ინტერესების დამცველად თუ არა, სამართლიან ადმინისტრატორად ითვლებოდა. გარკვეული პოზიტიური განწყობა ჰქონდათ ქართველებს მის მიმართ. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ხაჯიმბას არა ჰყავდეს რეალური მოწინააღმდეგე“, - ამბობს ვოსლკი.

რაც შეეხება ბჟანიას, ვოლსკის განცხადებით, მას აქვს ბიზნეს-კავშირები რუსეთში, მაგრამ ითვლება, რომ ის ალექსანდრე ანქვაბის კარიკატურაა.

„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ერთი მთავარი რამ, ჩვენ ვლაპარაკობთ აფხაზურ საზოგადეობაზე, რომელიც დღეისათვის აფხაზეთში არ აღემატება 50 ათას ადამიანს, დემოგრაფიულად ძალიან რთული მდგომარეობაა. აფხაზებს ამ არჩევნებში ბევრი რამე აქვთ გასათვალისწინებელი. პირველ რიგში აფხაზური ნაციონალური ინტერესების დაცვა, იმ დემოგრაფიულ სიტუაციაში, რომელიც დღეს არსებობს აფხაზეთში. ყველა საკითხი ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ჩვენ ვლაპარაკობთ საზოგადოებაზე, რომელთანაც მოლაპარაკება ადრე თუ გვიან მოგვიწევს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ვოლსკი.