„ღარიბაშვილმა მინისტრები სტერეოტიპის დასამსხვრევად შეცვალა“

„ღარიბაშვილმა მინისტრები სტერეოტიპის დასამსხვრევად შეცვალა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები უკვე დაასახელა და მთავრობის ადმინისტრაციაშიც წარადგინა. პრემიერის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე უწყების ხელმძღვანელის მოქმედი პირველი მოადგილე - ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ქვემო ქართლის გუბერნატორი - გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრად საგზაო დეპარტამენტის უფროსი - დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი უკვე ყოფილი მინისტრის მოადგილე - გელა დუმბაძეა წარდგენილი. კულტურის მინისტრობის კანდიდატს კი პრემიერი სავარაუდოდ, დღეს დაასახელებს.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროდან აღნიშნულ უწყებაში გადაინაცვლებს. ასევე მთავრობაში რჩება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ამ უწყებიდან მუშაობას გარემოს დაცვის სამინისტროში განაგრძობს. რისთვის გახდა სამთავრობო ცვლილებები საჭირო, ამ თემაზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაზე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაზე: როგორც ჩანს, რაღაც ეტაპი ჩამთავრდა და მთავრობა ემზადება ახალი, უფრო ქმედითი ეტაპის დასაწყებად. ბუნებრივია, მათაც აქვთ ინფორმაცია, რომ არის გარკვეული უკმაყოფილება და ეს ადგილობრივმა არჩევნებმაც დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოსახლეობის შეფასებით, ვერ არის ეფექტური. ამას უკავშირებენ იმას, რომ მთავრობის მოქმედებები და გადაწყვეტილებები არ არის ეფექტური და სწრაფი, რაღაც, გაუბედაობის ელფერს ტოვებს - ეს არის ძირითადი მომენტი, რის განეიტრალებასაც ცდილობს დღევანდელი მთავრობა.

რამდენად ეფექტური იქნება, ამასთან დაკავშირებით, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ზოგი თვლის, რომ სხვანაირად უნდა დაეწყო ეს რეფორმები, მაგრამ პრემიერმა გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა. ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ, მაგრამ თუ ამით ცდილობენ, რომ რაღაც გააქარწყლონ, მხოლოდ პერსონალური ცვლილებები შექმნილ სტერეოტიპს - რომ ხელისუფლება არის არაეფექტური - ვერ დაამსხვრევს მხოლოდ საკადრო ცვლილებებით. საჭიროა უფრო ქმედითი გადაწყვეილებები და მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელსაც აქვს მიზანი და ამ მიზნისკენ მიჰყავს ქვეყანა.

სხვანაირი შეფასება უფრო გართულდება და გაჭირდება, მე რომ მკითხოს ვინმემ, არის რამდენიმე სამინისტრო, რომელზეც მედიაში რაღაც ინფორმაციები იყო და მათ მუშაობასთან შესაძლოა, იყოს გარკვეული პრეტენზიები, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვათ - არა მხოლოდ პრემიერის პოსტი, მინისტრთა კაბინეტიც ღარიბაშვილმა მიიღო მემკვიდრეობით და მთელი ერთი წლის განმავლობაში, მეტი თუ არა, მუშაობდა ამ გუნდთან. ეს არ არის მისი გუნდი. ეს არ ნიშნავს, რომ მინისტრები, რომლებიც გაათავისუფლა, ცუდი მინისტრები იყვნენ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სამეურნეო ფუნქციით დატვირთული სამინისტროები, კაბინეტია, კოლეგიალური ორგანოა და გარდა იმისა, რომ კარგად უნდა იმუშავოს და პროფესიონალი უნდა იყოს, ერთიანობის განცდაც უნდა არსებობდეს.

როგორც ჩანს, ეს პრობლემა არსებობდა და ჩათვალა, პრემიერმა, რომ მომწიფდა დრო ცვლილებებისთვის. მართლაც, საარჩევნო ეტაპები დასრულდა, ახლა არის საფინიშო ორწლიანი მონაკვეთი, დღეიდან - 2016 წლის არჩევნებამდე.

თუ ასე გააგრძელებს ხელისუფლება საქმიანობას და საზოგადოებაშიც, ის განწყობები, რაც მის მიმართ არის, კიდევ უფრო გაძლიერდა, მაშინ არის ალბათობა, რომ ძალაუფლების შენარჩუნება 2016 წელს ძალიან გაუჭირდება. ამიტომ დაიწყო, როგორც ჩანს, ამ ცვლილებების განხორციელება.

საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში, დღესაც გადაწყვეტილების მიმღები 2-3 ადამიანია. თუ ეს ასეა, აქვს აზრი, ვინ იქნება მინისტრი?

- გულწრფელად რომ გითხრათ, მოსაზრება, რომ გადაწყვეტილების მიმღებია 2-3 კაცი, როგორც სააკაშვილის დროს, ეს ჯერჯერობით ჩემთვის მთლად ნათელი და გამოკვეთილი არ არის. თუ ეს 2-3 ადამიანია გადაწყვეტილების მიმღები, მინისტრების ცვლილება, რა თქმა უნდა, ბევრს არაფერს შეცვლის და რაც მთავარია, ეს ცვლილებები საერთოდ, აზრს კარგავს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქ მნიშვნელოვანია არა ცვლილებები, არამედ იმ სტერეოტიპების მსხვრევა, რაც საზოგადოებაში ჩამოყალიბდა „ქართული ოცნების“ მიმართ და თუ ეს სტერეოტიპი დარჩა და ვერ დაიმსხვრა, მაშინ ამ ყველაფერს არანირი აზრი არ აქვს. ის 2-3 კაცი მაინც დარჩება და თუ ხელისუფლება ისევ ისე გააგრძლებს მუშობას,  შედეგი იქნება ის, რაც საკაშვილს დროს მოხდა, მეტი არაფერი.

კონსტიტუციონალისტები კვლავ კამათობენ პროცედურასთან დაკავშირებით, ნაწილი მიიჩნვს, რომ მთელი მთავრობა უნდა გადადგეს პრემიერის ჩათვლით, ნაწილი ამტკიცებს, რომ მთელი მთავრობის გადადგომა საჭირო არ არის, კონსტიტუციის მიხედვით ეს პროცედურა როგორ არის გაწერილი?

- კონსტიტუციაში არის 81-ე მუხლი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს და იქ არანაირ გადადგომაზე ლაპარაკი არ არის. ძალიან მკაფიოდაა ჩამოყალიბებული, რომ თუ მოხდება ცვლილება 1/3-ით, არანაკლებ 5 მინისტრისა, პრეზიდენტი მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად. არანაირ გადადგომაზე საუბარი იქ არ არის.

ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ სხვა მუხლებსაც, როგორ ხდება მთავრობის ფორმირება, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის გადადგომაზე ლაპარაკი არ არის - პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება, ნებისმიერი მინისტრი მოხსნას და დანიშნოს ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. მას არც პარლამენტის თანხმობა სჭირდება და არც პრეზიდენტის. კანონმდებელმა მას ეს უფლება რომ მისცა, გააკეთა დათქმა, რომ თუ ეს რაოდენობა მეტი იქნება 5-ზე, ამასთან 1/3-ზეც მეტი, პარლამენტი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, ისევ ჩემთან უნდა მოხვიდე, რომ მე ნდობა მოგცე.

არანაირ მოვალეობის შემსრულებელზე არ არის ლაპარაკი, პრემიერ-მინისტრი როგორც იყო, დღესაც ისეთივე პრემიერ-მინისტრია მთელი თავისი უფლებამოსილებით და ის მინისტრებიც, ვინც პოსტებზე დარჩა, ისევ სრულუფლებიან მინისტრებად დარჩნენ. 5 ახალ მინისტრს დანიშნავს პრემიერი შემდეგ ამ კაბინეტს წარუდგენს პრეზიდენტს, ხოლო პრეზიდენტი - პარლამენტს ნდობის მისაღებად.

როდესაც ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი, უმრალესობის რამდენიმე წევრმა გააკეთა განცხადება, რომ არ შუძლიათ რომელიმე მინისტრის მიმართ საყვედური გამოთქვან. თუ ყველა კარგი მინისტრი იყო, რასთან გვაქვს საქმე, განახლება ხდება განახლებისთვის, თუ მაინც იყო შენიშვნები რიგი სამინსტროების საქმიანობაში?

- საუბარი იმით დავიწყე, რომ საზოგადოების თვალში ხელისუფლების მუშაობა არაეფექტურია, და შესაძლოა, ამის გაქარწყლებას ცდილობს. როდესაც ამაზე ვლაპარაკობდი, ვგულისხმობდი, რომ საუბარია არა იმ მინისტერბზე, რომლებიც გაათავისუფლეს (მოსახლეობაში გავრცელებულ აზრს ვგულისხმობ), არამედ იმათზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი არ შეხებია. ვგულისხმობ ძალოვან, ეკონომიკური პროფილის მინისტრებს და ა.შ.

ანუ შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში იმდენად კარგ, ან ცუდ მუშაობას კი არ ჰქონდეს მნიშვნელობა, არამედ საუბარია ახალი გუნდის შექმნაზე. ეს არ იყო მისი გუნდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მინისტრი იყო ცუდი ან რაღაც დანაშაული ჩაიდინა. უბრალოდ, პრემიერი ეძებს უფრო ეფექტურ და ერთიან გუნდს. ეს არის ცვლილებები, რომელსაც მიიჩნევს, რომ საჭიროა უფრო ეფექტური საქმიანობისთვის. თუ მართლაც ეფექტური აღმოჩნდა ახალი გუნდი, გამოდის, რომ სწორად გაკეთა ეს ღარიბაშვილმა. თუ არა - მაშინ ეს იქნება მცდარი ნაბიჯი.

თუ არ ჩავთვლით კულტურის სამინისტროს, სადაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრობლემები წარმოიქმნა საყდრისთან, ზოგ სამინისტროში - პრემიებთან დაკავშირებით, ეს მაინც არ შეიძლება, მივიჩნიოთ ამ სამინისტროებში კატასტროფულ მდგომარეობად - ეს არის მუშა პროცესი, ვიღაც უფრო სწრაფად მუშაობს, ვიღაც - უფრო ნელა.

ამიტომ მგონია, რომ უმრავლესობაც და პრემიერიც, რომელმაც მადლობა გადაუხადა ამ მინისტრებს, შეფასებაში გულწრფელნი არიან, რადგან მეც, როგორც საზოგადოების წევრს, არ მაქვს უკვე ყოფილი მინისტერების მიმართ მიუღებლობის განწყობა. არ ვთვლი, რომ რომელიმე მათგანმა რაღაც საშინელება ჩაიდინა.

ამასთან, გადაყენებული მინისტრებიდან ორი მინისტრი გადავიდა სხვა სამინისტროში - ესეც მიუთითებს, რომ ეს ხალხი ღარიბაშვილისთვის მიუღებელი კი არ არის, არამედ სხვაგვარი გუნდის ფორმირებას ცდილობს, რომელიც მისთვის უფრო კომფორტული იქნება, როგორც სამართავად, ისე მუშაობის თვალსაზრისით.

ნაციონალური მოძრაობისმხრიდან ისმის განცხადებები, რომ ღარიბაშვილს არ გადაუყენებია შს მინისტრი, მაშინ, როცა კრიმინოგენული ვითარება გაუარსებულია და არ გადაუყენებია ეკონომიკური მინისტრები, მაშინ, როდესაც ეკონომიკური პრობლემებია ქვეყანაში. რამდენად სამართლიანია ასეთი კრიტიკა?

- არის სრულიად განსხვავებული სიტუაცია, მინისტრთა კაბინეტი არის კოლეგიალური ორგანო, გადაწყვეტილებები მიიღება კოლექტიურად. მართალია თითოეული მინისტრი პასუხს აგებს საკუთარ სამინისტროზე, მაგრამ გადაწყვეტილებებს მინისტრთა კაბინეტი ღებულობს კოლეგიალურად - ეს არის განსხვავება ამ მინისტრთა კაბინეტსა და იმ მინისტრთა კაბინეტს შორის, რომელიც იყო ნაციონალების დროს. მე ვლაპარაკობ სამართლებრივ და კონსტიტუციურ სხვაობაზე ამ ორ ფორმას შორის.

ამიტომ, ლაპარაკი იმაზე, რომ ჭიკაიძე ცუდად მუშაობს და ა.შ. ასე არ არის - ფასდება არა ჭიკაიძის, არამედ კაბინეტის მუშობა. ამ კაბინეტს ჰყავს თავისი ხელმძღვანელი, რომელმაც დაიწყო ცვლილებები. ნებისმიერ ადამიანს თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს, ვინ და როგორ არის შესაცვლელი, მაგრამ გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა და პარლამენტი. უნდა ვნახოთ რამდენად ეფექტური იქნება ეს გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება ნაციონალებს, სწორ შენიშვნებს აკეთებენ. სხვა საკითხია, რამდენად აქვთ მათ ამ თემებზე ლაპარაკის მორალური უფლება - რეიტინგის დაცემა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“, მოყოლებული 2012-წლიდან დღმდე, მოსახლეობაში ინერციით უკავშირდება სწორედ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, უკავშირდება ფინანსთა, ეკონომიკის, ძალოვან სამინისტროებს - ასეთი განწყობაა საზოგადოებაში და ნაციონალებიც, ბუნებრივია, თამაშობენ ამ გრძნობაზე - ამბობენ, რომ ესენი უნდა შეეცვალა.

მეორე მხრივ, არის გუნდი, ვინ უნდა შეცვალოს და როგორი გუნდი უნდა, ეს პრემიერის გადასაწყვეტია და პარლმენტის. თუ მოეწონა პარლამენტს - გამოუცხადებს ნდობას, თუ არ მოეწონა - არ გამოუცხადებს და პროცედურა დაიწყება თავიდან. თუ არ გაამართლებს, ხელისუფლება აღმოჩნდება წაგებული. რა თქმა უნდა, ქვეყანაც, მაგრამ ხელისუფლება პირველ რიგში.

რა დროში შეიძლება დავინახოთ ახალი გუნდის ეფექტურობა?

- ძალიან მალე გამოჩნდება. ნდობის კრედიტი „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა, დაასრულა ამ ადგილობრივ არჩევნებზე. მომავალი წლის გაზაფხულზე, თუ მანამდე ვერ მოახერხა სიტუაციის შეცვლა, საკმაოდ მძიმე დღეში აღმოჩნდება „ქართული ოცნება“. დავინახავთ, რა გაკეთდება და რა - არა. თუ მათ ექნებათ სერიოზული წინსვლა, შეძლებენ, საზოგადოებაში ისევ აღიდგინონ რეიტინგი. თუ არა, მივიღებთ იმას, რომ 2016 წლის არჩევნებში მმართველი ძალა დამარცხდება.