„ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს აკრიტიკებს, პოსტის დატოვებას ურჩევს და წარმატებებს სპორტსა და სექსში უსურვებს. მსგავსი პათოსით დასრულდა ორსაათიანი შეხვედრა, რომელიც პარლამენტში უმცირესობასა და ნოდარ ხადურს შორის მწვავე კამათის, ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
უმცირესობის სხდომაზე მისულ მინისტრს ნაციონალებმა ალოდინეს, მას აკაკი ბობოხიძემ სპორტსა და სექსში წარმატებები უსურვა, მაგრამ მანამდე, იმის გამო მოუბოდიშა, რომ წასვლას აპირებდა. თავის მხრივ, მინისტრი დაინტერესდა, წასვლას „ნაციონალური მოძრაობიდან“ გეგმავდა თუ სხდომიდან, რაზეც ოპოზიციონერმა ხუმრობით უპასუხა - „გააჩნია, რას შესთავაზებდნენ“. ხადურ-ბობოხიძის საუბარში გიგი წერეთელი ჩაერთო და თანაგუნდელს ურჩია - „კაცი გინდა, რომელიც ბიძინასთან მიიტანს მაგ ამბავს“.
ნაციონალების სხდომა, სადაც 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე მსჯელობდნენ, ხუმრობით გაიხსნა, მაგრამ სხდომა საკმაოდ მძიმედ წარიმართა. უფრო კონკრეტულად, ეს სხდომა მძიმედ ირმა ნადირაშვილისთვის და თავად მინისტრისთვის გამოდგა.
კერძოდ, ირმა ნადირაშვილმა ნოდარ ხადურს პრემიების გაცემის საკითხზე პასუხი მოსთხოვა და კონკრეტულად, წყლის კომპანიის ხელმძღვანელობაზე გაცემულ პრემიებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ოპოზიციონერის ცნობით, 2013 წელს, წყლის კომპანიის ხელმძღვანელს აღებული აქვს 130 ათასი ლარის პრემია, მის მოადგილეებს 90-90 ათასი ლარი, რაც საბოლოო ჯამში, ხუთ კაცზე 600 ათასი ლარია.
ნადირაშვილის მიერ გასაჯაროვებული ინფორმაციის შესახებ ფინანსთა მინისტრს არაფერი სმენია, მაგრამ მას ცნობები ირმა ნადირაშვილის მეუღლის სახელზე გაცემული პრემიების თაობაზე მოუძიებია.
მინისტრის განცხადებით, ნადირაშვილის მეუღლემ პრემიის სახით 10 ათასი ლარი აიღო.
„თქვენ მკითხეთ, 138 მლნ ლარის პრემიებზე გაცემა, არის თუ არა უზნეობა?! მე გპასუხობთ, იყო თუ არა ის უზნეობა, როცა თქვენმა ოჯახის წევრმა 10 ათასი ლარი მიიღო?!“ - მიმართა ნადირაშვილს ხადურმა, რომლის ინფორმაციაც ნადირაშვილმა სიცრუედ შეაფასა.
ნადირაშვილის გარდა, ხადური სიცრუეში ზურაბ მელიქიშვილმაც დაადანაშაულა და მას გასულ წელს გაკეთებული განცხადებები შეახსენა, როდესაც ოპოზიციონერის ცნობით, მინისტრი ამბობდა, რომ ბიუჯეტი არ „გაირღვეოდა“.
„გასულ წელს გეუბნებოდით, რომ გარღვევა სახეზე იყო, არ დამიჯერეთ და ამბობდით, რომ ვტყუოდი, მაგრამ ვინ ყოფილა მტყუანი? - მე თუ თქვენ, რომლის მიერ შესრულებული ბიუჯეტი 700 მლნ ლარით „გაირღვა“?, - მიმართა ხადურს მელიქიშვილმა, რომელსაც მინისტრმა წარსული შეახსენა და იმაზე მიუთითა, წინა ხელისუფლების პირობებში თუ როგორ და რა მეთოდებით ავსებდნენ ბიუჯეტს.
ხადურის თქმით, დავების საბჭოზე მიდიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი გადასახადებს ზეწოლით იხდიდნენ.
„მოდით და ნახეთ, ეს ადამიანები! ამას გარდა, გავიწყდებათ, რომ ფინანსთა ყოფილი მინისტრის ხელფასი 27 ათასი ლარი იყო და ჩემი - 5 ათასი ლარია?!“, - აღნიშნა ხადურმა, რომელსაც მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და გააკრიტიკა.
მისი თქმით, დავების საბჭოში თუ რომელიმე ბიზნესმენი მიდის, მათ შეუძლიათ, სარჩელით პროკურატურას მიმართონ.
„გეგმა გაქვთ, რომ რაღაც დაგვაბრალოთ. ფინანსურ პოლიციაში ფარცხალაძე და მისი მოადგილეები იყვნენ და თუ რომელიმე ბინზნესმენეს აქვს პრობლემა, თქვენსავე დაქვემდებარებულ უწყებას მიმართონ. რაც შეგეხებათ პირადად თქვენ, ეს პოლიტიკური ანგარიშია და როგორც ჩანს, პრობლემები არ გაინტერესებთ. წესით, თქვენ პოსტიდან უნდა წახვიდეთ, რადგან კარგი სპეციალისტი კი ხართ, მაგრამ ეკონომიკამ ერთი მლრდ ლარი დაკარგა, ბიუჯეტის დეფიციტი 4 პროცენტამდე გაიზარდა და ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, რის გამოც, პასუხისმგებლობა თქვენ უნდა აგეღოთ და საკუთარი სავარძელი უნდა გაგეწირათ, თანანმდებობა კი, ახალი კადრებისთვის დაგეთმოთ“, - მიმართა ხადურს მაჭავარიანმა, რომელსაც მინისტრმა უპასუხა, რომ ყველაფერზე პასუხს მთავრობა აგებს, მათ შორის იმაზე, რომ ადამიანებს ქონებას არ ართმევენ, რეფორმები ტარდება და ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.
გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ნაციონალების წარსულის გახსენების გარდა, მის მიერ გატარებულ რეფორმებსა და 2014 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე ისაუბრა.
ხადურის განცხადებით, პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7,1 პროცენტი შეადგინა, რაც დარგების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა - მშენებლობაში 28,5 პროცენტი, სოფლის მეურნეობა - 21,1 პროცენტი, ოპერაციებით უძრავი ქონებით - 21 პროცენტი.
„ექვსი თვის წინასწარი მონაცემებით ეკონომიკური ზრდა არის 6 პროცენტი. ამას გარდა, 2014 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმმართველი კომპონენტი ინვესტიციების ზრდაა. მნიშვნელოვანად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზრდამ 15 პროცენტი შეადგინა“, - აღნიშნა ხადურმა.
მინისტრის ინფორმაციით, 2014 წლის 6 თვეში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 354 მლნ ლარით (11 პროცენტით) გადააჭარბა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ხოლო საწყის საპროგნოზო მაჩვენებელს, ანუ გეგმას - 212,5 მლნ ლარით, რაც ნიშნავს, რომ 6 თვის გეგმა გადაჭარბებით 103 პროცენტით შესრულდა.
2013 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე კანონმდებლები ინფორმაციას ხვალ, რიგგარეშე სხდომის ფორმატში მოისმენენ.