„ვენდობით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები არიან“

„ვენდობით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები არიან“

დედაქალაქის საკრებულოში პოსტები გადანაწილდა. თუკი გასულ კვირას თბილისის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ტყემალაძე დასახელდა „ქართული ოცნებიდან“, ამჯერადაც თავმჯდომარის მოადგილეების პოსტი კვლავ „ქართული ოცნების“ წევრებს ერგოთ. მიზეზი მარტივია - ვენდობით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები არიან.

კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარის - გიორგი ალიბეგაშვილის მოადგილეების პოსტები ხმათა უმრავლესობით გიორგი ახვლედიანმა და მალხაზ მჭედლიშვილმა დაიკავეს.

ახალი რეგლამენტით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე უნდა ჰყავდეს, რომლებიც საკრებულოში არსებული კომისიების კურირებას მოახდენენ. თავის მხრივ, 11 კომისიის ხელმძღვანელებიც საკრებულოს უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ შტატით დააკომპლექტა.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ჯაბა სამუშია საკრებულოს სხდომის დაწყებამდე აცხადებდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული მოადგილეები აღარ ეყოლებოდა. ამის მიუხედავად, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მაინც მიიჩნევენ, რომ დედაქალაქის მრავალპარტიულ საკრებულოში ოპოზიციისთვის თანამდებობა არ გამოინახა და საკრებულოს ახალი შემადგენლობა დაადგა იმ გზას, რასაც - 2006 წელს ნაცმოძრაობის საკრებულო, რომელიც მოქმედებდა პრინციპით - მოგებულს მიაქვს ყველაფერი.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალზე ცუდი პოლიტიკური კულტურა გამოავლინა, რადგან სააკაშვილის დროსაც კი დეკორატიულად და ზრდილობის გულისთვის ოპოზიციას რაიმე თანამდებობას შესთავაზებდნენ ხოლმე, დღეს კი „ქართულმა ოცნებამ“ თანამდებობის 100% აიღო. მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას“ არჩევნები 100%-ით არ მოუგია.

„საქმისთვის უფრო მართებული იქნებოდა, ოპოზიციისთვის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის პოსტი მაინც შეეთავაზებინათ. ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, სარევიზიო კომისიის არაფერი გამეგება, ამის ამბიცია ნამდვილად არ მაქვს. ძალიან ცუდი და დასანანია, პირველ რიგში „ქართული ოცნებისათვის“ და, ზოგადად, ქალაქისთვის, როდესაც საკრებულო ასე იწყებს მუშაობას“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი კი ამბობს, რომ ისინი უფრო მეტად ენდობიან იმ ადამიანებს, რომლებიც მათი გუნდის წევრები არიან და მათთან ერთად ამჯობინებენ საქმის კეთებას.

კოალიცია „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელი, საკრებულოს დეპუტატი ზაზა ვეკუა For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი, შემცირებულიყო თავმჯდომარის მოადგილეებისა და კომისიის წევრთა რაოდენობა. თუმცა, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მათ წინადადებას მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭირა მხარი.

„მიგვაჩნდა, ეს არის გაბერილი შტატები და ფულის ხარჯვა. როდესაც საშტატო განრიგზე იყო საუბარი, დავაყენე საკითხი, რატომ არ არის არსად გათვალისწინებული ოპოზიცია?! მივმართე „ოცნების“ წარმომადგენლებს, ნუ გავიწყდებათ, რომ ნაცმოძრაობის მიერ მიღებული საარჩევნო კოდექსით, რეალურად დედაქალაქში მხარდაჭერის 46% მიიღეთ, ანუ პროპორციული სიის მიხედვით, 54%-მა მხარი არ დაგიჭირათ, თუმცა საკრებულოში წარმოდგენილი ხართ 75%-ით ერთმანდატიანი ოლქების ხარჯზე, როგორც ამას აკეთებდა ნაცმოძრაობა. ამ კონსულტაციების დროს მივმართე საკრებულოს თავმჯდომარეს - გიორგი ალიბეგაშვილსაც და ვუთხარი, ახლა შეიძლება ფიქრობთ, რომ ამ გუნდიდან ვიღაცამ მანქანა უნდა აიღოს, ვიღაცამ სავარძელი უნდა მიისაკუთროს, მაგრამ ეს თქვენ, როგორც თავმჯდომარეს, ძვირად დაგიჯდებათ, რადგან ყველანაირ თანამშრომლობაზე უარი თქვით. ჩვენ მზად ვიყავით, უარი გვეთქვა თავმჯდომარის მოადგილეობაზე და კომისიის თავმჯდომარეობაზეც. ვუთხარით, არ გეგონოთ, ჩვენ თანამდებობები გვჭირდება, ეს სჭირდება საკრებულოს. არა მარტო განვითარებულ, არამედ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც კი სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ყველგან ოპოზიციიდანაა, რადგან ერთმა გუნდმა საკუთარი თავი როგორ უნდა შეამოწმოს?!“ - აცხადებს ზაზა ვეკუა და „ქართული ოცნების“ წევრს ჯაბა სამუშიას პასუხობს, რომ დღეს თბილისის საკრებულოს ზუსტად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული თავმჯდომარის მოადგილეები ჰყავს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საკრებულოში დავით ზურაბიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მრავალპარტიული კოალიციაა და ეს არ არის ერთი პარტია. მისი თქმით, კოალიციის წევრები და პარტიის წარმომადგენლები ისე ცხარედ კამათობენ ერთმანეთში, რომ ზოგჯერ მათ ოპოზიცია უფრო უჭერს მხარს, ვიდრე თავისივე უმრავლესობის წევრი. ასე მოხდა საკრებულოს წინა სხდომაზეც.

„გინდა თუ არა, ყველა ადგილი აიღო მმართველმა პარტიამ, სწორი არ არის. რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილეებს და კომისიის თავმჯდომარეებს, ეს გადაწყდა კვოტების მიხედვით, თუ რომელ პარტიას რამდენი კვოტა ექნებოდა. კოალიციის ფორმატში იყო ამაზე თათბირი, კამათიც, იყო განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგრამ წარმოდგენილ კანდიდატებზე შევჯერდით“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი და ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციისთვის პოსტის შეთავაზება მხოლოდ ფორმალობა იყო. ამჯერად კი სასურველია, ოპოზიციის მონაწილეობა კანონმა განსაზღვროს. ამიტომ დავით ზურაბიშვილის თქმით, ყველა წარმომადგენლობით ორგანოში ოპოზიციას მოადგილის თუ კომისიის მაკონტროლებლის პოსტი ექნება.

ცნობისთვის, საკრებულოს კომისიები შემდეგნაირად გადანაწილდა: სარევიზიო კომისია - ნუგზარ მალაღურაძე; იურიდიულ საკითხთა კომისია- თევდორე კობახიძე; ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - ჯაბა სამუშია; ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია - გოჩა ბაბუნაშვილი; ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია - ირაკლი ფავლენიშვილი; ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია - ლევან დარახველიძე; სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - ქეთევან ჯოხაძე; ადამიანის უფლებათა დაცვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისია - გულიკო ზუმბაძე; გარემოს დაცვის კომისია - შორენა ბუხრაშვილი; განათლებისა და კულტურის კომისია - თამარ ტალიაშვილი; სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - ლია ჯახველაძე.

საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, საკრებულოში 9 ფრაქცია ჩამოყალიბდა, რომლებიც შემდეგნაირად გადანაწილდა: ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“ - ხათუნა სამნიძე; ფრაქცია „ქართული ოცნება - საქართველოსთვის“ - რამინა ბერაძე; ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ - ნინო გოგუაძე; ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“ - ავთანდილ დავითაძე; ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ - ვლადიმერ ძნელაძე; ფრაქცია „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები“ - გიორგი მუსხელიშვილი; ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისი“ - ირაკლი აბესაძე; ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - სევდია უგრეხელიძე; ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობა“ - ზაზა ვეკუა.