პარლამენტი მთავრობას ნდობას მიმდინარე კვირას გამოუცხადებს, თუმცა მანამდე, უწყებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუნდის წევრებთან ერთად ესტუმრება, სადაც სამთავარობო პროგრამას წარადგენს.
მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ იცნობს, ნაწილი მათ „სწორად“ შერჩეულ კანდიდატებად მიიჩნევს, უმცირესობა კი, „ფასადურ“ და „გაუაზრებელ“ ცვლილებებზე აპელირებს.
როგორც for.ge-ს ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები კოსმეტიკური და გაუაზრებელია. მისი თქმით, სამთავრობო კარუსელი ეკონომიკურ გუნდსა და ძალოვან უწყებებს არ შეეხო, სადაც ეკონომიკური მაჩვენებელი დავარდნილია, კრიმინალი კი გაზრდილი.
„სახეზეა სახელისუფელებო კარუსელი და რა თქმა უნდა, მას მხარს არ დავუჭერთ“, - აღნიშნავს წიკლაური, რომლის პათოსს იზიარებს მიხეილ მაჭავარიანი.
ჩვენთან საუბარში კანონმდებელი აცხადებს, რომ მთავრობაში ეკონომიკური გუნდი უნდა განახლებულიყო და არა გარემოს დაცვის და დიასპორების სამინისტროები. მაჭავარიანის განცხადებით, 2013 წლის ბიუჯეტი ყველა პარამეტრით „გაირღვა“ და ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არაკომპეტენტურია მთავრობის ეკონომიკური გუნდი.
თანაგუნდელების პოზიციებს იზიარებენ - გიორგი კანდელაკი და გოკა გაბაშვილიც, რომლებიც აცხადებენ, რომ კოსმეტიკურ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
კანდელაკის შეფასებით, ის მინისტრები, რომლებიც ქვეყნის უკუსვლაზე არიან პასუხისმგებელნი პოსტებს ინარჩუნებენ.
„მთავრობაში პოსტებს ეკონომიკური გუნდისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, როგორ უნდა უნარჩუნებდნენ? ეს არის კოსმეტიკური ცვლილება, რომელიც მხარდაჭერას არ იმსახურებს. თუ ეს სამინისტრეობი წარმატებით მუშაობდნენ, მაშინ მინისტრები რატომ გაუშვეს და თუ გაუშვეს, მაშინ მათი მოადგილეები რატომ დააწინაურეს?“, - ინტერესდება კანდელაკი, რომლის მსგავს პოზიციაზეა გოკა გაბაშვილი.
კანონმდებელის მოსაზრებით, მინისტრთა კაბინეტში პრინციპულად არაფერი იცვლება.
„ჩავარდნები სადაც არის, ყველა ის მინისტრი რჩება. პრობლემები აქვს შს სამინისტროსა და ეკონომიკურ გუნდს და არა გარემოს დაცვასა და დიასპორას! ეს არის ფასადური და ბუტაფორული ცვლილება“, - დასძინა გაბაშვილმა.
ოპონენტებისგან განსხვავებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა „სწორი“ არჩევანი გააკეთა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის შეფასებით, მინისტრობის კანდიდატები წესიერი და მაღალიკვალიფიური ადამიანები არიან.
„არჩევანი სწორად გაკეთდა და მათ წარმატებებს ვუსურვებ. მთავრობას ნდობას პრობლემის გარეშე გამოვუცხადებთ“, - ამბობს კობახიძე, რომლის მსგავსად, სამთავრობო ცვლილებებს დადებითად აფასებს გია ვოლსკი.
„ის ადამიანები მოიყვანეს, რომელთაც გამოცდილება აქვთ. საქმის კეთება ამ ადამიანებს უფრო მეტად ხელეწიფებათ, ვიდრე მათ წინამორბედებს. თუმცა, ყოფილ მინისტრებზე ძვირი არ უნდა ვთქვათ. რაც შეეხება ოპონენტების კრიტიკას ეკონომიკური გუნდისა და ძალოვანი მინისტრების მიმართ, ეს პოლიტიკური კონექტიურით არის განპირობებული“, - განუცხადა for.ge-ს ვოლსკიმ, რომლის მსგავსად, მინისტრობის კანდიდატებს იცნობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
ეკა ბესელიას თქმით, მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების გამოცდილების შესახებ მას სმენია.
„მთავრობას ახალი ტემპი სჭირდება და ეს პირები სიახლის შემომტანნი იქნებიან. ყველას გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, ისინი დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებთ გაართმევენ. ისინი ღირსეულად გააგრძელებენ იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის საჭიროა“, - აღნიშნა ბესელიამ.
აღსანიშნავია, რომ კოალიციის წევრებისგან განსხვავებით, მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს არ იცნობს რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი.
კანონმდებელის განცხადებით, უმრავლესობა მხარდაჭერას გამოუცხადებს მთავრობას და არა კონკრეტულ მინისტრს.
„ეს ადამიანები პარლამენტში მოვლენ და მათ მოვუსმენთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ნაწილს საერთოდ არ ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, მათ კოლეგების ნაწილიც არ იცნობს. ამიტომ მთავარია, რას მოვისმენთ მთავრობის ახალი შემადგენლობისგან. ამის შესაბამისად ყველა შესაბამის დასკვნებს გავაკეთებთ“, - დასძინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა დღეს, ოთხი მინისტრობის კანდიდატი წარადგინა. კერძოდ, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრად საგზაო დეპარტამენტის უფროსი დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი უკვე ყოფილი მინისტრის მოადგილე გელა დუმბაძეა წარდგენილი. კულტურის მინისტრობის კანდიდატს კი პრემიერი მაქსიმუმ ხვალ დილისთვის დაასახელებს.