პარლამენტში მინისტრობის სავარაუდო კანდიდატები სახელდებიან

პარლამენტში მინისტრობის სავარაუდო კანდიდატები სახელდებიან

მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ შესულა. თუმცა, საპარლამენტო კულუარებში ის პირები სახელდებიან, რომელთა კანდიდატურებიც მინისტრთა პოსტებზე განიხილება.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, კულტურის მინისტრის პოსტზე - ალექსანდრე მარგიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის კანდიდატურები განიხილება, სასჯელაღსრულების მინისტრის თანანმდებობაზე - ლევან იზორიასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი მღებრიშვილის კანდიდატურები, დიასპორის მინისტრის პოსტზე - გელა დუმბაძის, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის თანანდებობაზე გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის დავით შავლიაშვილის.

აღნიშნული პირებიდან ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელიოს, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს პრემიერ-მინისტრი 18:00 საათზე წარადგენს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ახალი მინისტრების წარდგენა 15:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა, მთავრობამ ვადა სამი საათით გადასწია.

უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობაში დაგეგმილი პრესკონფერენციის პარალელურად, პარლამენტის ბიურის სხდომაც 18:00 საათზე არის დანიშნული და ამ დრომდე არ კონკრეტდება, პრეზიდენტი მინისტრთა განახლებულ კაბინეტს დღესვე წარუდგენს თუ არა საკანონმდებლო ორგანოს.

რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტს კანდიდატების წარდგენის უფლება შვიდი დღის ვადაში აქვს, მაგრამ არ არის გამორიცხული, უწყებაში კანდიდატურები მიმდინარე კვირას შევიდეს.

რეგლამენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ნდობის გამოცხადების მიზნით,  კანდიდატები შედის, საკანონმდებლო ორგანო ასევე შვიდი დღის ვადაში წყვეტს შემოთავაზებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობამ ნდობა ვერ მოიპოვა, მაშინ იმავე ან განახლებულ შემადგენლობას ნდობის მისაღებად, პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში, განმეორებით უყრიან კენჭს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები შვიდ - სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის - მინისტრებს შეეხოთ. აქედან, ორის შემთხვევაში გადანაცვლება მოხდა. კერძოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძეს ჩაანაცვლებს.