„ივანიშვილი საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის“

„ივანიშვილი საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის“

ნაციონალი გიორგი ბარამიძე ხელისუფლებას აკრიტიკებს, „რუსთავი 2“-ის შესაძლო განადგურებაზე საუბრობს და მთავრობის რიგ წარმომადგნელებს ე.წ. კანონიერ ქურდებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

თუ რა საფუძლები აქვს მსგავსი ბრალდებების წამოყენებისთვის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც გიორგი ბარამიძესთან ჩავწერეთ:

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებულია. საზოგადოებაში მოლოდინი დიდია. რა სიკეთის მომტანი იქნება, ეს შეთანხმება ქვეყნისთვის?

- ეს სისხლითა და ოფლით მორწყული ერთი გზის დასასრულია. დოკუმენტის რატიფიცირება სტარტია ახალ გზაზე გადასვლის, რომელიც შეიძლება უფრო ვიწრო იყოს და არანაკლებ რთული. თუმცა, ეს ის გზაა, რომელსაც ევროპულ ერთიან ოჯახისკენ მივყავართ. ამ გზას სააუკუნების მანძილზე ამა თუ იმ დამპყრობელმა მოგვწყვიტეს, მაგრამ ვუბრუნდებით იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ გატყდა და მძიმე მდგომარეობას არ შეეგუა.

მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების რატიფიკაცია მოხდა, მაგრამ იმაზე ვღელავთ, მისი რეალიზაცია რამდენად ადეკვატურად ხდება. თუ მისი შესრულება არ მოხდა, ეს დარჩება მხოლოდ პოტენციალში არსებულ შესაძლებლობად. თუ მკითხავთ, მთავრობამ რამდენად ადეკვატურად დაიწყო შეთანხმების შესრულება, გეტყვით, რომ საპირისპირო სურათი გვაქვს.

რატომ, რას გულისხმობთ?

- შეთანხმება იმასაც გულისხმობდა, რომ რაც ქვეყანაში არასწორი იყო, ის წარსულს უნდა ჩაბარებულიყო და რაც კარგი, ის გაგრძელებულიყო. სამწუხაროდ, ამ დღებში დავინახეთ, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ დაჭერაზე წავიდა და მთავარი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დააკავა.

თუმცა, ბატონო გიორგი, გამოძიების ცნობით, გიგი უგულავამ დანაშაული ჩაიდინა და მან პასუხი არ უნდა აგოს?

- ოპონენტებმა თავი ხომ უნდა გაიმართლონ? ჩვენი ხელისუფლების პირობებში, შტაბის ხელმძღვანელი დაკავებული არასოდეს გვყოლია. 26 მაისს საკმაო საფუძვლები გვქონოდა იმისა, რომ ორგანიზატორები დაგვეკავებინა, რადგან ისინი პირდაპირ რუსეთთან იყვნენ შეკრულნი და გენერალური სპეცნაზის შემოძღოლას აპირებდნენ საქართველოში.

26 მაისს, თუ მსგავს ინფორმაციას ფლობდით, მაშინ რატომ არ დააკავეთ ორგანიზატორები?

- ჩავთვალეთ, რომ ეს დემოკრატიას დააზიანებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრობლემატური იყო. ჩავთვალეთ, რომ დემოკრატიული განვითარებისთვის პრობლემის შექმნა უფრო მეტი პრობლემის მომტანი იქნებოდა, ვიდრე უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეები. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგმულიყო. ამას გარდა, მინდა გითხრათ, რომ რაც ქურდული სამყარო დავამარცხეთ, ჩვენი მთავრობიდან მათთან კავშირი არავის ჰქონია და მათთვის ხელიც არავის დაუფარებია.

ამ მთავრობიდან, ვინ აფარებს ხელს .. კანონიერ ქურდებს?

- კალაძისა და „რემენას“ საქმეს ვგულისხმობ.

ამ საქმის თაობაზე, კონკრეტული ფაქტები გაქვთ?

- უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ „რემენა“ კიევი-თბილისის რეისში ჩასვეს. ესენი ამბობენ, კიევიდან კი გამოფრინდა და ამ თვითმფრინავში კი იჯდა, მაგრამ არ ვიცით, სად აორქლდაო. ამ საქმის გამოძიებას არ აპირებენ და თავის მოკატუნებას აქვს ადგილი. ამას გარდა, ხელისუფლება იმას ვერ ხედავს, რომ ბიუჯეტი 700 მილიონით გაარღვიეს, მაგრამ აქტიურად მუშაობენ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდებისთვის და მისი განადგურება უნდათ - ამას ღიად აცხადებენ.

ვინ გააკეთა ღიად განცხადება, რომრუსთავი 2“ ხელში უნდა ჩაიგდონ?

- ღიად იმას ვგულისხმობ, რომ პირდაპირ ამბობენ, ტელევიზია კანონიერ მემკვიდრეს უნდა დაუბრუნონ. ვინ დაადგინა კანონიერი მფლობელი?

ამას სასამართლო დაადგენს...

- ამას ვამბობ მეც. სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხოლო სასამართლომდე რომ ლაპარაკობენ მაგას, ესაა პრობლემაა. არ მალავენ, რომ მათ ეს გეგმები აქვთ. ქვეყანას მართავს არა ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ არაუფლებამოსილი პირი, რომელიც ამბობს, რომ მე ვარ მოქალაქე. სინამდვილეში ის ტყუის და საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი, რომელიც პასუხისმგებელი არაფერზე არ არის.

მთავრობა გატარებულ რეფორმებზე საუბრობს, მაგრამ თუნდაც მედია აიღეთ, პრესასთან მიმართულებით ნაბიჯი უკან არის გადაგმული.

საერთაშორისო კვლევებით, ქართული მედია თავისუფლების კუთხით, რამდენიმე პოზიციით დაწინაურდა. ბატონო გიორგი, გავიწყდებათ, თქვენს დროს, ცენზურა რა დონეზე იყო?

- იმას არავინ ამბობს, რომ ჩვენ იდეალურები ვიყავით, მაგრამ რას ეძახით მოწინავე პოზიციებზე წამოსვლას? თავისუფლების ინდექსებით ვიცხოვროთ, თუ რეალურით? ნათელია, რომ „რუსთავი 2“ სურთ 9 ადამიანს გადასცენ. არის თუ არა ის, ამოვარდნილი ნორმალური პროცესიდან?

რაც შეეხება პარლამენტში პრეზიდენტის სტუმრობას, ითქვა, რომ გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობას წინ, ბიძინა ივანიშვილის ზარი უსწრებდა...

- გიორგი მარგველაშვილი მოვიდა იმიტომ, რომ თავმოყვარეობამ შეაწუხა, თუმცა, ეს როგორ პირობებში მოხდა? - ეკა ბესელიამ თქვა, რომ მისთვის ადგილი არ იყო გამოყოფილი. ამაზე მეტი სირცხვილი რა იყო? ინსტიტუტების ფეხქვეშ გათელვა ხდება. წინ კი არ მივდივართ, არამედ პირიქით, უკან. ჩვენს დროს ბევრი ცუდი ხდებოდა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ, მაგრამ იმის გამოსწორების ნაცვლად, ბევრად უარესს ქმედებებს სჩადიან. რაც შეეხება ივანიშვილის ზარს, ანუ კეთილმა დიდმა მეფემ გამონაკლისი დაუშვა. სწორედ ეგ არის პრობლემა, რომ პრეზიდენტს ნება დართეს და თუ ეგ მართალია, ეს მთლად უარესია.