პროფესიული სწავლება უმაღლესი განათლების ხარჯზე

პროფესიული სწავლება უმაღლესი განათლების ხარჯზე

[ნიკა ასლანიძე]

მთავრობა პროფესიული განათლების ხარჯზე უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ ადგილებს ამცირებს. გადაწყვეტილება მიღებულია - 17 უნივერსიტეტი ამ გზას დაადგება.

სხვათა შორის, პროფესიული პროგრამების სწავლებაზე ბოლო წლებში ძალიან მზარდი მოთხოვნაა. ამიტომაც უნივერსიტეტებში მაინცდამაინც არ აღელვებთ მისაღები ადგილების შემცირება. ისინი თვლიან, რომ კომპენსირებას პროფესიული სწავლებით შეძლებენ. სულ სხვა მოსაზრება აქვთ პროფესიული განათლების პროფკავშირში, სადაც თვლიან, რომ მთავრობას სხვა ჩანაფიქრი აქვს.

პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა მისაღები ადგილები 5000შემცირდა. ეს ეხება 17 უნივერსიტეტს საქართველოს მასშტაბით. აქედან კი ყველაზე მეტი - 1500-მდე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტზე მოდის. ეს ადგილები კი პროფესიული სწავლების განყოფილებას დაუთმეს, რაც დავითაშვილის თქმით, კანონის უხეში დარღვევაა.

ერთი სიტყვით, 17 უმაღლესმა სასწავლებელმა შეიმუშავა პროფესიული პროგრამები და მოითხოვეს, რომ მიეცათ მათ თავისუფლება, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაეწყოთ და მათთვის განესაზღვრათ პროფესიულ სწავლებაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა.

ეარის 17 უმაღლესი სასწავლებელია: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, სახელმწიფო კონსერვატორია, კონსერვატორია, კაცმა არ იცის, აგრარული უნივერსიტეტი, თელავის უნივერსიტეტი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, გორის უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტი. 

როგორც დენის დავითაშვილი აცხადებს, ზუგდიდის უნივერსიტეტმა პროფესიულ საგრანტო პროგრამაზე უკვე სწავლების ფასიც განსაზღვრა და 1500-2000 ლარი დააწესა, მაშინ როდესაც არანაირი ბაზა არ გააჩნია პროფესიული სწავლებისთვის. “ეს ფული სტუდენტებმა თუ მათმა მშობლებმა რაში უნდა გადაყარონ, კაცმა არ იცის და”, - ამბობს დავითაშვილი. 

როორც უკვე აღვნიშნეთ, ჩამოთვლილ სასწავლებლებში შემცირდა უმაღლესი განათლებისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა.  მაგალითად, ილიას უნივერსიტეტს 209 ერთეულით შეუმცირდა, ბათუმის უნივერსისტეტს - 350-ით, აგრარულ უნივერსიტეტს - 240-ით, თელავის უნივერსიტეტს - 325-ით, ტექნიკურ უნივერსიტეტს - 1450-ით, რობაქიძის უნივერსიტეტს - 100-ით, გორის უნივერსიტეტს - 398-ით. ზუგდიდის უნივერსიტეტს - 340-ით. საზღვაო აკადემიას - 145-ით, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს - 100-ით და ა.შ.

როგორც დავითაშვილი ამტკიცებს, მას მთავრობისგან არგუმენტი არ მოუსმენია. “არგუმენტი ვერც ექნებათ, რადგან კანონი მათ ამის უფლებას არ აძლევს. კანონში მკაფიოდ წერია, რომ პროფესიული საქმიანობა შეიძლება დამატებით, განხორციელდეს.  ეს უნდა იყოს დამატებითი ადგილები და არა უმაღლესი განათლების ხარჯზე. ამიტომაც ვერაფერს იტყოდნენ. ეს არის კანონსაწინააღმდეგოდ გაპარებული გადაწყვეტილება”, - ამბობს დავითაშვილი. 

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ უმაღლეს სასწავლებელს არ გააჩნია სათანადო ბაზა პროფესიული სწავლებისთვის და იძულებული გახდება ავტორიზაციის საბჭო, მთლიანად გაუუქმოს მათ ავტორიზაცია და უკვე აღარც პროფესიული სწავლების სტუდენტების მიღების უფლება ექნებათ და აღარც უმაღლესი სწავლების. 

“ამიტომაც მგონია, რომ ამ 17 სასწავლებლიდან 12-13 სასწავლების დახურვა მაინც უნდათ. ეს ყველაფერი ზუსტად აქეთკენ მიდის”, - დასძენს პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე.