პრეზიდენტსა და პრემიერს თუ უმრავლესობას შორის პოლემიკის თემა ახალი არ არის, თუმცა თითქმის ყოველდღიურად, ახალი ნიუანსები ემატება. იმედს ვიტოვებთ, მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცების პროცესში ყველაფერი „მშვიდობიანად“ ჩაივლის, თუმცა მანამდე საზოგადოების განხილვის თემებად იქცა, მივიდოდა თუ არა პრეზიდენტი პარლამენტში ევროასოცირების დოკუმენტის რატიფიცირებისას, რა თქვა მარგველაშვილმა თავის განცხადებაში უმრავლესობისთვის მიუღებლად, ვინ რა დოკუმენტს მოაწერს ხელს, სად წავა, ან სად არ წავა, რატომ არ იყო მარგველაშვილი ჩართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში, რატომ არ დადიან პრეზიდენტი და პრემიერი ერთად და ა.შ. უცნაურია, მაგრამ ამ პოლემიკასა და დაპირისპირებას სერიოზული, ხელშესახები საბაბი მუდამ ნაკლებად მოეძებნება და საზოგადოებაც ცოტა არ იყოს დაბნეულია, მისთვის ძნელად ასახსნელი და აღსაქმელია, რა ხდება რეალურად მმართველ გუნდში, ეს პოლიტიკური თამაშია თუ ჩვენი პოლიტიკოსები მთელი სერიოზულობით მსგავს ინტრიგებში არიან ჩართულნი. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი მმართველ გუნდს სერიოზული პოლიტიკური ძალის იმიჯს ნაკლებად უქმნის და მხოლოდ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ემსახურება. „სკანდალზე“, რომელიც დროდადრო დღის მთავარ თემად იქცევა-ხოლმე, ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.
მუდმივად მოწმენი ვართ ხან პრეზიდენტსა და პრემიერს, ხანაც პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის კინკლაობისა, თქვენი შეფასებით ეს რითია გამოწვეული?
- ვფიქრობ, ეს გამოწვეულია იმ ახალი საკონსტიტუციო მოდელით, რომელიც ამოქმედდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება ნაწილობრივ შეიკვეცა, მის ხარჯზე გაძლიერდა პრემიერის უფლებამოსილება. როგორც პრეზიდენტი, ისე პრემიერმინისტრი აყალიბებენ ახალ ინსტიტუტებს, ვინაიდან წლების გამნმავლობაში ჩვენ ვცხოვობდით საპრეზიდენტო მმართველობის მოდელში. მართალია ეს მოდელიც არ იყო კლასიკური და პრეზიდენტს ჰქონდა გადაჭარბებული უფლებამოსილება, მაგარამ ეს იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკა. დღეს ახალი ტიპის მოდელში ვცხოვრობთ. ვინაიდან ორივე პირი აყალიბებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვფიქრობ, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტ უფლებამოსილებას იღებენ საკუთარ თავზე, ვიდრე კონსტიტუციაშია გაწერილი. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ აქამდე ყველაფერი იყო პრეზიდენტი და დღეს მას არაფერი აღარ რჩება. პრემიერი კი, რაკი ამბობნდნენ, რომ ახალი კონსტიტუციით ყველაფერი პრემიერ-მინისტრია, ადრე რა უფლებამოსილებაც პრეზიდენტს ჰქონდა, უნდა, ახლა ჰქონდეს მას.
ეს, ზოგადად, მაგრამ პირდაპირ ჩანს, რომ არც თუ ისე კარგი კომუნიკაცია აქვთ პრეზიდენტსა და პრემიერს ამ უფლებამოსილების გადანაწილებისა და ზოგიერთი ფუნქციის გამო. სახეზეა, რომ ზოგ შემთხვევაში, იქ, სადაც შესაძლებელია რაღაც ტიპის კომპეტენციის კანონის ცვლილებით განსაზღვრა, როგორც გამოჩნდა, დღევანდელი უმრავლესობა უფრო პრემიერისკენ იხრება ვიდრე პრეზიდენტისკენ. საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების შედეგად კარგად ვხედავთ, რომ ის ფუნქციებიც კი, რომელიც ნაწილობრივ წარმოადგენს პრეზიდენტის კომპეტენციას, მთლანად გადადის პრემიერის კომპეტენციაში.
გასაგები იქნებოდა, დაპირისპირების რაიმე სერიოზული მიზეზი რომ არსებობდეს, ძალიან ხშირად უსაგნო პოლემიკასთან გვაქვს-ხოლმე საქმე, მაგალითად, როგორიცაა, ვინ სად წავა, რა ღონისძიებას დაესწრება, ერთის განცხადება მეორისთვის ან გაუგებარია ან მიუღებელია და ა.შ. როგორ ფიქრობთ, რა იწვევს ასეთ გაუგებრობებს?
- ამას იწვევს კომუნიკაციის არქონა პრეზიდენტსა და პრემიერს, პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის. როდესაც სურვილია, რომ რაღაც ერთიანი ტექსტით გამოვიდეს უმრავლესობა, საჭიროა, კონკრეტული პოზიციების ერთმანეთთან გაზიარება. როგორც ჩანს, მთელ რიგ საკითხებში პრეზიდენტი არ არის ინფორმირებული იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც აქვს პოლიტიკურ გუნდს და ამიტომაც შესაძლოა, ვხედათ განცხადებებში აცდენას.
ეს ზოგადად, არა მხოლოდ პრეზიდენის და პრემიერის კომენტარებს, არამედ „ქართული ოცნების“ მთელ გუნდს ეხება. არახალია, როდესაც ერთი მინისტრი ერთ საკითხთან დაკავშირებით ერთი ტიპის კომენტარს იძლევა, მეორე მინისტრი სულ განსხვავებული შინაარსის კომენტარს აკეთებს, უმრავლესობის დეპუტატები - სულ სხვა განცხადებას, მთავრობა - სხვას და პრეზიდენტი - სულ სხვას - და ეს ხდება ერთ თემასთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით, ეს კომუნუკაციის არეულობის და ზოგჯერ საერთოდ არქონის ბრალია. კარგი იქნება თუ „ქართული ოცნება“, როგორც უმრავლრსობა, ისე პრემიერი და პრეზიდენტი ამ კომუნიკაციას აღადგენენ. ყველა პრობლემა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, გნებავთ ერთმანეთთან, გნებავთ მოსახლეობასთან, უმეტეს შემთხვევაში კომუნიკაციის არარსებობით ან არასაკმარისი დოზით არის გამოწვეული.
მოსახლეობაც იმიტომ არის უკმაყოფილო, რომ როგორც კი აღმოჩნდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, მაშინვე შეწყვიტა მოსახლეობასთან ურთიერთობა. სახეზეა, როგორ ხდება „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის იზოლირება საზოგადოებისგან. ზოგჯერ ეს ხელოვნურად ხდება გარემოცვის მხრიდან, ზოგჯერ ამას ხელს უწყობენ თავად გადაწყვეტილებების მიმღებები. ნეგატიური ინფორმაცია რომ არ მიიღონ, ურჩევნიათ, მათთან იქონიონ კონტაქტი, ვინც დღე და ღამე მათ ქება-დიდებაშია.
პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თემასაც საკმაო ხმაური მოჰყვა, იყო რეპლიკები, შემდეგ ამ რეპლიკებზე პასუხები და ა.შ. საეჭვოა მსგავს ქმედებებს საზოგადოების დადებითი რეაქცია მოჰყვეს და ეს ხელისუფლებასაც უნდა ესმოდეს - ინერციით ხომ არ გრძელდება რეაქცია რამდენიმე თვის წინ ივანიშვილის მიერ მარგველაშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე?
- ვფიქრობ, პირდაპირი გავლენაა და ასეთი ადამიანები ცდილობენ ერთგულების გამოხატვას ივანიშვილის ან ღარიბაშვილის დასანახად. ვიღაცეები თვლიან, რომ ასეთი განცხადებებით ღარიბაშვილი ან ივანიშვილის გუნდში შეუცვლელები გახდებიან. ზოგიერთი 2016 წლის საპარლმენტო არჩევნების სიაში საკუთარ ადგილსაც კი ბრონავს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიანი პერსპექტივა შეიძლება იყოს.
ცოტა უცნაურია, ის ადამიანები, რომლებიც ვერ გაბედავდნენ მსგავსი, ირონიული განცხადების გაკეთებას ვერც ივანიშვილზე, ვერც ღარიბაშვილზე, მარგველაშვილის მიმართ აკეთებენ ასეთ განცხადებებს თანაც ისე, რომ ეს მათ კომპეტენციაში საერთოდ არ შედის.
არის რაღაც პრინციპული საკითხები, სადაც შესაძლოა აუცილებელი იყოს პოლემიკის გამართვა გუნდის წევრებს შორის, მაგრამ არის საკითხები, როდესაც პოლემიკა და ერთმანეთის მიმართ ირონიული განცხადებები ნამდვილად არ მოქმედებს განცხადების ავტორების სასარგებლოდ. რაც უფრო კორექტულები იქნებიან საკუთარი გუნდის წევრების მიმართ, მით უფრო უკეთესი იქნება.
ისიც ხომ უნდა გათვალო, დავუშვათ დღეს კარგი ურთიერთობა არ აქვს მარგველაშვილს ივანიშვილთან ან ღარიბაშვილთან, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე თვეში ეს ურთიერთობა არ გამოსწორდება და შემდგომში ის ადამიანები, რომლებიც სარკაზმით გამოირჩეოდნენ, უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებიან. ვგულისხმობ პიროვნულ ურთიერთობებსაც, რადგან ეს არ არის გუნდი, რომლის წევრებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ - ისინი ერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები არიან და დაწმუნებული ვარ, ერთად დიდი დრო აქვთ გატარებული.
ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, როდესაც ადამიანები პოლიტიკის გამო ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეს ტრადიცია სააკაშვილმა დაამკვიდრა და ძალიან გაოცებული ვარ, როდესაც ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთის ქება-დიდებაში იყვნენ (ავიღოთ თუნდაც მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია), დღეს ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომელიც მათ კომპეტენციაში საერთოდ არ შედის.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მარგველაშვილი არის ლეგიტიმური პირი, ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც მილიონ 12 ათასი ხმა მიიღო იმ გუნდის დახმარებით, რომელიც დღეს ზოგჯერ, ირონიითაც კი ლაპარაკობს მასზე.
ეს ხომ არ ხდება იმისთვისაც, რომ გადაიფაროს ისეთი უხერხული თემები, როგორიცა, მაგალითად, პრემიები, ძვირადღირებული ავტომობილები და ა.შ. თინა ხიდაშელმა ისიც კი თქვა, რომ თავად მოახდენს კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს პრემიის მიღებას...
- მხოლოდ „ქართული ოცნების“ შეცდომებზე რომ არ იყოს ლაპარაკი, შესაძლოა, ეს თემაც ხდება თემად, მაგრამ არ მგონია, ეს ხელოვნურად იყოს გამოწვეული. უბრალოდ ეს ის თემაა, რომელიც უკავშირდება ურთიერთობების დაძაბვას, გარკვეულწილად, ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის, რამაც გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია.
ჩემი აზრით, ეს უფრო ადამიანური ფაქტორით არის გამოწვეული, მაგრამ ამავდროულად, უკავშირდება იმ ახალი კონსტიტუციური მოდელის ამოქმედებას, რომლის ფარგლებშიც პრაქტიკაში ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ამ ორი ინსტიტუტის ურთიერთობა. ზოგ შემთხვევაში კონსტიტუციის ინტერპრეტირებაც კი ხდება რაღაც საკითხების გადაწყვეტის დროს.
რა თქმა უნდა, როგორც პრზიდენტი მარგველაშვილი ასევე პრემიერი ღარიბაშვილი ცდილობენ, რაკი გზამკვლევები ისინი არიან, უფრო მეტი ფუნქციები შესძინონ იმ ინსტიტუტებს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირებიც არიან.
დარწმუნებული ვარ კიდევ ძალიან ბევრი კანონი იქნება ინიცირებული, რომელიც პრემიერის ინსტიტუტის გაძლიერებით ირიბად დაასუსტებს პრეზიდენტს ან პირიქით. მართალია პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ შესაძლებელია, ამ კუთხითაც ვიხილოთ პრეზიდენტის პაექრობა პრემიერ-მინისტრთან. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რადგან გზამკვლევები არიან და ცუდი არ იქნება, თუ საკონსტიტუციო კომისია დეტალურად გაწერს იმ გაუგებარ ფრაზებს, რომელიც ინტერპრეტაციის საფუძველი ხდება-ხოლმე.
უცნაური არ არის, რომ დაპირისპირება არც ერთ სერიოზულ თემასან დაკავშირებით არ ყოფილა, როგორიცაა კანონში ცვლილება ან რაიმე სხვა, ხელშესახები თემა, რატომაა, რომ ძირითადად სადმე წასვლა-წამოსვლაზეა ხოლმე კამათი?
- ჩემთვის უფრო უცნაური იმ ადამიანების კომენტარებია, ვინც ამ თემაზე ლაპარაკობს. მინისტრებისა და რიგითი დეპუტატების გადასაწყვეტი მაინც არ არის, ვინ სად წავა, ან წავა პრეზიდენტი თუ პრემიერი. ჩემი აზრით, ორივეს ყოფნის კომპეტენციაც და გადაწყვეტილების მიღების უნარიც, რომ თავად დაალაგონ საკუთარი საკითხები.
ცოტა სასაცილოა, როდესაც კონკრეტული მინისტრები ლაპარაკობენ, რომ თურმე მათ გადაწყვიტეს მარგველაშვილის სადმე გამგზავრება ან არ გამგზავრება. უკეთესია, ყველამ ის საქმე აკეთოს, რისი მოლოდინიც მათგან საზოგადოებას აქვს, ვიდრე იმ საქმეების გარჩევით იყვნენ დაკავებული, რომელიც არაფრისმომცემი და მხოლოდ ხალხის გამაღიზიანებელია. ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი თითოეულ მინისტრს იმისათვის, რომ ის პრემია მაინც გამოიმუშავონ, რასაც მთელი წლის განმავლობაში იღებდნენ.
საზოგადოების თვალში ეს ყველაფერი როგორ ჩანს?
- საზოგადოებას ეს მხოლოდ და მხოლოდ აღიზიანებს. ზოგ შემთხვევაში უკვე პირდაპირ იკვეთება, რომ ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მიშა სააკაშვილი არის მათი მტერი, მასთან კოაბიტაციის პერიოდში უფრო კარგად ურთიერთობდნენ და ამას იძულებით კოაბიტაციას აბრალებდნენ, ვიდრე საკუთარი გუნდის წევრ მარგველაშვილთან, რომელიც დღეს პრეზიდენტია.
საზოგადოების თვალში ეს მხოლოდ და მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს, მითუმეტეს, რომ საზოგადოების მოლოდინი არ იყო ასეთი გარჩევების მოსმენა „ქართული ოცნებისგან“. საზოგადოება „ქართული ოცნებისგან“ ელოდა, რომ მმართველობის ის სტილი, რომელიც ჰქონდა დანერგილი მიშა სააკაშვილს 9 წელიწადი, შეიცვლებოდა და მთავრობა საზოგადოებასთან კომუნიკაციასა და სოციალურ საკითხებს გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობდა.
სამწუხაროდ მხოლოდ საკუთარი კომფორტის მოწყობაზე მიდის პოლემიკა - ბიუჯეტის ფულით მანქანების, კაბინეტი მოწყობილობების ყიდვაზე, პრემიებზე. ეს ყვველაფერი ჩემი აზრით, ამ პოლიტიკური კოალიციის სასარგებლოდ არ მოქმედებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზოგჯერ იმდენად პირადული განცხადებები კეთდება, საზოგადოებას ალბათ უჩნდება კითხვა, ხომ არ აქვს „ქართულ ოცნებას“ აზროვნების პროვინციალიზმის პრობლემა?
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ რაკი მის მიმართ ნდობა დიდი იყო და მისგან უფრო გწყინს, ვისაც ენდობი, შესაბამისად ხალხის განაწყენების მასშტაბიც უფრო დიდი იქნება, ვიდრე იყო მიშა საკაშვილის მთავრობის მიმართ.