„7 მინისტრის გადაყენება პრემიერის გადადგომას არ გულისხმობს“

„7 მინისტრის გადაყენება პრემიერის გადადგომას არ გულისხმობს“

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მინისტრთა კაბინეტის 1/3-ის გადაყენების შემდეგ კონსტიტუციონალისტებში აზრი ორად გაიყო. ერთნი მიიჩნევენ, რომ როცა ასეთი სოლიდური რაოდენობის მინისტრებს ითხოვენ მთავრობიდან, მაშინ შესაბამისად, შვიდ მინისტრთან ერთად თანამდებობიდან თავად პრემიერიც უნდა გადადგეს. მეორენი კი მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში ასეთი რამ არ წერია და პრემიერ-მინისტრს გადადგომის ვალდებულება არ აქვს. უფრო მეტიც, იმ მინისტრებსაც კი, ვისაც ცვლილებები არ შეეხოთ, უფლებამოსილება არ უწყდებათ.

კონსტიტუციონალისტები იმაზეც ვერ თანხმდებიან, ვინ უნდა წარადგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა - პრეზიდენტმა, თუ პრემიერმა. ამის მიზეზი კი კონსტიტუციის ბუნდოვანი რეგულირებაა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი ვახუშტი მენაბდე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ამ მხრივ გარკვეული ორაზროვნება მართლაც იგრძნობა, რადგან მუხლი, რომელიც ახლახანს ამოქმედდა და 1/3 ცვლილების შემთხვევაში მთავრობისადმი ხელახალ ნდობას ნიშნავს, ჯერ კიდევ 2010 წელს გააუქმა საქართველოს პარლამენტმა და 2013 წელს ხელახლა აღადგინა. იგი 2004 წლის მოდელის მიხედვით არსებობდა, სადაც მთავრობის დაკომპლექტებისას წამყვანი როლი პრეზიდენტს ენიჭებოდა, დღეს კი ეს როლი პრემიერზეა გადასული.

„გამოდის, რომ კონსტიტუციაში გვაქვს ორი ნორმა: ერთში წერია, რომ მთავრობის შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს პრეზიდენტი, მეორეში წერია, რომ ამ მოვალეობას შეასრულებს პრემიერი. ამიტომ უახლოეს დღეებში სადავო გახდება, ვინ უნდა წარუდგინოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა - პრეზიდენტმა თუ პრემიერმა“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

მიუხედავად იმისა, რომ ცალსახა არ არის კონსტიტუცია, იგი მაინც ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე პრემიერის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და პრეზიდენტს არ უნდა შეეძლოს ჩარევა საკადრო პოლიტიკაში. უფრო ზუსტად, პრეზიდენტის როლი უნდა იყოს ფორმალური, ანუ პრემიერმა უნდა წარადგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა, ხოლო პრეზიდენტმა ფორმალურად წარადგინოს ეს შემადგენლობა საქართველოს პარლამენტში.

რაც შეეხება მეორე სადავო საკითხს პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ მთავრობა უკვე დაშლილია, მას ხელახალი ნდობა სჭირდება, ამდენად, პრემიერი ისედაც გადამდგარად ითვლება.

„რასაკვირველია, სანამ ახალი მთავრობა დაკომპლექტდება, იქამდე პრემიერი შეასრულებს უფლებამოსილებებს, მაგრამ ითვლება, რომ მთავრობა დაიშალა, რადგან მინისტრების 1/3-ზეა საუბარი. შვიდი მინისტრი რომ შეიცვალა, ამიტომაც ითვლება პრემიერი გადამდგარად, თორემ ექვსი მინისტრი რომ შეცვლილიყო, ასეთი რამ არ მოხდებოდა“, - მიიჩნევს ვახუშტი მენაბდე.

იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ პრემიერის გადადგომა მხოლოდ სამ შემთხვევაშია შესაძლებელი: 1) როცა პრემიერი თავის მთავრობიანად გადადგება და მაშინ ყველაფერი იცვლება. 2) როცა პრემიერს უნდობლობას უცხადებენ და მას და მის მინისტრებს გაუშვებს პარლამენტი სახლში და 3) საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერს მხოლოდ და მხოლოდ ახალი მთავრობის ფორმირებამდე აქვს ლეგიტიმაცია. ყველა სხვა შემთხვევაში, პრემიერს ცვლილებები არანაირად არ შეეხება. ანუ, პრემიერის მიერ გუნდის გადახალისება საჭიროებს პარლამენტისგან მხარდაჭერას და ეს პრემიერის პოსტზე არანაირად არ ახდენს გავლენას.

„შესაძლოა, ხარვეზიანი იყოს კონსტიტუციის ჩანაწერი, მაგრამ პრემიერი კონსტიტუციით განსაზღვულ ვადებში ადგენს ახალ გუნდს და, შესაბამისად, პრეზიდენტთან ერთად პარლამენტს წარუდგენს ამ გუნდს ნდობის მოსაპოვებლად. პრეზიდენტი ცალკე არ წარადგენს ახალ მთავრობას, არამედ ის წარადგენს პრემიერთან ერთად. პრეზიდენტი ამ პროცესში გადაწყვეტილების მიმღები არ არის, ის ფორმალური პროცედურების წარმმართველი შეიძლება იყოს“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი და კატეგორიულად არ ეთანხმება სხვა კონსტიტუციონალისტების მოსაზრებებს, თითქოს 7 მინისტრის გადაყენების გამო პრემიერმაც უნდა დაწეროს განცხადება გადადგომის თაობაზე. მისი თქმით, რეალურად, პრემიერი წარმართავს პოლიტიკურ პროცესს, მით უმეტეს, - ახალ კონსტიტუციურ რეალობაში. ხოლო მთავრობა ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი და თუკი, მათი შედეგები გამოსწორებას საჭიროებს, ეს არანაირად არ გულისხმობს პრემიერის თანამდებობიდან გადადგომას.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კონსტიტუციაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არავითარი ბუნდოვანი ჩანაწერი არ არსებობს და იქ პირდაპირ წერია, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა ნდობის მისაღებად უნდა წარადგინოს პრეზიდენტმა. ეს მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც პრემიერ-მინისტრი ამ კანდიდატურებს შეარჩევს.

მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში გაწერილია ყველა ის საფუძველი, რომლის გამოც შეიძლება პრემიერს ან მინისტრს უფლებამოსილება შეუწყდეს, თუმცა კონსტიტუციის 81-ე პრიმა მუხლი, რომლის მიხედვითაც პრემიერს უფლება აქვს მთავრობის შემადგენლობა განაახლოს, აღნიშნულის საფუძველი არაა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში პირველი საკადრო ცვლილებები განახორციელა. პრემიერმა თანამდებობიდან 7 მინისტრი გაათავისუფლა. თანამდებობები დატოვეს: სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა; გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ; რეგიონული განვითარების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.